გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-221-906-03 19 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2001წ. 7 ნოემბერს გამოსცა გადახდის ბრძანება, რომლის თანახმადაც, მოვალეს, გურიის “ე.”, შპს “ნ.” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 6406218 ლარი. მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში არ შეუტანია შესაგებელი, რის საფუძველზეც სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
შსს აუდიტორული კომპანია “ა. ა.” დირექტორმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განმარტება და მოვალე გურიის “ე.” “ს. გ. ს. ე.” შეცვლა,M ასევე “ა. ა.” სასარგებლოდ დაკისრებული 6406 ლარის გამიჯვნა და ამ თანხაზე სააღსრულებო ფურცლის ცალკე გაცემა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 აპრილის განჩინებით შსს აუდიტორული კომპანია “ა. ა.” დირექტორის განცხადება დაკმაყოფილდა: ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მოპასუხე “გ. ე.” შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ სს “ს. გ. ს. ე.”.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის შსს “აუდიტორული ფირმა “ა. ა.” სასარგებლოდ დაკისრებული თანხის, 6406 ლარის, ნაწილში გაცემულ იქნა ცალკე სააღსრულებო ფურცელი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ უფლებამონაცვლეობის დადგენა არ მოხდა აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის სამოქალაქო საპროცესო კანონით დადგენილი წესით. ფაქტობრივად, სასამართლომ ცვლილება შეიტანა გადაწყვეტილებაში, კანონი არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ამგვარად ცვლილებების შეტანას, არამედ ითვალისწინებს აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა განჩინების გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კოლეგია მიუთითებს, რომ სსკ-ს 2671 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
მოცემულ შემთხვევაში “ა. ა.” დირექტორმა სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განმარტება მოითხოვა სასამართლოს მიერ, რაც არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას.
2001წ. 7 ნოემბრის გადახდის ბრძანებასთან დაკავშირებით სს “ჭ.” რეაბილიტაციის მმართველმა გ. ლ-ამ ასევე განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანების შედეგებიდან გამომდინარე, შპს “ნ.” თავისი მოთხოვნიდან 2915806,1 ლარის მოთხოვნის უფლება დაუთმო მოქალაქე ნ. ტ-ეს, ნ. ტ-ემ კი მითითებული თანხიდან 275000 ლარის მოთხოვნა დაუთმო შპს “ა.”, ხოლო ამ უკანასკნელმა მათ ორგანიზაციას.
განცხადების ავტორი მიუთითებდა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა.
განცხადების ავტორმა მოითხოვა, რომ დაკისრებული თანხიდან 275000 ლარზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალედ მიეთითება სს “გ. ე.” უფლებამონაცვლე, ანუ სს “ს. გ. ს. კ.”, ხოლო კრედიტორად _ სს “ჭ.”.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 1 მაისის განჩინებით სს “ჭ.” რეაბილიტაციის მმართველის განცხადება დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დაკისრებული 6406219 ლარიდან გაიმიჯნა სს “ჭ.” სასარგებლოდ დათმობილი თანხა _ 275 000 ლარი, ხოლო მოპასუხე “გ. ე.” შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – სს “ს. გ. ს. კ.” და სს “ჭ.” სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ,,ს. გ. ს. ე.” დირექტორმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და განცხადებები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ მისი გამოცხადებისთანავე.
სსკ-ს 309-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი სასამართლოში დროულად არ შეიტანს შესაგებელს გადახდის შესახებ მიღებული ბრძანების წინააღმდეგ, სასამართლო მიიღებს სააღსრულებო განკარგულებას.
სსკ-ს 307-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია არ ცნოს გადახდის ბრძანება მთლიანად ან ნაწილობრივ და შეიტანოს მის წინააღმდეგ მოტივირებული შესაგებელი სასამართლოში გადახდის ბრძანების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.
თუ მოპასუხე არ გაასაჩივრებს ბრძანებას, ბრძანება იძენს კანონიერ ძალას და ის წარმოადგენს აღსრულების ქვემდებარე აქტს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის” მეორე მუხლის შესაბამისად.
სააღსრულებო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის წესების შესაბამისად.
სსკ-ს 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაში არ იგულისხმება არც გადაწყვეტილების აღსრულების გადადება, არც აღსრულების განაწილვადება და არც აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაში და შეცვლაში ასევე არ იგულისხმება გადაწყვეტილების განმარტება.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლა ასევე არ შეიძლება გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის და გადაწყვეტის წესის (სსკ-ს 267-ე მუხლის) შესაბამისად.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და შეცვლის შესაძლებლობას საპროცესო კოდექსი შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის განახლების შემთხვევაში. ამ მოტივით საქმის განხილვა კი დასაშვებია კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევაში (სსკ-ს 421-ე, 432-ე მუხლები).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული განცხადებები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ დაუშვებელია და ისინი განუხილველად უნდა დაეტოვებინა საოლქო სასამართლოს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, კრედიტორისა და მოვალის უფლებამონაცვლე პირთა მიმართ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ, თუკი უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ამავე კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, თუ აღსრულება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილზე ან, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ, ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, მაშინ სასამართლოს შეუძლია რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
ეს ნორმები განსაზღვრავენ სასამართლოს კომპეტენციას გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს და მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ისინი.
სასამართლომ სსკ-ს 49-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებლად მიიჩნია სახელმწიფო ბაჟის გადასახდელი ხარჯების ოდენობის შემცირება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 284-ე, 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს ,,ს. გ. ს. ე.” კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 აპრილის და 2003წ. 1 მაისის განჩინებები;
შპს ,,ა. ა.” დირექტორის და სს ,,ჭ.” რეაბილიტაციის მმართველის განცხადებები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
სს ,,ჭ.” სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 40 ლარი, რომელიც ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი ¹59) ანგარიშზე;
შპს ,,ა. ა.” სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 40 ლარი, რომელიც ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი ¹59) ანგარიშზე.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.