შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 19.02.2007
საქმის ნომერი
2კ-722აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

722აპ. 19 თებერვალი, 2007 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მაისის განაჩენით ე. ბ-ლს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებითა და 363-ე მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 61-ე და 67-ე მუხლების თანახმად, გაუქმდა 2004 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ე. ბ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მას საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 30 დეკემბრიდან.

განაჩენით ე. ბ-ლს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, პირადი დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო გატაცებისათვის.

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ე. ბ-მა პირობითი მსჯავრის პერიოდში, 2005 წლის მაისის თვეში, რიცხვი დაუდგენელია, განიზრახა კვლავ არაერთგზის ჩაედინა დანაშაული და თელავის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ქ. ხ-ის საცხოვრებელი ბინიდან ფარულად გაეტაცა საოჯახო ნივთები. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი ურმით მივიდა ქ. ხ-ის საცხოვრებელ ბინასთან, უკანონოდ შეაღწია შიგნით და ფარულად დაეუფლა 12 ლარად ღირებულ 20 ლიტრიან ბიდონს, რომელშიც ესხა 24 ლარად ღირებული 20 ლიტრი ,,---’’; 10 ლარად ღირებულ ერთ ტომარა ცემენტს; 10 ლარად ღირებულ ალუმინის ქვაბს; გაზქურის ოთხ ცალ თავსახურს, სულ 20 (ოც) ლარად ღირებულს; 10 ცალ ერთლიტრიან ქილას, სულ 10 ლარად ღირებულს, რითაც საერთო ჯამში დაზარალებულს მიაყენა 126 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. წინასწარი გამოძიების პროცესში ე. ბ-ის მიერ ფარულად გატაცებული, 12 ლარად ღირებული, 20 ლიტრიანი ალუმინის ბიდონი ამოღებულ იქნა თელავის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები რ. შ-ის საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც დაუბრუნდა დაზარალებულს.

2005 წლის 25 დეკემბერს ე. ბ-ლი, თელავის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები ს. გ-ის საცხოვრებელი ბინის ეზოში მდგარი, ამ უკანასკნელის კუთვნილი „---ის“ მარკის მიკროავტობუსიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა აღნიშნული ავტომანქანის მაგნიტოფონს, ღირებულს _ 50 ლარად, მანქანიდან ამოიღო 25 ლარის ღირებულების მაჯის საათი და დაეუფლა ეზოში მდგარ ორ ცალ 40 ლიტრიან ბიდონს, თითოეულს _ 50 ლარად ღირებულს. საერთო ჯამში დაზარალებულს მიაყენა 175 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. წინასწარი გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა მაგნიტოფონი და ერთი ცალი ალუმინის 40 ლიტრიანი ბიდონი, რაც დაუბრუნდა დაზარალებულს.

იმავე დღეს, ე.ი. 2005 წლის 25 დეკემბერს, ე. ბ-მა განიზრახა კვლავ ჩაედინა დანაშაული და დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მივიდა თელავის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები კ. ჭ-ის საცხოვრებელ ბინასთან, შევიდა ეზოში, სადაც იდგა ამ უკანასკნელის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა. ე. ბ-მა გახსნა ავტომანქანის კარი და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 50 ლარად ღირებულ, ელექტრონულ საათს, ავტომანქანის გასაღებს ღირებულების გარეშე და ფულს _ 25 ლარის ოდენობით. საერთო ჯამში დაზარალებულს მიაყენა 75 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. წინასწარი გამოძიების პროცესში საათი და ავტომანქანის გასაღები ამოღებულ იქნა თელავის რაიონის სოფელ ---ის ბოლოში მდებარე ლ. მ-ის ვენახში არსებული საყარაულო ჯიხურიდან, რაც დაუბრუნდა დაზარალებულს.

მანვე, 2005 წლის დეკემბრის თვეში, თელავის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ თ. გ-ის სახლის ეზოდან, ამ უკანასკნელის კუთვნილი „გაზ-21“ მარკის ავტომანქანიდან გაიტაცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ავტომანქანის სამი ცალი ტექნიკური პასპორტი და ერთი ცალი მართვის მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტები გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა და დაუბრუნდა დაზარალებულს.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე. ბ-მა.

აპელანტი მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მაისის განაჩენი მკაცრია სასჯელის ნაწილში და ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი და თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მაისის განაჩენი შეიცვალა როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში შემდეგი მიმართებით: ე. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქციით), 363-ე მუხლის II ნაწილით (2000 წლის რედაქციია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგი გარემოებების გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. ე. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მის მიერ ბრალის აღიარებით, დაზარალებულების ქ. ხ-ის, ს. გ-ის, კ. ჭ-ის, თ. გ-ის ჩვენებებით, ამოღების ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პალატა არ ეთანხმება მსჯარდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების შესახებ, უსაფუძვლობის გამო, რადგან სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რის შესახებაც საკასაციო საჩივარშია მითითებული, აგრეთვე _ ის დამამძიმებელი გარემოებაც, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში და მსჯავრდებულ ე. ბ-ლს განუსაზღვრა კანონის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.

ამავე დროს, პალატა თვლის, რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებები:

ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ე. ბ-ლს, ქ. ხ-ის და კ. ჭ-ის კუთვნილი ნივთების გაქურდვის ეპიზოდებში უნდა მოეხსნას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. რაც შეეხება ს. გ-ის კუთვნილი ნივთების ქურდობის ეპიზოდს, დაზარალებულს მიადგა 175 ლარის ზიანი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვანს. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ე. ბ-ის მიმართ ქ. ხ-ის და კ. ჭ-ის კუთვნილი ნივთების ქურდობის ეპიზოდებში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

ე. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე.

სხვა ნაწილში განაჩენი, მათ შორის, მსჯავრდებულ ე. ბ-სათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.