განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 16.04.2007
საქმის ნომერი
2კ-1222აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1222აპ 16 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ნ-ის

ადვოკატების _ ო. კ-ის, დ. თ-ის

დაზარალებულ _ ნ. ი-ის

მსჯავრდებულ _ ტ. ა-ის

თარჯიმან _ ნ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ტ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ო. კ-სა და დაზარალებულ ნ. ი-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ტ. ა-ნი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის I ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის განაჩენით ტ. ა-ნს, საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის I ნაწილით სასჯელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა 500 (ხუთასი) ლარის გადახდა სამოქალაქო მოსარჩელის _ ნ. ი-ის სასარგებლოდ.

განაჩენით ტ. ა-ნს მსჯავრი დაედო უკანონო საექიმო საქმიანობისათვის, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2002 წლის 19 ივლისს ქ. ახალციხეში, ---ის ქ. ¹17-ში მცხოვრებმა მოქალაქე ნ. ი-ემ, კბილების ჩასმის მიზნით, მიმართა ინდივიდუალურ მეწარმე, კბილის ექიმ ტ. ა-ნს, რომელმაც მას ჩაუსვა 14 კბილი, ამასთანავე, ამოუღო სამი კბილი ისე, რომ მას არ ჰქონდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სალიცენზიო ბარათი ორთოპედიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში და არც სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა ჰქონდა ჩაბარებული აღნიშნულ სპეციალობაში.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“E საქართველოს კანონის 50-ე, 33-ე და 154-ე მუხლებიდან გამომდინარე, „სამედიცინო განათლების მქონე პერსონალს, 2001 წლის 1 იანვრიდან ეკრძალება დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე“, რაც ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

ტ. ა-მა ვერ ამოიცნო ტკივილის პათოლოგია, რის გამოც მან ნ. ი-ეს სამი კბილი ამოუღო.

ტ. ა-მა დაზარალებულ ნ. ი-სათვის 3 კბილის ამოღებით და 26 კბილის პროთეზირებით უხეშად დაარღვია ,,ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე, 56-ე, 154-ე მუხლებისა და ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულმა ნ. ი-ემ. აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებას, ტ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმის განსაზღვრასა და სამოქალაქო სარჩელის _ 30 000 ლარის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის განაჩენში მხოლოდ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და ტ. ა-ნს ნ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ტ. ა-ის ადვოკატმა ო. კ-მა და დაზარალებულმა ნ. ი-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულ ტ. ა-ის ადვოკატი ო. კ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი არის აშკარად უკანონო, დაუსაბუთებელი, საქმეში წარმოდგენილია ცნობები ქსეროასლების სახით, რომელთა ნამდვილობის შემოწმება შეუძლებელია. მან ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება.

დაზარალებული ნ. ი-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ტ. ა-მა უკანონო საექიმო საქმიანობით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რითიც მას დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილი მიადგა. ამდენად, ნ. ი-ძე ითხოვს დადგენილი განაჩენის გაუქმებას ლმობიერების მოტივით და საქმის გაგზავნას ახალი სასამართლო განხილვისათვის.

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ. ჩ-ლი შესაგებლით ითხოვს, არ იქნეს გაზიარებული დაზარალებულ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ტ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. კ-მა აღნიშნა, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი. მოსამართლემ განაჩენის დასაბუთებისას მიუთითა, რომ განაჩენის შეცვლისა და ნ. ი-სათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების გაზრდის ერთ-ერთი საფუძველი არის თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 3 მაისის განაჩენი, რომლითაც ო. ბ-ნს დაეკისრა მიყენებული ზიანის _ 3000 ლარის ანაზღაურება, რაც არასწორია, რადგან ტ. ა-მა დაზარალებულს ამოუღო 3 კბილი, ხოლო ო. ბ-მა _ 13 კბილი და თუ ო. ბ-ნს 13 კბილის ამოღებისათვის სასამართლომ 3000 ლარი დააკისრა, 3 კბილის ამოღებისათვის ტ. ა-სათვის 500 ლარის დაკისრება პროპორციული იქნებოდა.

ადვოკატმა ო. კ-მა აღნიშნა, რომ, ექსპერტების განცხადებით, ინიექციას არ შეეძლო გამოეწვია სამწვერა ნერვის ანთება. აღსანიშნავია ისიც, რომ ნ. ი-ემ ერთი და იგივე მტკიცებულებები ორ საქმეში სხვადასხვა პირის მიმართ გამოიყენა. დაზარალებულს პათოლოგია განუვითარდა ბაღჩინიანთან მკურნალობის პერიოდში, რა დროსაც გაიცა ყველა ის სამედიცინო ცნობა, რომლებიც თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 3 მაისის განაჩენის მიღებისას სასამართლომ მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებებად ო. ბ-ის მიმართ. ამდენად, იმავე მტკიცებულებების გამოყენება ტ. ა-ის მოქმედებით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ო. კ-ლს მიაჩნია უკანონოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება.

მსჯავრდებული ტ. ა-ნი დაეთანხმა თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას.

დაზარალებულ ნ. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. თ-მა აღნიშნა, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, ტ. ა-ნს არ ჰქონდა არც უმაღლესი სამედიცინო განათლება და არც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სალიცენზიო ბარათი ორთოპედიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში. მის მიერ შერჩეული უკანონო, არასწორი და არაკვალიფიციური სამკურნალო მოქმედების შედეგად დაზარალებულს შეერყა ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიიღო საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვა 25 %-ით, რაც მიეკუთვნება სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას. მას დაუზიანდა სამწვერა ნერვი, დაუქვეითდა სმენა, შეერყა ნერვული სისტემა, დასჩემდა გაუსაძლისი ტკივილები თავის არეში, საკვებს ღებულობს თხევად მდგომარეობაში, რამაც დაუზიანა კუჭ-ნაწლავის სისტემა, უჭირს საუბარი, მეტყველება. დაზარალებულს ჰყავს 3 შვილი და 3 შვილიშვილი, რომლებიც იმყოფებიან დაზარალებულის კმაყოფაზე და ოჯახის შემოსავლის დიდი ნაწილი კი მიდის მკურნალობაში.

ნ. ი-ის მიერ ჯანმრთელობის გამოკვლევა-მკურნალობისათვის გახარჯულია 5 000 ლარი, ხოლო მიყენებული ფიზიკური ზიანის გამო ჯანმრთელობის გარკვეულწილად აღდგენისათვის საჭიროებს კბილთა პროთეზირებას დენტალური იმპლანტაციის დახმარებით, რისთვისაც, ქართულ-გერმანული კლინიკის საკონსულტაციო დასკვნის საფუძველზე, დამატებითი მკურნალობა-ოპერაციისათვის ესაჭიროება 15 000 ევრო.

დაზარალებულმა განიცადა დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილი, ჩავარდა დეპრესიაში, გაუსაძლისი ტკივილების გამო რამდენჯერმე სცადა სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება.

აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსვლისა და მძიმე მორალური ზიანის საკომპენსაციოდ ესაჭიროება ფულადი კომპენსაცია _ 10 000 ლარი.

ადვოკატმა დ. თ-მა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ტ. ა-ნს დაზარალებულისათვის არ შეუთავაზებია ზიანის ანაზღაურება, მას არც პირობითი მსჯავრის პერიოდში შეუწყვეტია უკანონო სამედიცინო საქმიანობა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველია. რაც შეეხება დაცვის მითითებას იმის თაობაზე, რომ ერთი და იმავე მტკიცებულებები ორ საქმეში სხვადასხვა პირის მიმართ არ იქნეს გამოყენებული და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს _ არ არის სწორი, რადგან სწორედ ამ ორივე ექიმის ერთობლივი საქმიანობის შედეგად მიიღო დაზარალებულმა ეს დაზიანებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულის ადვოკატმა დ. თ-მა ითხოვა ლმობიერების მოტივით სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ახალი სასამართლო განხილვისათვის

დაზარალებული ნ. ი-ძე დაეთანხმა თავისი ადვოკატის მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ნ. ნ-ემ საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი ტ. ა-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი ტ. ა-ის მიმართ გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ახალციხის რაიონულ სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:

პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ ნ. ი-ის ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ტ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფესება აქვს მიცემული.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის ყველა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება და მას განუსაზღვრა პირობითი მსჯავრი, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს და პიროვნებას და მეტისმეტი სისმსუბუქის გამო არ არის აშკარად ლმობიერი.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში დაუსაბუთებელია. კერძოდ: სამოქალაქო მოსარჩელე ნ. ი-ძე მსჯავრდებულისაგან მოითხოვდა ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ ტ. ა-ნს, ნ. ი-ის სასარგებლოდ მატერიალური (ქონებრივი) ზიანის ასანაზღაურებლად დააკისრა 2000 ლარი, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად – 1000 ლარი. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ფიზიკური ზიანის ანაზღაურებაზე.

პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სამოქალაქო სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვისას ზიანის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოებები, რომ ტ. ა-ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ. ი-ეს ქონებრივი ზიანი არ მიდგომია. დაზარალებულს მიადგა ფიზიკური ზიანი, რომელის ოდენობაც, სსსკ-ის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დადგინდეს თუ რა ხარჯები იქნა გაწეული სამოქალაქო მოსარჩელის მიერ მკურნალობაზე, პროთეზირებაზე და მედიკამენტების შეძენაზე. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს თუ რამდენად შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად განსაზღვრული 1000 ლარი, ტ. ა-ის მიერ ნ. ი-სათვის მიყენებულ მორალური ზიანის სიმძიმეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ტ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ო. კ-ის და დაზარალებულ ნ. ი-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს ახალციხის რაიონულ სასამართლოს

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.