გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს

სისხლის სამართლის 12.01.2009
საქმის ნომერი
2კ-454აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

454აპ. ქ. თბილისი

12 იანვარი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. გ-ის, ასევე _ მსჯავრდებულ ვ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:

1. შ. გ-ი, _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინა დიდი ოდენობით ნივთის ქურდობა; ასევე _ ყაჩაღობა არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცება;

2. ვ. ყ-ლი, _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინა დიდი ოდენობით ნივთის ქურდობა; ასევე _ ყაჩაღობა არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად;

3. რ. ი-ი, _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე _ ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

4. ნ. ა-ი, _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ რ. კ-ძეს შორის, რომლის მიხედვით, რ. კ-ძე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, რ. კ-ძემ თავისუფლების აღკვეთის სახით უნდა მოიხადოს 3 წელი და 6 თვე, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

შ. გ-ის, ვ. ყ-ის, რ. ი-ის, ნ. ა-ისა და რ. კე-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:

ვ- ყ-ლი, რ. კ-ძე, შ. გ-ი და რ. ი-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს ნ. ო-ის კუთვნილი ავტომანქანა „ბმვ-528-ის» ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2006 წლის სექტემბერში რ. კ-ძე დაუკავშირდა ნ. ო-ს, რომელიც ჰყიდდა ზემოაღნიშნულ მანქანას. იგი ამ უკანასკნელს გაეცნო მ. მ-ძის სახელით და უთხრა, რომ სურდა მისი ავტომანქანის შეძენა. ნ. ო-ის შეცდომაში შესაყვანად ავტომანქანა მასთან ერთად წაიყვანა „ბმვ-ს» ცენტრში, ვითომდა ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად. რ. კ-ძემ ნ. ო-საგან ფარულად დაამზადა ავტომანქანის გასაღების ასლი და მანქანის პატრონს შეუთანხმდა ფასზე _ 13 200 აშშ დოლარზე. რამდენიმე დღის შემდეგ, 2006 წლის 16 სექტემბერს, რ. კ-.ძე კვლავ დაუკავშირდა ნ. ო-ს და ბეს სახით გადასცა 500 აშშ დოლარი; ფულის გადაცემა მოხდა თბილისში, .......... ქ. ¹9-ში მდებარე ბანკ „....» ...... ფილიალში. დარჩენილი თანხის გადაცემამდე მანქანა გააჩერეს თბილისში, .............. მე-6 კვარტალში არსებულ შპს „.................» ავტოსადგომზე. 2006 წლის 17 სექტემბერს, ღამის საათებში, როდესაც ავტოსადგომის დარაჯი შეიცვალა, რ. კ.ძე, შ. გ.-ი, რ. ი-ი და ვ. ყ-ი მივიდნენ ავტოსადგომზე, რ. კ-ძემ წინასწარ მორგებული გასაღებით გააღო მანქანა, დარაჯს უთხრა, რომ ავტომანქანა უკვე შეიძინა და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა ნ. ო-ის კუთვნილი, 17500 ლარად ღირებული ავტომანქანა „ბმვ-528», რის შემდეგაც ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2006 წლის 30 სექტემბერს რ. კ-ძეს დაუკავშირდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ............... მცხ. შ. გ-ი და რ. ი-ი, რომლებმაც შესთავაზეს, გარდაბნის რაიონის სოფელ ................, შპს „...........» ტერიტორიიდან, მოტყუებით წაეყვანათ სატვირთო ავტომანქანა „კამაზი», შემდგომში კი მძღოლისათვის ძალადობის მუქარით წაერთმიათ ავტომანქანა. ისინი შეჰპირდნენ რ. კ-ძეს, რომ დანაშაულებრივ საქმიანობაში გასამრჯელოს სახით გადაუხდიდნენ 2 000 აშშ დოლარს, რაზეც შეთანხმდნენ. შეთანხმებისამებრ, რ. კ-ძე და ვ. ყ-ი მეორე დღეს მივიდნენ შპს „..............» ტერიტორიაზე, სადაც მათ შეიძინეს სამშენებლო მასალა _ ღორღი და შეუთანხმდნენ სატვირთო ავტომანქანა „კამაზის» მძღოლ რ. ც-ძეს მის მოგვიანებით წაღებაზე. იმავე დღეს, დაახლოებით 22 საათზე, რ. კ-ძე და ვ. ყ-ი მივიდნენ შპს „...............», ჩაუსხდნენ რ. ც-ძეს ავტომანქანაში და წამოვიდნენ. გზაში მათ მოტყუებით გადაახვევინეს მძღოლს სავალი ნაწილიდან, ცრემლსადენი ბალონის გამოყენებითა და რ. კ-ძის მიერ შენახვის უფლებით შეძენილი „ტტ-ს» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გაკოჭეს რ. ც-ძე და ჩამოსვეს ავტომანქანიდან. წინასწარი შეთანხმებისამებრ, იქვე მყოფმა შ. გ-მა მას წაართვა 152 ლარად ღირებული, „ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი და მართვის მოწმობა. მათ რ. ი.სა და ნ. ა-თან ერთად სცადეს 20 760 ლარად ღირებული ავტომანქანა „კამაზის» გატაცება, მაგრამ უცხო მანქანის გამოჩენის გამო თავდამსხმელებმა მიატოვეს შემთხვევის ადგილი და მიიმალნენ.

აღნიშნული ქმედებისათვის ვ. ყ-.ს საბოლოოდ მიესაჯა 16 წლით, შ. გ.-ს _ 20 წლითა და 6 თვით, რ. ისაევს _ 15 წლით, ხოლო ნ. ა-ს _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს დაზარალებულ ნ. ო-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. შ. გ-ს, რ. ი-სა და ნ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2006 წლის 24 ნოემბრიდან, ხოლო ვ. ყ-ს _ 2006 წლის 25 ნოემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შ. გ-მა და მისმა ადვოკატმა მ. ლ-ძემ, ასევე _ მსჯავრდებულ ნ. ა-ის ადვოკატმა ნ. ც.მა და მსჯავრდებულ ვ. ყ.-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ რ. დ-ძემ, ვ. ქ-ძემ და მსჯავრდებულმა რ. ი-მა. მათ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელსა და მსჯავრდებულებს _ რ. ი-სა და ნ. ა-ს შორის, რომლის თანახმად, რ. ი.-ს, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საიდანაც 4 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის ადგილას, ხოლო დარჩენილი 6 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 70 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ნ. ა-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის ადგილას, ხოლო დარჩენილი 6 წელი ჩაეთვალა პირობით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ამავე განაჩენით შ. გ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა; შ. გ-ს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის შესაბამისად და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით; საბოლოოდ მას მიესაჯა 17 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს _ რ. კ-ძეს, ვ. ყ-ს, შ. გ-სა და რ. ი-ს დაზარალებულ ნ. ო-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული შ. გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, რაც, საქართველოს სსსკ-ის 563-ემუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტისა და 562-ე მუხლის თანახმად, განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველია; მსჯავრდებულების _ რ. კ-ძის, ნ. ა-ისა და რ. ი-ის აღიარებითი ჩვენებები არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს დასკვნას შ. გ-ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, რადგან მათი აღიარებები მიღებულია მათთვის სასჯელის ნაწილში გაწეული შეღავათების სანაცვლოდ, უშუალოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აღიარებითი ჩვენებები განპირობებული იყო, ბრალის აღიარების შემთხვევაში, პროკურატურის მხრიდან თითოეული მათგანისათვის საპროცესო შეთანხმებით დაპირებული და გაწეული შეღავათების სანაცვლოდ; სხვა რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ მას განაჩენით ჩამოერთვა მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტები, 12-კალიბრიანი, ცალლულიანი „ვინჩესტერი» ერთი მჭიდით, 20 ვაზნა, ცეცხლსასროლი იარაღისა და „ვინჩესტერის» კუთვნილების მოწმობები და გადაეცა საქართველოს შსს სამინისტროს, რაც აშკარად უკანონოა; საქმის მასალებში არის ცნობა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული იარაღები ეკუთვნის შ. გ-ს შენახვის უფლებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული შ. გ-ი ითხოვს განაჩენის გაუქმებას, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლებას.

მსჯავრდებულ ვ. ყ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. კ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან არსებითად დარღვეულია სამართლებრივი პროცედურები და მსჯავრდებულის ქმედება არასწორადაა დაკვალიფიცირებული; ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება და არა _ მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, როგორც განაჩენშია აღნიშნული; სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ მიმართული ქმედება (რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას) განევრცო ქურდობაზე დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით (ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას); მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ რ. კ-ძემ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის არა ფარული, არამედ _ აშკარა დაუფლება ავტოსადგომის მუშაკთა თვალწინ, რის გამოც მისი ქმედება ატარებს თაღლითობის აშკარა ნიშნებს; ნათელია, რომ მსჯავრდებულთა ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა, ასევე უგულებელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილი და სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილი; სასამართლო ვალდებულია, განახორციელოს მართლმსაჯულება და გამოასწოროს შეცდომები, თუნდაც სარევიზიო წესით; სასამართლოს კანონით რომ ეხელმძღვანელა, მაშინ, რ. კ-ძის გარდა, სხვა პირებს თაღლითობისათვის პასუხისგებაში ვერ მისცემდა; სასამართლომ სსკ-ის 177-ე მუხლის დისპოზიციაში ქურდობის მაკვალიფიცირებელი (ფარული) ქმედება ოსტატურად ჩაანაცვლა სსკ-ის 180-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი ნიშნით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი).

კასატორის აზრით, რ. კ-ძის ქმედების კვალიფიკაცია უნდა დასრულებულიყო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, რადგან ადგილი არა აქვს არაერთგზისობას და დიდ ოდენობას, ვინაიდან კანონმდებელმა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული შემოსაზღვრა არა დიდი ოდენობით, არამედ _ სატრანსპორტო საშუალებით; თუ საქმე გვაქვს ხარვეზთან, მაშინ, სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დასაშვებია კანონის ანალოგიის გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

ადვოკატ ა. კ-ძეს მიაჩნია, რომ ვ. ყ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და მას არ შეიძლება, ბრალი დაედოს ნ. ო-ის ავტომანქანის თაღლითურად დაუფლებისათვის; რაც შეეხება ყაჩაღობის ფაქტს, აქაც მან ჩაიდინა ასევე მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობა; იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უკანონოდ არ მიიჩნევს ყოველივე აღნიშნულს, ვ. ყ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგინდეს მისი პიროვნებიდან გამომდინარე და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სანქციის მინიმუმის ფარგლებში და შეკრების წესის გამოუყენებლად, რადგან ქმედება განხორციელებულია სსკ-ის 59-ე მუხლის დღევანდელ რედაქციამდე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უსაფუძვლოა მსჯავრდებულ შ. გ-ის საჩივრის მოტივი, თითქოს გამამატყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ სხვა მსჯავრდებულთა აღიარებითი ჩვენებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შ. გ-სა და ვ. ყ-ის ბრალეულობა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის:

დაზარალებულ რ. ც-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ თავდასხმისას იარაღები ჰქონდათ რ. კ-სა და შ. გ-ს. მათთან ერთად იყო ვ. ყ-იც. ბოროტმოქმედებმა თვალებში შეასხეს ცრემლსადენი აირი და ხელბორკილით შებოჭეს, წაართვეს მობილური ტელეფონი და მანქანის საბუთები, რის შემდეგ სცადეს ავტომანქანის ძრავის ამუშავება, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში იქვე გამოჩნდა უცხო ავტომანქანა და თავდამსხმელები გაიქცნენ. დაზარალებულმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ერთ-ერთი ბოროტმოქმედი იყო ვ. ყ-ი (ტ. 5, ს.ფ. 75).

დაზარალებულმა რ. ც-ძემ საქმის წინასწარი გამოძიებისას ფოტოსურათებით და პირადად ამოიცნო ვ. ყ-ი (ტ. 4, ს.ფ. 60-61; 165-166).

დაზარალებულმა ნ. ო-მა განაცხადა, რომ ავტომანქანის 13200 აშშ დოლარად შეძენის სურვილი გამოთქვა რ. კ-ძემ, რომელიც სხვა სახელით გაეცნო. მას ახლდა ვ. ყ-იც და ბეს სახით 500 აშშ დოლარი შეიტანეს ნ. ო-ის სახელზე ბანკ ,,....". ნ. ო-მა მიუთითა, რომ მის დაუკითხავად ავტოსადგომიდან მანქანა თანხის გადაცემამდე არავის უნდა გაეყვანა, რის შესახებაც მიიღო შესაბამისი ჩეკი (ტ. 5, ს.ფ. 104; 116).

მსჯავრდებულ რ. კე-ძის მშობლებმა _ ზ. და მ. კ-ებმა სასამართლოს განუმარტეს, რომ დაკავების შემდეგ მათმა შვილმა უთხრა, დაკავშირებოდნენ შ. გ-ს, რათა ამ უკანასკნელს დაებრუნებინა მოპარული ავტომანქანა ,,ბმვ". შ. გ-მა მანქანის დაბრუნების სანაცვლოდ მოითხოვა 2500 აშშ დოლარი (ტ. 5, ს.ფ. 79).

თავად მსჯავრდებული ვ. ყ-ი არ უარყოფს, რომ ახლდა რ. კ-ძეს ნ. ო-თან მოლაპარაკებისას, ხოლო ავტომანქანის სადგომიდან წამოყვანის დროს მათთან ასევე იმყოფებოდნენ შ. გ-ი და რ. ი-ი. მსჯავრდებული მიუთითებს, რომ მანქანის წაყვანისას, როგორც იცოდა, ფული გადახდილი იყო. ვ. ყ-ი აღწერს რ. ც-ძეზე განხორციელებულ თავდასხმას და განმარტავს, რომ შეიარაღებულმა რ. კ-ძემ ,,კამაზის" მძღოლი ჩამოსვა ძირს და მოშორებით გაიყვანა. იქვე კიდევ ორი პირი მივიდა. მოგვიანებით უცხო ავტომანქანა გამოჩნდა და ყველანი გაიქცნენ. რამდენიმე დღეში რ. კ-ძემ უთხრა, რომ მანქანის წართმევა სურდა (ტ. 5, ს.ფ. 142).

შ. გ-ისა და ვ. ყ-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ დანაშაულთა ჩადენა, სხვა მტკიცებულებთან ურთიერთშეჯერებით, უდავოდ დადასტურებულია მსჯავრდებულ რ. კ-ძის არაერთი ჩვენებითაც (ტ. 5, 141).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალები გამოკვლეული და შეფასებულია სრულად და ობიექტურად და სააპელაციო პალატის განაჩენი დასაბუთებულია.

ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ვ. ყ-ის ადვოკატის მოტივებზე პალატა განმარტავს, რომ ავტომანქანა ,,ბმვ" იმყოფებოდა ნ. ო-ის კანონიერ მფლობელობაში და დაზარალებულის ნებართვის გარეშე მანქანის სადგომიდან წაყვანის უფლება არავის ჰქონდა, შესაბამისად, ავტომანქანა არ იმყოფებოდა ბოროტმოქმედთა მფლობელობაში. პირის ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს იმ შემთხვევაშიც, როცა ნივთის დაუფლება ხდება აშკარად, სხვა პირის ან პირთა (მოცემულ შემთხვევაში _ დარაჯის) თანდასწრებით, რომლებიც ამ ქმედებას მართლზომიერად აღიქვამენ.

რაც შეეხება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტს (ქურდობა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), დანაშაულის აღნიშნული მაკვალიფიცირებელი ნიშანი ამოქმედდა 2007 წლის 18 იანვრიდან, ვ. ყ-ის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ და სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ შემთხვევაში ახალ კანონს უკუძალა არ აქვს. ამასთან, ქურდობის შემთხვევაში, როდესაც დაუფლებული ნივთის, მათ შორის _ ავტომაქანის ღირებულება აჭარბებს 10 ათას ლარს, პირის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, თუ არ არსებობს მუხლის აღნიშნული ნაწილით გათვალისწინებული სხვა მაკვალიფიცირებელი ნიშანი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცებების საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრისათვის გადაცემის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც ირკვევა, შ. გ-ის სახლში აღმოჩენილი იარაღები არ იყო მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული და ამისათვის ბრალიც არავის წარდგენია. ამასთან, შ. გ-ი გამართლდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და რომელიმე საგნის დანაშაულის იარაღად მიჩნევის საფუძველიც არ არსებობს. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ,,იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, ნასამართლევ პირებზე არ გაიცემა იარაღთან დაკავშირებული ნებართვა, რაც ცხადია იმას გულისხმობს, რომ ნასამართლევ პირებს არ აქვთ იარაღის შენახვის უფლება. ამის გამო, შ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი და საფანტის იარაღები უნდა დარჩეს შ. გ.-ის საკუთრებაში მფლობელობის უფლების გარეშე, განკარგვის უფლებით _ ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე. ანალოგიურად უნდა გადაწყდეს რ. ი-ის კუთვნილი იარაღების საკითხიც.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუშვებელია პირის კანონიერ მფლობელობაში არსებული ნებისმიერი საგნის, მათ შორის _ ცეცხლსასროლი ან სხვა სახის იარაღის ჩამორთმევა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში შ. გ-ისა და რ. ი-ის კუთვნილი იარაღების ჩამორთმევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს. ამოღებულ სხვა ნივთებზე საკასაციო პალატა არ მსჯელობს, რადგან ისინი კანონით დადგენილი წესით არ არის ცნობილი ნივთმტკიცებად.

გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დაზარალებულ ნ. ო-ის სასარგებლოდ 13 450 აშშ დოლარი გადახდა, სხვა ოთხ პირთან ერთად, დაეკისრა ნ. აშ-საც. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ ნ. ა.-ს ავტომანქანის ქურდობაში ბრალი არ ედებოდა, ამიტომ აღნიშნული თანხის გადახდა დააკისრა რ. კ-ძეს, ვ. ყ-ს, შ. გ-ს და რ. ი-ს, თუმცა ამით ფაქტობრივად გაუარესდა ამ უკანასკნელთა მდგომარეობა, რაც ამ შემთხვევაში დაუშვებელი იყო. გარდა ამისა, საბრალდებო დასკვნით დადგენილია, რომ ნ. ო-ის ავტომანქანის ღირებულება შეადგენდა 17 500 ლარს, მაგრამ დაზარალებული თავისი სარჩელით ითხოვდა 13 450 აშშ დოლარის ანაზღაურებას და მიუთითებდა ავტომანქანის განბაჟების და ტრანსპორტირების ხარჯებსაც, ასევე _ მიუღებელ შემოსავალს.

ორივე ინსტანციის სასამართლომ ისე დააკისრა მსჯავრდებულებს 13 450 აშშ დოლარის გადახდა, რომ არაფრით დაასაბუთა თანხის ეს ოდენობა. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ საბრალდებო დასკვნიდან გამომდინარე, ნ. ო-ს ბეს სახით გადაეცა 500 აშშ დოლარი. ამდენად, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში გადაწყვეტილება არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შეუძლებელია მისი კანონიერების შემოწმება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო სასჯელების დანიშვნის ნაწილში _ სამართლიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ შ. გ-ის, ასევე _ მსჯავრდებულ ვ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს: ნივთმტკიცებები _ შ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,BAIKAL-442" სისტემის პისტოლეტი მჭიდით, საფანტის იარაღი ,,VOLთღAN" მჭიდით, ერთ ლულიანი ,,ვინჩესტერი", მჭიდი და 20 ვაზნა დარჩეს შ. გ-ის საკუთრებაში მფლობელობის უფლების გარეშე, განკარგვის უფლებით _ ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე. აღნიშნული იარაღების კუთვნილების მოწმობები დაუბრუნდეს შ. გ-ის ოჯახის წევრებს;

რ. ი-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული და ნივთმტკიცებად ცნობილი ,,მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 45 ვაზნა, პისტოლეტი ,,FOღჟE-919", მჭიდი და 15 ვაზნა, ,,APIEღ-2003-LIUG" პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა დარჩეს რ. ი-ის საკუთრებაში მფლობელობის უფლების გარეშე, განკარგვის უფლებით _ ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, ხოლო ამ იარაღების კუთვნილების მოწმობები დაუბრუნდეს რ. ი-ის ოჯახის წევრებს;

გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.