შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
146საზ ქ. თბილისი
5 ივნისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ს საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და განესაზღვრათ:
1. კ. გ-ს, _ საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლობის არმქონეს, _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-4 პუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, მე-17,104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-4 პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები, 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მე-4 ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მე-17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, კ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, 5 წლით საპყრობილეში მოთავსებით; მას სასჯელის ათვლა დაეწყო 1997 წლის 25 დეკემბრიდან;
2. დ. ბ-ს, _ საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლობის არმქონეს, _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-6 პუნქტებით _ 10 წლით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა, მე-17,104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-4 პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით, 212-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მე-17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის „ა” პუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, დ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; იგი პატიმრობაშია 1998 წლის 11 თებერვლიდან;
3. ბ. ჟ-ს, _ საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლევს, _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, ბ. ჟ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 1998 წლის 15 იანვრიდან;
4. კ. კ-ს, _ დსაქართველოს მოქალაქეს, ნასამართლობის არმქონეს, _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, კ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1998 წლის 10 იანვრიდან;
5. ა. კ-ს, _ საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლობის არმქონეს, _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-6 პუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით, მე-3 ნაწილით _ 5 წლით, მე-4 ნაწილით კი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, ა. კ-ს საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 1998 წლის 11 თებერვლიდან.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ. ბ-მ, საყოველთაო სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდისას, სამხედრო ბეგარის მოხდისას, სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით, 1996 წლის 21 ნოემბერს დატოვა სამხედრო ნაწილი და მიიმალა.
იმავე დღეს დ. ბ-მ თ. გ-სთან, მ ყ-სთან და ვ. ჯ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, გაიტაცა ჯუმბერ საპანაძის კუთვნილი ავტომანქანა, რომლის საჭესთან დაჯდა მართვის უფლების არმქონე დ. ბ. მან ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და დააზიანა ავტომანქანა. ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს ჯ. ს-ს პირადი და ავტომანქანის საბუთები, სხვადასხვა ნივთები და მიიმალნენ. აღნიშნულით დაზარალებულს სულ მიადგა 1513 ლარისა და 85 თეთრის ოდენობის ზარალი.
ძებნილი დ. ბ. 1997 წლის 12 ნოემბერს შეუთანხმდა კ. გ-ს, ყაჩაღური გზით გაეტაცებინათ ხონი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა. ამისათვის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, რომლებიც უკანონოდ ჰქონდათ შეძენილი და ინახავდნენ სახლში, საავტომობილო გზაზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ავტომანქანა „....”-ით მიმავალ მ. ჟ-სა და მის მშობლებს. მ. ჟ-მა არ გააჩერა ავტომანქანა, რის გამოც ბოროტმოქმედებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის და ავტომანქანის გაჩერების გაადვილების მიზნით გადაწყვიტეს მასში მყოფი პირების მოკვლა, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის. კ. გ-მ და დ. ბ-მ ავტომატური იარაღიდან, დამიზნებით ესროლეს მოძრავ ავტომანქანას. შედეგად მათ მოკლეს მ. ჟ-ს მშობლები, ხოლო თავად მ. ჟ-მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბოროტმოქმედებმა განიზრახეს ყაჩაღური თავდასხმის გზით ვ. ა-ს კუთვნილი ავტომანქანის გატაცება, რაც ვერ განახორციელეს, რადგან ეს უკანასკნელი სწრაფად გაეცალა იმ ადგილს.
ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისთანავე კ. გ-მ და დ. ბ-მ განიზრახეს მათთან ახლოს მდგარი, ვ. ა-ს ავტომანქანის ყაჩაღურად გატაცება, მაგრამ იქვე მდგარი პირების მიერ კ. ა-ს გაფრთხილების შედეგად, მიუხედავად თავდამსხმელთა მიერ იარაღის ჰაერში გასროლისა, დაზარალებულმა შეძლო, ავტომანქანით გასცლოდა შემთხვევის ადგილს.
განაგრძეს რა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედება, კ. გ-მ და დ. ბ-მ ყაჩაღური თავდასხმის გზით გაიტაცეს ა. გ-ს ავტომანქანა, რითის მას და მგზავრ ნ. გ-ს მიაყენეს 634 ლარის 350 ლარის ოდენობის ზარალი.
იმავე დღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული დ. ბ. და კ. გ. დაუკავშირდნენ ბ. ჟ-სა და სხვა პირს და სოფელ კოპიტნარში გამავალ საავტომობილო გზაზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ცოლ-ქმარ ს. და ლ. მ-ს, რომელთაც გასტაცეს ფული და ძვირფასეულობა, რის შემდეგაც მიიმალნენ.
1997 წლის ნოემბრის დასასრულს დ. ბ, კ. და ა. კ-ები ყაჩაღურად თავს დაესხნენ სასადილოს და გაიტაცეს 15 ლარი. ყაჩაღური თავდასხმის დროს დ. ბ. და ა. კ. შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით და ამ უკანასკნელმა სასადილოში გასროლის შედეგად დააზიანა მაცივრის შუშა, რის შემდეგაც გაიტაცეს ნ. ხ-ს ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
1997 წლის დეკემბრის დასაწყისში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული დ. ბ. და კ. გ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ „კამაზის” მძღოლ რ. ზ-სა და მასთან მყოფ ნ.რ გ-ს. მათ გაიტაცეს რ. ზ-ს კუთვნილი ავტომანქანა და 100 ლარად ღირებული ელექტროტუმბო, ასევე _ ნ. გ-ს კუთვნილი 4 250 ლარი.
1998 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 18 საათზე, მთვრალები _ დ. ბ. და ა. კ. ქ. თბილისში, დანით შეიარაღებულები, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ჯ. ტ-ს და გაიტაცეს მისი ავტომანქანა, რომელიც მოძრაობისას დაზიანდა და დაზარალებულს მიადგა 320 ლარის ოდენობის ზიანი.
ჯ. ტ-მა მომხდარის თაობაზე აცნობა პოლიციას, რის შედეგადაც იმავე დღეს დ. ბ. და ა. კ. დააკავეს.
გარდა აღნიშნულისა, 1995 წლის 20 ნოემბერს, დანებით შეიარაღებული ა. კ. და სხვა პირები ყაჩაღურად თავს დაესხნენ სოფელ გვიშტიბში მცხოვრებ ჯ. კ-ს ოჯახს.
მსჯავრდებული კ. გ. საჩივრებით ითხოვს მისთვის წარდგენილი მუხლებისა და შეფარდებული სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულები _ კ. გ, დ. ბ. და ა. კ. წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, დროის განსაზღვრულ პერიოდში შეთანხმებულად მოქმედებდნენ, როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრები, რომლის მიზანი იყო რამდენიმე დანაშაულის ჩადენა. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. გ-მ, დ. ბ-მ და ა. კ-მ დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს ორგანიზებულ ჯგუფში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. გ-ს, დ. ბ-სა და ა. კ-ს ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-17,243-ე მუხლი მე-3 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-6 პუნქტებით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით დაკვალიფიცირებული ქმედებები, რომლებიც შეესაბამება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტს, არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან.
კ. გ. მსჯავრდებულია ადრე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით (მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, ორი პირის, განსაკუთრებული სისასტიკით, მრავალ პირთა სიცოცხლისათვის საშიში საშუალებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით), რისთვისაც დადგენილი იყო 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით ორი პირის მკვლელობას ითვალისწინებს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტები და სასჯელად ადგენს 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ დანაშაულისათვის გამკაცრდა სასჯელის ქვედა ზღვარი და სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა არ აქვს.
სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სხვათა სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შემქმნელი საშუალებით ჩადენილ მკვლელობას ითვალისწინებს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტები და სასჯელად ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელის ზედა ზღვარი და სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ახალ კანონს აქვს უკუძალა.
ამდენად, დ. ბ-სა და კ. გ-ს ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებიდან (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სხვათა სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შემქმნელი საშუალებით) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებზე.
მსჯავრდებულების _ კ. გ-ს, დ. ბ-ს, ა. კ-ს და ბ. ჟ-ს ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სასჯელად ითვალისწინებდა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ბ. ჟ-ს ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტიდან (რომელიც სასჯელად ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რომლის სანქციით დადგენილია 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელის ზედა ზღვარი.
ამავე მოტივებით კ. კ-ს ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებზე, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტიდან _ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ხოლო 243-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან _ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებზე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სხვა მუხლების (მე-17,104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 პუნქტები, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 212-ე მუხლი, 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილები, 262-ე მუხლის ,,ა" პუნქტი) ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის კანონით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება არ არსებობს და ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
გასაჩივრებული განაჩენი ასევე უცვლელად უნდა დარჩეს მსჯავრდებულებისათვის სასჯელების დანიშვნის ნაწილში, რადგან ეს სასჯელები მოქმედი სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია. ამდენად, კ. გ-ს მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უსაფუძვლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ კ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 ივლისის განაჩენი შეიცვალოს: კ. გ-სა და დ. ბ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებზე;
კ. გ-ს, დ. ბ-ს, ა. კ-ს და ბ. ჟ-ს ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამ მუხლით მიესაჯოთ 5-5 (ხუთ-ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას;
ბ. ჟ-ს ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე;
კ. კ-ს ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებზე, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტიდან _ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ხოლო 243-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან _ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულებისათვის სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.