სისხლის სამართლის 26.03.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

71-10 26 მარტი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივან _ ო. დ-ის

პროკურორ _ ნ. რ-ას

ადვოკატ _ ჯ. ქ-ას

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ნ. ს-ის

მონაწილეობით განიხილა ნ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ჯ. ქ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილების გაუქმების თაობაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ის 2010 წლის 1 თებერვლის დადგენილება ნ. ს-ის უზბეკეთის რესპუბლიკისათვის გადაცემის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 22 სექტემბერს აჭარის ა/რ-ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს უზბეკეთის რესპუბლიკის ანდიჟანის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ ძებნილი ნ. ს-ის ძე ს-ი.

უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ ნ. ს-ი ცნობილ იქნა ბრალეულად უზბეკეთის რესპუბლიკის სსკ-ის 242-ე მუხლის I ნაწილით, 2441-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ და 159-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 2442-ე მუხლის I ნაწილით, 223-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 246-ე მუხლის I ნაწილით, 243-ე მუხლით, 189-ე მუხლის III ნაწილით, 177-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 28, 209-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 165-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

2009 წლის 24 ივნისს ქალაქ ანდიჟანის სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით ნ. ს-ვს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ანდიჟანის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს 2009 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით ნ. ს-ი ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის ბრალდებით დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უზბეკეთის რესპუბლიკის ძებნილი მოქალაქის _ ნ. ს-ის დაკავების შემდეგ ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას ნ. ს-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2009 წლის 24 სექტემბრის ბრძანებით ნ. ს-ვს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით. იმავე დღეს განხორციელდა მისი ეტაპირება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თბილისის ¹8 საპყრობილეში.

ნ. ს-ვს საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2009 წლის 22 სექტემბრიდან.

2009 წლის 21 ოქტომბერს _ ფაქსის მეშვეობით, ხოლო იმავე წლის 17 ნოემბერს _ ფოსტის საშუალებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნ. ს-ის ექსტრადიციის თაობაზე შევიდა უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად, რითაც დაცულ იქნა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართოლს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მ. გ-ის 2009 წლის 17 დეკემბრის ბრძანებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნ. რ-ას შუამდგომლობის საფუძველზე, ნ. ს-ვს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა კიდევ ორი თვით, ხუთ თვემდე – 2010 წლის 22 თებერვლამდე.

2009 წლის 28 ოქტომბერს ნ. ს-ვმა განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლი უკრძალავს ხელმომწერ სახელმწიფოებს იმ პირის ექსტრადიციას, ვისაც მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი. ვინაიდან საქართველო ხსენებული კონვენციის მონაწილეა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარმა პროკურატურამ შეაჩერა საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2010 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის ცნობილი გახდა, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უარი უთხრა ნ. ს-ვს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. შესაბამისად, განახლდა საექსტრადიციო პროცედურები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ის 2010 წლის 1 თებერვლის დადგენილებით დაკმაყოფილდა უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ნ. ს-ის უზბეკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე.

ზემოაღნიშნული დადგენილება ნ. ს-ვმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ს-ის მოთხოვნა მისი უზბეკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის გაუქმების თაობაზე, რაც 2010 წლის 17 თებერვალს ნ. ს-ვმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ქ-ამ გაასაჩივრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

2010 წლის 17 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნ. რ-ამ და მოითხოვა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ნ. ს-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადაციო პატიმრობის ვადის ორი თვით – 2010 წლის 22 აპრილამდე გაგრძელება.

იმის გათვალისწინებით, რომ საექსტრადიციო პატიმრობის დამატებითი ორთვიანი პერიოდი საკმარისი არ აღმოჩნდა ყველა საექსტრადიციო პროცედურის დასასრულებლად და ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება გარკვეული პერიოდი, ნ. ს-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა კი იწურებოდა 2010 წლის 22 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2010 წლის 18 თებერვლის ბრძანებით დაკმაყოფილდა პროკურორ ნ. რ-ას შუამდგომლობა და ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს – ნ. ს-ვს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა ორი თვით (შვიდ თვემდე) – 2010 წლის 22 აპრილამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 თებერვლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის – თ. ბ-ის 2010 წლის 1 თებერვლის დადგენილებების თაობაზე ნ. ს-ვმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ქ-ამ კერძო საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვეს ნ. ს-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით მისი უზბეკეთის რესპუბლიკისათვის გადაცემის შესახებ ზემოაღნიშნული დადგენილებების გაუქმება.

სასამართლო სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა ნ. ს-ვმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ქ-ამ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ ბრალდებული არის რელიგიური ნიშნით დევნილი, რის გამოც უზბეკეთის მხარისათვის გადაცემის შემთხვევაში, სადაც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, მის მიმართ განხორციელდება წამება და არაადამიანური მოპყრობა.

პროკურორმა ნ. რ-ამ საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ის 2010 წლის 1 თებერვლისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის დადგენილებების, როგორც კანონიერისა და დასაბუთებულის, ძალაში დატოვება, რადგან აღნიშნული დადგენილებები გამოტანილია საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 თებერვლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ის 2010 წლის 1 თებერვლის დადგენილებები უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაცვის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნ. ს-ი იყო რელიგიურ-ექსტრემისტული მოძრაობა „ვაჰაბიზმის“ წევრი, მან შექმნა ახალი რელიგიურ-ექსტრემისტული მოძრაობა „ჟამოატი“ და მასში გააერთიანა მეწარმეები.

ადვოკატს მიაჩნია, რომ ნ. ს-ვს მის მიმართ ინკრიმინირებული არც ერთი დანაშაული არ ჩაუდენია, იგი არის რელიგიური ნიშნით დევნის მსხვერპლი, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ხელოვნურადაა შექმნილი და, შესაბამისად, ემსახურება შემდგომში ნ. ს-ის მიმართ უსამართლო დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზანს, რაც გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს, ხოლო მისი ასეთი პოზიციის რეალურობას განამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ნ. ს-ის ოჯახის წევრები ამჟამად არ იმყოფებიან უზბეკეთში, ვინაიდან მათ მიმართ უზბეკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სრულიად უკანონოდ ახორციელებენ დევნას რელიგიური ნიშნით _ მათ არ აძლევენ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებისა და ცხოვრების შესაძლებლობას. ნ. ს-იც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გაიქცა უზბეკეთიდან, რადგან მან შეიტყო მუსულმანების უსაფუძვლო დაპატიმრების შესახებ.

დაცვის მხარის აზრით, განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო, ნ. ს-ის უზბეკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია რეალური საფრთხის ქვეშ დააყენებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით მინიჭებული ძირითადი უფლებების დაცვას.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციის დებულებების შესაბამისად, რომლის მონაწილეებიც არიან საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, გადასცენ ერთმანეთს სისხლისსამართლებრივ დევნას დაქვემდებარებული პირები.

უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უზბეკეთის რესპუბლიკის ოლის მაჯლისის 1995 წლის 31 აგვისტოს ¹130-1 დადგენილებით მოხდა „წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ“ გაეროს 1984 წლის 10 დეკემბრის კონვენციის რატიფიცირება, რითაც უზბეკეთის რესპუბლიკამ აიღო კონვენციის დებულებების დაცვის ვალდებულება. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ უზბეკეთის რესპუბლიკამ მოახდინა ზემოხსენებული კონვენციის რატიფიცირება, უპირობოდ არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რათა მიმღებმა სახელმწიფომ არ დაარღვიოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

პალატის აზრით, პირის სხვა სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას აუცილებლად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოება.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და არც სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევიათ ექსტრადირებულის მიმღებ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა წამების საფრთხის მხრივ. არ უმსჯელიათ და სათანადოდ არ გამოუკვლევიათ ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლისა და გაეროს წამების კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხე და ამ საფრთხის რეალურობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ცნობს და აღიარებს რა საერთაშორისო კონვენციებით, პაქტებითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ამ სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და ზემოთ განხილულ გარემოებებს აფასებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით, თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 თებერვლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ის 2010 წლის 1 თებერვლის დადგენილებები ნ. ს-ის უზბეკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ჯ. ქ-ას კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 თებერვლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ის 2010 წლის 1 თებერვლის დადგენილებები ნ. ს-ის უზბეკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

გაუქმდეს ნ. ს-ის ძე ს-ის მიმართ შერჩეული საექსტრადიციო პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.