საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.06.2006
საქმის ნომერი
2კ-260აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 260აპ. 1 ივნისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ლ. მურუსიძე

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ყ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ფ-ის, გ. ზ-სა და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ მ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006წ. 13 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით ვ. ყ-ნს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «თ» პუნქტით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

დაახლოებით 1995-96 წლებში, ზუსტი თვე და რიცხვი დაუდგენელია, ვ. ყ-მა თერჯოლის რაიონის სოფ. --- მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა, კერძოდ: ხუთი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი ყუმბარმტყორცნი 6 ჭურვით, 1200 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა. მითითებული საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები მან მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა თავის ნათესავზე _ კ. უ-ზე, რომელიც 2004წ. 26 მარტამდე თერჯოლის რაიონის სოფ. ---ში მამის _ ი. უ-ის საცხოვრებელი სახლის საძირკველში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა აღნიშნულ აღჭურვილობას, საიდანაც ისინი ამოღებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ.

2001წ. ზაფხულის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის, თბილისში, --- მცხოვრებ ვ. ჯ-ეს მის მფლობელობაში მყოფ «მერსედეს-300» მარკის ავტომანქანასთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდა ქ. თბილისში, ---

მცხოვრებ ვ. ყ-თან და ვინმე ლ. შ-თან, რა დროსაც ვ. ჯ-ძე ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ვ. ყ-ნს.

აღნიშნულზე განაწყენებულმა ვ. ყ-მა გადაწყვიტა, მოეკლა ვ. ჯ-ძე. ამ მიზნით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს, რათა მათთან ერთად მოეყვანა განზრახვა სისრულეში.

ვ. ყ-ნი აღნიშნულ პირებთან ერთად 2001წ. 22 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, მივიდა ვ. ჯაფარაძის საცხოვრებელ სახლთან, --- და დაიმალა სახლის უკან არსებულ ეზოში, სადაც ვ. ჯ-ძე ჩვეულებრისამებრ აჩერებდა თავის ავტომანქანას. ამ დროს ვ. ჯ-ძე თავისი კუთვნილი «BMჭ»-ს მარკის ავტომანქანით შევიდა ეზოში და გააჩერა ა/მანქანა. სამალავიდან გამოსული ვ. ყ-ნი და მისი ორი თანამზრახველი მიუახლოვდნენ ავტომანქანაში მყოფ ვ. ჯ-ეს და განზრახ მოკვლის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი გამოძიებით დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღებიდან, რის შედეგადაც მიღებული ჭრილობების გამო ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. ვ. ჯ-ის დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე მივიდა მისი მეგობარი ლ. ჯ-რი, რომელმაც მასზე განპიროვნებული «---» სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გაუხსნა ცეცხლი ვ. ყ-ნს და მის თანამზრახველებს, რის შედეგადაც ვ. ყ-ნი დაიჭრა მხრის არეში. ვ. ყ-მა და მისმა თანამზრახველებმაც ლ. ჯ-რს გაუხსნეს ცეცხლი და მიიმალნენ ვერის პარკის გავლით. მხრის არეში დაჭრილი ვ. ყ-ნი კი თავისი ფეხით მივიდა --- ცენტრალურ კლინიკაში, სადაც აღმოუჩინეს დახმარება, მისი თანამზრახველები კი მიიმალნენ.

აგრძელებდა რა თავის დანაშაულებრივ საქმიანობას, ვ. ყ-მა გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ, სათანადო ნებართვის გარეშე, შეიძინა 9მმ კალიბრიანი «სტეჩკინის» კონსტრუქციის ორი ცალი პისტოლეტი 42 ცალი საბრძოლო ვაზნით და უცხოური წარმოების რევოლვერი 5 ცალი საბრძოლო ვაზნით, რომლებსაც‚ ასევე‚ მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. 2004წ. 21 მარტს ვ. ყ-ნი უცხოური წარმოების ავტომანქანა «ტოიოტა-4 რანერით» მოძრაობდა თბილისის აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც თან ჰქონდა დასახელებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. აეროპორტის სალაროებთან იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. პირადი ჩხრეკის შედეგად მას აღმოაჩნდა «სტეჩკინის» კონსტრუქციის ორი პისტოლეტი 42 ცალი საბრძოლო ვაზნით და უცხოური წარმოების რევოლვერი 5 ცალი საბრძოლო ვაზნით.

ექსპერტ-ბალისტიკოსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 9 მმ კალიბრიანი «სტეჩკინის» კონსტრუქციის ორი ცალი პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე‚ უცხოური წარმოების რევოლვერი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, 47 ცალი საბრძოლო ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოყენებისათვის.

ვ. ყ-მა გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით _ 0,13 გრამი ნარკოტიკული საშუალება «---». 2004წ. 21 მარტს ვ. ყ-ნი უცხოური წარმოების ავტომანქანა «ტოიოტა-4 რანერით» მოძრაობდა თბილისის ---ის მიმართულებით. ---ის შენობაში შესვლის შემდეგ ---ებთან იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდა დიდი ოდენობით _ 0,13 გრამი ნარკოტიკული საშუალება «---», რომელსაც უკანონოდ ინახავდა ქურთუკის შიდა, მარცხენა ჯიბეში. ექსპერტ-ქიმიკოსის ცნობის თანახმად, ვ. ყ-სათვის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოთეთრო-მოყავისფრო ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება «---ნს» წონით 0,13 გრამს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006წ. 13 იანვრის განაჩენით ვ. ყ-ნი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «თ» პუნქტით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (2004წ. 21 მარტის ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (1995-96 წლების ეპიზოდი) და მიესაჯა: სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 2001წ. 20 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ვ. ყ-ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

დაახლოებით 1995-96 წლებში, ზუსტი თვე და რიცხვი დაუდგენელია, ვ. ყ-მა თერჯოლის რაიონის სოფ. --- მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა, კერძოდ: ხუთი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი ყუმბარმტყორცნი თავისივე 6 ცალი ჭურვითა და 1200 ცალი საბრძოლო მასრა, რომლებსაც იგი უკანონოდ ატარებდა. მითითებული საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები მან შესანახად მიაბარა თავის ნათესავს _ კ. უ-ეს, რომელიც 2004წ. 26 მარტამდე თერჯოლის რაიონის სოფელ ---ში მამის _ ი. უ-ის საცხოვრებელი სახლის საძირკველში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა აღნიშნულ აღჭურვილობას, ისინი ამოღებულ იქნა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციის მუშაკების მიერ.

მსჯავრდებულ ვ. ყ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ მ. ფ-ძე და გ. ზ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი ვ. ყ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (1995-96 წლების ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში არის უკანონო, არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი მ. მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახლა განხილვას სასჯელის დამძიმების მიზნით.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ვ. ყ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ფ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ვ. ყ-ნი დაეთანხმა ადვოკატ მ. ფ-ის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება. კერძოდ, მან თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა საქმის შეწყვეტა სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე.

პროკურორმა მ. მ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ ვ. ყ-ის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დაახლოებით 1995-96 წლებში, ზუსტი თვე და რიცხვი დაუდგენელია, ვ. ყ-მა თერჯოლის რაიონის სოფ. --- მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა, კერძოდ: ხუთი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი ყუმბარმტყორცნი 6 ჭურვით, 1200 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც იგი უკანონოდ ატარებდა.

აღნიშნული ქმედებისათვის ვ. ყ-ნს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით.

საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 წელს, რაც იანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. მსჯავრდებულ ვ. ყ-ის მიმართ აღნიშნული მუხლებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2004წ. 8 ივნისს. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის ვ. ყ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დროს უკვე გასული იყო ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რაც, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტისა და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, ამ ნაწილში საქმის შეწყვეტის საფუძველია‚ მაგრამ იმის გამო, რომ მსჯავრდებულმა ვ. ყ-მა პალატის სხდომაზე ხანდაზმულობით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე უარი განაცხადა და მოითხოვა საქმის შეწყვეტა სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, პალატამ იმსჯელა ზემოაღნიშნულ ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში მისი ბრალეულობის შესახებ და საბოლოოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ყ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე კ. უ-ის ჩვენებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ვიდეოკასეტის დათვალიერების ოქმითა და სხვა მასალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მეექვსე ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად ვ. ყ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასჯელის დაუნიშნავად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს სასამართლო კოლეგიამ სრულიად უსაფუძვლოდ გაამართლა ვ. ყ-ნი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «თ» პუნქტით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (2004წ. 21 მარტის ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

პალატა ეთანხმება განაჩენს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვ. ყ-ის ბრალეულობის დამადასტურებელი დასაშვები, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები აღნიშნულ ეპიზოდებში.

ამასთან, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება განაჩენს იმ ნაწილში, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, ვ. ყ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს ვ. ყ-ის მიმართ 2001წ. 20 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 3 წ. ვადით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მას ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, რადგან მსჯავრდებულს ბრალი მიუძღოდა სხვა დანაშაულის ჩადენაშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში კი საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან ვ. ყ-ნს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, 3 წ. ვადით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მოსახდელი ჰქონდა იმ დროს, როდესაც დაიწყო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, მას უნდა დამატებოდა აღნიშნული სასჯელი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ აღნიშნულითდაარღვია საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით: «თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით».

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაამართლა ვ. ყ-ნი ბრალდების იმ ორ ეპიზოდში, რომელთა ჩადენაც მას ბრალად ერაცხებოდა გამოსაცდელ ვადაში და მსჯავრი დასდო მხოლოდ 1995-1996 წლებში ჩადენილი დანაშულისათვის, რაც ვერ შეაჩერებს გამოსაცდელი ვადის დინებას, რადგან პირობითი მსჯავრის გაუქმების ერთადერთი საფუძველია განზრახი დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში. ვ. ყ-ნი კი დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულისათვის, რომელიც მას ჩადენილი ჰქონდა იმ განაჩენის გამოტანამდე, რომლითაც მას დანიშნული სასჯელი _ 3წ. ვადით თავისუფლების აღკვეთა _ ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვ. ყ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნულ სასჯელს არ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც იგი უნდა ამოირიცხოს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადიდან. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006წ. 13 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ვ. ყ-ის სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეექვსე ნაწილით, 503-ე მუხლის მეექვსე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006წ. 13 იანვრის განაჩენში მსჯავრდებულ ვ. ყ-ის მიმართ შევიდეს ცვლილება:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთისა და იმავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის თაობაზე ამ ნაწილებით შერაცხული ქმედების ხანდაზმულობის გამო.

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ ვ. ყ-ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებისა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე წინა განაჩენით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის დამატების შესახებ. საბოლოოდ მსჯავრდებულ ვ. ყ-ნს მოსახდელად დარჩეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.