განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 01.03.2005
საქმის ნომერი
2კ-59-I-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 59I 1 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 3 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც: პ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 24-ე,389-ე მუხლის პირველი ნაწილით და ერთობლივად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. პ. ს. სასამართლოს სხდომის დარბაზიდან აყვანილ იქნა პატიმრობაში. მას წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებად არჩეული ჰქონდა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით, სასამართლო კოლეგიამ გამორკვეულად და დამტკიცებულად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

პ. ს. 2002წ. 26 იანვრიდან მუშაობდა მე-3 სამშვიდობო ბატალიონის მე-2 ასეულის მე---- ოცეულის მეთაურად, კოდის საგუშაგოს უფროსად. 2002წ. 5 თებერვლიდან კოდის ოცეულში მსახურობდა რიგითი თ. ყ.. თ. ყ-ს ბიძა ვ. ჯ-. და მამინაცვალი მ. ჩ. 2002წ. ივლისში მოელაპარაკნენ და შეუთანხმდნენ პ. ს-ს, რომ რიგითი თ. ყ. გაეთავისუფლებინა სამხედრო სამსახურიდან და გაეშვა სახლში, რისთვისაც თვეში გადაუხდიდნენ 50 ლარს. 2002წ. ივლისში პ. ს-მ რიგითი თ. ყ.. უკანონოდ, თვითნებურად დაითხოვა სამხედრო ნაწილიდან, რისთვისაც არაერთგზის, ორჯერ ვ. ჯ--სა და მ. ჩ--საგან აიღო ქრთამი ფულის სახით, კერძოდ, 2002წ. აგვისტოს პირველ რიცხვებში მას სახლში, დაბა აგარაში, ვ. ჯ--მა და მ. ჩ--მა გადასცეს ფული _ 50 ლარი, მეორედ, 2002წ. სექტემბრის პირველ რიცხვებში ასევე სახლში, დაბა აგარაში, პ. ს--ს 50 ლარი გადასცა მ. ჩ-მა. 2002წ. აგვისტოში, გამოძიებით დაუდგენელ დღეს, კოდის ოცეულის რიგითის _ ო. მ--ს მამა რ. მ-. მოელაპარაკა და შეუთანხმდა პ. ს--ს, რომ თვეში 60 ლარის საფასურად სამხედრო ნაწილიდან დაეთხოვა თავისი შვილი ო. მ.. შეთანხმებისამებრ, პ. ს-მ რიგითი ო. მ. უკანონოდ, თვითნებურად დაითხოვა სამხედრო ნაწილიდან, რისთვისაც არაერთგზის _ ორჯერ აიღო ო. მ-საგან ქრთამი ფულის სახით, სულ 120 ლარი, კერძოდ, 2002წ. 5 სექტემბერს პ. ს-ს თავის სახლში, დაბა აგარაში, ო. მ-მა ქრთამის სახით გადასცა 60 ლარი, ასევე 2002წ. 5 ოქტომბერს დაბა აგარაში, თავის სახლში, პ. ს-ს ქრთამის სახით, ასევე გადასცა 60 ლარი. რიგითი ო. მ- სარგებლობდა რა იმ გარემოებით, რომ პ. ს-ს მიერ უკანონოდ იყო განთავისუფლებული სამხედრო სამსახურის მოხდისაგან, ამ პერიოდში, 2002წ. 10 აგვისტოდან 2002წ. დეკემბრის ბოლომდე, მუშაობდა შპს “გზები +”-ში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული პ. ს ითხოვს სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. იგი მიუთითებს, რომ მას არც რ. მ-საგან, არც ვ. ჯ-საგან და არც მ. ჩ-საგან ქრთამი არ აუღია. თვით რ. მ-მა და მისმა შვილმა ო. მ-მა საქმის სასამართლო განხილვისას კატეგორიულად უარყვეს მათგან რაიმე თანხის მიღების ფაქტი, ამასთან, ახსენეს წინასწარ გამოძიებაში მისი მამხილებელი ჩვენებების მიცემის გარემოებები. კერძოდ, მათ მიუთითეს, რომ გამოძიების მხრიდან ხდებოდა ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედება, მით უმეტეს, მათ განცხადებით არ მიუმართავთ არც პროკურატურისა და არც სხვა ორგანოსათვის ქრთამის მიცემის თაობაზე. განაჩენი ამ ნაწილში დამყარებულია მხოლოდ გამოძიების სტადიაზე რ. და ო. მ-ების მიერ მიცემულ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე, სხვა რაიმე მტკიცებულება ამ ეპიზოდში საქმეში არ მოიპოვება. ასევე ურთიერთწინააღმდეგობრივი ჩვენებები აქვთ მიცემული ჯ. ყ-ს, ვ. ჯ-სა და მ. ჩ-ს. ისინი არიან დაინტერესებული პირები, რადგან მან თ. ყ-ს მიმართ მასალები დეზერტირობის ფაქტზე გაუგზავნა პროკურატურას. განაწყენებულმა ჯ. ყ-მ პროკურატურიდან დაურეკა და უთხრა, რომ გაამწარებდა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ პ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ყ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარი დამამტკიცებელი საბუთი იმის შესახებ, რომ პ. ს-მ აიღო ქრთამი, განაჩენი დამყარებულია მხოლოდ მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე, რომლებიც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს. ადვოკატმა თ. ყ-მა იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.

მსჯავრდებულმა პ. ს-მ აღნიშნა, რომ მას არც მ-საგან და არც ჩ-სა და ჯ-საგან ქრთამი არ აუღია. საქმის სასამართლო განხილვისას ო. და რ. მ--მა კატეგორიულად აღნიშნეს, რომ ქრთამის სახით მათ არავითარი თანხა მისთვის არ მიუციათ. რაც შეეხება თ. ყ-ს ეპიზოდს, მან მასალები თ. ყ-ს დეზერტირობის შესახებ გაუგზავნა პროკურატურას. ამაზე განაწყენებულმა თ. ყ-ს დედამ _ ჯ. ყ-მ პროკურატურიდან დაურეკა და უთხრა, რომ მას გაამწარებდა, რის შემდეგაც მოწმეებად მიიყვანა საკუთარი ძმა და მეუღლე, რომ თითქოს მას მისცეს 100 ლარი, მაშინ, როდესაც ვერ იხსენებენ, თუ რომელ თვეში გადასცეს თანხა, მხოლოდ ზოგადად აღნიშნავენ, რომ მისცეს თანხა _ 100 ლარი, რაც არის ტყუილი. ეს მხოლოდ შურისძიებითაა გამოწვეული.

პროკურორმა რ. ს-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ პ. ს-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მსჯავრდებულ პ. ს-ს მიმართ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს; განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამავე კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო ვალდებულნი არიან, უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით; საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებული გარემოებანი.

საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით _ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით; ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.

პალატა თვლის, რომ საპროცესო კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული მოთხოვნები როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვისას არ ყოფილა დაცული, რის გამოც პ. ს-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დასაბუთებულად და კანონიერად. კერძოდ, სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც მომკვლევს, მომკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს მოქალაქემ, თანამდებობის პირმა, დაწესებულებამ, საწარმომ, ოპერატიულ-სამძებრო ორგანომ, ბრალის აღიარებით გამოცხადებულმა პირმა, ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გორის გარნიზონის სამხედრო კომენდატურის მომკვლევმა გ. მ-მა 2003წ. 10 იანვარს ახსნა-განმარტებები ჩამოართვა კოდის ¹1 საგუშაგოს ოცეულის მეთაურს _ ბ. ძ-ს, რ. მ-ს, ო. მ-ს, გ. ყ-სა და სხვა პირებს, შეადგინა დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი და ოქმი ნიქოზის სამშვიდობო ბატალიონის კოდის საგუშაგოს შემადგენლობის შემოწმების შესახებ.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ იყო არავითარი ოფიციალური ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც შესაძლებელი გახდებოდა მოკვლევის ჩატარების დაწყებისა. როგორც საქმის სასამართლო განხილვისას მოწმეებმა _ ო. და რ. მ-ებმა უჩვენეს, მათ განცხადებით არ მიუმართავთ სამართალდამცავი ორგანოებისათვის პ. ს-ძის მიერ ქრთამის აღების თაობაზე. ჯერ ო. მ- დააკავეს _ ჰაუპტვახტში მოათავსეს და შემდეგ ახსნა-განმარტებები, ხოლო შემდგომ კი ჩვენებები ჩამოართვეს.

პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს ეს საკითხი დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული. ამ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევას მნიშვნელობა აქვს იმიტომაც, რომ მოწმეებმა _ ო. და რ. მ-ებმა საქმის სასამართლო განხილვისას კატეგორიულად უარყვეს პ. ს-სათვის ქრთამის სახით 120 ლარის გადაცემის ფაქტი, კერძოდ, საქმის სასამართლო განხილვისას ო. მ-მა აღნიშნა: “დამაკავეს 2003წ. 3 იანვარს. დამაკავა კომენდატურამ და ჩამსვეს ჰაუპტვახტში. მითხრეს, რომ იმიტომ დაგაკავეთ, ჯარში არ დადიხარო. მე ვუთხარი: მეთაურმა გამომიშვა-თქო. მათ მცემეს და მითხრეს, რომ დაწერე პ. ს-ზე მამხილებელი ჩვენებები ქრთამის აღებაზეო. მე ვუთხარი: არ დავწერ-მეთქი. ფული არ გადამიხდია, შემდეგ ჰაუპტვახტში ძალით დამაწერინეს”. ქრთამის მიცემის ფაქტი კატეგორიულად უარყო რ. მ-მა. მან საქმის სასამართლო განხილვისას აჩვენა, რომ მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა. გამომძიებელი რასაც კარნახობდა, იმას წერდა.

ო. მ-ს დაკავების ფაქტი საქმის სასამართლოში განხილვისას დაადასტურა მოწმე ი. ნ-მაც, მან აღნიშნა: “მე ვმსახურობდი ნ-ის სამშვიდობო ბატალიონში, ჩემთან მსახურობდა სექტემბერ-ოქტომბრის ბოლომდე ო. მ-ი, ხოლო შემდეგ გავიგე, რომ დაკავებული იყო პროკურორის მიერ”.

პალატა თვლის, რომ აღნიშნული საკითხი დამატებით მოითხოვს შემოწმებას, კერძოდ, უნდა გაირკვეს, თუ რა ცნობები გახდა ო. მ-ს, რ. მ-სა და სხვა პირებისათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის საფუძველი, იყო თუ არა ო. მ- დაკავებული და ჰაუპტვახტში მოთავსებული, რადგან მის შესახებ საქმეში მასალები არ მოიპოვება. დამატებითი გამოძიების დროს უნდა გაირკვეს, ახდენდნენ თუ არა ო. და რ. მ-ებზე კომენდატურის მუშაკები და გამომძიებელი ფიზიკურ და ფსიქიკურ ზეწოლას. ამ საკითხის გარკვევისათვის უნდა დაიკითხოს მომკვლევი გ. მ-, გამომძიებელი გ. ო-ძე, ასევე გორის გარნიზონის კომენდანტი, შემოწმდეს ჰაუპტვახტში მოთავსების ჟურნალი.

ამ საკითხების გარკვევას მნიშვნელობა აქვს იმიტომაც, რომ თვით მსჯავრდებული პ. ს-ძე კატეგორიულად უარყოფს ო. და რ. მ-საგან ქრთამის აღების ფაქტს და მხოლოდ წინასწარ გამოძიებაში მიცემული განთქმითი ჩვენება არ შეიძლებოდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გამხდარიყო.

სასამართლო კოლეგიამ პ. ს-ს ბრალის ერთ-ერთ დამამტკიცებელ საბუთად მიუთითა იმაზე, რომ ო. მ-შვილი სარგებლობდა იმით, რომ პ. ს-მ უკანონოდ გაათავისუფლა სამხედრო სამსახურის მოხდისაგან, ეწეოდა დეზერტირობას და იგი 2002წ. 10 აგვისტოდან იმავე წლის დეკემბრის ბოლომდე მუშაობდა შპს “გზები +”-ში. პალატა თვლის, რომ ეს საკითხიც სრულყოფილად არ არის გამოკვლეული, ხოლო არსებული წინააღმდეგობები კი არ ყოფილა გადაწყვეტილი. თვით ო. მ- არ უარყოფს, რომ შპს “გზები +”-ში იყო გაფორმებული, მაგრამ ძირითადად მუშაობდა მამამისი რ. მ-. ამ გარემოებას გარკვეულად ადასტურებენ საქმეზე დაკითხული მოწმეებიც. თვით რ. მ- მიუთითებს, რომ ო. მ-ზე გამოწერილ ხელფასს თვითონ იღებდა და უწყისზე თვითონ აწერდა ხელს.

პალატა თვლის, რომ ეს საკითხიც დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს, კერძოდ: ამოღებულ უნდა იქნეს ხელფასის უწყისები და ჩატარდეს სათანადო ექსპერტიზა; უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც მუშაობდა ო. მ-თან ერთად; სრულყოფილად უნდა გაირკვეს, შპს “გზები +”-ში ო. მ- მუშაობდა, თუ მამამისი რ. მ-. ამ საკითხის გარკვევას მნიშვნელობა აქვს მათი ჩვენებების რეალობის თვალსაზრისით შესაფასებლად.

იმის გათვალისწინებით, რომ ო. მ-საგან ქრთამის აღების ეპიზოდი მოითხოვს სრულყოფილად გამოკვლევასა და შეფასებას, ამიტომ რ. და ო. მ-ების მიმართ სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი განჩინებაც უნდა გაუქმდეს.

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ განაჩენის მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება პ. ს-ძის მიერ რიგით თ. ყ-ს განთავისუფლებისათვის ვ. ჯ-სა და მ. ჩ-საგან 100 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტს, ემყარება ურთიერთსაწინააღმდეგიო და ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებს, რომლებიც წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სტადიაზე სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და გადაწყვეტილი. განაჩენი დაემყარა მხოლოდ განთქმით ჩვენებებს, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, მსჯავრდებული პ. ს-ძე კატეგორიულად უარყოფს ვ. ჯ-სა და მ. ჩ-საგან ქრთამის სახით 100 ლარის აღების ფაქტს. მან მიუთითა, რომ ვინაიდან თ. ყ-ძემ თვითნებურად მიატოვა სამხედრო სამსახური, მან 2002წ. 25 ოქტომბერს მოკვლეული მასალები რეაგირებისათვის გაუგზავნა გორის რეგიონალურ სამხედრო პროკურატრურას, სადაც იმავე წლის 10 ნოემბერს გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. თ. ყს დედამ _ ჯ. ყ-ძემ დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ განცხადებით მიმართა გორის რეგიონის სამხედრო პროკურატურას. ჯ. ყ- დაემუქრა, რომ მწარედ ანანებდა, რადგან მასალები მას გადაცემული ჰქონდა პროკურატურისათვის.

პალატა თვლის, რომ ამ ეპიზოდში მსჯავრდებულ პ. ს-ს ვერსია სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რიგითი ჯარისკაცის _ თ. ყ-ძის მიმართ პ. ს-ს მასალები 2002წ. 25 ოქტომბერს მართლაც აქვს გადაცემული გორის სამხედრო პროკურატურისათვის, სადაც იმავე წლის 10 ნოემბერს გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება. სამ თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, 2003წ. 20 თებერვალს, თ. ყ-ს დედამ _ ჯ. ყ-მ განცხადებით მიმართა გორის რეგიონის სამხედრო პროკურორს. განცხადებაში იგი მიუთითებს პ. ს-სათვის 100 ლარის ქრთამის მიცემის თაობაზე. აღნიშნული განცხადება ერთი თვის განმავლობაში არ ყოფილა რეგისტრაციაში გატარებული და იყო უმოძრაოდ. განცხადება რეგისტრირებულ იქნა მხოლოდ 2003წ. 20 მარტს, თუმცა მანამდე ტარდებოდა მოკვლევა და გამოძიებაც, მაშინ, როდესაც განცხადება გამომძიებელმა დაწერა 2003წ. 20 მარტს. ეს გარემოება კი საეჭვოს ხდის, რომ განცხადება 20 თებერვალს იქნა შეტანილი.

პალატა თვლის, რომ ამ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევას მნიშვნელობა აქვს 2003წ. 20 მარტამდე შეკრებილ მტკიცებულებათა რეალობის შეფასებისათვის, რადგან ისმის კითხვა: თუ გამომძიებელს არ ჰქონდა განცხადება და მოკვლეული მასალები, მაშინ რის საფუძველზე ატარებდა ამ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარ გამოძიებას. აღნიშნული საკითხის სრულყოფილად გამორკვევისათვის ჯერ უნდა დაიკითხოს თვით ჯ. ყ- და გაირკვეს:U როდის შეიტანა მან პროკურატურაში განცხადება და რა იყო განცხადების შეტანის მიზეზი. ამის შემდეგ უნდა დაიკითხონ პროკურორი რ. ს- და მისი მოადგილე გ. ს. მათი დაკითხვით უნდა გაირკვეს: რატომ არ იყო ერთი თვის განმავლობაში ჯ. ყ-ს განცხადება რეგისტრირებული და სად ინახებოდა რეგისტრაციაში გაუტარებელი განცხადება. დასაკითხია ასევე გამომძიებელი გ. ო; მისი დაკითხვით უნდა გაირკვეს, თუ რის საფუძველზე აღძრა 2003წ. 4 მარტს სისხლის სამართლის საქმე, მაშინ, როდესაც მას განცხადება დაეწერა 2003წ. 20 მარტს. პროკურორის რეზოლუციიდან ნათლად ჩანს, რომ განცხადება გამომძიებელ გ. ო-ს გადაეცა 2003წ. 20 მარტს, ე.ი. იმ დღეს, როდესაც განცხადება იქნა რეგისტრირებული.

პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულ პირთა დაკითხვის შემდეგ გამოძიებამ უნა იმსჯელოს 2002წ. 4 მარტიდან იმავე წლის 20 მარტამდე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა დასაშვებობის თაობაზე.

პალატა აღნიშნავს, რომ პ. ს-ძის მიერ 100 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტი წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ დადგენილად მიიჩნიეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, მაშინ, როდესაც მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო. ამასთან, დადგენილი არ ყოფილა დანაშაულის ჩადენის დრო და სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ პ. ს-ს ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად, კერძოდ, სსსკ-ის 282-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში მითითებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის დროის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გამოძიებას არ დაუდგენია, თუ როდის აიღო ქრთამის სახით 100 ლარი პ. ს-მ. მხოლოდ ზოგადად არის მითითებული 2002წ. ივლისისა და აგვისტოს თვეებზე. თვით ვ. ჯ- და მ. ჩ- ვერ მიუთითებენ, თუ რა კუპიურების თანხა გადასცეს პ. ს-ს. ისინი ზოგადად აღნიშნავენ, რომ ივლისსა და აგვისტოში პ. ს-ს მისცეს 50-50 ლარი. პალატა თვლის, რომ მხოლოდ განთქმითი ჩვენებები არ არის საკმარისი, რომ დადგენილად იქნეს მიჩნეული ქრთამის აღების ფაქტი. მით უმეტეს, საქმის სასამართლოში განხილვისას ვ. ჯ-მა და მ. ჩ-მა აღნიშნეს, რომ მათ განცხადებით არ მიუმართავთ პროკურატურისათვის ქრთამის მიცემის თაობაზე. ასეთ ვითარებაში დამატებითი გამოძიების გზით უნდა გაირკვეს მათი ჩვენებების რეალობა. წინასწარმა გამოძიებამ საერთოდ რეაგირების გარეშე დატოვა მოწმე ჯ. ყ-ს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც Yთავის განცხადებასა და ჩვენებებში მიუთითებდა ქრთამის მიცემის თობაზე. ამასთან, განცხადებაში აღნიშნავდა, რომ პ. ს-ეს სამხედრო ნაწილიდან გაშვებული ჰყავდა ვ. მ და დ. რ, თუმცა მათ არ დაადასტურეს ჯ. ყ-ს განცხადებაში მითითებული გარემოებები. ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ ჯ. ყ-ს დეტალური დაკითხვით უნდა გაირკვეს, თუ რატომ არ ასახელებდა ზემოაღნიშნულ პირებს მოწმეებად და რატომ არ დადასტურდა მის განცხადებაში მითითებული გარემოებები. ასევე უნდა გაირკვეს, ჯ. ყ-ს რაიმე პირადი ინტერესი ხომ არ გააჩნია პ. ს-ს მიმართ, რომელმაც მისი შვილის მიმართ მასალები გადასცა პროკურატურას. დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს ასევე, რა იყო მიზეზი ჯ. ყ-ს მიერ 3-4 თვის შემდეგ განცხადების შეტანისა ქრთამის მიცემის თაობაზე. ამ საკითხების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე შეუძლებელია პ. ს-ს ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტა.

პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წინასწარმა გამოძიებამ, ასევე სასამართლომ დადგენილად მიიჩნიეს, რომ პ. ს-ემ გადაამეტა უფლებამოსილებას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, თუმცა არ ყოფილა მითითებული, თუ რაში გამოიხატა უფლებამოსილების გადამეტება, კერძოდ, არაა დადგენილი და არც ბრალდების წარდგენის დადგენილებაში ან განაჩენში არ ყოფილა მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა უფლებამოსილების გადამეტება. მითითებულია მხოლოდ შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდებისა და სადისციპლინო წესების ზოგად მოთხოვნებზე. არ არის დადგენილი, პ. ს-ს ჰქონდა თუ არა რიგითი ჯარისკაცების მოკლევადიან შვებულებაში გაშვების უფლება; თუკი ასეთი გააჩნდა, რა ვადით შეეძლო ჯარისკაცების გაშვება და ვისთან უნდა შეეთანხმებინა ასეთი გადაწყვეტილება. ამის შესახებ არაფერია მითითებული არც საბრალდებო დასკვნასა და არც განაჩენში. ეს საკითხი დამატებითი გამოძიების დროს დეტალურად უნდა გაირკვეს და შეფასდეს. ამ მიზნით უნდა დაიკითხონ პ. ს-ს ხელმძღვანელი პირები, ამოღებულ უნდა იქნეს წესდება, რითაც უნდა ეხელმძღვანელა პ. ს-ს და ამის მიხედვით უნდა გადაწყდეს ამ ნაწილში მისი ბრალეულობის საკითხი. თუკი გამოძიება დაადგენს, რომ პ. ს-მ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, მაშინ აუცილებლად უნდა გაირკვეს, თუ რაში გამოიხატა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და ამის შესახებ უნდა მიეთითოს ბრალდების წარდგენის დადგენილებასა და საბრალდებო დასკვნაში.

პალატა ასეე თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს უნდა გაირკვეს, თუ ვის დაეხმარა პ. ს-ძე დეზერტირობაში, რადგან ამის შესახებ ბრალდების წარდგენის დადგენილებასა და განაჩენში მხოლოდ ზოგადადაა მითითებული, მით უმეტეს, ო. მ-ს მიმართ საქმე შეწყდა დეზერტირობის ნაწილში, ხოლო თ. ყ საერთოდ არ ყოფილა მიჩნეული დეზერტირად და მის მიმართ საქმე შეწყდა სსკ-ის 388-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება დანაშაულის ამსრულებელი, ხოლო პ. ს კი პასუხისგებაში მიცემულ იქნა დეზერტირობის ჩადენის დახმარებისათვის. დამატებითი გამოძიების სტადიაზე ეს საკითხიც დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული.

პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს დეტალურად უნდა შემოწმდეს საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა გარემოებები და მიღებული შედეგები შეფასდეს.

პალატა თვლის, რომ ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა საქმის შეწყვეტის თაობაზე, რადგან საქმეზე უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება, შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ყველა გარემოება, უნდა აღმოიფხვრას საქმეში არსებული წინააღმდეგობები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს პ. ს-ს ბრალეულობის საკითხი.

აქვე პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენის გაუქმებასთან ერთად პ. ს აღკვეთის ღონისძიებად უნდა დარჩეს წინასწარი გამოძიების სტადიაზე არჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა და იგი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, რადგან განაჩენით იყო აყვანილი პატიმრობაში, მით უმეტეს, მას არც წინასწარი გამოძიებისას და არც სასამართლო განხილვისას არ დაურღვევია მასზე დაკისრებული მოვალეობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 3 ნოემბრის განაჩენი პ. ს-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას. გაუქმდეს ამავე საქმეზე ო. და რ. მ-ების მიმართ დადგენილი განჩინება.

პ. ს-ეს აღკვეთის ღონისძიებად დარჩეს პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, რომელიც მას შერჩეული ჰქონდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე.

პ. ს გათავისუფლდეს პატიმრობიდან

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.