შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 4-კოლ 6 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა ადვოკატ მ.ჯ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 30 ოქტომბრის განაჩენზე შ. პ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 30 ოქტომბრის განაჩენით შ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 19,109-ე მუხლის “ზ” და “კ” პუნქტებით _ 11 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით _ 6 წლით, 134-ე მუხლით (1960წ.) _ 1 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, 19,109-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან დაემატა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შ. დანარჩენ დანაშაულთა ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და შავლეგ პატაშურს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე სასამართლო კოლეგიამ 2002წ. 30 ოქტომბერს გამოიტანა განჩინება ზ. წ-ს, ზ. მ-ს, ზ. თ-ს და გ. მ-ს მიმართ შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად საქმის მასალების საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გადაგზავნის შესახებ.
განაჩენით შ.პ-ს მსჯავრი დაედო შემდეგ დანაშაულთა ჩადენისათვის: 1997წ. 1 თებერვალს შ. პ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა ე. ბ-ს, მ. ბ-ს, ს. მ-ს, ს. ტ-ს, ნ. ბ-ს, დ. ტ-ს, კ. და დ. თ-ებს დუშეთის რაიონის სოფ. ....დან ე.ბექაურზე ქორწინების მიზნით რ. რ-ს მოტაცების თაობაზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, 1997წ. 1 თებერვალს აღნიშნული პირები მივიდნენ დუშეთის რაიონის სოფ. ...ს მახლობლად მდებარე ანანურის ეკლესიასთან. ნ. ბ-მ მოტყუებით, თითქოსდა ანანურის ეკლესიაში მისვლის მიზნით, სახლიდან გამოიყვანა რ. რ., მიიყვანა ანანურის ეკლესიასთან, სადაც მოლაპარაკებისამებრ მას დახვდნენ ზემოთ აღნიშნული პირები და ფიზიკური ძალის გამოყენებით, რ.რ-ს ნების საწინააღმდეგოდ, მიუხედავად მისი არაერთი წინააღმდეგობისა, ძალით ჩასვეს მ.ბ-ს მართვის ქვეშ მყოფ ს.ტ-ს კუთვნილ ავტომანქანაში და მიიყვანეს ს.მ-ს სახლში. მეორე დღეს ვ. წ-ს “ბელორუსის” მარკის ტრაქტორით, მოტყუებით, ვითომდა სახლში დაბრუნების მიზნით, შ.პ-მა, ვ.წ-მა და ე.ბ-მა რ.რ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს ტყეში, შემდეგ კი _ სხვადასხვა ადგილებში და მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ გახდა შესაძლებელი რ.რ-ს საცხოვრებელ სახლში დაბრუნება.
2000წ. 9 აპრილს თიანეთის რაიონის სოფ. ქვემო .......ში მცხოვრები ხ. ს. იმყოფებოდა თავის თანასოფლელებთან სოფ. ქვემო ნაქალაქარში ა. ო-ს ავტობუსში და უსმენდა მაგნიტოფონით მუსიკას. დაახლოებით 14-15 საათზე მათთან მივიდა სოფ. ... მცხოვრები ზ. მ., დაჯდა მძღოლის ადგილას, გამოცვალა მაგნიტოფონში ფირი და დაიწყო სხვა მუსიკის მოსმენა. ხ.ს-მა შენიშვნა მისცა ზ.მ-ს, თუ რატომ გამოცვალა მაგნიტოფონში ფირი, რის გამოც ისინი შეკამათდნენ და ერთმანეთისაკენ გაიწიეს. მოკამათენი გააშველეს იქვე მყოფმა პირებმა. 2000წ. 11 აპრილს ზ. მ-მა, შ. პ-მა, ზ. წ-მა, ი. ა-მა და მათთან ერთად მყოფმა პირებმა თიანეთის რაიონის სოფ. ზემო ნაქალაქარში მიიღეს ალკოჰოლური სასმელი _ არაყი და მოილაპარაკეს, რომ ჩასულიყვნენ ხ. ს-თან და გაერკვიათ 9 აპრილს მომხდარი ინციდენტის მიზეზი, რის შემდეგაც ზემოთ აღნიშნული პირები დაახლოებით 18 საათზე საქმის გარკვევის მიზნით, ჩასხდნენ შ. პ-ს სარგებლობასა და მართვის ქვეშ მყოფ “ბელორუსის” მარკის ტრაქტორსა და ი. ა-ს სარგებლობასა და მართვის ქვეშ მყოფ “გაზ-52” მარკის სატვირთო ავტომანქანაში, ჩავიდნენ სოფ. ..., მოძებნეს და სახლიდან გამოიყვანეს ხ. ს.. შ. პ-სა და ხ. ს-ს შორის, 9 აპრილს მომხდარი ინციდენტის გამო, კვლავ წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია, რაც გადაიზარდა ჩხუბში და შ. პ-ს მიერ ხულიგნობის, ე.ი. ისეთი ქმედების ჩადენაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემლობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით. შემთხვევის ადგილზე თავი მოიყარა ხალხმა, რომლებიც ცდილობდნენ მათ გაშველებას. მიუხედავად ამისა, შ. პ-მა ხ. ს-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩხუბში შ.პ-ს მხრიდან მონაწილეობდნენ ზ. . ი. .ა ა. ფ. და ზ. ა., რომლებმაც დაუწყეს ხ.ს-ს ხელებით და ფეხებით ცემა. ხ. ს-მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლით. მათი გაშველების მიზნით შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სოფ. ქვემო ნაქალაქარში მცხოვრებნი _ შ. ძ. და ნ. დ.. გაშველების დროს ი. ა-მა მუშტი დაარტყა სახის არეში შ.ძ-ს, რის შემდეგაც იგი წაიქცა მიწაზე, შემდეგ კი წაქცეულს ჩაარტყა რამდენჯერმე ფეხი მუცლის არეში. აღნიშნულის შედეგად შ.ძ-მა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, თავის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით გაიარა რამდენიმე მეტრი, წაიქცა და სახეში მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. თავის მხრივ, იმავე ჩხუბში, მოგერიების მიზნით, ხ. ს-მა ხელი და ფეხი დაარტყა შ. პ-ს, რის შემდეგაც იგი წავიდა თავის საცხოვრებელ ბინაში, სადაც სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა საბრძოლო მასალას _ “პგდ-5” ტიპის ხელყუმბარას, რომელიც შეძენილი ჰქონდა უკანონოდ, გამოძიებით დაუდგენელ დროს და გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან და უკანონოდ ატარებდა. შ.პ. ა-ს სარგებლობასა და მართვის ქვეშ მყოფი “გაზ-52” მარკის ავტომანქანით დაბრუნდა ჩხუბის ადგილას, რათა კვლავ გაერკვია ურთიერთობა ხ. ს-თან. სოფელ ქვემო ნაქალაქარის ცენტრალურ გზაზე მას შეხვდნენ გ. და ვ. ძ-ები, ნ. დ., პ. და ზ. თ-ები, თ. ბ., პ. ს. და სხვა პირები, რომლებიც დასტრიალებდნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ შ. ძ-ს. პ. ს. შეეკითხა შ. პ-ს, თუ რატომ სცემეს მის შვილს _ ხ. ს-ს, რის ნიადაგზეც მათ შორის მოხდა შეკამათება, რა დროსაც შ. პ-მა განიზრახა მკვლელობის ჩადენა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, მან “პგდ-5” ტიპის ხელყუმბარას მოაძრო დამცავი მექანიზმი და განზრახ მკვლელობის მიზნით გვერდზე დაუგდო პ. ს-ს. ხელყუმბარის აფეთქებისა და მისგან წარმოშობილი ნამსხვრევების შედეგად პ. ს-მა, თ. ბ-მა და ზ. თ-მა მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოშლით. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შ. პ. მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და იმყოფებოდა ძებნაში, რა დროსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კვლავ ჩაიდინა მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული.
2001წ. 15 აპრილს, დაახლოებით 15 საათზე, მთვრალი შ.პ. მართავდა აწ გარდაცვლილ ს. მ-ს კუთვნილ “ვაზ-210” მარკის ავტომანქანას. მანქანაში წინა მარჯვენა მხარეს იჯდა ს.მ., ხოლო უკანა სავარძელში გ. მ. და მოძრაობდა თბილისი-თიანეთის გზატკეცილზე, თიანეთის მხრიდან გლდანის მიმართულებით. შ.პ-მა უხეშად დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესები, ანუ საგზაო უსაფრთხოების კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დადგენილია მარჯვენა მხარეს, ასევე დაარღვია ამავე კანონის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა, სადაც მითითებულია, რომ ზოლიდან ზოლში გადასვლის წინ მძღოლი ვალდებულია, მისცეს შესაბამისი მიმართულების მაჩვენებელი სიგნალი, ასევე, დაარღვია ამავე კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა, სადაც მითითებულია, რომ გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმარის მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნის შემხვედრ და ამ ზოლზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მცხეთის რაიონის სოფ. გლდანის შესასვლელთან შ.პ. არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას, რათა შეეჩერებინა ავტომანქანა, გააგრძელა მსვლელობა და განავითარა გადაჭარბებული სიჩქარე, დაახლოებით 90-100 კმ/სთ, დასახლებულ პუნქტზე _ თიანეთის გზატკეცილზე, მაისურაძის ქუჩის გადაკვეთასთან, გადავიდა გზის მარცხენა სამოძრაო ზოლზე და შეეჯახა მსუბუქი მარკის ავტომანქანა “ოპელ ფრონტერას”, რომელიც მოძრაობდა თავის სავალ ნაწილზე გლდანის მხრიდან თიანეთის მიმართულებით 40-50 კმ/სთ სიჩქარით და რომელსაც მართავდა ქ.თბილისში მცხოვრები კ. შ. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა ს. მ., ხოლო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო გ. მ-მა. ავტომანქანის შეჯახების შედეგად, იმყოფებოდნენ რა შემთხვევის ადგილთან ახლოს, სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო რ. ქ-მა, ხოლო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს კ.ბ-მ და გ.ქ-მა.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ.ჯ. საკასაციო საჩივრით ითხოვს შ.პ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ზ” და “კ” პუნქტებითა და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილი ბრალდებების ნაწილში, ვინაიდან შ.პ-ს არც სურვილი და არც განზრახვა ვინმეს მოკვლისა არ ჰქონია; აფეთქება, რომელიც მოხდა, არის გაუფრთხილებლობის შედეგი. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, ავტომანქანის საჭესთან იჯდა მისი მფლობელი ს. მ., ხოლო შ.პ. იჯდა უკანა სავარძელზე, მძღოლის უკან.
მსჯავრდებული შ.პ. ეთანხმება მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის მიმართ სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ზ” და “კ” პუნქტებითა და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილი ბრალდებების მოხსნას.
პროკურორი ე.ქ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს შ.პატაშურის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2000წ. 9 აპრილს ხ.სეთურსა და ზ. მ-ს შორის მოხდა შეკამათება მაგნიტოფონის ფირის გამოცვლის თაობაზე, რა დროსაც ისინი გააშველს იქ მყოფმა პირებმა. 2000წ. 11 აპრილს ზ.მ. შ.პ-თან და სხვა პირებთან ერთად, რომლებიც იყვნენ ნასვამები, მივიდნენ ხ.ს-თან ორი დღით ადრე მომხდარი ინციდენტის მიზეზის გასარკვევად. შ.პ-სა და ხ.ს-ს შორის კვლავ მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ხ.ს-მა შ.პ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი წავიდა თავის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც წამოიღო “პგდ-5” ტიპის ხელყუმბარა და დაბრუნდა ჩხუბის ადგილას. ხ.ს-ს მამამ _ პ.ს-მა შ.პ-ს ჰკითხა, თუ რატომ სცემეს მის შვილს. ამ დროს შ.პ-მა ხელყუმბარას მოაძრო დამცავი მექანიზმი და გვერდზე დაუგდო პ.ს-ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა და კიდევ ორმა პირმა მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოშლით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში შ.პ-ს არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და აფეთქება მოხდა გაუფრთხილებლობით. საქმის მასალებით დადგენილია და არც საკასაციო საჩივრის ავტორი უარყოფს, რომ თავიდან ჩხუბის დროს შ.პ-ს ხელყუმბარა თან არ ჰქონდა, იგი წამოიღო სახლიდან ჩხუბის შემდეგ და დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე. წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში თავად შ.პ. ადასტურებდა, რომ როდესაც მას და პ.ს-ს შორის მოხდა შეკამათება, იგი გაბრაზდა, თუ რატომ ლანძღავდა და ეკამათებოდა პ.ს. მას, ხელყუმბარას მოაძრო დამცავი მექანიზმი და დაუგდო ს.სეთურს გვერდზე, თუმცა ხედავდა, რომ იქვე იყვნენ სხვა პირებიც. ზ.პ-ს აღნიშნული ქმედება ასევე დადასტურებულია დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით. მართალია, შემდგომ ზოგიერთმა მათგანმა შეცვალა ჩვენება, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი არ გაიზიარა, რადაგანაც მათი მხრიდან ჩვენებების შეცვლა გამოწვეული იყო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობისგან დახსნის სურვილით.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ შ.პ-ს არასწორად აქვს წარდგენილი ბრალდება სსკ-ს 19,109-ე მუხლის “კ” პუნქტით, ვინაიდან მის ქმედებაში ხელყუმბარის გამოყენებისას ხულიგნური ქვენაგრძნობა არ იკვეთება. მოცემულ სიტუაციაში იგი მოქმედებდა შურისძიების მოტივით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ შ.პ-ს უნდა ამოერიცხოს სსკ-ს 19,109-ე მუხლის “კ” ქუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, მოცემულ ეპიზოდში მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ზ” პუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოტივს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, თითქოს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანას მართავდა მისი მფლობელი ს. მ., ხოლო შ.პ. იჯდა უკანა სავარძელზე, მძღოლის უკან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგანაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ კ.ბ-სა და მოწმეთა ჩვენებებით უდავოდაა დადგენილი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანის საჭესთან იჯდა შ.პ.. ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილის, მოწე გ. მ-ს მიერ სასამართლოში ჩვენების შეცვლა საჭესთან გარდაცვლილი ს. მ-ს ჯდომის თაობაზე სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა და მის მიერ შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემის შესახებ ეცნობა პროკურატურას.
ამდენად, პალატას საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულ შ.პ-ს მიერ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 30 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ შ. პ-ს ამოერიცხოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “კ” პუნქტით გათვალისწინებული ბრალდება და ამ ნაწილში სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს.
შ. პ-ს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ზ” პუნქტით განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელთა შთანთქმის პრინციპის შესაბამისად, შ. პ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.