საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 6I 4 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა განსასჯელ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ.დ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ივლისის განაჩენით გ. გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 4 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ შეეფარდა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. აღნიშნულს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასაჯელიდან 1 წელი და გ.გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით გ.გ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა დეზერტირობა, ე.ი. სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვება, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით; მანვე, ქურდობისათვის ადრე სამართლაში ნამყოფმა, კვლავ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლასაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2000წ. 4 დეკემბერს გ. გ. დმანისის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოტო-სამანევრო ჯგუფში რიგითად. 2001წ. 7 აპრილს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით დატოვა აღნიშნული სამხედრო ნაწილი და ეწეოდა დეზერტირობას. 2001წ. 8 აპრილს განმეორებით, სხვისი ქონების დანაშაულებრივი გზით მისაკუთრების მიზნით, ქ.თბილისიდან ჩავიდა ბოლნისის რაიონის სოფ. .......ში, სადაც შეაღწია მოქალაქე რ. ნ-ს ბინაში, იქიდან ფარულად გაიტაცა ავტომანქანის საბუთები და პირადობის მოწმობა, 300 ლარად ღირებული ტყავის ქურთუკი და 70 ლარად ღირებული ტყავის ჟილეტი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 370 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
გ.გ-მა, განმეორებით, 2001წ. 14 აპრილს შეაღწია ბოლნისის რაიონის სოფ. .........ში მცხოვრებ უ. გ-ს სახლში, საიდანაც ფარულად გაიტაცა 975 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები.
2001წ. 22 აპრილს, დილის საათებში, გ.გ-მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან, “მურმანთან”, ერთად, განმეორებით შეაღწია ბოლნისის რაიონის სოფ. ....ში მცხოვრებ ვ. ი-ს სახლში და იქიდან ფარულად გაიტაცა 45 ლარად ღირებული მაგნიტოფონი და 355 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, ე.ი. სულ დაზარალებულს მიაყენა 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
იმავე დღეს, გ.გ-მა, “მურმანთან” ერთად, განმეორებით შეაღწია ბოლნისის რაიონის სოფ. ..ში მცხოვრებ ზ. გ-ს საცხოვრებელ სახლში, ფარულად გაიტაცა 360 ლარად ღირებული ვიდეომაგნიტოფონი “სამსუნგი”, 240 ლარად ღირებული ვიდეომაგნიტოფონის ბლოკი და პულტი, 6-ლარიანი ზარდახშა, რომელშიც ეწყო 820 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები. აღნიშნული ქმედებით გ.გ-მა დაზარალებულს მიაყენა 1.426 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ბინიდან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვიდეომაგნიტოფონი “სამსუნგი” შემდგომში მიჰყიდა მოქალაქე ნ. გ-ს, რაც ამოღებულ იქნა და დაუბრუნდა ნივთის კანონიერ მფლობელს, ე.ი. გ.გ-მა ნ.გ-ს მიაყენა 100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2001წ. 22 აპრილს გ.გ-მა, “მურმანთან” ერთად, განმეორებით შეაღწია ბოლნისის რაიონის სოფ. ….ში მცხოვრებ ს. ხ-ს სახლში და იქიდან ფარულად გაიტაცა 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და 10 ლარი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 470 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2001წ. 24 აპრილს, დილის საათებში, გ.გ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა მოქალაქე ი. ს-ს. მათ გადაწყვიტეს, გაექურდათ ბოლნისის რაიონის სოფ. …ში მცხოვრებ ხ. ნ-ს საცხოვრებელი სახლი. ისინი, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ფარულად შევიდნენ აღნიშნულ სახლში და იქიდან ფარულად გაიტაცეს 990 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 20 ლარად ღირებული 1 ცალი ვერცხლის სამაჯური, 240 ლარად ღირებული მამაკაცის ტყავის ქურთუკი, 200 ლარად ღირებული მანქანის მაგნიტოფონი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 1.450 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
იმავე მიზნით, 2001წ. 24 აპრილს, გ.გ-მა და ი.ს-მა ბოლნისის რაიონის სოფ. ......ში შეაღწიეს მოქალაქე მ. ი-ს საცხოვრებელ სახლში, ფარულად გაიტაცეს 200 ლარად ღირებული მტვერსასრუტი “ტოკიო”, 150 ლარად ღირებული მაგნიტოფონი “ტოპსოკინი” და 130 ლარად ღირებული სატელიტური ანტენის ბლოკი “ჰორიზონტი”, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 480 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
იმავე დღეს, გ.გ-მა და ი.ს-მა ბოლნისის რაიონის სოფ. ....ში ყოფნის დროს შეაღწიეს გ. გ-ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად გაიტაცეს 100 ლარად ღირებული “დეუს” ფირმის მაგნიტოფონი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ბოლნისის რაიონის სასამართლოს განაჩენი გ. გ-ს მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურას.
განსასჯელ გ.გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ.დ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას საქმის დამატებით განმოძიებაში დაბრუნების შესახებ, რადგანაც არ არსებობს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი. ადვოკატი ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებასYდეზერტირობის ნაწილში იმ მოტივით, რომ გ.გ. არასრულწლოვანი იქნა გაწვეული ჯარში და ის არ არის სსკ-ს 389-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის სუბიექტი; ბრალდების ამორიცხვას ქურდობის ხუთ ეპიზოდში, კერძოდ, დაზარალებულების: გ-ს, ნ-ს, გ-ს, ხ-სა და ი-ს ეპიზოდებში, იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრული და გაერთიანებული არ არის; ხოლო დანარჩენ სამ ეპიზოდში იმის გათვალისწინებით, რომ გ.გ. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაავადებულია ტუბერკულოზით, ჰყავს ინვალიდი და უმუშევარი მშობლები, ითხოვს მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებული გ.გ. დაეთანხმა თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას და ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
პროკურორმა ო.ბ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას დეზერტირობის ნაწილში გ.გ-ის გამართლების თაობაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში ითხოვა საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასაწარი გამოძიების პროცესში გ.გ-ს დაბადების თარიღად მიჩნეულ იქნა 1982წ. 20 თებერვალი, ხოლო რაიონული სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ გ.გ. დაბადებულია 1983წ. 20 თებერვალს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დმანისის სამხედრო კომისარიატიდან და დმანისის ¹1 საშუალო სკოლიდან წარდგენილი მასალების (პირადი საქმეების) თანახმად, გ.გ. დაბადებულია 1983წ. 20 თებერვალს. გარდა ამისა, საქმეში, ასევე, მოთავსებულია გ.გ-ს დაბადების მოწმობის ასლი, რომლის მიხედვითაც იგი დაბადებულია 1983წ. 20 თებერვალს. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი გ.გ-ს დაბადების თარიღი, რის გარკვევასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის განჩინების მითითებებს, რომ გ.გ-ს დაბადების ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით მოძიებულ უნდა იქნეს გ.გ-ს დაბადების მოწმობის დედანი, უნდა დაიკითხონ დმანისის რაიონის კომისარიატის შესაბამისი თანამშრომლები, თუ რის საფუძველზე და რა ვითარებაში მოხდა გ.გ-ს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, ხომ არ იყო სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს გ.გ-ი არასრულწლოვანი და თუ დადასტურდება, რომ გ.გ. დანაშაულთა ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი, დამატებითი გამოძიება უნდა წარიმართოს არასრულწლოვანთა სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად. დამატებითი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს გ.გ-ის სსკ-ს 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალდების საკითხიც.
ამასთან, საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ბოლნისის რაიონის დაბა თამარისის შს ქვეგანყოფილების უფროსის მიერ. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ საქმე წარმოებაში მიიღო ქვეგანყოფილების უფროსმა გ.მ-მა, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები კი (მოწმეების: ს.ი-სა და რ.ა-ს დაკითხვა, გ.გ-სა და მ.ი-ს დაზარალებულად ცნობა და დაკითხვა და ა.შ.) ნაწარმოებია მომკვლევის, სს სამძებროს ოპერ-რწმუნებულ ბ.ბ-ს მიერ, რაც წარმოადგენს სსსკ-ის 67-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევას. მოცემული საქმე წარმოებაში მიღებული ჰქონდა რა გ.მეშველიანს, ბ.ბ. არ იყო უფლებამოსილი, ეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გ.გ-სა და მ.ი-ს დაზარალებულად ცნობა, რაც, ასევე, უნდა გამოსწორდეს დამატებითი გამოძიების მიერ.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ წინასწარი გამოძიების მიერ დაშვებული დარღვევები წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევებს, რომელთა გამოსწორება და შევსება საქმის სასამართლო განხილვისას შეუძლებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება გ.გ-ის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება გ. გ-ს მიმართ საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურისთვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.