საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 112-კოლ 26 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ა. ი-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ. რ-სა და ზ. -ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 9 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ა. ი. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით, 135-ე მუხლით (1992წ. 3 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი), 212-ე მუხლით (1960წ. სსკ) და მოქმედი სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “ი”, “ე” და “ვ” ქვეპუნქტებით, ერთობლივად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნა 2001წ. 30 აპრილიდან 2001წ. 28 მაისამდე. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2001წ. 13 ივნისიდან.
ა. ი. გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, 235-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით და 97-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (საქართველოს 1998წ. 18 სექტემბრის კანონი) წარმდგენილ ბრალდებაში.
ა. ი-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-5 ქვეპუნქტით და 1331-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. მისი ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 360-ე მუხლზე.
პალატამ ასევე განიხილა ა. ი-ს კერძო საკასაციო საჩივარი წინასწარი გამოძიების დროს სასამართლოს მიერ მიღებულ ბრძანებებსა და დადგენილებებზე, ასევე _ საქმის სასამართლო განხილვისას მიღებულ განჩინებებზე (სულ _ 12 გადაწყვეტილება).
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენის მიხედვით ა. ი-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
ა. ი-ს, თავისი ოჯახით მცხოვრებს ქ. თბილისში, ... სახლის 39-ე ბინაში, პირად საკუთრებაში ჰქონდა ოთხოთახიანი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... ¹332-ში და აპირებდა მის გაყიდვას, რაც ცნობილი იყო ა. ი-ს მეგობარ, გ. თ-სათვის. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მეგობრობდა კ. ჭკ-თან. მისთვის ცნობილი იყო, რომ კ. ჭკ-ს ხე-ტყის ბიზნესით საქმიანობისათვის ესაჭიროებოდა გარკვეული სახსრები, რაც არ გააჩნდა, რის გამოც 1999წ. ზაფხულში გ. თ-მა ა. ი-ს გააცნო კ. ჭ.. კ. ჭ-მა გ. თ-საგან შეიტყო, რომ ა. იოსელიანი ყიდდა რა ბინას, შესაძლო იყო დაეთმო იგი მათთვის. გ. თ. და კ. ჭ. შეუთანხმდნენ ა. ი-ს ... მდებარე მისი ბინის გაყიდვასა და ამ გზით მიღებული თანხის მოხმარებაზე ხე-ტყის ბიზნესისათვის. ა. ი-ს, რომელმაც უარი განაცხადა ჭ-თან და თ-თან ერთად ხე-ტყის ბიზნესში საქმიანობაზე, ბინის გაყიდვის შემდეგ უნდა მიეღო 7 ათასი აშშ დოლარი. ამასთან, მოლაპარაკებით, ბინის გაყიდვისთანავე გ. თ-სა და კ. ჭ-ს ა. ი-სათვის ათასი აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ ერთ თვეში, ხოლო დანარჩენი თანხის _ 6 ათასი აშშ დოლარის გადახდის კონკრეტული ვადა არ დათქმულა.
კ. ჭ-მა და გ. თ-მა ა. ი-ს კუთვნილი, ზემოთ ხსენებული ბინა 1999წ. 24 აგვისტოს 4500 აშშ დოლარად მიჰყიდეს მოქალაქე რ. გ-ს, თანხა მათ დააბანდეს ხე-ტყის ბიზნესში, მაგრამ საქმემ არ გაუმართლათ, რის გამოც ა. ი-თან დადებული სიტყვიერი შეთანხმების შესრულება ვერ შეძლეს.
1999წ. სექტემბერ-ნოემბერში კ. ჭ-მა ა. ი-ს ვალის ანგარიშში გადაუხადა 2 ათასი აშშ დოლარი, ხოლო გ. თ-მა რაიმე თანხის გადახდა ვერ შეძლო.
ა. ი. დაჟინებით მოითხოვდა სესხის სასწრაფოდ დაფარვას ან ბინის დაბრუნებას.
განაჩენის მიხედვით, 1999წ. 21 დეკემბერს, ა. ი-მა, გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად “ფორდ სიერა” მარკის ავტომანქანით ა. წერეთლის გამზირის ¹11 კორპუსთან მიაკითხა კ. ჭ-ს, რომელიც “ოპელ-ომეგას” მარკის საკუთარი ავტომანქანით არასრულწლოვან შვილებს უცდიდა სკოლაში წასაყვანად. ა. ი. ბავშვების ბინიდან გამოსვლამდე და მანქანაში ჩასხდომამდე თანხლებ პირებთან ერთად მივიდა მანქანასთან, ჩაჯდა კ. ჭ-ს ავტომანქანის უკანა სავაძელზე და უბრძანა ვაკეში, ა. ი-ს სახლში წასულიყო. ამის შემდეგ კ. ჭკ-ს დედამ ბავშვები ბინიდან ჩამოიყვანა. კ. ჭ-მა ისინი სკოლაში დატოვა და ა. ი-ს ბრძანებით, იარაღის მუქარით დათრგუნული, იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ა. ი-ს ნებას და გაჰყოლოდა მას. ა. ი-მა მძევლად ხელში ჩაგდებული კ. ჭ. მიიყვანა ... ¹2/2 კორპუსში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში და დააკავა იგი. მეორე დღეს 22 დეკემბერს, კ. ჭ-ს მამის, ჯ. ჭ-ს ჩარევის შემდგომ ა. ი-მა მძევალი გაათავისუფლა.
ა. ი-მა განიზრახა კვლავ კ. ჭ-ს მძევლად ხელში ჩაგდება, რათა ამ გზით იძულებული გაეხადა ოჯახის წევრები, გადაეხადათ ვალის დარჩენილი ნაწილი.
2000წ. 13 აპრილს, 13-14 საათზე, იმ დროს, როცა კ.ჭ. გამოვიდა სამსახურიდან, საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის შენობიდან და ჩაჯდა საკუთარ ავტომანქანაში, მას ჩაუჯდა ა. ი., რომელსაც თან ჰქონდა რა ცეცხლსასროლი იარაღი, მოკვლის მუქარით მძევლად ხელში ჩაიგდო კ. ჭ. და მიიყვანა იგი ... ¹2/2 კორპუსში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში და დააკავა.
იოსელიანმა დააწერინა ხელწერილი, თითქოსდა კ. ჭ-ს მისი ცხრა ათასი დოლარი ვალი ჰქონდა.
ამავე დროს კ. ჭ-ს ა. ი. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლვის მუქარით ტელეფონით სახლში დარეკვას აიძულებდა, რათა მისი ოჯახის წევრებს ვალის დარჩენილი ნაწილი გადაეხადათ. ა. ი-მა კ. ჭ-ს მუქარით წაართვა 280 ლარი, 40 ლარის ღირებულების 40 ლიტრი ბენზინის ტალონი, 150 ლარად ღირებული მობილური ტელეფონის აპარატი “ფილიპსი”. მანვე კ. ჭ-ს გასტაცა პასპორტი და სხვა პირადი არაქონებრივი ხასიათის დოკუმენტები: პირადობის მოწმობა, ავტომანქანის მართვის მოწმობა და ტექნიკური პასპორტი. აღნიშნულის შემდეგ ა. ი-მა კ. ჭ. იძულებით წაიყვანა ბაზალეთის ქ. ¹1 მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც მის კუთვნილ 2500 დოლარად ღირებულ ავტომანქანაზე თავის სახელზე გააცემინა გენერალური მინდობილობა. იმ პირობით, რომ ვალის გასტუმრების შემდეგ უკან დაუბრუნდება, დაეუფლა კ. ჭ-ს ავტომანქანას და მძევალი გაათავისუფლა იმ პირობით, რომ იგი გ. თ-თან ერთად დროულად გადაუხდიდა ვალის დარჩენილ ნაწილს.
2000წ. მაისში მხარეთა მორიგება სცადეს ა. ი-ს ქვისლმა გ. ო-მა და კ. ჭ-ს ცოლის ძმამ ხ. ფ-მა. მათი ჩარევით კ. ჭკ.და გ. თ. შეთანხმდნენ, რომ ისინი აგვისტოს ბოლოსათვის გადაუხდინენ ა. ი-ნს 5000 აშშ დოლარს (თითოეული _ 2500 აშშ დოლარს), რითაც ვალი მთლიანად გასტუმრებული იქნებოდა, რის შემდეგაც ა. ი-ს კ. ჭ-სათვის უნდა დაებრუნებინა ავტომანქანა.
ვინაიდან გ. თ-მა და კ. ჭ-მა ხსენებული ოდენობის თანხის ა. ი-სათვის გადაცემა ვერ შეძლეს, ამ უკანასკნელმა კვლავ განიზრახა მძევლად ხელში ჩაეგდო კ. ჭ. და ამ გზით მისი ახლობლისაგან გამოეძალა თანხა. 2000წ. 12 ოქტომბერს მან თავისი ძმისშვილის, მ. ი-საგან, წინასწარი შეპირების გარეშე ითხოვა ავტომანქანა “ნივა” და მეგობრებთან: ს. ნ-სთან, რ. ბ-სთან და გამოძიებით დაუდგენელ “ვანოსთან” ერთად აღნიშნული “ნივით” მივიდა კ. ჭ-ს საცხოვრებელ სახლთან. ამ დროს კ. ჭ-ს “ვაზ-2109” მარკის ავტომანქანით სახლთან უცდიდა მეგობარი ი. დ.. იმ დროს, როცა კ. ჭ. ი. დ-ს უჯდებოდა ავტომანქანაში, მას სასაუბროდ უხმო ა. ი-მა და მოსთხოვა ვალის დარჩენილი ნაწილის გადახდა. ისინი ი. დ-სთან ერთად ამ უკანასკნელის ავტომანქანით მივიდნენ ორთაჭალაში რესტორან “ხეივანში”, რათა ენახათ ამ რესტორანში მიმტანად მომუშავე ა. ი-ბინის მყიდველი რ. გ.. მათ ამავე “ნივით” გაჰყვნენ ა.ი-ს თანმხლები პირებიც. რ. გ-თან საუბარში გაირკვა, რომ ამ უკანასკნელს ვარკეთილის დასახლებაში მდებარე ბინა უკვე მესამე პირზე ჰქონდა გასხვისებული. ამ ინფორმაციამ ა. ი. ძალიან ააღელვა. ა. ი-მა კ. ჭ-სა და ი. დ-ს უთხრა, რომ წაიყვანდა კ. ჭ-ს და თავისთან ეყოლებოდა, სანამ მისი ახლობლები მის სახლში ვალს არ მიიტანდნენ. კ. ჭ-მა თავდაპირველად უარი განაცხადა გაყოლაზე, მაგრამ იარაღის მუქარით ფსიქოლოგიურად დათრგუნულნი კ. ჭ. იძულებული გახდა, დამორჩილებოდა მის ნებას, რის შემდეგაც ა. ი.თავად მიუჯდა ავტომანქანა “ნივის” საჭეს და კ. ჭ-თან ერთად გაემგზავრა რუსთავის მიმართულებით, რის შემდეგაც იგი ჯერ თელავის მიმართულებით გაემართა, შემდეგ კი მძევალთან ერთად დაბრუნდა თბილისში.
საღამოს, დაახლოებით 20 საათზე, ა. ი-მა ჭ. მიიყვანა თავის ნაცნობ, დ. ქ-სთან სახლში, სადაც დილამდე დააკავა იგი.
მეორე დღეს, 13 ოქტომბერს, ა. ი-მა მობილური ტელეფონით სამსახურში, გლდანის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილებაში, დაარეკინა კ. ჭკ-ს ცოლის ძმასთან, ხ. ფ-თან, რათა ამ უკანასკნელისათვის შეეტყობინებინა, რომ იმყოფებოდა ა.ი-თან და იგი მანამ არ გაათავისუფლებდა, ვიდრე ა. ი-ს ბინაში ფულს არ მიიტანდნენ.
იმავე დღეს ა. ი-მა კ. ჭ. ხსენებული “ნივით” წაიყვანა თავის ნათესავთან მცხეთის რაიონის სოფ. დიღომში, ... ქუჩაზე ე. ი-თან.
ა. ი., რომელსაც ამ ხნის განმავლობაში თან ჰქონდა იარაღი, რაც კარგად იცოდა კ. ჭ-მა, ემუქრებოდა ამ უკანასკნელს, რომ თუ გაქცევას შეეცდებოდა, მოკლავდა, ხოლო თუ ასეთს მოახერხებდა, დახოცავდა მისი ოჯახის წევრებს.
16 ოქტომბერს ა.ი-მა მობილური ტელეფონით კ. ჭ-ს დაარეკინა ი. დ-სთან მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც ა. ი-ს კარნახით კ. ჭ-მა ი. დ-ს შეატყობინა, რომ თუ მის ოჯახს მისი პანაშვიდის გადახდა არ სურდა, სასწრაფოდ მიეტანათ ა. ი-ს სახლში თოთხმეტი ათასი აშშ დოლარი.
18 ოქტომბერს, მძევლად ხელში ჩაგდებული დაუძლურებული კ. ჭ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა. ი-მა ავტობუსით წაიყვანა ხაშურის რაიონში გომი-ჭიათურის გზატკეცილის მე-14 კმ-ზე მდებარე კაფე “რუსთავში”, თავის მეგობარ ო. გ-სთან.
19 ოქტომბერს, საღამოს, ა. ი-მა მძევალი დააბრუნა კაფე “რუსთავში”, შეიყვანა ო. გ-ს მიერ მათთვის გამოყოფილ ოთახში და კარი ჩაკეტა. ამავე დროს მივიდნენ პროკურატურის თანამშრომლები რომლებმაც კ. ჭ. წამოიყვანეს თბილისში, ხოლო ა. ი-მა კი მოახერხა მიმალვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით ადვოკატები _ ზ. რ. და ხ. კ. ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და ა. ი-ს მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. მიუთითებენ, რომ ა. ი-ს არ ჩაუდენია კანონსაწინააღმდეგო ქმედება, იგი მხოლოდ ითხოვდა მის კუთვნილ თანხას, კ. ჭ-ს მძევლად ხელში ჩაგდებას ადგილი არ ჰქონია, განაჩენი დამყარებულია მხოლოდ ე.წ. დაზარალებულ კ. ჭ-ს ჩვენებებზე, რაც საქმის სხვა მასალებით არ დასტურდება.
მსჯავრდებულ ა. ი. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, მიუთითებს, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, იგი უკანონოდაა დაპატიმრებული და პასუხისგებაში მიცემული.
მსჯავრდებულ ა. ი-ს კერძო საკასაციო საჩივრით უკანონოდ მიაჩნია და ითხოვს, გაუქმდეს შემდეგი ბრძანებები, დადგენილებები და განჩინებები: კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. სონღულაშვილის 2000წ. 13 ნოემბრის ბრძანება ა. ი-ს დაპატიმრების შესახებ, 2001წ. 2 მაისის ბრძანება დაპატიმრების დადასტურების შესახებ (მოსამართლე მ. სონღულაშვილი), თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ო. ჯორბენაძის 2001წ. 11 მაისის დადგენილება. თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე კ. ბზიშვილის 2001წ. 4 ივნისის დადგენილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001წ. 12 დეკემბრის განჩინება. იმავე კოლეგიის 2002წ. 6 მარტის, 27 მარტის, 16 მაისის, 22 მაისის, 12 ივნისის, 26 ივნისი, 26 სექტემბრის და 30 სექტემბრის განჩინებები.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ა. ი-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: მ. ა-მა და მ. ჭ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, აღნიშნეს, რომ საქმის მასალებით არაა დადასტურებული მსჯავრდებულ ა. ი-ს მიერ დაზარალებულ კ. ჭ-ს მძევლად ხელში ჩაგდების არცერთი ფაქტი, ა. ი. ითხოვდა მხოლოდ მისი კუთვნილი თანხის დაბრუნებას და მას სხვა არავითარი განზრახვა არ ჰქონია. ასევე მიუთითეს, რომ მძევლად აყვანის ბრალდების სამივე ეპიზოდი დამყარებულია მხოლოდ დაზარალებულ კ. ჭ-ს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე, რაც საქმის სხვა მასალებით არ დასტურდება. ადვოკატებმა იშუამდგომლეს ა. იოსელიანის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.
მსჯავრდებულმა ა. ი-მა ასევე ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიება მის მიმართ წარმოებდა მოქმედი საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, იგი უკანონოდ იქნა დაპატიმრებული და პასუხისგებაში მიცემული. მან აღნიშნა, რომ უნდოდა მხოლოდ თავისი კუთვნილი თანხის დაბრუნება, მის მიმართ უკანონოდ იქნა წარდგენილი მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდება და უკანონოდ იქნა ამ ბრალდებით მსჯავრდებული. მსჯავრდებულმა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლა მათი დაკმაყოფილების შესახებ.
დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა გ. გ-მ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი და სასამართლო გამოძიება წარმოებულ იქნა საპროცესო ნორმების მოხოვნათა სრული დაცვით, უტყუარად იქნა დადგენილი მსჯავრდებულ ა. ი-ს მიერ კ. ჭ-ს სამჯერ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტი, რასაც სასამართლო კოლეგიის მიერ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ადვოკატებმა გ. გ-მ კანონიერად მიიჩნია ა. ი-ს მიმართ დადგენილი განაჩენი კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. მანვე წერილობით წარმოადგინა თავისი მოსაზრება.
დაზარალებულმა კ. ჭ-მა კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ ა. ი-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ა. ი-ს მიერ ჩადენილ ქმედებას სასამართლო კოლეგიის მიერ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელიც შეფარდებული აქვს ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით. პროკურორმა ე. ქ-მ იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ. პროკურორ ე. ქ-ს მოთხოვნას დაეთანხმა ასევე პალატის სხდომაში მონაწილე მეორე პროკურორი ა. ს., რომელმაც იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებისა და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ი-ს მიმართ დადგენილ განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ა. იოსელიანმა სამჯერ ჩაიგდო კ. ჭ. მძევლად. აქედან, პირველ შემთხვევაში, 1999წ. 21 დეკემბერს, კ. ჭ. მძევლად ჩაგდების შემდეგ მიიყვანა თავის სახლში და გაათავისუფლა მხოლოდ მეორე დღეს კ. ჭ-ს მამის, ჯ. ჭ-ს, ჩარევის შემდეგ. მეორედ 2000წ. 13 აპრილს, ა. ი-მა დაახლოებით 13-14 საათზე, კიდევ მძევლად ხელში ჩაიგდო კ. ჭ., რომელიც წაიყვანა სანოტარო ბიუროში, გააცემინა გენერალური მინდობილობა 2500 აშშ დოლარად ღირებულ ავტომანქანა “ოპელ-ომეგაზე” და კ. ჭ. გაათავისუფლა იმ პირობით, რომ გ. თ-თან ერთად დროულად გადაუხდიდნენ დარჩენილ თანხას.
პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ბრალდების ორი ეპიზოდისათვის სასამართლო კოლეგიას არასწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულ კ. ჭ-ს მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტი. კერძოდ, კანონის თანახმად, მძევლად ხელში ჩაგდების შემთხვევაში დამნაშავის მხრიდან ადგილი აქვს მძევლის თავისუფლების უკანონო აღკვეთას იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება.
როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი პირობაა, მძევალს თავისუფლება უკანონოდ ჰქონდეს აღკვეთილი, ე.ი. მას არ ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილად არის მიჩნეული, რომ 1999წ. 21 დეკემბრის თვითონ მსჯავრდებული ა. ი. ჩაუჯდა კ. ჭ-ს ავტომანქანაში, შემდგომ კ. ჭ-ს დედამ ბავშვები ბინიდან გამოიყვანა და ისინი თავისივე ავტომანქანით კ. ჭ-მა მიიყვანა სკოლაში, ხოლო შემდეგ დამორჩილდა ა. ი-ს ნებას და გაჰყვა მას, რომელმაც კ. ჭ. მიიყვანა თავის საცხოვრებელ ბინაში, ... სადაც იმყოფებოდა 22 დეკემბრამდე. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა. ი-ს თავის სახლში დაკავებული ჰყავდა კ. ჭ., მაგრამ აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. კერძოდ, დადგენილია, რომ სახლში ა. ი-ს გარდა იმყოფებოდა მისი მეუღლე სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად. სახლში იყო ასევე ა. ი-ს მოხუცი ავადმყოფი დედა. გარდა აღნიშნული პირებისა, მასთან სახლში მივიდნენ და იმყოფებოდნენ გ. თ., კ. კ., ბ. ს. და ი. ა.. აღნიშნულ პირთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ა. ი. კ. ჭ-საგან ითხოვდა მხოლოდ ვალის დაბრუნებას, რაიმე თავისუფლების აღკვეთას, სახლში ძალით დატოვებას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე კ. კ-მ განმარტა, რომ მას ა. ი-ს მეუღლემ სთხოვა მათთან სახლში მისულიყო. მას, როგორც სასულიერო პირს, სთხოვეს, რომ დაეწყნარებინა ა. ი., რადგან იგი განერვიულებული იყო იმის გამო, რომ მისი ვალი ჰქონდათ და არ უბრუნებდნენ.
კ. კ-მ თან წაიყვანა თავისი მოწაფე ბ. ს.. ამ უკანასკნელის განმარტებით, ა-ნ სახლში იყვნენ გ. თ. და კ. .. ა. გ-ს ეუბნებოდა: _ “შენ ხარ ჩემი და ჩემი ოჯახის მეგობარი, შენ გამაცანი კ. და მე ნდობით გადმოგეცით ფული, თქვენ კი ვალს არ მიბრუნებთ, ბავშვები მშივრები მყავს, ავადმყოფ დედისათვის წამალსაც კი ვერ ვყიდულობ”. კ. და გ. კი ჰპირდებოდნენ, ფულს მალე დაუბრუნებთო. ანალოგიური ჩვენებას იძლევა კ. კ-ც. იგი იმ ღამეს ა. ი-ს დედის თხოვნით დარჩა მათთან, თუმცა მისი იქ ყოფნა არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, რადგან არავითარი დაძაბულობა აღარ იყო.
მითითებულ მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ კ. ჭ-ს თავისუფლება არ ჰქონია აღკვეთილი, ხოლო ის გარემოება, რომ ა. ი-მა თავისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა კ. ჭ. თავის სახლში ვალის გადახდის საკითხის გასარკვევად და მუქარით სთხოვდა ვალის დაბრუნებას, უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლით (იძულება), რომლის თანახმად, იძულება ნიშნავს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგანაც თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს.
ამდენად, ა. ი-ს მიერ ამ ეპიზოდში ჩადენილი ქმედება სსკ-ს 144-ე მუხლის მეორე ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 150-ე მუხლზე და ამის მიხედვით განესაზღვროს სასჯელი.
ანალოგიური მდგომარეობაა ა. ი-ს ბრალდების მეორე ეპიზოდთან დაკავშირებითაც. დადგენილია ის გარემოება, რომ 2000წ. 13 აპრილს, დღის დაახლოებით 13-14 საათზე, ვალთან დაკავშირებით, კ. ჭ. ა. ი-მა ჯერ მიიყვანა თავის სახლში, შემდეგ იმავე დღეს მივიდნენ მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც ა. ი-მა თავის სახელზე გააცემინა მინდობილობა 2500 აშშ დოლარად ღირებულ მის კუთვნილ ავტომანქანაზე იმ პირობით, რომ ვალის გასტუმრების შემდეგ უკან დაუბრუნებდა ავტომანქანას. შეთანხმდნენ, რომ ვალის დარჩენილ ნაწილს კ. ჭ. გ. თ-თან ერთად ერთდროულად გადაუხდიდა. ამდენად, უტყუარადაა დადგენილი, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. ი-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ იძულებას და კ. ჭ-ს არ ჰქონია მოსპობილი თავისუფალი გადაადგილების უფლება.
ა. ი-ს ქმედების ეს ეპიზოდიც უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე მუხლით, რადგან, როგორც აღნიშნა, არავითარ მძევლად ხელში ჩაგდებას ადგილი არ ჰქონია.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ზემოთ მითითებულ ეპიზოდებთან დაკავშირებით არც დაზარალებულ კ. ჭ-ს და არც მისი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ სამართალდამცავი ორგანოებისათვის, მითუმეტეს, ოჯახის წევრებისათვის ცნობილი იყო კ. ჭ-ს ადგილსამყოფელიც და ა. ი-ს მოთხოვნის შინაარსიც.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ი-ს მიერ 2000წ. 12 ოქტომბერს დაზარალებულ კ. ჭ-ს მძევლად ხელში ჩაგდების ეპიზოდს, პალატა თვლის, რომ აღნიშნული ეპიზოდი უნდა დაკვალიფიცირდეს საქარვთელოს სსკ-ს 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “თ” ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით). პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა ა. ი-მა, მისი კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, ადრე ორჯერ განახორციელა დაზარალებულ კ. ჭ-ს მიმართ იძულება, მაგრამ თანხა ვერ დაიბრუნა. ამის შემდეგ მან უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება დაზარალებულს და ეს უკანასკნელი 2001წ. 12 ოქტომბრიდან იმავეწ. 19 ოქტომბრამდე, ძალადობის მუქარით, ჰყავდა სხვადასხვა ადგილას მიყვანილი. კ. ჭ. განთავისუფლებულ იქნა მხოლოდ პროკურატურის მუშაკების ჩარევის შედეგად.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს დაზარალებულ კ. ჭ-ს ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება და არ ყოფილა თავისუფლებააღკვეთილი. საჩივრის ასეთი მოსაზრება ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლო კოლეგიამ ამ ეპიზოდში სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ მისცა მას არასწორი სამართლებრივი შეფასება, რადგან მოცემულ შემთხვევაში უტყუარადაა დადგენილი, რომ ა. ი-მა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთა მხოლოდ იმიტომ, რომ დაებრუნებინა თავისი კუთვნილი თანხა, ასეთ ვითარებაში კი პირის მძევლად ხელში ჩაგდების დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. მსჯავრდებულ ა. ი-ს მიერ ჩადენილი ქმედება კი განხილული უნდა იქნეს როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რადგან თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოტივი და მიზანი იყო კუთვნილი თანხის (ვალის) დაბრუნების მოთხოვნა და არა _ სხვა სუბიექტური ქვენაგრძნობა, რაც მძევლის გათავისუფლების პირობად იქნებოდა მიჩნეული.
პალატა ასევე ვერ გაიზირებს მსჯავრდებულ ა. ი-ს კერძო საკასაციო საჩირვის მოთხოვნას, რადგან საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ არსებობს წინასწარი გამოძიების პროცესში და სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
პალატა მსჯავრდებულ ა. ი-ს მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ იგი პირველადაა სამართალში, ხასიათდება უაღრესად დადებითად, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, არის აფხაზეთში საომარი მოქმედებების მონაწილე, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, მის მიერ ჩადენილ ქმედებას არ მოჰყოლია რაიმე მძიმე შედეგი, პატირმობაში ყოფნის დროს გარდაეცვალა დედა. ასევე მხედველობაშია მისაღები ჩადენილი დანაშაულის მოტივი. მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 9 ოქტომბრის განაჩენში ა. ი-ს მიმართ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა. ი-ს ქმედება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “ი”, “ე” და “ვ” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 150-ე მუხლზე (1999წ. 21 დეკემბრის და 2000წ. 13 აპრილის ეპიზოდები), რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “თ” ქვეპუნქტზე (2000წ. 12 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე ეპიზოდი), რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სსკ-ს 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ი-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.