განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 17.01.2003
საქმის ნომერი
2კ-281დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.01.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 281-დად 17 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,ნ. გვენეტაძე

განიხილა ადვოკატების ს. უ-სა და მ. ძ-ს კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი საჩივრები ა. ა-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის 2002წ. 31 ივლისის დადგენილების გაუქმების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 9 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის არხანგელსკის ოლქის ქ. კოტლასის შინაგან საქმეთა განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ა. ა-ს მიმართ ნ. ა-ს განზრახ სხეულის დაზიანების ფაქტზე რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

1998წ. 6 იანვარს გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება ა. ა-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, მას კოტლასის რაიონის პროკურორის 1998წ. 6 იანვრის დადგენილებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება და გამოცხადდა ძებნა.

2002წ. 3 მაისს ინტერპოლის მიერ ძებნილი ა. ა. დააკავეს ფოთის ნავსადგურში და იმავე დღეს მოათავსეს ქ.თბილისის ¹5 საპყრობილეში.

2002წ. 7 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის პროკურატურას გაუგზავნა შეტყობინება ა. ა-ს დაპატიმრებისა და ექსტრადიციასთან დაკავშირებით მასალების გადმოგზავნის შესახებ, მაგრამ რუსეთის მხარეს ამ შეტყობინებაზე პასუხი არ გამოუგზავნია. 2002წ. 13 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ განმეორებით გაუგზავნა შეტყობინება რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილეს, რომელსაც შეახსენა იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორს 2002წ. 7 მაისის წერილით ეთხოვა ა. ა-ს ექსტრადიციის შესახებ მასალების გამოგზავნა, ისინი საქართველოს გენერალურ პროკურატურას არ მიუღია. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამ წერილით დაბეჯითებით ითხოვდა ა. ა-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებული მასალების გამოგზავნას.

რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ 2002წ. 21 ივნისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოგზავნა მასალები და შუამდგომლობა ა. ა-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის თაობაზე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განიხილა შუამდგომლობა, შემოსული მასალები და 2002წ. 31 ივლისს მიიღო დადგენილება ა. ა-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ.

ა. ა-მა საქართველოს პროკურატურის დადგენილება მისი ექსტრადიციის შესახებ მიიჩნია უკანონოდ და განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით ა. ა-ს განცხადება განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაუგზავნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 19 ნოემბერს განიხილა ა. ა-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ს. უ-სა და მ. ძ-ს საჩივარი საქართველოს გენერალური პროკურატურის 2002წ. 31 ივლისის დადგენილების გაუქმებისა და ა. ა-ს პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ. რაიონულმა სასამართლომ ეს საჩივრები არ დააკმაყოფილა.

წარმოდგენილი კერძო და დამატებითი საკასაციო საჩივრებით ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები ს. უ. და მ. ძ. ითხოვენ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის 2002წ. 31 ივლისის დადგენილებების გაუქმებას და ა. ა-ს პატიმრობიდან განთავისუფლებას შემდეგი მოტივებით: ა. ა. საქართველოში იმყოფება კანონიერად და აქვს ლტოლვილის სტატუსი. თავისი უფლებრივი მდგომარეობით იგი უთანაბრდება საქართველოს მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და საქართველოს სსსკ-ის 141-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისას იგი უნდა წარდგენოდა შესაბამის სასამართლოს, რომელიც შეამოწმებდა მისი დაკავების კანონიერებას, იმსჯელებდა, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა შეფარდებოდა და რამდენი ხნით, ან რა სახის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა შესახლებულიყო. მასალებში არ მოიპოვება რუსეთის ფედერაციის არხანგელსკის ოლქის ქ. კოტლასის პროკურატურის 1998წ. 6 იანვარს გაცემული სანქციის გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მოსამართლის ბრძანება. ამდენად, ადვოკატის აზრით, ა. ა. იმყოფება უკანონო პატიმრობაში და იგი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატებმა: ს. უ-მ, მ. გ-მა, თ. გ-მ მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება და ა. ა-ს პატიმრობიდან განთავისუფლება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ლ. დ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2002წ. 31 ივლისის დადგენილება ა. ა-ს ექსტრადაციის შესახებ, ასევე კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის დადგენილება საქართველოს გენერალური პროკურატურის 2002წ. 31 ივლისის დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მათი უცვლელად დატოვება.

პროკურორმა გ. დ-მ აღნიშნა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კანონით დადგენილ ვადებში გამოიტანა დადგენილება ა. ა-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ და მაშინვე აცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, უზრუნველეყოთ ა. ა-ს ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში. მისი აზრით, ა. ა-ს დაპატიმრება მოხდა კანონიერად არხანგელსკის ოლქის კოტლასის რაიონის პროკურორის სანქციის საფუძველზე. ვინაიდან 2002წ. 3 აგვისტოს უკვე იწურებოდა ა. ა-ს პატიმრობის სამთვიანი ვადა, სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უნდა მომხდარიყო ამ ვადის გაგრძელება, მაგრამ პროკურორის აზრით, აღნიშნულზე უნდა ეზრუნა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. პროკურორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად საქართველოს გენერალური პროკურატურის მონდომებისა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ა. ა-ს პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე არავითარი დოკუმენტი არ შემოსულა. პროკურორის თქმით, ასევე უშედეგო იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მცდელობა პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ რუსეთის ფედერაციიდან შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. პროკურორმა იმის დასადასტურებლად, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ რუსეთის ფედერაციის არხანგელსკის ოლქის პროკურატურას 5-ჯერ მოსთხოვა საპატიმრო ვადის გაგრძელების დადგენილების გამოგზავნა, პალატას წარმოუდგინა სასჯელაღსრულების ¹5 საპყრობილის დირექტორის წერილი. პროკურორმა დაადასტურა, რომ ვინაიდან რუსეთის მხარეს დღემდე არ წარმოუდგენია სასამართლოს ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ, 2002წ. 3 აგვისტოდან ა. ა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაწესებულებაში იმყოფება უკანონო პატიმრობაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ უნდა გაუქმდეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის დადგენილება ა. ა-ს მიმართ რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის 2002წ. 31 ივლისის დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე უნდა გაუქმდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის 2002წ. 31 ივლისის დადგენილება ა. ა-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ, შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის დებულებიდან გამომდინარე, “საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.”

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა. ა. დაპატიმრების მომენტში ითვლებოდა საქართველოში დროებით მცხოვრებ პირად და, ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის შესაბამისად, იგი თავისი უფლებრივი მდგომარეობით უთანაბრდებოდა საქართველოს მოქალაქეებს.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ ა. ა-ს მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სსსკ-ს 160-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც გულისხმობს იმას, რომ, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში პირის მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ასეთ შემთხვევაში პირის დაპატიმრების შემდეგ, არა უგვიანეს 48 საათისა, იგი უნდა წარედგინოს მოსამართლეს, რომელიც ადგენს მის პიროვნებას და მსჯელობს შერჩეული აღკვეთის ღონისძიების კანონიერების შესახებ. Mმართალია, სსსკ-ს 160-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ არ მიუთითებს, რომ ეს წესი ვრცელდება ექსტრადიციასთან დაკავშირებულ საკითხზე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ადგილი აქვს პირის თავისუფლების აღკვეთას საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი პირდაპირ უნდა იქნეს გამოყენებული. Aამ მუხლის მიხედვით, აკრძალულია თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. Aა. ა-ს მიმართ ქ. ფოთის ნავსადგურში თავისუფლების აღკვეთის შემდეგ საქართველოს მოსამართლეს არ მიუღია არავითარი გადაწყვეტილება დაპატიმრების კანონიერების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს. შესაბამისად, ა. ა-ს მიმართ, მისი დაკავების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს, სსსკ-ს მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ანალოგიის პრინციპით უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ს 160-ე მუხლით დადგენილი წესით, რასაც არ ჰქონია ადგილი.

ა. ა-ს მიმართ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომელიც აწესებს, რომ: “გადაცემის მოთხოვნის საფუძველზე დაპატიმრებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება პატიმრობაში იყოს არა უმეტეს სამი თვისა, თუ არ იქნება შემოსული სასამართლოს ორდერი (ბრძანება) ამ ვადის გაგრძელების თაობაზე”.

ა. ა. დააპატიმრეს 2002წ. 3 მაისს. იმავე წლის 31 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო დადგენილება რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ა. ა-ს ექსტრადიციის შესახებ.

საქმის მასალებიდან, სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებიდან და მის მიერ საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილი წერილიდან ირკვევა, რომ პროკურატურა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹5 საპყრობილის ადმინისტრაცია არაერთხელ ატყობინებდნენ არხანგელსკის ოლქის პროკურორს ა. ა-ს მიმართ ქ. კოტლასის პროკურორის მიერ 1998წ. 6 იანვარს გაცემული დაპატიმრების სანქციით დაწესებული პატიმრობის ვადის გაგრძელების ბრძანების (ორდერის) გადმოგზავნის შესახებ, თუმცა იგი არ მიუღიათ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან სსსკ-ს 259-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ ყოფილა გაგრძელებული ა.ა-ის პატიმრობაში ყოფნის 3 თვიანი ვადა, რაც იწურებოდა 2002წ. 3 აგვისტოს, ამ დროიდან ა. ა. აშკარად იმყოფება უკანონო პატიმრობაში, რაც ასევე არ უარყო საკასაციო პალატის სხდომაზე მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა.

ამასთან ერთად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის 2002წ. 31 ივლისის დადგენილება ა. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ არ არის დასაბუთებელი და არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 256-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს: დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული არ არის, რატომ მიიჩნია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დასაბუთებულად და კანონიერად ა. ა-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია. Dდადგენილებაში აღნიშნული არ არის ა. ა-ს ექსტრადიციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. ა. ა-ს ექსტრადიციის საფუძვლად საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიჩნეულია მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი ნამდვილად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით, სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 242-ე მუხლით, მე-7 მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის დადგენილება ა. ა-ის მიმართ რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის 2002წ. 31 ივლისის დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ; ასევე გაუქმდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის 2002წ. 31 ივლისის დადგენილება ა. ა-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ.

ა. ა. ექსტრადიციის საქმესთან დაკავშირებით გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.