საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 115-კოლ 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა დაზარალებულ ნ. ბ- საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 15 ივლისის განაჩენზე რ. ბ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 15 ივლისის განაჩენით რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 15 წლით; 388-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 2 წლით; 392-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით; 393-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ.ბერიძეს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით რ.ბ-ს მსჯავრი დაედო შემდეგ დანაშაულთა ჩადენაში: 2001წ. მაისში რ. ბ. გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ჯარებში რიგით ჯარისკაცად სასაზღვრო რაზმ “ბათუმის” სოფ. კირნათის სასაზღვრო საგუშაგოზე, სადაც სავალდებულო სამსახურს გადიოდა აგრეთვე აწ გარდაცვლილი ჯარისკაცი გ. ბ..
2002წ. 11 მარტს, დილის 7 საათზე, საგუშაგოს მორიგე რ. ბ-მ, სამხედრო წესდების შესაბამისად, გააღვიძა საბრძოლო განაწესში გასაგზავნი 5 ჯარისკაცი, მათ შორის, რ. ბ. და აწ გარდაცვლილი გ. ბ., რომლებსაც საბრძოლო დავალება უნდა შეესრულებინათ სოფ. კირნათში, თურქეთის საზღვართან, მდინარე ჭოროხის სანაპიროზე განლაგებულ სათვალთვალო კოშკ “ჩაიკაზე”. საუზმის შემდეგ, დადგენილი წესისამებრ, ხელწერილის ქვეშ მორიგე რ.ბ-მ ჯარისკაცებს გადასცა იარაღი, კერძოდ, ორივე მათგანს გადაეცა “აკ-74” მოდელის 5,45 მმ კალიბრის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2-2 ცალი მჭიდითა და 50-50 ცალი საბრძოლო ვაზნით. გ. ბ-მ მიიღო ავტომატური იარაღი ¹.., ხოლო რ. ბ-მ _ ავტომატური იარაღი ¹..... იარაღის მიღების შემდეგ ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი იარაღის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ, რის შემდეგაც საგუშაგოს პასუხისმგებელმა მორიგემ, ზემდეგმა მ. ნ-მ 7 საათსა და 30 წუთზე გასცა სიტყვიერი ბრძანება დილის 9 საათიდან 14 საათამდე წინასწარ განაწილებულ სამხედრო ვახტზე საბრძოლო მორიგეობით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ. მიღებული ბრძანების შესაბამისად, განაწესი, რომელიც 2 ჯარისკაცისგან _ გ. და რ. ბე-სგან შედგებოდა, ფეხით გაემართა დანიშნულების ადგილის მიმართულებით, კერძოდ, სასაზღვრო საგუშაგოს მარჯვენა მხარეს, დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, სოფ. კირნათში მდებარე სასაზღვრო-სათვალთვალო, დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლის რკინის კოშკურაზე, რომელიც მკაცრად იზოლირებულია გარეშე პირთაგან. მას სოფ. კირნათის მხრიდან ეკვრის ეკლიანი ღობე, ხოლო თურქეთის მხრიდან _ მდინარე ჭოროხი, რომელზედაც გადის საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. სათვალთვალო კოშკისგან დაახლოებით 100-150 მეტრის მოშორებით იწყება სოფლის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები, რომლებიც კარგად მოჩანს კოშკურის მხრიდან და კოშკურაც მოჩანს მოსახლეობის სახლებიდან და საკარმიდამო ნაკვეთებიდან. განაწესის უფროსი იყო გ. ბ.. კოშკურაზე ასვლის შემდეგ, რომელიც წარმოადგენს 2´2 მეტრ გასახსნელფანჯრებიან ოთახს, მასზე გარსშემორტყმული, დაახლოებით ნახევარი მეტრის სიგანის აივნით, შეუდგნენ საბრძოლო მორიგეობის შესრულებას, რის შესახებაც განაწესის უფროსმა გ.ბ-მ აცნობა საგუშაგოს პასუხისმგებელ მორიგეს. მათ ევალებოდათ საბრძოლო მორიგეობის შესრულება 14 საათამდე, რის შემდეგაც მივიდოდა ახალი ცვლა.
საბრძოლო მოვალეობის შესრულების დროს, დაახლოებით 10 საათზე, გ. და რ. ბ-ებს შორის მოხდა უთანხმოება, რაც გადაიზარდა ურთიერთშელაპარაკებასა და კამათში, ხოლო შემდეგ _ ხმამაღალ ყვირილსა და გინებაში, რასაც მოჰყვა ფიზიკური შეურაცხყოფა რ.ბ-ს მხრიდან. აღნიშნული ვითარებაში რ. ბ-მ მასზე განპირობებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლით გ. ბ-ს კისრის არეში მიაყენა მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობა, რის შემდეგაც დაჭრილს შეხსნა ქამარი, თავზე წამოახურა თავისავე ტანსაცმელი, რათა არ გაეგოთ მისი ყვირილის ხმა, წელს ქვემოთ შიშველი გ.ბ. წააქცია იატაკზე და ამ უკანასკნელზე განპირობებული ავტომატით ზურგის მხრიდან მარჯვენა მხარის სარტყელის უკანა ზედაპირზე ერთჯერადი გასროლით მიაყენა მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობა, მარჯვენა ფილტვის, შინაგანი ორგანოებისა და სისხლძარღვების დაზიანებით. მიყენებული ჭრილობების შედეგად გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც რ.ბ-მ მოკლულს ნატყვიარის დასაფარავად, გამოძიებისა და კვალის აბნევის მიზნით, გაუსწორა ტანსაცმელი ისე, რომ ქამარი და ქურთუკის ღილები არ შეუკრავს. მისი სხეული ზურგით მიაყრდნო სათვალთვალო კოშკურის ოთახის კედელს და ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში მყოფი დატოვა, რის შემდეგაც თვითნებურად მიატოვა სასაზღვრო მორიგეობა და დაუცველი დატოვა სახელმწიფო საზღვარი, ასევე მიატოვა სამხედრო სამსახურის ადგილი _ რ.ბ. ჯერ სოფ. კირნათის ტყეში იმალებოდა, შემდეგ კი წავიდა ქ.თბილისში, სადაც იმყოფებოდა 2002წ. 23 მარტამდე, რის შემდეგაც მისი ნათესავების რჩევითა და ჩარევით ნებაყოფლობით ჩაბარდა პოლიციის ორგანოებს.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ.ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს რ.ბ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს გენერალური პროკურატურის ან მთავარი სამხედრო პროკურატურისთვის იმ მოტივით, რომ სასამართლო კოლეგიამ ფაქტობრივად ვერ და არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც უხეშად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნა, რომელიც პროცესის მწარმოებელ ორგანოს ავალდებულებს საქმის ყოველმხრივ, ობიექტურ გამოძიებასა და ჭეშმარიტების დადგენას. წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ პასუხი არ გასცეს გარდაცვლილის სხეულზე ორი, ხოლო ტანსაცმელზე კი _ ერთი ნატყვიარის არსებობის შესახებ; სასამართლომ გაიზიარა წინასწარი გამოძიების მიერ შექმნილი აბსურდული ვერსია, თითქოს განსასჯელმა ჯერ კისრის არეში ესროლა გ.ბ-ს, ხოლო შემდეგ გახადა ტანზე, გადააბრუნა და ესროლა ბეჭის არეში ზურგის მხრიდან, შემდეგ უკვე გარდაცვლილს ჩააცვა, შეუკრა ტანსაცმელი და გაიქცა.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ.გ. მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
მსჯავრდებულ რ.ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ.ჩ. შესაგებლით ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას რ.ბ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების თაობაზე იმ მოტივით, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარებულია ცალმხრივად და ზერელედ, მხოლოდ გამამტყუნებელი მიმართულებით; სრულად არ არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, თუ ვინ მოახდინა მეორედ გასროლა; საქმეზე არ არის ჩატარებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რისი ჩატარებაც აუცილებელი იყო. ამასთან, შესაგებელში მითითებულია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პალატამ გაითვალისწინოს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და რ.ბერიძეს შეუმციროს შეფარდებული სასჯელი.
პროკურორი ა.სიკიაშვილი არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს რ.ბერიძის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და შესაგებლის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ თითქოს საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რომ ორივე გასროლა ნამდვილად რ.ბ-მ მოახდინა.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, თვით მსჯავრდებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილას, სოფ. კირნათში არსებულ სათვალთვალო კოშკურა “ჩაიკაზე”, რ. და გ. ბ-ების გარდა არავინ იმყოფებოდა. ზემოაღნიშნული კოშკურა მდებარეობს სოფ. კირნათში მდებარე ჭოროხის პირას, იგი გარკვევით მოჩანს სხვა სათვალთვალო კოშკურიდან და იქ სხვა პირის მისვლა შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ სხვა კოშკურაზე მყოფ ჯარისკაცებს. დადგენილია ისიც, რომ სათვალთვალო კოშკთან გავლა უცხო პირებისთვის მიუწვდომელია, რადგანაც იგი ერთი მხრიდან დაცულია ეკლიანი ღობით, ხოლო მეორე მხარეს აკრავს მდინარე ჭოროხი და თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. საგულისხმოა ისიც, რომ სათვალთვალო კოშკურა კარგად ჩანს კირნათის მოსახლეობის მხრიდანაც, რომელთაც დაკითხვისას აჩვენეს, რომ აღნიშნულ დროს იმ ტერიტორიაზე უცხო პირი არ შეუნიშნავთ.
მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია ისიც, რომ შემთხვევის დროს მათ სათვალთვალო კოშკურიდან რამდენიმე წუთის ინტერვალით გაიგეს 2 გასროლის ხმა, რის შემდეგაც დაინახეს ჯარისკაცი, რომელიც ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა სოფლის ცენტრალური გზის მიმართულებით. შემთხვევის ადგილზე პირველად მისული მოწმეების ჩვენებებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ სათვალთვალო კოშკურის ოთახში ავტომატები, სასიგნალო დამბაჩა, დურბინდი და სხვა ნივთები მიმობნეული იყო, რაც მიუთითებდა ჩხუბის კვალზე.
საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ფიზიკო-ტექნიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ რ.ბერიძეზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ორივე ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია და პირველიდან მეორე გასროლამდე გასულია დაახლოებით 5 წუთი.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის დაცვის პოზიციას, რომ რ.ბ-ს შემთხვევით გაუვარდა პირველი ტყვია, რა დროსაც გ.ბ. დაიჭრა კისრის არეში, ხოლო მეორე ტყვია მას არ გაუსვრია, რადგანაც წინასწარი გამოძიების ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენილია, რომ რ.ბ-ს წასვლის შემდეგ კოშკურაზე უცხო პირის მისვლას დასჭირდებოდა დაახლოებით 20 წუთი მაინც (რადგან სხვა შემთხვევეაში იგი აუცილებლად შეხვდებოდა რ.ბ-ს გზაზე) და მეორე გასროლა თუ უცხო პირის მიერ იქნებოდა ნაწარმოები, იგი უნდა მომხდარიყო არა 5-10, არამედ სულ მცირე _ 20-25 წუთის შემდეგ. ასევე დადგენილია ისიც, რომ თუ მართლა გარდაცვლილ გ.ბ-ს ფეხის დარტყმის შედეგად მოხდებოდა გასროლა, მაშინ ტყვია სხვა მიმართულებით წავიდოდა, ამასთან, ტყვია უნდა ყოფილიყო სათვალთვალო კოშკურის ოთახის კედელზე, რაც არ მომხდარა.
გარდა ამისა, საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ იმ ავტომატური იარაღიდან, რომელიც განპირობებული იყო რ.ბ-ზე და რომელზედაც ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ შემთხვევით გაუვარდა, გასროლა ხდება გამშვებ კაუჭზე თითის გარკვეული ძალით დაჭერის შემდეგ და მისი გასროლა არ ხდება დაგდებით, დარტყმით და ა.შ.
რაც შეეხება მეორე გასროლას, იგი რომ ნამდვილად რ.ბ-ს მიერაა ნაწარმოები, დადგენილია ასევე სასამართლო-დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც აწ გარდაცვლილ გ.ბ-ზე განპირობებული ავტომატის კონდახის ზედაპირზე გამოვლინდა რ.ბ-ს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის კვალი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადასტურებული, რომ რ.ბ-მ ჩაიდინა გ.ბ-ს განზრახ მკვლელობა და არ არსებობს განაჩენის გაუქმების საფუძველი.
პალატას ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება მის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, რის გამოც განაჩენი რ.ბერიძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 15 ივლისის განაჩენი რ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.