საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.12.2001
საქმის ნომერი
2კ-45-I-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.12.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 451 11 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. გოგელია

განიხილა ხაშურის რეგიონული ტრანსპორტის პროკურატურის ი.ლ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 18 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც მ. დ-შვილისა და ა. ჩ-ძის ბრალდების საქმე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 189-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის რედაქცია) და სხვა მუხლებით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს ტრანსპორტის პროკურატურას.

სამოტივაციო ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით მ. დ-შვილს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ მოქმედების განზრახ ჩადენა სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებს და კანონიერ ინტერესებს. მანვე იგივე ქმედება ჩაიდინა ქრთამის მიცემის ინტერესებისათვის ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, რომელიც თანამდებობის პირს უნდა შეესრულებინა ან შეეძლო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც პასუხსაგები მდგომარეობა აქვს. მანვე ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ შეგნებულად ყალბი ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა ჩადენილი ანგარებით და პირადი მიზნით, აგრეთვე ყალბი დოკუმენტის გაკეთება და გასაღება ხელობის სახით, რაც გამოიხატა შემდეგში:

მ. დ-შვილი 1990-98 წლებში მუშაობდა ხაშურის რკინიგზის მე-3 საშუალო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. 1996 წლის მაისის თვეში მას დანაშაულებრივად დაუკავშირდა ქ.ხაშურში მცხოვრები ა. ჩ-ძე, რომელმაც სთხოვა მისი მეგობრისათვის, ქ.ახალციხეში მცხოვრებ ხ. მ-ძისათვის, გაეკეთებინა საშუალო სკოლის დამთავრების ყალბი ატესტატი. მ. დ-შვილი შეპირდა, რომ ხ. მ-ძეს გაუკეთებდა ყალბ ატესტატს, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა ქრთამის სახით 100 ამერიკული დოლარი, რაზედაც თავის მხრივ თანხმობა განუცხადა ა. ჩ-ძემაც.

მ. დ-შვილს სკოლაში ჰქონდა ამავე სკოლის 1993 წლის კურსდამთავრებულ გ. ა-ოვის კუთვნილი შეუვსებელი აჟ ¹075667 საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი, რომელიც გ. ა-ოვს სკოლიდან წაღებული არ ჰქონდა. მ. დ-შვილმა გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად და ანგარებით, შეავსო გ. ა-ოვის კუთვნილი ატესტატი ხ. მ-ძის სახელზე და გადასცა ა. ჩ-ძეს, რომელმაც მ. დ-შვილს ყალბი ატესტატის გაკეთებისათვის ქრთამის სახით მისცა 100 ამერიკული დოლარი.

გარდა ამისა, წ/გამოძიებით დადგინდა, რომ მ. დ-შვილის მიერ ხელობის სახით იყო ქცეული საშუალო სკოლის დამთავრების ყალბი დოკუმენტების გაკეთება და გასაღება, კერძოდ: 1998 წლის ივლისში მან შეადგინა ყალბი დოკუმენტები სკოლის ატესტატის გასაცემად პ. კ-ძის სახელზე და წარადგინა ხაშურის რაიონის განათლების განყოფილებაში, რის საფუძველზეც მიიღო საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატის დუბლიკატი, შეავსო პ. კ-ძის სახელზე და გადასცა მას.

საბრალდებო დასკვნით ა. ჩ-ძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელისათვის ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად, რაც გამოიხატა შემდეგში: 1996 წლის მაისში ქ.ხაშურში, ... მცხოვრები ნ. მ-ძემ სთხოვა მის მეზობლად მდგმურად მცხოვრებ ა. ჩ-ძეს გაეკეთებინა საშუალო სკოლის დამთავრების ყალბი ატესტატი მისი შვილის, ხ. მ-ძისათვის. ა. ჩ-ძე დათანხმდა, ჩავიდა ქ.ხაშურში, დანაშაულებრივად დაუკავშირდა რკინიგზის ¹5 საშუალო სკოლის დირექტორ მ. დ-შვილს და სთხოვა ყალბი ატესტატის გაკეთება. მ. დ-შვილმა აღუთქვა დახმარება, რისთვისაც ქრთამის სახით მოსთხოვა 100 ამერიკული დოლარი. ა. ჩ-ძემ ისესხა 100 დოლარი ქ.ხაშურში, ... მცხოვრებ ე. (დ.) ი-იდისაგან, რომელიც ამჟამად წასულია საცხოვრებლად საბერძნეთის რესპუბლიკაში და პირადად გადასცა აღნიშნული თანხა მ. დ-შვილს, რომელმაც ა. ჩ-ძეს სანაცვლოდ მისცა ს. მ-ძის სახელზე შევსებული ყალბი საშუალო განათლების ატესტატი ჟა ¹075667, რაც ა. ჩ-ძემ გადასცა ხ. მ-ძის დედას, ნ. მ-ძეს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ნ. მ-ძემ გადაუხადა დ. ი-იდს ა. ჩ-ძის მიერ ნასესხები 100 აშშ დოლარი.

სასამართლო კოლეგიამ საქმე დამატებით, გამოძიების ჩასატარებლად დააბრუნა შემდეგი მითითებებით: წინასწარი გამოძიების მიერ არ ყოფილა დაცული საქართველოს სსსკ-ის 62-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. კერძოდ, ხაშურის რეგიონული ტრანსპორტის პროკურატურა არ იყო უფლებამოსილი, საქმეზე ეწარმოებინა წინასწარი გამოძიება, რადგან ხაშურის რკინიგზის ¹5 საშუალო სკოლა 1993 წლიდან გადაყვანილია განათლების სისტემაში და მას რაიმე დამოკიდებულება რკინიგზის დეპარტამენტთან არა აქვს.

დარღვეულია საგამოძიებო ვადის გაგრძელების შესახებ კანონის იმპერატიული მოთხოვნა. კერძოდ, 8 თვემდე საქმეზე საგამოძიებო ვადა გაგრძელებული აქვს საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის მოადგილეს, მაშინ, როდესაც მას კანონით ასეთი უფლებამოსილება არა აქვს მინიჭებული.

საქართველოს სსსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში უნდა იყოს მოცემული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა ბრალდებულმა. მოცემულ საქმეზე კი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის არც ერთ დადგენილებაში არაა მითითებული, თუ რა დამამტკიცებელი საბუთებით დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა.

მასალებზე მოკვლევა მიმდინარეობდა 7 თვეზე მეტ ხანს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ხაშურის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორი ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის ამავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ არ დარღვეულა საქმის გამოძიების ქვემდებარეობის პრინციპი, საგამოძიებო ვადა გაგრძელებულია კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, ასევე საბრალდებო დასკვნაში ვრცლადაა მითითებული იმ დამამტკიცებელ საბუთებზე, რითაც დასტურდება ჩ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული. სისხლის სამართლის საქმის დაგვიანებით აღძვრა არ წარმოადგენს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველს.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. ლ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

განსასჯელმა მ. დ-შვილმა კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის განჩინება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა თვლის, რომ დამატებით, გამოძიების დროს დეტალურად უნდა იქნეს შემოწმებული, თუ ვის დაქვემდებარებაში იყო ხაშურის რკინიგზის ¹5 საშუალო სკოლა და ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს საგამოძიებო ქვემდებარეობის საკითხი.

პალატა ეთანხმება განჩინების სხვა მოტივებსაც და თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს უნდა შემოწმდეს განჩინებაში მითითებული გარემოებები და მიეცეს შეფასება.

ამასთან, საკასაციო პალატა, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ამავე საქმეზე ბრალდებულ ა. ჩ-ძის მიმართ ქრთამის მიცემის შესახებ არ ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გარეშე წარმოებს სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც დაუშვებელია მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი გამოძიების დროს ა. ჩ-ძე იკითხებოდა მოწმის სახით, ხოლო გამოძიების ბოლო სტადიაზე ის მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამასთან, ა. ჩ-ძისათვის არ ყოფილა ცნობილი, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, წინასწარ გამოძიებას არ უცვნია ეჭვმიტანილად და არ დაკითხულა ეჭვმიტანილის სახით, რითაც უხეშად იქნა შელახული კანონით გარანტირებული უფლებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 18 ივლისის განჩინება მ. დ-შვილისა და ა. ჩ-ძის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.