განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 94-კოლ 11 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულების _ ზ. გ-ას, ი. ს-სა და გ. ზ-ს საკასაციო საჩივრები, ზ. გ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ს.უ-ძისა და ა.ა-შვილის და მსჯავრდებულ ი. ს-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ფ-ძის დამატებითი საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ზ. გ-ავა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ზ. გ-ავა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 2 წლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით 3 წლით, სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით 4 წლით. საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ერთობლივად მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
ი. ს-ია გამართლდა საქართველოს სსკ-ის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათავალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ი. ს-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 1 წლითა და 6 თვით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით 2 წლით. საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ერთობლივად მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
გ. ზ-უა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. გ. ზ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან აღნიშნული სასჯელი მოხდილი ჰქონდა 2000 წლის 10 ივლისიდან 2001 წლის 7 აგვისტომდე პატიმრობაში გატარებული ვადით, გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
ამავე განაჩენით ზ. გ-ავასა და ი. ს-იას სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხათ ფეთქებად ნივთიერებათა _ 2 ცალი “რგდ-5” ტიპის ხელყუმბარის შეძენა და ტარება.
ამავე სასამართლოს 2001 წლის 18 ოქტომბრის კერძო განჩინებით ქუთაისის პროკურატურის თანამშრომელთა ყურადღება მიექცა კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებაზე _ საქმეში არსებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე.
განაჩენით ზ. გ-ავას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან მონაწილეობა მიიღო უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. მანვე წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად ჩაიდინა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მათი იძულება, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით.
ი. ს-იას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან მონაწილეობა მიიღო უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.
გ. ზ-უას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან მონაწილეობა მიიღო უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში.
კერძოდ, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ქვეყნის ერთიანობისა და სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესში სამოქალაქო დაპირისპირების დასრულების, მისი შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანმხობის მიღწევის მიზნით 2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების მიუხედავად, ი. ს-ია, ზ. გ-ავა და სხვა პირები, რომელთა მიმართაც ადრე ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო, შერჩეული აღმკვეთი ღონისძიება _ პატიმრობა _ შეიცვლა, არ დაადგნენ გამოსწორების გზას, გააგრძელეს თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა და კვლავ ჩაიდინეს ახალი განზრახი დანაშაული, სახელდობრ, მათ სხვა თანამზრახველებთან ერთად გააგრძელეს მონაწილეობა ადრე შექმნილ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, რომელშიც შემდგომ მონაწილეობა მიიღო გ. ზ-უამაც. ამ ფორმირების წევრებს გააჩნდათ სპეციალური ტანსაცმელი და შეიარაღებული იყვნენ “სტეჩკინის” და “კოლტის” სისტემის ¹1220594, “ჩზ”-ს სისტემის ¹4036 პისტოლეტებით და საბრძოლო ვაზნებით, რომლებიც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ინახავდნენ და ატარებდნენ 2000 წლის 9 ივლისამდე.
2000 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე, ქ.ზესტაფონში, ზაქარიაძის ქუჩაზე მოწყობილ პიკეტში მონაწილე ზესტაფონის პოლიციის მუშაკებმა: დ. მ-ხმა, დ. ც-ძემ, დ. თ-ძემ, გ. მ-ანმა, ი. მ-შვილმა და სხვებმა შეაჩერეს ქუთაისის მიმართულებით მოძრავი “გაზ-24” მარკის ავტომანქანა, რომელშიც სხვა პირებთან ერთად ისხდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები: ზ. გ-ავა, ი. ს-ია და გ. ზ-უა. აღნიშნულ პირებს ეცვათ შავი ფერის ფორმის ტანსაცმელი და თითოეულ მათგანს, გარდა გ.ზ-უასი, გააჩნდა სხვადასხვა მარკის პისტოლეტი. სახელდობრ, ზ. გ-ავას ჰქონდა “ჩზ”-ს სისტემის ¹4036, ხოლო ი. ს-იას _ “კოლტის” სისტემის ¹122059” პისტოლეტი და საბრძოლო მასალა, რაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს,Mინახავდნენ და ატარებდნენ.
პოლიციის მუშაკებმა ზ. გ-ავას და ი. ს-იას მოსთხოვეს იარაღის ტარების ნებართვა, რაც მათ არ აღმოაჩნდათ და საკითხის გარკვევის მიზნით ისინი პოლიციის მუშაკებმა წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მათი მიყვანის შემდეგ უკანონო ფორმირების წევრები _ ი. ს-ია და გ. ზ-უა დარჩნენ ცალკე ოთახში. ი. ს-იამ პოლიციის მუშაკებს მოთხოვნისთანავე წარუდგინა მის ხელთ არსებული “კოლტის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ზ.გ-ავა სხვა პირებთან ერთად შეყვანილ იქნა პოლიციის უფროსის ო.ნ-შვილის კაბინეტში. ზ. გ-ავამ და სხვებმა პოლიციის უფროს ო. ნ-შვილს უარი განუცხადეს იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარებაზე და დაემუქრნენ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევით. აღნიშნულის შესახებ ეცნობა იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს რ. ა-ძეს, რომელიც დაახლოებით 19 საათზე გამოცხადდა ქ.ზესტაფონის პოლიციაში, სადაც კრიმინალური პოლიციის უფროს ბ. ლ-ძესთან, სისხლის სამართლის სამძებრო და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროს ვ. მ-შვილთან და ქუთაისის შს სამმართველოს უფროს თ. ტ-ძესთან ერთად შეეცადა ახსნა-განმარტებითა და მოლაპარაკებით დაერწმუნებინა ზ. გ-ავა და მასთან ერთად მყოფი სხვა პირები, ნებაყოფლობით ჩაებარებინათ ცეცხლსასროლი იარაღები, რამაც შედეგი არ გამოიღო, პირიქით, ზ. გ-ავამ და სხვებმა თანქონებული იარაღები მოიყვანეს საბრძოლო მდგომარეობაში. ზ. გ-ავამ იარაღი მიმართა ვ. მ-შვილის მიმართულებით, რომელმაც თავის მხრივ თანქონებული ავტომატური იარაღი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, მიმართა ზ. გ-ავას მიმართულებით და უთხრა, რომ იარაღი არ გავარდნოდა. ამავე დროს პოლიციის უფროსის კაბინეტში შევიდნენ ავტომატური იარაღით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ რ. ა-ძის ბრძანებითY გავიდნენ გარეთ. პოლიციის მხრიდან დარწმუნების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. ზ. გ-ავა და მისი თანმხლები სხვა პირები კატეგორიულად მოითხოვდნენ თავიანთი იარაღებით დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილამდე გაცილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ პოლიციის მუშაკების მიმართ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევით. დაახლოებით 23 საათზე ზ. გ-ავამ და მისმა თანმხლებმა პირებმა ძალადობით აიძულეს რ. ა-ძე, შეესრულებინა მათი უკანონო მოთხოვნა და ისინი იარაღებით გაეცილებინა უსაფრთხო ადგილამდე. დამნაშავეთა შეპყრობის, მათი განიარაღების მიზნით, პოლიციის შენობის ირგვლივ განლაგდნენ იმერეთის პოლიციის მუშაკები და საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები.
დაახლოებით 23 საათზე ა. ე-ავას მოთხოვნითა და მათ მიერ იძულებით წაყვანილი რ. ა-ძის განკარგულებით პოლიციის შენობის უკანა მხარეს, ეზოში, შეყვანილ იქნა რ. ა-ძის სამსახურებრივი და ა. ე-ავას ავტომანქანები, რითაც ზ. გ-ავა, ი. ს-ია, გ. ზ-უა და სხვა პირები რ. ა-ძესთან ერთად უნდა წასულიყვნენ სამეგრელოს მიმართულებით. ჩატარებული ოპერაციის შედეგად ზ. გ-ავა, ი. ს-ია და გ. ზ-უა დაკავებულ იქნენ.
მსჯავრდებული ზ. გ-ავა საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ იგი არავითარი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრი არ ყოფილა, იგი იყო უშიშროების სამინისტროს საპეცრაზმ “სატურნის” ოფიცერი, ჰქონდა შესაბამისი მოწმობა და იარაღის ტარების უფლება, მისთვის არავის უცნობებია გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ, იგი ასევე იყო ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის წევრი, რაც რეგისტრირებული, კანონიერი ორგანიზაციაა; 2000 წლის 9 ივლისს ქ.ზესტაფონში, ა. ე-ავასა და გ. გ-ავასთან ერთად, პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ერთობლივად გადაწყდა, რომ დალოდებოდნენ სამეგრელოდან მომავალ, სამხარეო კრიმინალური პოლიციის უფროს მ. გ-იას და მისთვის ჩაებარებინათ იარაღი. როდესაც ისინი გავიდნენ მ. გ-იასთან შესახვედრად, მოულოდნენლად ატყდა სროლა, რა დროსაც ა. ე-ავა და გ. გ-ავა მოკლეს, ხოლო იგი დააკავეს.
მსჯავრდებულ ზ. გ-ავას ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ს.უ-ე და ა.ა-ლი დამატებითი საკასაციო საჩივრით ითხოვენ ზ. გ-ავას მიმართ განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ ზ. გ-ავას ბრალის დასამტკიცებლად განაჩენში მითითებული არ არის არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებაზე და იგი აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე. როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიების დროს ყველა მსჯავრდებული კატეგორიულად უარყოფდა რაიმე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას; მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ეზოში გასვლის დროს ა. ე-ავას, გ. გ-ავას და ზ. გ-ავას ხელში ცეცხლსასროლი იარაღი არ სჭერიათ და მათი მხრიდან არანაირ წინააღმდეგობას არ ჰქონია ადგილი. გარდა ამისა, საქმეში მოთავსებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რაც გაყალბებულია. მიუხედავად ექსპერტიზით დადასტურებული სიყალბის ფაქტისა, სასამართლო არ დაინტერესდა ამ გარემოებით და არ გაარკვია აღნიშნული საკითხი.
მსჯავრდებული ი. ს-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს არცერთ წარდგენილ ბრალდებაში და მიუთითებს, რომ არავითარ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში არ მიუღია მონაწილეობა, იყო ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის წევრი და ჰქონდა შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა; რაც შეეხება იარაღის ტარებასა და შენახვას, საქმის მასალებიდანაც ჩანს, რომ აღნიშნული იარაღი ეკუთვნოდა ა. ე-ავას.
მსჯავრდებულ ი. ს-იას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ც. ფ-ძე დამატებითი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ი. ს-იას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. საჩივარში მითითებულია, რომ ი. ს-იას მონაწილეობა არ მიუღია უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის წევრობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობად. ამდენად, სასამართლომ სწორი შეფასება უნდა მისცეს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. საქმეზე დართული ვიდეომასალით აშკარად ჩანს, რომ “კოლტის” სისტემის იარაღი ი. ს-იას არ ეკუთვნოდა და არც ატარებდა მას, აღნიშნული იარაღი მას ა.ე-მ გადასცა ვ. წ-შვილის კაბინეტში. ი. ს-იამ მხოლოდ დააფიქსირებინა იარაღის ნომერი და ჩააბარა იგი სამართალდამცავ ორგანოს.
მსჯავრდებული გ. ზ-უა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, სრულიად უსაფუძვლო და ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებული, იგი აგებულია დაუსაბუთებელ და ცრუ ბრალდებაზე. საქმეში დევს უტყუარი დოკუმენტი, რომელიც რეგისტრირებულია სასამართლოს მიერ და რომლის თანახმადაც, ის გახლავთ ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის წევრი და არა უკანონო ფორმირების მონაწილე.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ზ. გ-ავა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები ს. უ-ძე და ა. ა-შვილი ეთანხმებიან მათ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვენ ზ. გ-ავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
მსჯავრდებული ი. ს-ია და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ც.ფ-ძე ეთანხმებიან საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვენ ი. ს-იას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
მსჯავრდებული გ. ზ-უა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ.გ-ია ეთანხმებიან წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვენ გ. ზ-უას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
პროკურორი კ.მ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივები, თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ზ-უას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად, ხოლო მსჯავრდებულების _ ზ. გ-ავასა და ი. ს-იას საკასაციო საჩივრებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების ს.უ-ძის, ა.ა-შვილისა და ც.ფ-ძის დამატებითი საკასაციო საჩივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულები _ ზ. გ-ავა, ი. ს-ია და გ. ზ-უა როგორც წინასაწარი, ისე სასამართლო გამოძიების დროს კატეგორიულად უარყოფდნენ მონაწილეობას რაიმე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში და აღნიშნავდნენ, რომ შავი ფორმის ტანსაცმელი, რასაც ისინი ატარებდნენ, წარმოადგენდა ვეტერანთა კავშირის წევრის ფორმას.
არასწორია განაჩენის პოზიცია ზ. გ-ავას, ი. ს-იასა და გ. ზ-უას უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრობასა და მასში მონაწილეობაზე იმ ბრალდებებზე მითითებით, რაც მსჯავრდებულებს წარდგენილი ჰქონდათ 1998 წლის 19 ოქტომბრის ამბოხებასთან დაკავშირებით და რომელიც თავისთავად მოიცავდა მათ მიერ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა, განაჩენმა დაადგინა, რომ აღნიშნული პირები შემდგომაც აგრძელებდნენ მონაწილეობას უკანონო ფორმირებაში, რის დამამტკიცებლადაც მიიჩნია 2000 წლის 9 ივლისის ზესტაფონის ეპიზოდი.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებული პირების მიმართ, 1998 წლის 19 ოქტომბრის ამბოხებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ფაქტი ასუსტებს განაჩენის პოზიციას მსჯავრდებულთა უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრობის თაობაზე. 9 ივლისის ზესტაფონის ეპიზოდის მოშველიება იმის დასადასტურებლად, რომ ზ. გ-ავა, გ. ზ-უა და ი. ს-ია აგრძელებდნენ მონაწილეობას აღნიშნულ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში არასწორია, რამდენადაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზ. გ-ავა, ი. ს-ია და გ. ზ-უა, არ იყვნენ ნათესავები და 2000 წლის 9 ივლისს იმყოფებოდნენ ერთად, ატარებდნენ ერთნაირი ფორმის ტანსაცმელს, ვერ გახდება მათი უკანონო შეიარაღებული ფორმირების მონაწილეებად მიჩნევის საფუძველი. განაჩენს დადგენილად მიაჩნია, რომ იმ დღეს მსჯავრდებულები აწ გარდაცვლილ ა.ე-ავას ახლდნენ, როცა ეს უკანასკნელი ქალიშვილის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, თბილისში გაემგზავრა, რაც კიდევ ერთხელ აბათილებს მათი, როგორც უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრების მიერ 9 ივლისის დანაშაულებრივი ეპიზოდის განხორციელებას. სხვა რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, მტკიცებულება ან ბრალდება მსჯავრდებულების უკანონო ფორმირებაში მონაწილეობისა განაჩენს არ დაუდგენია, რის გამოც ვერ იქნა გამოკვეთილი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მათი მონაწილეობის ერთიანი განზრახვა, რასაც ემატება მსჯავრდებულთა მიერ აღნიშნული ბრალდების უარყოფა წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში. A განაჩენით დადგენილი უკანონო ფორმირების ერთ-ერთი წევრი ზ. გ-ავა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ და, სენაკის პოლიციის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც გამორიცხავს მის მონაწილეობას უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. გ-ავა, ი. ს-ია და გ. ზ-უა იყვნენ საქართველოს ვეტერანთა კავშირის სამეგრელოს რეგიონის წევრები. აღნიშნული კავშირი რეგისტრირებულია სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ და მისი კანონიერება სადავოდ არავის გაუხდია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებს _ გ. გ-ავას, ი. ს-იასა და გ. ზ-უას უნდა მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით (“უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა”) წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ეპიზოდში მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს.
რაც შეეხება ზ. გ-ავასა და ი. ს-იას მიმართ წარდგენილ ბრალდებას იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვისა და ტარების ნაწილში, აღნიშნული დადასტურებულია საქმის მასალებით.
მსჯავრდებული ზ. გ-ავა წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ მას ჰქონდა “ჩზ”-ს ტიპის ¹4032 პისტოლეტი, პისტოლეტი ჰქონდათ ასევე გ.გ-ავას, ი. ს-იასა და ა. ე-ავას. ა. ე-ავას ჰქონდა “სტეჩკინის” ტიპის იარაღი, რომელიც ავტომატურ იარაღად ითვლება, გ. გ-ავას ჰქონდა “ჩზ”-ს, ხოლო ი. ს-იას _ “კოლტის” ტიპის იარაღი. მითითებულ ჩვენებაში ზ. გ-ავა ადასტურებდა იარაღის ტარებას როგორც თავად მის მიერ, ასევე ი. ს-იას მიერ.
აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელია გ. ზ-უას მიერ წინასაწრი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებაც, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ: “როდესაც ისინი პოლიციის შენობაში შეიყვანეს, გასინჯეს, მას არ აღმოაჩნდა იარაღი, ამიტომ მოათავსეს ცალკე შენობაში, ხოლო ა. ე-ავა, გ. გ-ავა, ზ. გ-ავა და ი. ს-ია შევიდნენ ცალკე ოთახში”.
ზ. გ-ავასა და ი. ს-იას მიერ იარაღის ტარების ფაქტს ადასტურებენ აგრეთვე შემთხვევის ადგილზე მყოფი, მოწმედ დაკითხული პოლიციის მუშაკები.
საქმის მასალებით დადასტურებულია აგრეთვე ზ. გ-ავას მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პოლიციის მუშაკთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ზესტაფონის პოლიციის უფროსის კაბინეტში ზ. გ-ავას, ა. ე-ავასა და გ. გ-ავას მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. სამხარეო სამმართველოს უფროსის რ. ა-ძის მოთხოვნაზე, ჩაებარებინათ იარაღები, სამივემ ერთდროულად გადატენა პისტოლეტები და დაუმიზნა ოთახში მყოფ პოლიციელებს. ისინი ითხოვდნენ მათ დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილამდე გაცილებას. ზ. გ-ავამ და მისმა თანმხლებმა პირებმა ძალადობით აიძულეს რ. ა-ძე, შეესრულებინა მათი უკანონო მოთხოვნა და ისინი იარაღებით გაეცილებინა უსაფრთხო ადგილამდე.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. გ-ავასა და ი. ს-იას მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ხოლო ზ. გ-ავას მიმართ ასევე _ სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებების ნაწილში სასამართლო კოლეგიის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება გ. ზ-უას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-233-ე მუხლებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ზ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მთლიანად.
მსჯავრდებულების _ ზ. გ-ავასა და ი. ს-იას საკასაციო საჩივრებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ს.უ-ძის, ა.ა-სა და ც.ფ-ძის დამატებითი საკასაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში გ. ზ-უას, ი. ს-იასა და ზ. გ-ავას მიმართ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. ზ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილი (“უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა”); შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე ბრალდების ამ ეპიზოდში სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და მიეცეს უფლება სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა, სსსკ-ის 219-ე-233-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.
ასევე სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება (“უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა”) მოეხსნათ მსჯავრდებულებს _ ი. ს-იასა და ზ. გ-ავას და შეწყდეს მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე ბრალდების ამ ეპიზოდში, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.