საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 20.12.2001
საქმის ნომერი
2კ-158აპ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.12.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 158-აპ 20 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ნ. გვენეტაძე

განიხილა პროკურორ ე. ტ--შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე დ. ფ-შვილის, ლ. ფ-შვილისა და ი. კ-ძის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ასპინძის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 აგვისტოს განაჩენით:

დ. ფ-შვილი ნასამართლობის მქონე (ასპინძის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 ივლისის განაჩენით სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით და 236-ე მუხლით ერთობლივად მისჯილი ჰქონდა თ/აღკვეთა 3 წლით, რაც შეეცვალა 2 წლით პირობითი მსჯავრით), ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა _ 80 ლარი. ამავე განაჩენით დ. ფ-შვილის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი თანახმად საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 80 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

ლ. ფ-შვილი ცნობილია დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა - 50 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ი. კ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ასპინძის რაიონული სასამართლოს განაჩენით დ. ფ-შვილს, ლ. ფ-შვილსა და ი. კ-ძეს მსჯავრი დაედოთ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აკრძალული თევზის სარეწი იარაღით თევზის უკანონოდ მოპოვებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2001 წლის 4 აპრილს დ. ფ-შვილმა უცნობი პირისაგან ქ. ხაშურში შეიძინა არაქარხნული წესით დამზადებული თევზის სარეწი ელექტროაპარატი და რეზინის ნავი, რომელშიც გადაიხადა 100 ლარი. მან შეძენილი ნივთები წაიღო სახლში. იმავე დღეს დ. ფ-შვილმა შესთავაზა თავის ძმა _ ლ. ფ-შვილს წასულიყვნენ მდინარე მტკვარზე და დაეჭირათ თევზი. დაახლოებით 18 საათზე დ. ფ-შვილი მივიდა მეზობელ ი. კ-ძესთან და შეუთანხმდა, რომ იგი თავისი კუთვნილი “ვაზ 2011” ავტომანქანით მივიდოდა დ. ფ-შვილთან სახლში სათევზაოდ წასასვლელად. შეთანხმებისამებრ, 22 საათზე კ-ძე მივიდა დ. ფ-შვილთან. მათ ა/მანქანაში ჩააწყვეს თევზის სარეწი აპარატი, რეზინის გასაბერი ნავი და წავიდნენ მდინარე მტკვარზე თევზის უკანონოდ დასაჭერად. რესტორან “დარანთან” დ. და ლ. ფ-შვილები ისევ შეუთანხმდნენ ი. კ-ძეს, რომ საათნახევრის შემდეგ ეს უკანასკნელი ა/მანქანით მიაკითხავდა მათ და დაელოდებოდა სოფ. დუმალასთან, მდინარე მტკვრის სანაპიროზე. ამის შემდეგ, დ. და ლ. ფ-შვილებმა უკანონოდ, აკრძალული ელექტროაპარატით დაიჭირეს 5 ცალი ხრამულის ჯიშის თევზი და შეხვდნენ ი. კ-ძეს, რომელიც მათ ა/მანქანით ელოდებოდა დათქმულ ადგილას. სამივე ერთად გაემგზავრა ასპინძის რაიონის ე.წ. ,,გომებში” სათევზაოდ, მაგრამ გზაში დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. მათ ავტომანქანიდან ამოიღეს თევზის სარეწი აპარატი და 5 ცალი ხრამულის ჯიშის თევზი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გააუქმა ასპინძის რაიონული სასამართლოს განაჩენი დ. ფ-შვილის, ლ. ფ-შვილის და ი. კ-ძის მიმართ და ისინი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, სსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.

სააპელაციო სასამართლომ დ. და ლ. ფ-შვილების და ი. კ-ძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასპინძის შს რაიგანყოფილების ეკოპოლიციის მიერ ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების – ი. კ-ძის ავტომანქანის ჩხრეკისა და იქიდან დ. ფ-შვილის კუთვნილი ნივთების და 5 ცალი თევზის ამოღებისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 290-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, სახელდობრ: საქმეში არ არის მოკვლევის ორგანოს დადგენილება გადაუდებელი ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების თაობაზე, საქმეშია მხოლოდ გადაუდებელი ამოღების ოქმი, დაკანონებული კი არის ი. კ-ძის ა/მანქანა “ჟიგულის” ჩხრეკა.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებისას დარღვეულია, აგრეთვე, საქართველოს სსსკ-ის 320-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 121-ე მუხლის მოთხოვნები _ ამოღების ოქმში მითითებული არ არის ამოღებული ნივთების შემოწმების, აგრეთვე, საგნების ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნების შესახებ. ამოღების ოქმით არ ჩანს, დაილუქა თუ არა ამოღებული ნივთები, უფრო მეტიც: პროცესის მწარმოებელმა ორგანომ თავისი დადგენილებით ამოღებული ნივთები ნივთიერ მტკიცებულებად არ ცნო, ამდენად, გადაუდებელი ამოღების ოქმი სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია დაუშვებელ მტკიცებულებად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დ. ფ-შვილის, ლ. ფ-შვილისა და ი. კ-ძის ქმედება არ წარმოადგენდა დანაშაულს. სასამართლოს აზრით, მართალია, მათი ქმედება ფორმალურად შეიცავს საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს (ელექტროდენით 5 ცალი თევზის უკანონო მოპოვება), მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს განაჩენი დ. ფ-შვილის, ლ. ფ-შვილის, ი. კ-ძის მიმართ და დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

საკასაციო საჩივარში პროკურორი ე. ტ-შვილი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მოცემულ საქმეზე არის უკანონო, ითხოვს მის გაუქმებასა და საქმის გადაცემას ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.

პროკურორი ა. ს-შვილი მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მთლიანად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის თაობაზე. სახელდობრ, სწორია სააპელაციო პალატის მითითება, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს სსსკ-ის 320-ე მუხლის მეორე ნაწილის, 121-ე მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევის შესახებ, რაც ასევე, საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად სწორად იქნა მიჩნეული დაუშვებელ მტკიცებულებად. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა და სათანადოდ დაასაბუთა ის, რომ საპროცესო ნორმების დარღვევით მიღებული მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

საკასაციო პალატა ეთანხმება და საფუძვლიანად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილზე და თანმიმდევრულად ხსნის, თუ რატომ არ ითვლება დანაშაულად დ. ფ-შვილის, ლ. ფ-შვილისა და ი. კ-ძის ქმედება. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემომითითებულ პირთა ქმედებას არ გამოუწვევია ისეთი ზიანი (5 ცალი თევზის უკანონო მოპოვება), რაც აუცილებელს გახდიდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. საკასაციო პალატა საქმის მასალების გამოკვლევით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად სწორად დაასაბუთა, რომ ამ პირთა ქმედება მხოლოდ ფორმალურად შეიცავს საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. ასეთ ვითარებაში საფუძვლიანია და საქმის მასალებიდან გამომდინარეობს ისიც, რომ აღნიშნული ქმედება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კომერციული მიზნებით ჩადენილ ქმედებად, მით უფრო, რომ დ. ფ-შვილმა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური გაჭირვების გამო, მისი ოჯახი შედგება ექვსი სულისაგან, რომელთაგან არცერთი არ მუშაობს და ფაქტობრივად მისი გამოსაკვებია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის დადგენა სავსებით გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და მათი სწორი ანალიზიდან.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივარს, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო საჩივარში პროკურორი საერთოდ არ მსჯელობს სასამართლოს მიერ მითითებულ საქმეში არსებული საპროცესო ნორმების დარღვევებზე, რითაც, ფაქტობრივად, ცნობს ამ დარღვევების არსებობას. ასეთ ვითარებაში გაუგებარია საკასაციო საჩივრის მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს თვითონ უნდა გამოეთხოვა, დაეთვალიერებინა და ნივთმტკიცებად ეცნო გასაბერი ნავი, ელექტროაპარატი, აკუმულატორი.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორის საჩივარს დ. და ლ. ფ-შვილების, ი. კ-ძის ქმედების იურიდიული შეფასების ნაწილშიც და თვლის, რომ მათი ქმედება სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიჩნეული მცირე მნიშვნელოვნად. ამდენად, არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გამამრთლებელი განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გადაცემის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დ. ფ-შვილის, ლ. ფ-შვილისა და ი. კ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.