დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.12.2012
საქმის ნომერი
134აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.12.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№134აგ-12 14 დეკემბერი, 2012 წელი

ზ-ი ა.-134აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების: ა.ზ-ის, გ. ჩ-ის, რ. მ-ისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ნ. ბ-ი (ძებნილი), ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა, 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 18 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, ხოლო მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ნ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნ. ბ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 1.684.670 ევრო, 4.000 ლარი, ერთი 50-ევროიანი ნომინალის დაზიანებული ბანკნოტი; ავტომანქანები _ ,,MERSEDES-BENZ 260 E-KAT”, რომლის სახელმწიფო ნომერია ,,...” და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ...; ,,MERSEDES-BENZ 614 D”, რომლის სახელმწიფო ნომერია ,,...”; შპს ,,ა-ი”, ელექტრონული სასწორი და 7 ერთეული გირი; ,,ნისან პატრულის“ მარკის ავტომანქანის წინა ხიდის შიგთავსი და მანქანის 2 ყუმბარა; ავტომანქანის რედუქტორი, 2 ყუმბარა, 4 ჭანჭიკი და 2 ჩამკეტი (ე.წ. ,,აბოიმა”); ნ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის (წყალტუბოს რაიონი, სოფ. ტ-ი) ჩხრეკისას ამოღებული 9 წყვილი ხელთათმანი, ფირმა ,,REVER-ის” მართკუთხა ფორმის გირები და ფირმა ,,SEVERIN-ის” პოლიეთილენის პარკების ვაკუუმური შეკვრის აპარატები.

ა. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 20 წლით, 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 18 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, ხოლო მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ა. ზ-ს სასჯელად განესაზღვრა 52 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით ა. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ა. ზ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანა ,,MERSEDES-BENZ C 320”, რომლის სახელმწიფო ნომერია ,,...”.

გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 20 წლით, 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 17 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, ხოლო მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, გ. ჩ-ს სასჯელად განესაზღვრა 51 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით გ. ჩ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, გ. ჩ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ა. ზ-ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული 50.000 ევრო.

რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 16 წლით, ხოლო 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, რ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 33 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით რ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ზ-ი, გ. ჩ-ი და რ. მ-ი სასჯელს იხდიან 2010 წლის 1 ივნისიდან.

მ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 16 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. ს-ეს სასჯელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 2 ივნისიდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, მ. ს-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანა ,,MERSEDES-BENZ C 180”, რომლის სახელმწიფო ნომერია ,,...”.

თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 4 ივნისიდან.

მსჯავრდებულებს: ა. ზ-ს, ნ. ბ-ს, რ. მ-ს, გ. ჩ-ს, მ. ს-სა და თ. გ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ყადაღა მოეხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ივნისის ბრძანებით დაყადაღებულ ქონებას ქუთაისში, ბ-ის ქუჩის ...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი ფართის _ სახლის გამოყოფილ ნაწილს (საერთო ფართით _ 24.63 მ2).

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულებისა და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ თ. გ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება.

თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2012 წლის 2 ნოემბერს მსჯავრდებულებმა: ა. ზ-მა, გ. ჩ-მა, მ. ს-ემ, რ. მ-მა შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენის გადასინჯვა.

მსჯავრდებულების განმარტებით, მათ მსჯავრად შერაცხული ქმედებები არ ჩაუდენიათ. პროკურატურამ საქმეში არსებული მტკიცებულებები ძალადობით, წამებითა და უკანონო დაპირებებით მოიპოვა. პროკურატურა ისეთი საშინელი ბრალდების წაყენებით, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების – „კოკაინის“ ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადება, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად და შეკვეთით, მიზნად ისახავდა მათ მიერ კანონიერი ბიზნესის მეშვეობით წლების განმავლობაში შეგროვილი და მშენებლობისათვის განკუთვნილი თანხის – 1.700.000 ევროს გამოძალვასა და მისაკუთრებას. პროკურატურას არც საქმეში ნახსენები 220 კგ. ,,კოკაინი“ ამოუღია და არც ექსპერტიზა ჩატარებულა იმის დასადგენად, მართლა იქნა თუ არა შემოტანილი რაიმე ნივთიერება და თუ შემოიტანეს, ეს ნივთიერება ნამდვილად „კოკაინი“ იყო თუ არა. ბრალდების ერთადერთი და მთავარი მტკიცებულება იყო მოწმეთა: ლ. კ-ის, კ. ს-ის, მ. ბ-ისა და ა. ბ-ის ჩვენებები. მიუხედავად ლ. კ-ის არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივი ჩვენებებისა, სასამართლომ იგი გამამტყუნებელ განაჩენს დაუდო საფუძვლად, თუმცა იმ დროს მოქმედი სსსკ–ის 111–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა ყოფილიყო ცნობილი. რაც შეეხება კ. ს-ის, მ. და ა. ბ-ის ჩვენებებს, ისინი მოპოვებულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. მსჯავრდებულები აღნიშნავდნენ, რომ თბილისის №8 დაწესებულებაში, ციხის უფროსის კაბინეტში, ადგილი ჰქონდა ცემის ფაქტებს. აღნიშნულს ადასტურებს მსჯავრდებულ კ. ს-ის სამედიცინო ბარათები. 2012 წლის 22 ოქტომბერს კ. ს-ის ადვოკატის შუამდგომლობით შპს ,, ... ცენტრში“ ჩატარდა ამბულატორიული სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის №... დასკვნაში აღნიშნულია: „კ. ს-ე დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით Ds (შიზოფრენიის მაგვარი) ორგანული ბოდვითი აშლილობით F–06.2“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ს-ის მიერ 2010 წლის 4, 5, 6 ივნისს, 30 აგვისტოსა და 19 ოქტომბერს მიცემული ჩვენებები უნდა შეფასებულიყო, როგორც ფსიქიკურად დაავადებული პირის მიერ მიცემული ჩვენებები, რადგან თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კ. ს-ეს არ შეეძლო სწორად აღექვა მოვლენები, ფაქტები და მიეცა მათზე სწორი ჩვენება. ამაზე მიუთითებს იმ დროს მოქმედი სსსკ–ის 95–ე მუხლის მე-2 ნაწილი, სადაც აღნიშნულია: ,,არ შეიძლება მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფსიქიკური დაავადების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს ან აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება“.

შუამდგომლობას დაერთო კ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში არსებული სამედიცინო ბარათის საფუძველზე, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ-ის“ 2012 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნა, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათის მონაცემებით კ. ს-ეს 2010 წლის 6 ივნისს №8 დაწესებულებაში შესვლისას სხეულზე გარეგნულად, წელის მიდამოს მარჯვენა და მარცხენა ნახევარში აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით. დაზიანების ლოკალიზაციის და ხასიათის მხედველობაში მიღებით, მათი მიყენება საკუთარი ხელით ძნელი წარმოსადგენია. მორფოლოგიური სურათის მხედველობაში მიღებით დაზიანებები ხანდაზმულობით არაუმეტეს 2–3 დღისაა“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულებმა ითხოვეს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“ და ,,ზ“ პუნქტების შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად დაშვება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენის გადასინჯვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულების: ა. ზ-ის, გ. ჩ-ის, მ. ს-ის, რ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უფლება აქვთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამის ლიცენზირებულ დაწესებულებას და სახელმწიფო სასამართლო–საექსპერტო დაწესებულებას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 19.06.2008 წლის №142/ბ ბრძანებით განსაზღვრულია სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესი. შუამდგომლობაზე დართულ მასალებში კი არ მოიპოვება მონაცემები შპს „... ცენტრისათვის“ ამბულატორიული სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისათვის ზემოაღნიშნული უფლების (ლიცენზიის ) მინიჭების (არსებობის) შესახებ. ასევე იმ საფუძვლით, რომ ა. და მ. ბ-ების გამოკითხვის ოქმების თანახმად მათი ჩვენებებისათვის დაუშვებლობის სტატუსის მინიჭება, როდესაც არ არსებობს კანონით დადგენილი წესით დადასტურებული რაიმე ზეწოლისა და სხვა უკანონო მეთოდების გამოყენების ფაქტობრივი გარემოება, შეუძლებელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულებმა: ა. ზ-მა, გ. ჩ-მა, რ. მ-მა და მ. ს-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორებმა ითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოსადმი იმის მითითება, რომ მან შუამდგომლობა დაუშვას განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310–ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ,,არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს“, ხოლო იმავე მუხლის ,,ზ“ პუნქტის საფუძველზე კი, თუ: ,,წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გარდა კ. ს-ის ნაწილში მოტივაციისა, და მიაჩნია, რომ აპელანტთა შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი არა იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებს ექსპერტიზის ჩატარებისთვის არა აქვთ მინიჭებული ლიცენზია, არამედ, საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო დღეს მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე და 180-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რომლის მიხედვითაც კ. ს-ის შერაცხადობისა და ჯანმრთელობის საკითხი უნდა შეემოწმებინა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას და მასვე უნდა გაეცა სათანადო დასკვნა. საქართველოს სსსკ–ის 105–ე მუხლში პირდაპირ არის მითითებული: „სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ: „პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სახელმწიფო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით“. ასეთი კი საქმეში არ მოიპოვება.

ამდენად, შუამდგომლობაში აღნიშნული გარემოებები თავისი სახით, ხარისხისა და ხასიათის გათვალისწინებით, როგორც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს, ასევე ამჟამად მოქმედი მტკიცებულებების დაუშვებლობის თაობაზე ნორმებიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება იმ ხარისხის მტკიცებულებად, რომელთა საფუძველზეც კ. ს-ის ჩვენება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ ... ცენტრის“ ამბულატორიულ სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზისა და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ-ის“ ექსპერტიზის დასკვნები, ისევე როგორც მსჯავრდებულების: ა. ზ-ის, გ. ჩ-ის, რ. მ-ისა და მ. ს-ის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „ბ და ,,ზ“ პუნქტებით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე – კანონიერი, დასაბუთებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“, ,,ზ“ პუნქტებით, 313–ე მუხლის მე–3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების: ა. ზ-ის, გ. ჩ-ის, რ. მ-ისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინება დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი