დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.01.2013
საქმის ნომერი
151აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.01.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №151აგ-12 17 იანვარი, 2013 წელი

ბ-ი გ, 151აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განაჩენით გ. ბ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. იმავე განაჩენით გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გ. ბ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო მოსარჩელეების _ ზ. ღ-ს, თ. ქ-სა და მ. კ-ს სარჩელები და გ. ბ-ს ზ. ღ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2508 (ორი ათას ხუთას რვა) ლარის, ხოლო თ. ქ-ს სასარგებლოდ _ 1305 (ათას სამას ხუთი) ლარის გადახდა; ამასთან, გ. ბ-სა და უ. ძ-ს სოლიდარულად დაეკისრათ მ. კ-ს სასარგებლოდ _ 4710 (ოთხი ათას შვიდას ათი) ლარის, ხოლო ზ. ღ-ს სასარგებლოდ _ 2940 (ორი ათას ცხრაას ორმოცი) ლარის გადახდა. სამოქალაქო სარჩელი დანარჩენ ნაწილში დარჩა ღიად, მოთხოვნის წარმოუდგენლობის გამო.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ:

გ. ბ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

მსჯავრდებულებს – გ. ბ-სა და უ. ძ-ს განაჩენიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების, ასევე საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდებები;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილიდან ამოერიცხა ნ. დ-ს ქურდობის ეპიზოდი;

განაჩენიდან ასევე ამოირიცხა მითითება სამოქალაქო სარჩელის ღიად დატოვების თაობაზე;

მსჯავრდებულებს – გ. ბ-სა და უ. ძ-ს ე. ა-ს დაყაჩაღების ეპიზოდში ამოერიცხათ მითითება მის სასარგებლოდ დაკისრებული 1570 (ათას ხუთას სამოცდაათი) ლარის გადახდის შესახებ;

მსჯავრდებულებს _ გ. ბ-სა და უ. ძ-ს ი. ტ-ს დაყაჩაღების ეპიზოდში მ. კ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1570 (ათას ხუთას სამოცდაათი) ლარის გადახდა;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს მ. გ-ს დაყაჩაღების ეპიზოდში მ. კობახიძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 1570 (ათას ხუთას სამოცდაათი) ლარის გადახდა;

მსჯავრდებულ გ. ბ-ს დანიშნული სასჯელი – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდა 1 თვით და მოსახდელად განესაზღვრა 17 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 14 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლისა და 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ბ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 11 აპრილიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენი გ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინება მსჯავრდებულების – გ. ბ-სა და უ. ძ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

2010 წლის 21 მარტს მსჯავრდებულმა გ. ბ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე. გ. ბ-ი თავის შუამდგომლობაში აღნიშნავდა, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ–ის 171–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არც ლ. ჯ-ის ჩვენება და არც მათხოვრობის ან ანტისაზოგადოებრივი ქმედების ფაქტი. გ. ბ-ის განმარტებით, მან არაერთხელ მოითხოვა, რომ საქართველოს სსკ–ის 171–ე მუხლით წარდგენილი ბრალდება და ამ მუხლისათვის განსაზღვრული სასჯელი მოხსნოდა, თუმცა – ამაოდ. აღნიშნული უკანონო განაჩენი სწორედ მასზეა აგებული. ამასთან, გ. ბ-ის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას ერთვოდა მტკიცებულება, კერძოდ: 2007 წლის 14 მარტის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ა. დ-ის მიმართ, რომლითაც მას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 171–ე, 179–ე, 143–ე, 363–ე მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული ითხოვდა მისი განაჩენის ა. დ-ის განაჩენთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის ზომად იმავე სასჯელის განსაზღვრას, რაც ა. დ-ს აქვს მისჯილი კანონის შესაბამისად.

ამასთან, მსჯავრდებული უთითებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. კ-მ იგი გაასამართლა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილით და 24,339–ე მუხლების საფუძველზე მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, სადაც მოსამართლემ მოყვანილ მტკიცებულებებს არანაირი ყურადღება არ მიაქცია და საქმე განიხილა მნიშვნელოვანი დარღვევებით. მსჯავრდებულის აზრით, საქართველოს სსსკ–ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას სასჯელი უნდა დანიშვნოდა დანაშაულთა ერთობლიობით, რადგან თაღლითობა 2005 წელს მოხდა - იმ დროს, როდესაც იგი არ იყო მსჯავრდებული. მსჯავრდებულის აზრით, სააპელაციო სასამართლომ საქმე მნიშვნელოვანი დარღვევებით განიხილა და განაჩენი უცვლელად დატოვა, რაც მან გაასაჩივრა, მაგრამ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქმე არ განიხილა, თუმცა 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქმე გაერთიანდა. მსჯავრდებულის აზრით, მის მიმართ საქართველოს სსკ–ის მე–60 მუხლი უკანონოდ არის გამოყენებული, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელში, ხოლო ორივე განაჩენით დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით გ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

მსჯავრდებულმა გ. ბ-მა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

2011 წლის 15 ნოემბერს მსჯავრდებულმა გ. ბ-მა ისევ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.

გ. ბ-ი თავის შუამდგომლობაში აღნიშნავდა, რომ იგი დააკავეს 2005 წლის 14 ნოემბერს. 2006 წლის 31 მაისს გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი კანონის, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტების დარღვევით გამოიტანა, რომლითაც ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე, 146–ე, 177–ე, 363–ე და 178–ე მუხლების საფუძველზე და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების თანახმად, მიუსაჯა 18 წელი. აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მიუთითა, რომ არ არსებობს არასრულწლოვან ლ. ჯ-ს ჩვენება და მას არასრულწლოვნის წინააღმდეგ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული. აღნიშნული გ. ბ-მა კვლავ გაასაჩივრა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გ. ბ-ი და უ. ძ-ი გაამართლა საქართველოს სსკ–ის 178–ე და 363–ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, ხოლო საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და სსკ–ის 171–ე მუხლით, ასევე საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე მას 17 წელი და 11 თვე მიესაჯა.

მსჯავრდებული გ. ბ-ი შუამდგომლობაში უთითებდა, რომ მის მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე–7 ნაწილის მოთხოვნა, ვინაიდან სასამართლომ მას არ მისცა სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და კომპენსაციის მიღების უფლება. ასევე აღნიშნავდა, რომ მას მსჯავრი დაედო ყაჩაღობის ჩადენისათვის – ზ. ჭ-ს, ს. შ-ს, გ. ყ-ს, გ. გ-ს, გ. მ-ს, ტ. ნ-ს, ლ. ც-სა და მ. გ-ს ეპიზოდებში, თუმცა არც ერთი მათგანი სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა და ისე დაედო მსჯავრი.

მსჯავრდებულ გ. ბ-ს აზრით, მას არ ჰქონდა ჩადენილი საქართველოს სსკ–ის 171–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არც ლ. ჯ-ს ჩვენება და არც მათხოვრობის ან ანტისაზოგადოებრივი ქმედების ფაქტი. გ. ბ-ს განმარტებით, მან არაერთხელ მოითხოვა, რომ საქართველოს სსკ–ის 171–ე მუხლით წარდგენილი ბრალდება და ამ მუხლისათვის განსაზღვრული სასჯელი მოხსნოდა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული უკანონო განაჩენი კი სწორედ მასზეა აგებული. ამასთან, გ. ბ-მა შუამდგომლობას დაურთო მტკიცებულება, კერძოდ: 2007 წლის 14 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ა. დ-ს მიმართ, რომლითაც მას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 171–ე, 179–ე, 143–ე, 363–ე მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულმა ითხოვა ა. დ-ს განაჩენთან მისი განაჩენის შესაბამისობაში მოყვანა და სასჯელის ზომად იმავე სასჯელის განსაზღვრა, რაც ა.დ-ს აქვს მისჯილი კანონის შესაბამისად.

ამასთან, მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. კ-მ იგი გაასამართლა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილით და 24,339–ე მუხლების საფუძველზე მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, სადაც მოსამართლემ მოყვანილ მტკიცებულებებს არანაირი ყურადღება არ მიაქცია და საქმე განიხილა მნიშვნელოვანი დარღვევებით.

მსჯავრდებულის აზრით, საქართველოს სსსკ–ის მე–16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მას სასჯელი უნდა დანიშვნოდა დანაშაულთა ერთობლიობით, რადგან თაღლითობა 2005 წელს მოხდა – იმ დროს, როდესაც იგი არ იყო მსჯავრდებული. მსჯავრდებულის აზრით, სააპელაციო სასამართლომ საქმე მნიშვნელოვანი დარღვევებით განიხილა და განაჩენი უცვლელად დატოვა, რაც მან გაასაჩივრა, თუმცა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქმე არ განიხილა, მაგრამ 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქმე გაერთიანდა. მსჯავრდებულის აზრით, მის მიმართ საქართველოს სსკ–ის მე–60 მუხლი უკანონოდ არის გამოყენებული, დანიშნული სასჯელი უნდა ჩათვლოდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელში, ხოლო ორივე განაჩენით დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

მსჯავრდებულმა გ. ბ-მა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

2012 წლის 26 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ბ-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გარდა ზემოთ მითითებულ შუამდგომლობებში ჩამოთვლილი საფუძვლებისა, ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და პატიმრობიდან გათავისუფლება. მსჯავრდებულმა შუამდგომლობას დაურთო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინება, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოგზავნილი წერილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 იანვრის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინება.

2012 წლის 28 ნოემბერს მსჯავრდებულმა გ. ბ-მა დამატებით წარადგინა ამონაწერი, რომ მისი ოჯახი იმყოფება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინება დაზუსტდა შემდეგი მიმართებით, კერძოდ: განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში ნაცვლად „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებისა“, ჩაიწერა: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება“. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით გ. ბ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობებში.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა მოცემული საქმე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი