დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1240-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№12401-13 9 აპრილი, 2013 წელი

რ-ე ა-, 12401-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლ. ს-ის

პროკურორ - ვ. ა-ის

ადვოკატ - ე. პ-ის

მსჯავრდებულ - ა. -ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. რ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

ა. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი, 273–ე მუხლით (2009 წლის 4 იანვრის ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით (2009 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) - 6 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის სახით განესაზღვრა 8 წლით, 3 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის განაჩენით ა. რ-ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაემატა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 8 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, ა. რ-ემ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 6 წელი. მას, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი;

მსჯავრდებულ ა. რ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 20 თებერვლიდან.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით - საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ა. რ-ეს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის განაჩენით სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის პროპორციული წილი - 9 თვე, რაც განახევრებით შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს. დღეის მდგომარეობით ა. რ-ის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელი შეადგენს 6 წელს, 2 თვესა და 6 დღეს, რასაც გამოაკლდა 4 თვე და 15 დღე და საბოლოოდ ა. რ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით, 9 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის დადგენილებით ა. რ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 6 თვითა და 14 დღით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 დეკემბრიდან. დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ა. რ-ის ქმედება (რომლისთვისაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის განაჩენით დაედო მსჯავრი) სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის პირველ ნაწილზე. დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. რ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული ა. რ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის დადგენილებით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (2009 წლის 4 იანვრის ეპიზოდი და 2009 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან.

მსჯავრდებულ ა. რ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის განაჩენით სსკ–ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;

მსჯავრდებული ა. რ-ე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე, გათავისუფლდა.

საბოლოოდ, ა. რ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 3 თვის ვადით, საიდანაც განაჩენით დანიშნული სასჯელის პროპორციულად 3 წელი და 1 თვე დაუდგინდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს), ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი და 2 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 7 თვე;

ა. რ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 15 დეკემბრიდან. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2009 წლის 20 თებერვლიდან 2009 წლის 15 დეკემბრამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. რ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტით, რომლის თანახმადაც, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება; მე-19 მუხლის თანახმად, პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. რადგან ა. რ-ე ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის - მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. ქათამაძე