დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.09.2013
საქმის ნომერი
52აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
19.09.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№52აგ-13 19 სექტემბერი, 2013 წელი

გ-ი ო.- 52აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ო. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ–ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განაჩენით ო. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ო. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ო. გ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის პირველი და სსკ–ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა, რის შედეგადაც საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. გ-ს განესაზღვრა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ განაჩენზე და 2009 წლის 10 ივნისის განაჩენით უცვლელად დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განაჩენი ო. გ-ის მიმართ.

მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განჩინებით არ იქნა დაშვებული პალატის სხდომაზე განსახილველად.

მსჯავრდებულმა ო. გ-მა 2013 წლის 1 აპრილს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განაჩენის გაუქმებისა და საქმის გამოძიებაში დაბრუნების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა უსაფუძვლობის გამო ცნობილ იქნა დაუშვებლად.

მსჯავრდებულმა ო. გ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საქართველოს სსსკ–ის 313–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შესაძლებელია, თუ გამოვლენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლში მითითებული რომელიმე საფუძველი. კანონის ეს ჩამონათვალი ამომწურავია და საჩივარში მითითებული, კასატორის მტკიცებულებით საფუძველს მოკლებული მოსაზრებები და არგუმენტები ვერ მიიჩნევა და არ წარმოადგენს კანონით დასაშვებ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის რომელიმე საფუძველს და საკასაციო პალატა მათ ვერ გაიზიარებს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ–ის 310–ე მუხლით, 313–ე მუხლის მე–3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინება, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მსჯავრდებულ ო. გ-ის შუამდგომლობის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად დასაშვებობაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი