დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.11.2013
საქმის ნომერი
2კ-106აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№106აპ-13 11 ნოემბერი, 2013 წელი

გ-ი ი.- 106აპ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ი. გ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 17 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, ხოლო საბოლოოდ - 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2011 წლის 25 დეკემბრიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ჯგუფურად და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება, რაც კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:

2010 წლის 15 მარტს, ქ. თბილისში, გ-ის ქ. #...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,საქმის გარჩევის“ დროს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ს. გ-ი. ამ საქმეზე, სხვა პირებთან ერთად, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს ზ. ტ-ი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2011 წლის 4 ოქტომბერს, ვადაზე ადრე, პირობით.

გარდაცვლილ ს. გ-ის მამამ - ი. გ-მა შურისძიების მოტივით განიზრახა ზ. ტ-ის მოკვლა. მიზნის მისაღწევად ი. გ-ი დაუკავშირდა გარდაცვლილი შვილის მეგობრებს - ი. ა-სა და დ. რ-ს, რომლებსაც ასევე სურდათ შურისძიება. ი. ა-ემ და დ. რ-მა შეიტყვეს, რომ ზ. ტ-ი გაათავისუფლეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და შეიმუშავეს მისი მოკვლის გეგმა. განზრახვის განსახორციელებლად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ და ატარებდნენ.

2011 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, პირობით მსჯავრდებულმა დ. რ-მა პრობაციის ბიუროში შეიტყო, რომ იქ უნდა მისულიყო ზ. ტ-ი, რის შემდეგ დაუკავშირდა ი. გ-ს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაელოდნენ ზ. ტ-ს, მაგრამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პრობაციის ბიუროსთან განზრახვის განხორციელება ვერ შეძლეს. ამის გამო ი. გ-ი და მისი თანამზრახველები მივიდნენ ლ-ის ქ. #...-ში მდებარე ზ. ტ-ის სახლთან, სადაც მოგვიანებით მივიდა ზ. ტ-ი. ი. გ-მა და მისმა თანამზრახველებმა ზ. ტ-ის დანახვისთანავე მისი მიმართულებით, მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გაისროლეს, რის გამოც ზ. ტ-ი გაიქცა რ-ის გამზირისაკენ. მას სროლით დაედევნენ ი. გ-ი, დ. რ-ი და ი. ა-ე, რითაც რეალური საფრთხე შეუქმნეს გამზირზე მყოფი მრავალი პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ზ. ტ-ი გადაახტა ქუჩის გასწვრივ არსებულ რკინის მოაჯირს და წაიქცა ავტომობილების სავალ ნაწილზე. მას წამოეწივნენ ი. გ-ი, დ. რ-ი და ი. ა-ე, რომლებმაც წაქცეულის მიმართულებით განაგრძეს სროლა და მიზნის მიღწევის შემდეგ მიიმალნენ. ზ. ტ-ი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მოითხოვა გამართლება, ასევე - დაცვის მხარის შუამდგომლობებთან დაკავშირებით მიღებული განჩინებების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე: ი. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 25 დეკემბრიდან.

მსჯავრდებული ი. გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ეყრდნობა საქმის განხილვის შედეგით დაინტერესებული პირების ჩვენებებს; მოწმე ხ. მ-ი დაიკითხა 2012 წლის 7 თებერვალს და ეს ჩვენება სასამართლოს წარედგინა იმავე წლის 7 სექტემბერს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომა გაიმართა 2012 წლის 2 ივლისს; დაცვის მხარემ არაერთხელ მიმართა სასამართლოსა და ბრალდების მხარეს საქმის გაცნობისა და მისი ასლების გადაცემის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა; სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ბ. ლ-ას ჩვენება, მაგრამ არ იყო ამოწურული ამ მოწმის წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა; ბრალდების მხარემ წარმოადგინა შემთხვევის ადგილის ვიდეოკადრები, რომლებზეც ჩატარდა ექსპერტიზა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით არ დადასტურდა ი. გ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა; 2011 წლის 21 დეკემბერს ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს გადასცა მტკიცებულებები, რომელთა წარდგენასაც აპირებდა სასამართლოში, ხოლო წინასასამართლო სხდომა გაიმართა 23 დეკემბერს, რითაც დაირღვა სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნა; დაცვის მხარემ შეიტყო, რომ მოსამართლე ბ. კ-ი და გარდაცვლილი ზ. ტ-ი წარმოშობით არიან სიღნაღის რაიონის სოფელ ...დან. ამასთან, გარდაცვლილის დედა და მოსამართლე ბ. კ-ი არიან მოგვარეები, რაც ამ შემთხვევაში მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის, მაგრამ აცილების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ არ განიხილა; სურვილის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოში არ დაიკითხა მსჯავრდებული; გარდა ამისა, არასწორადაა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, რადგან მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სასჯელები; ი. გ-ი ნასამართლევი იყო სსკ-ის 273-ე მუხლით, ხოლო ამნისტიით იგი გათავისუფლდა ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს: საქმის საჩივრის განხილვას ზეპირი მოსმენით და გამართლებას; დაცვის მხარის შუამდგომლობებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების გაუქმებას; ამნისტიის საფუძველზე სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას; განაჩენის სსკ-ის 59-ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. გ-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო 2011 წლის 27 დეკემბერს, ხოლო მოწმე ხ. მ-ი გამოძიების პროცესში დაიკითხა 2012 წლის 7 თებერვალს - საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ. საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება დამატებითი მტკიცებულების მიღებისას სსსკ-ის 239-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ.

ბრალდებულ ი. გ-ის ადვოკატს სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებები გადაეცა 2011 წლის 20 დეკემბერს, როცა წინასასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2012 წლის 12 იანვარს. ამის შემდეგ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და დაცვის მხარის თანხმობით, წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2011 წლის 23 დეკემბერს. შესაბამისად, დაცვის მხარეს მტკიცებულებები გადაეცა კანონით დადგენილი წესითა და ვადაში, ხოლო ის გარემოება, რომ დაცვის მხარის თანხმობით წინასასამართლო სხდომა გაიმართა ამ მტკიცებულებების გადაცემიდან 5 დღეზე ადრე, არ წარმოადგენს მათი დაუშვებლობის საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობებთან, მათ შორის - მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, გამოტანილია დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილებები.

კასატორი მიუთითებს, რომ იგი არ დაკითხეს სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ როგორც ირკვევა, ი. გ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, კანონის მოთხოვნა არც ამ შემთხვევაში დარღვეულა.

მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებით ირკვევა, რომ რუსთაველის გამზირზე ზ. ტ-ს პისტოლეტებიდან სროლით მისდევდნენ ი. გ-ი და ორი პირი. ზ. ტ-ი წაიქცა, რის შემდეგაც ი. გ-მა და მისმა თანამზრახველებმა წაქცეულის მიმართულებით განაგრძეს სროლა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაკითხულ პირთა ჩვენებები ერთმანეთს ავსებს და სრულად შეესაბამება, ხოლო მათ ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ჩვენებების ობიექტურობაზე მეტყველებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული კადრებიც.

საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მკვლელობა ჩადენილია ჯგუფურად, ასევე - მრავალ პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში საშუალებით - მრავალჯერადი გასროლით დაახლოებით 15 საათზე, რუსთაველის გამზირზე, რაზეც მეტყველებს შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი 23 მასრა, რომლებიც გასროლილია არანაკლებ ორი პისტოლეტიდან. ამასთან, გარდაცვლილის გვამზე აღინიშნებოდა 10 ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა.

რაც შეეხება ამნისტიის გავრცელების საკითხს, ი. გ-მა ბოლო დანაშაული ჩაიდინა წინა ნასამართლობის გაქარწყლებამდე, რის გამოც სსკ-ის 109-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები მას უნდა შემცირებოდა მხოლოდ ერთი მეოთხედით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ემყარება კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო პალატამ დაადგინა კანონიერი და დასაბუთებული განაჩენი.

მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს სასჯელის შემცირებას სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის განაჩენი ი. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი