საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№294აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი
ჩ-ი კ, 294აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენით კ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 წლით, სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, კ. ჩ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 8 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრელების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 12 წელი ჩაეთვალა პირობით, 13 წლის გამოსაცდელი ვადით. იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 22 მარტიდან.
(სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მარტის განაჩენით კ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდიდა 2004 წლის 18 ივლისიდან. ამდენად, იგი საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დანაშაულის ჩადენის დროისათვის – 2011 წლისათვის ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ (ნასამართლობა გაქარწყლებულად).
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-18 მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ კ. ჩ-ს თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული რეალური სასჯელი – 8 წელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით (2 წლით) და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე ერთი მეოთხედით (3 წლით) შეუმცირდა დანიშნული პირობითი მსჯავრი –12 წელი, რის შემდეგაც დარჩა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და გამოსაცდელი ვადა – 13 წელი, რომლის ერთი მეოთხედით (სამი წლითა და სამი თვით) შემცირების შემდეგ დარჩა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. კ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 22 მარტიდან.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით აღმოიფხვრა უზუსტობა და თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენის შესავალ ნაწილში კ. ჩ-ს ნასამართლობაზე, ნაცვლად ,,სამართალში მყოფისა“, მიეთითა - ,,სამართალში არმყოფი“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული კ. ჩ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 150–ე მუხლის 1-ლი და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ კ. ჩ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული 5 წელი და სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ კ. ჩ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 6-6 წელი და თითოეული დანაშაულისათვის ცალ-ცალკე სასჯელად განესაზღვრა 4-4 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, კ. ჩ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 4 წელი და 7 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი და 11 თვე ჩაეთვალა პირობით, 7 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. კ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 22 მარტიდან.
2013 წლის 22 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ. ჩ-ა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სსკ–ის 2231–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა: 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და კახაბერ ჩითინაშვილს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 22 მარტიდან. თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული კ. ჩ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ კ. ჩ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და იმის გათვალისწინებით, რომ კ. ჩ-ი განაჩენის დადგენისას იყო ნასამართლობის არმქონე, მის მიმართ გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის წესი.
ამასთან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით კ. ჩ-ს დანიშნული სასჯელის ნაწილი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ნაწილი - ჩაეთვალა პირობით, ხოლო გასაჩივრებული განაჩენით არასწორად იქნა დაანგარიშებული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, რის გამოც განაჩენი უნდა შეიცვალოს მხოლოდ ამ ნაწილში და მის მიმართ პროპორციულად უნდა იქნეს დაანგარიშებული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: კ. ჩ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 18 (თვრამეტი) დღის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რომლის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 22 მარტიდან, ხოლო 2 (ორი) წელი, 8 (რვა) თვე და 12 (თორმეტი) დღე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის, 8 (რვა) თვისა და 12 (თორმეტი) დღის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებული კ. ჩ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე