დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №719აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი
ა-ე თ., 719აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 8 დეკემბრის განაჩენით თ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 203-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილებით, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 133-ე მუხლით, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამ სასჯელმა გადაფარა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 1 მაისიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის განაჩენით თ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით კი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით თ. ა-ეს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2003 წლის 3 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განაჩენით შეიცვალა: თ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 6 თვით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 1 წლით, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენით თ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 3 წლით, მე–2 ნაწილით – 4 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით თ. აბუთიძეს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 3 დეკემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ა-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 3 დეკემბრიდან.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით შეიცვალა: თ. ა-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 10 ივნისს მსჯავრდებულმა თ. ა-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ა-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული თ. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ დანაშაულის რეციდივის მიუხედავად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 8 დეკემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისისა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენებით მსჯავრდებულს სასჯელი შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების წესით განესაზღვრა.
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი მისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენი თ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე