საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 30.06.2015
საქმის ნომერი
2კ-14აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№14აპ-15 30 ივნისი, 2015 წელი

ბ-ე ა., 14აპ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ შ. ნ-ს

ადვოკატების – ა. მ-სა და გ. კ-ს

მსჯავრდებულ _ ა. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. კ-სა და ა. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ბ-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა; ასევე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება; ასევე – ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის დადგენილებით ა. ბ-ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ასკ-ის 45-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა – 500 ლარის ოდენობით. 2013 წლის 19 ოქტომბერს თბილისში ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად ა. ბ-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

3. 2013 წლის 5 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, ტაშკენტის ქ. №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ბ-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ა. კ-ს, რის შედეგადაც მიაყენა დაზიანებები ფეხების, გულ-მკერდისა და მუცლის არეში და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ა. კ-ე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

4. ა. ბ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „P.BERETTA-ს“ მსგავსად კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და ვაზნებით, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2013 წლის 5 ნოემბერს თბილისში, ტაშკენტის ქ. №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განაჩენით ა. ბ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ა. ბ-ს 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

6. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ. ნ-მ. მან მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განაჩენის გაუქმება ა. ბ-ს გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.

7. მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. მ-მ შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორ შ. ნ-ს სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განაჩენი შეიცვალა: ა. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით – 7 წლითა და 6 თვით, 273-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6-6 თვით, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ა. ბ-ს საბოლოოდ მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 5 ნოემბრიდან 2014 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

9. კასატორები – მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – გ. კ-ი და ა. მ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია.

10. კასატორთა განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ, სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯებით მიიღო ტენდენციური გადაწყვეტილება; სასამართლო გასცდა აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და მსჯავრდებულის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის იმ ნაწილსაც შეეხო, რაც საერთოდ არ იყო სააპელაციო საჩივრის საგანი, რითიც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ რევიზია გაუკეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისათვის ა. ბ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობას, მაშინ, როდესაც აღნიშნული არ წარმოადგენდა პროკურორის სააპელაციო საჩივრის საგანს და ამით უკანონოდ გაუარესდა ა. ბ-ს სამართლებრივი მდგომარეობა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეებისა და დაზარალებულის ჩვენებებით არ დადასტურდა, რომ ა. ბ-სა და ა. კ-ს ჰქონდათ კონფლიქტი, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მოტივი; მოწმეების – ს. მ-სა და ქ. ზ-ს ჩვენებებით, მსროლელი არ იყო ა. ბ-ე; გამოძიებამ ამოიღო, თუმცა საქმეში არ მოათავსა ტაშკენტის ქ. №---ის გარე სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი და დაცვის მხარეს არაოფიციალურად გადაეცა რამდენიმეწამიანი „დაჩეხილი“ მასალა, რასაც ადასტურებს 2013 წლის 11 დეკემბრის ცნობა და დათვალიერების ოქმი, რომელიც ბრალდების მხარემ უდავოდ მიიჩნია, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით საერთოდ არ იმსჯელა; სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ა. ბ-ს იძულებაზე, ხსენებული დანაშაულის ჩადენაში ემხილა თავისივე მეგობარი და ნათესავი თ. დ-ე.

12. ხაზგასასმელია დ. თ-ზე სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებები, რომლებითაც მას აიძულებდნენ, დანაშაულის ჩადენაში ემხილა თ. დ-ე, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მომენტში არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე; მას შემდეგ, რაც მიიღეს სასურველი ჩვენება, რომლის მიხედვით, დ. თ-ე ირიბად ამხელდა ა. ბ-ს მკვლელობის მცდელობის ჩადენაში, ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა, რომ იგი არ გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე და არ ეთქვა სიმართლე, რომ ა. ბ-ე იყო უდანაშაულო; სააპელაციო სასამართლო კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ცალსახად დაეყრდნო დ. თ-ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ფალსიფიცირებულ ინფორმაციას, რომელიც, პროკურატურის ძალისხმევით, სასამართლოში ვერ გადამოწმდა; ა. ბ-ს ბრალეულობა, დ. თ-ს ჩვენების გარდა, არ დასტურდება არც ერთი სხვა მტკიცებულებით, დ. თ-ს ჩვენება კი ირიბი მტკიცებულებაა, რომელიც იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დასაშვები, თუკი ის დადასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი (სსსკ-ის 76-ე მუხლი); ბუნებაში არ არსებობს ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა. ბ-ს მიერ ა. კ-ს დაჭრას.

13. დ. თ-ს მიერ გამოძიებაში იძულებით მიცემული ინფორმაცია არ შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც მოწმის ჩვენება, რადგან მოწმის ჩვენება – ეს არის ინფორმაცია, რომელსაც მოწმე იძლევა სასამართლოში; დ. თ-ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის დეპონირებულ ჩვენებად ჩათვლა და სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემდგომში მისი სასამართლო სხდომაზე წაკითხვა საპროცესო კანონის უხეში დარღვევაა, შესაბამისად, დაუშვებელია ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

14. ა. ბ-ს ჩვენებით, იგი პოლიციამ დააკავა დ. თ-ს ცოლისძმის სახლში; პოლიციაში მას აიძულებდნენ, რომ „ხელი დაედო“ თ. დ-სათვის, რომელიც იყო მისი მეგობარი და ნათლული, ამიტომ თავდაპირველად ა. კ-ს დაჭრა აიღო თავის თავზე; აღნიშნული ჩვენება სრულად დადასტურდა მოწმედ დაკითხული გ. რ-სა და ნ. კ-ს ჩვენებებითა და ი. მ-ს გამოკითხვის ოქმით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უსამართლოდ და უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ეს ჩვენებები იმ მოტივით, რომ ისინი ცდილობენ, პასუხისმგებლობა აარიდონ მეგობარს.

15. მოწმეები – გ. ს-ე, მ. ხ-ი, ტ. ბ-ე, ნ. კ-ე, გ. რ-ე, ე., ლ. და ვ. ც-ები, გ. წ-ი და თ. ჩ-ე აცხადებდნენ, რომ ისინი შეესწრნენ ს. მ-ს საუბარს, როდესაც იგი აღწერდა ა. კ-ს დაჭრის დეტალებს და აცხადებდა, რომ მსროლელი არ იყო ა. ბ-ე; ბრალდების მხარემ აღნიშნული მტკიცებულებები და მათში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები არ გახადა სადავოდ, თუმცა სასამართლომ ისინი უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.

16. მოწმე ქ. ზ-ს ჩვენებით, ა. ბ-ე მისი გულისთვის არ დაჭრიდა ა. კ-ს, რომელიც, მისი აზრით, დაჭრა თავისმა ყოფილმა მეუღლემ თ. დ-მ, რომელსაც არაოფიციალურად ჰქონდა „ბერეტას“ მოდელის იარაღი მაყუჩთან ერთად; სააპელაციო სასამართლო საერთოდ გვერდს უვლის ამ გარემოებებს და ა. ბ-ს ადანაშაულებს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღის უკანონო შეძენასა და ტარებაში, მაშინ, როდესაც ამის ირიბი მტკიცებულებაც კი არ გააჩნია; ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულ იარაღზე არ არის ა. ბ-ს თითის ანაბეჭდები, მის ტანსაცმელს არ აღენიშნება მეტალიზაციის კვალი; აღსანიშნავია ისიც, რომ რეზინის ხელთათმანები ნაპოვნია და სამძებრო ძაღლი „ჯინა“ წავიდა ა. ბ-სა და დ. თ-ს მოძრაობის საპირისპიროდ, ანუ იმ მხარეს, საითაც ა. ბ-ს საერთოდ არ გაუვლია; დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში უდავოდ ცნობილ, ტაშკენტის ქუჩაზე ს/ს „საქართველოს ბანკისა“ და „მედი ქლაბ ჯორჯიას“ სათვალთვალო ვიდეოკამერებით 2013 წლის 5 ნოემბერს განხორციელებულ ჩანაწერებში არ ჩანს ა. ბ-ე, რითიც დასტურდება მისი უდანაშაულობა.

17. ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--- დასკვნის თანახმად, „შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი თეთრი ფერის სამედიცინო ხელთათმანებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ ა. ბ-ს ტანსაცმლიდან და მისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების“; ხელის კვლები არ გამოვლინდა პისტოლეტზე, მჭიდსა და ხელთათმანებზე; ა. ბ-ს ტანსაცმელზე რაიმე სახის მეტალის კვალი არ დაფიქსირდა; აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს საერთოდ არ ახსენებს სააპელაციო სასამართლო და არ ცდილობს, გააქარწყლოს ან რაიმე ლოგიკური მსჯელობა შემოგვთავაზოს მოცემულ მტკიცებულებებზე; უბრალოდ იგნორირებას უკეთებს ა. ბ-ს აშკარა გამამართლებელ ფაქტობრივ გარემოებებს.

18. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის №--- დასკვნის თანახმად, არ არის დადგენილი ა. ბ-ს მარჯვენა ხელის ანაწმენდსა და ქურთუკის სახელოზე რა რაოდენობის სტიბიუმისა და ბარიუმის კვალი იქნა აღმოჩენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, გამოძიებას არ აწყობდა რა ქიმიური ელემენტების ოდენობის დაფიქსირება, ექსპერტიზის მიერ დასკვნაში საერთოდ არ აისახა აღნიშნული; დასკვნაში არაფერია თქმული ა. ბ-ს ტანსაცმელსა და ხელის ანაწმენდზე დიფენილამინის კვალის აღმოჩენის თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ბ-ს ტანსაცმელსა და ხელის ანაწმენდზე დარჩენილი ქიმიური შემადგენლობები არ არის დარჩენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად (ა. ბ-მ გ. რ-სთან გაისროლა საახალწლო შუშხუნა).

19. ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაადასტურა ექსპერტმა ზ. ო-მ, NO2 არის მაღალი ტემპერატურის წვის დროს გამოყოფილი გაზისებრი კომპონენტი, რომელიც გამოიყოფა თითქმის ნებისმიერი ნივთიერების წვის დროს (მათ შორის – შუშხუნის, დენთის და ა.შ.); მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად უგულებელყო მოცემული განმარტება და ტენდენციურად არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა.

20. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა გ. რ-ს მიერ წარმოდგენილი საბავშვო ბაღის გარე სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი (რომლითაც დგინდება, რომ 2013 წლის 5 ნოემბერს ა. ბ-ე გ. რ-სთან საბავშვო ბაღში მივიდა 20 საათსა და 52 წუთზე) იმ მოტივით, რომ შენობაში შემსვლელი პირის ქურთუკის ფერი არ ემთხვევა მოწმეების მიერ აღწერილი ა. ბ-ს ქურთუკის ფერს; ცნობილი ფაქტია, რომ გარე სათვალთვალო კამერა ღამის საათებში ინფრაწითელი სხივების მეშვეობით განსხვავებულ ფერებში აღიქვამს მატერიას; ა. ბ-ს შემთხვევის დღეს, ამოღებისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, ეცვა ტყავისა და ნაჭრის კომპონენტებისაგან შეკერილი ქურთუკი, ამიტომ ღამით ინფრაწითელ კამერაში ტყავისა და მატერიის შემადგენლობა აღიქმება სხვადასხვა ფერად.

21. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართულ სურათებში ნათლად ჩანს, თუ როგორ კარგად არის განათებული შემთხვევის ადგილი, ამიტომ გამორიცხულია, ს. მ-ს ვერ ეცნო თავისი ალალი დეიდაშვილი ა. ბ-ე; მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ირწმუნეს გარეშე პირების მონათხრობი, რეალური, ობიექტური გარემოებებისა და ფაქტების საწინააღმდეგოდ.

22. კასატორთა აზრით, ა. კ-სა და სასულიერო პირის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერიდან აშკარად იკვეთება დანაშაულის ჩამდენი პირი და მოტივი; ამ ჩანაწერის სამართლებრივ შეფასებას სააპელაციო სასამართლო გვერდს უვლის; რაც შეეხება თ. დ-ს, მან 2013 წლის 4 ნოემბერს გადაკვეთა საქართველოს საზღვარი თურქეთის მიმართულებით და ოფიციალურად საქართველოში არ დაბრუნებულა, თუმცა 2013 წლის 9 ნოემბერს დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას და ამჟამად იხდის სასჯელს.

23. დაზარალებულ ა. კ-ს არ დაუნახავს, თუ ვინ ესროლა; მისი აზრით, მსროლელს სურდა მისი დაჭრა და არა – მოკვლა; მოკვლა რომ ნდომებოდა, მსროლელი დაახლოებით 2 მეტრში იმყოფებოდა და საკონტროლო გასროლით ა. კ-ს მოკვლა პრობლემას არ წარმოადგენდა, მით უფრო, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იარაღში იყო ერთი გაუსროლელი ვაზნა; აღნიშნულის გამო, ა. კ-ს მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და არა – სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით.

24. საჩივრის ავტორთა აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება, ხოლო ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია ახალი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა ა. ბ-ს შემხებლობა ხსენებულ საქმესთან, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონის არაერთი მოთხოვნა, არასწორად განმარტა კანონის მუხლები, მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და რევიზია გაუკეთა განაჩენის იმ ნაწილსაც, რომელსაც არც ერთი მხარე სადავოდ არ ხდიდა და დაამძიმა ა. ბ-ს სამართლებრივი მდგომარეობა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატები – გ. კ-ი და ა. მ-ე ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განაჩენის შეცვლას: ა. ბ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, მე-19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით მისთვის სასჯელის ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რაც ჩაეთვლება პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საკასაციო პალატამ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიიჩნიოს ა. ბ-ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარების ფაქტი, კერძოდ:

2. მოწმე გ. ს-მ აჩვენა, რომ ა. ბ-ე მისი შვილის ნათლიაა და იცნობს დაახლოებით 1992-1993 წლებიდან, ის ასევე მისი მამიდაშვილის - ა. კ-ს მამიდაშვილია. ა. კ-ე დაავადებულია C ჰეპატიტითა და შიდსით, რის გამოც, სამკურნალოდ ინფექციურ საავადმყოფოში უწევდა კვირაში ერთხელ მისვლა და ამიტომ მომხდარ ფაქტამდე მასთან ხშირად რჩებოდა, თუმცა ხანდახან სხვა ნათესავებთანაც მიდიოდა. ნ. მ-ს იცნობდა ა. კ-სა და ა. ბ-საგან, ის ა. კ-ს მამიდაშვილია. ა. ბ-ე და ნ. მ-ი დეიდაშვილები არიან. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ა. კ-ე გაშორდა მეუღლეს, 2-3 თვე ბათუმში იყო, შემდეგ - მონასტერში, შემდეგ კი მკურნალობის მიზნით - თბილისში. ა. კ-ს და ა. ბ-ს ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაუფუჭდათ ურთიერთობა, თუმცა მიზეზი არ იცის. ქ. ზ-ს იცნობს ა. კ-საგან, იგი არის მისი მამიდაშვილი, ის მეუღლეს ასევე გაშორებულია; ამ საკითხთან დაკავშირებით იცის ბათუმში გავრცელებული ჭორის შესახებ, რომ ა. კ-სა და ქ. ზ-ს ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა. აღნიშნული ქ. ზ-ს მეუღლემ თ. დ-მ დაიჯერა და ისინი განქორწინდნენ. მოწმემ განაცხადა, რომ ხშირად უნახავს ა. და ქ. ერთად. 2013 წლის 5 ნოემბერს დაურეკა ა. კ-მ და უთხრა, რომ სამსახურის შემდეგ გაევლო ნ. მ-თან, ვისთანაც სუფრა იშლებოდა. სუფრის ერთ-ერთ წევრს - ს. მ-ს სიგარეტი გაუთავდა და ჩავიდა მაღაზიაში საყიდლად, მას ა. კ-ე გაჰყვა. დაახლოებით ორ წუთში ს-ს მეუღლის ტელეფონზე გაისმა ზარი, შეიტყვეს, რომ ა. კ-ე იყო ცუდად. სუფრის წევრები ჩავიდნენ ეზოში, ა. კ-ე ძირს იწვა და იგინებოდა. ფეხებთან დაინახა სისხლი და მიხვდა, რომ ის იყო დაჭრილი. ს. ყვიროდა, რომ ავტომანქანა ვერ გავიდოდა ეზოდან, რა ავტომანქანას გულისხმობდა ს., მისთვის უცნობია. მომხდარის შემდეგ ს. მ-ი ბევრჯერ ნახა, ის საავადმყოფოში მიდიოდა ხოლმე და მომხდართან დაკავშირებით საუბრობდნენ. ს. მ-მა უთხრა, რომ სროლის დროს სილუეტი დაინახა, რომელმაც ავტომანქანასთან მიირბინა და სწორედ ამ მანქანას გულისხმობდა შემთხვევის დროს. მოწმემ დაადასტურა, რომ ეზო კორპუსის მხარეს განათებულია, ,,არკა“ კი - ჩაბნელებული. როგორც ს. მ-ი ამბობდა, მსროლელი ა. ბ-ე რომ ყოფილიყო, იცნობდა.

3. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სუფრის სხვა წევრებმაც, მოწმეებმა - ნ. მ-მა, დ. ლ-მ და მ. ხ-მა.

4. დაზარალებულმა ა. კ-მ აჩვენა, რომ ა. ბ-ე მისი მამიდაშვილია. ქ. ზ-ე არის ასევე მისი მამიდაშვილი, ხოლო ქ. და ა. არიან დეიდაშვილები. მას ა. ბ-სთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა ბოლო პერიოდში უკვე აღარ ჰქონდა ურთიერთობა. ქ. და ა. ერთმანეთთან, როგორც იცის, ბოლო პერიოდში აღარ კონტაქტობდნენ. მას ქ-სთან დაძმური ურთიერთობა აქვს. ქ. ზ-ე ქორწინებაში იყო თ. დ-სთან, თუმცა ამჟამად არის განქორწინებული, მას ასევე გაცნობის დღიდან კარგი ურთიერთობა აქვს თ. დ-სთან. მისთვის უცნობია ქ. ზ-სა და თ. დ-ს განქორწინების მიზეზი. მოწმემ განაცხადა, რომ 2013 წლის 5 ნოემბერს იმყოფებოდა ნ. მ-თან სუფრაზე. საღამოს ს. მ-ს გაჰყვა მაღაზიაში, ეზოში ჩასვლისას ,,არკაში“ ყოფნისას ესროლეს. იმ დროისათვის უკვე ბნელოდა. პირველი ტყვიის მოხვედრა ვერ იგრძნო, ეგონა იყო შაშხანა, შემდეგ კი მიხვდა, რომ ვიღაცა ცეცხლსასროლ იარაღს ესროდა ზურგის მხრიდან. მან ს-ს მიარტყა ხელი, მობრუნდა, მაგრამ შუქი მიენათა და ვერ დაინახა ვერავინ. ს. ყვიროდა, უცნობებს მიმართავდა სასწრაფო დახმარება გამოეძახათ. მოწმემ დაადასტურა, რომ მას არ დაუნახავს, ვინ ესროდა, დაინახა ადამიანი, რომელიც გარბოდა, თუმცა სქესის იდენტიფიცირებაც ვერ შეძლო. მოწმემ განმარტა, რომ არ სჯერა, რომ ა. ბ-ე ჩაიდენდა მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას.

5. მოწმე ს. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა. ბ-ე მისი დეიდაშვილია, დაზარალებული ა. კ-ე ასევე მისი ნათესავია, ისევე როგორც - ა. ბ-ს. მისი განმარტებით, ა. კ-ე სამკურნალო პროგრამაში იყო ჩართული და ყოველ სამშაბათს ნემსის გასაკეთებლად ჩამოდიოდა თბილისში და რჩებოდა ან მის დასთან - ნ. მ-თან, რომელიც ცხოვრობდა ვაჟა-ფშაველას ---ში, ან თავის ბიძაშვილთან - გ. ს-სთან, რომელიც აგრეთვე ცხოვრობდა ვაჟა-ფშაველას კვარტალში. მოწმემ აჩვენა, რომ 2013 წლის 5 ნოემბერს ნ. მ-თან იმყოფებოდა, სადაც ასევე იყო ამ უკანასკნელის მეუღლე, და, ა. კ-ე და გ. ს-ე. დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე ის და ა. კ-ე ჩავიდნენ მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად; ,,არკიდან“ გასვლისას გაიგეს გასროლის ხმა, 2-3 მეტრით წინ დაინახა ნაპერწკალი ასფალტზე, რაც მაშხალა ეგონა, თუმცა აღნიშნულს მოჰყვა რამდენიმე გასროლა, ის რაღაც მომენტში მოტრიალდა და დაინახა მსროლელის ხელი, შემდეგ კი - წაქცეული ა. კ-ე. იქვე 20-30 მეტრში, ხელმარცხნივ, კალათბურთის მოედანთან, დაინახა ავტომანქანა, რომელიც უკვე დაძრული იყო და სილუეტი, რომელიც ავტომანქანისკენ გარბოდა. იგი შველას ითხოვდა. როგორც ახსოვს, მეუღლესთან დარეკვაც მოახერხა. აზრზე რომ მოვიდა, ძალიან ბევრი პოლიციელი იყო, შემდეგ პოლიციელებს ეძებდა და ყვიროდა, რომ ეზოს სხვა გასასვლელი არ აქვს, ავტომანქანა კი ეზოში იყო და მოეძებნათ. ,,არკაში“ არანაირი განათება არ იყო და ბნელოდა. მისი განმარტებით, მან სროლის დროს დაინახა იარაღიანი ხელი იდაყვიდან. მსროლელს, როგორც ახსოვს, შავი ტანსაცმელი ეცვა. მოწმემ განმარტა, რომ მის მიერ დანახული სილუეტი ა. ბ-ე რომ ყოფილიყო, აუცილებლად იცნობდა.

6. მოწმე ქ. ზ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ა. ბ-ე არის მისი დეიდაშვილი, ხოლო დაზარალებული ა. კ-ე მისი ბიძაშვილია. ა. კ-ე და ა. ბ-ე არიან ბიძაშვილ-მამიდაშვილები. რამდენიმე წელია ა. ბ-სთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, ხშირად ჩხუბობდნენ. ა. კ-სთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ა. კ-ს და ა. ბ-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ბავშვობიდან, მაგრამ პერიოდულად რიგდებოდნენ, თუმცა ეს ურთიერთობა არ იყო ისეთი, რომ ერთმანეთი სასიკვდილოდ გაემეტებინათ. თ. დ-სთან განქორწინებულია, რადგან ბათუმში გავრცელდა ჭორი, რომ თითქოსდა მას და ა. კ-ს ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა, რის გამოც თ. დ-მ სცემა და უთხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ა. კ-ს არსად გადაეყრებოდა. მოწმემ განაცხადა, რომ თ. დ-ს ჰქონდა იარაღი ე.წ. ,,ბერეტა’’ მაყუჩით, ტყვიები კი იყო გრძელი, მაკაროვისმაგვარი.

7. მოწმე თ. დ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ა. ბ-ე მისი მეგობარი და ნათლიაა. 2013 წლის 4 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე იმყოფებოდა სტამბულში, საიდანაც არალეგალურად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და გადმოსვლისას დააკავეს. წაიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც ხალხი ლაპარაკობდა ა. ბ-სა და ა. კ-ს საქმეზე. ,,კაპეზეში” გამომძიებლებმა ასევე უთხრეს მომხდარი ამბავი, კერძოდ ის, რომ ა. ბ-მ ესროლა ა. კ-ს. ის იმყოფებოდა ქორწინებაში ქ. ზ-სთან, ქორწინებამდე პერიოდიდან იცნობს ა. კ-ს. ბ-ე და კ-ე ნათესავები არიან. იცის, რომ კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ ა. ბ-სთან არც ა. კ-ს და არც ქ. ზ-ს. ა. და ქ. ნათესავები არიან. ასევე მეუღლისგან იცის, რომ ბინძურად ჭორაობდნენ, თითქოს ა-სა და ქ-ს ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა, თუმცა მას არ დაუჯერებია ჭორი, შესაბამისად, არც გაურკვევია. ა. კ-ე ჩვეულებრივ მიდიოდა მასთან სახლში და ჰქონდა ურთიერთობა, არც ულაპარაკიათ ჭორებთან დაკავშირებით. მისთვის უცნობია, იცოდა თუ არა ა. ბ-მ ჭორების შესახებ. მოწმემ დაადასტურა, რომ მეუღლესთან ჭორებთან დაკავშირებით არ უჩხუბია. განქორწინების მიზეზი იყო ის, რომ ქ. თბილისელი იყო, ის კი - ბათუმელი, ქ-ს მშობლები თბილისში ჰყავდა და არ შეეძლო ბათუმში ცხოვრება. ა. კ-ს მოკვლით არ დამუქრებია, ამასთან, ცეცხლსასროლ იარაღებთან არასდროს ჰქონია შეხება და არც არასდროს ჰქონია. მისი მეუღლე გარკვეულია თუ არა იარაღებში, არ იცის.

8. მოწმე ლ. ხ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის შსს საექსპერტო დაწესებულების მთავარი ექსპერტი. მან დაადასტურა მის მიერ 2013 წლის 6 ნოემბერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც, იარაღის ლულიდან აღებულ ანაწმენდზე დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის - NO2-ის არსებობა დაფიქსირდა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა; მანვე დაადასტურა 2013 წლის 8 ნოემბერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა. ბ-სა და დ. თ-ს ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის - NO2-ის არსებობა დაფიქსირდა ა. ბ-ს ქურთუკის გულისპირსა და ორივე სახელოზე, ტყვიის კაფსულაში შემავალი კომპონენტების -სტიბიუმისა და ბარიუმის არსებობა დაფიქსირდა ა. ბ-ს ქურთუკის მარჯვენა სახელოზე. სამედიცინო ხელთათმანზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის - NO2-ის და ტყვიის კაფსულაში შემავალი კომპონენტების - სტიბიუმისა და ბარიუმის არსებობა. ტყვიის კაფსულაში შემავალი კომპონენტების - სტიბიუმისა და ბარიუმის არსებობა დაფიქსირდა ა. ბ-ს მარჯვენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე. ცილინდრული ფორმის მეტალის საგნიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის - NO2-ის არსებობა. გასროლის შემდეგ ა. ბ-ს ქურთუკზე, სამედიცინო ხელთათმანზე და ცილინდრული ფორმის მეტალის საგნიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირებული NO2-ის მიხედვით დენთის იდენტიფიკაცია შეუძლებელია.

9. მოწმე ლ. ხ-მ ასევე განმარტა, რომ NO2 არის დენთის წვის პროდუქტი - გაზი, რომლიც წარმოიქმნება გასროლის შედეგად. NO2 პირის ტანსაცმელზე შეიძლება მოხვდეს გასროლის პროცესში, შესაძლებელია ადამიანს დაეფინოს ტანსაცმელზე ან სხეულზე. სტიბიუმი და ბარიუმი არის ტყვიის კაფსულის შემადგენელი კომპონენტები და გასროლის შედეგად ანალოგიურად რჩება ტანსაცმელსა და სხეულზე. შესაძლებელია, NO2 ყოფით ცხოვრებაში დაფიქსირდეს, ნებისმიერი ნიტრო ჯგუფის შემცველმა ნაერთმა შეიძლება დატოვოს ანალოგიური კვალი. სტიბიუმი და ბარიუმი ნაკლებ გავრცელებულია, ამიტომ ნაკლები შანსია საყოფაცხოვრებო ან გარემო პირობებიდან მათი ადამიანის სხეულზე ან ტანსაცმელზე დარჩენა. დასკვნაში მითითებული დენთის წვის პროდუქტის - NO2-ის არსებობა და ტყვიის კაფსულის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების - სტიბიუმისა და ბარიუმის არსებობა შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ გასროლა ნაწარმოებია.

10. მოწმე ტ. ბ-ს ჩვენების თანახმად, ა. ბ-ს დიდი ხანია იცნობს. 2013 წლის 5 ნოემბერს, ღამის პირველიდან ორის ნახევრამდე, თ. ჩ-მ, ა. ბ-ს დედის მ. ა-ს მეუღლემ, დაურეკა და სთხოვა გაგარინის ქუჩაზე მდებარე პოლიციაში გაევლო, რადგან ა. ბ-ე ჰყავდათ დაკავებული, სავარაუდოდ, ა. კ-ს დაჭრის გამო. გამომძიებლის ოთახში დაინახა ა. ბ-ს დეიდაშვილები, მათი მეუღლეები - დ. და მ., ასევე ა. კ-ს და. მათ უთხრეს მომხდარის შესახებ, კერძოდ ის, რომ ს. მ-ს და ა. კ-ს მაღაზიაში ჩასვლისას, ,,არკაში“ მოხდა გასროლა და დაიჭრა ა.. ასევე მივიდნენ ა. ბ-ს მეუღლე ი., მეგობარი ს. და ადვოკატი. დაახლოებით დილის 5 საათზე პოლიციის შენობიდან გამოვიდა ს. მ-ი და დანარჩენები, მან გვერდით გაიყვანა ს. მ-ი და ჰკითხა, თუ რა შუაში იყო ა. ბ-ე, რაზეც ს. მ-მა უთხრა, რომ მასაც უკვირდა, თუ რატომ დაიჭირეს ა. ბ-ე. მანვე უთხრა, რომ ა. არ ყოფილა, ის მას სუნითაც იცნობდა. მან დაინახა სუსტი, საშუალო ტანის ბიჭი, რომელსაც კეპი ეხურა და გარბოდა. მეორე დღეს ოჯახის წევრები შეხვდნენ, რა დროსაც ს. მ-მა უთხრა, რომ მას პოლიციაში უთხრეს, თითქოს მომხდარი ა. ბ-ს გაკეთებული იყო, რასაც თავად ა. ბ-ც ადასტურებდა და თვითონ რატომ არ ადებდა ხელს. მოწმემ განმარტა, რომ ა. კ-ს და ა. ბ-ს არასდროს ჰქონიათ ურთიერთკონფლიქტი.

11. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა - ვ. ც-მ, გ. წ-მა, ლ. ც-მ, ე. ც-მ და თ. ჩ-მ განმარტეს, რომ ს. მ-ი გაოგნებული იყო, თუ რატომ იღებდა ა. ბ-ე თავის თავზე მომხდარს. იგი აბსოლუტურად გამორიცხავდა ა. ბ-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნას. მოწმეებმა გამორიცხეს ა. ბ-სა და ა. კ.ს შორის რაიმე ისეთი კონფლიქტის არსებობა, რაც ბრალდებულს ჩაადენინებდა მომხდარს.

12. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ, მოწმე ნ. კ-ს ჩვენების თანახმად, ა. ბ-ე არის მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლია. როგორც მისთვის ცნობილია, ა. ბ-ე დაკავებულია ა. კ-ს დაჭრის გამო. 2013 წლის 5 ნოემბერს მივიდა მეგობართან საბავშვო ბაღში, სადაც დახვდნენ გ. რ-ე და ა. ბ-ე, ეს უკანასკნელი არაადეკვატურად იქცეოდა, იყო ცოტა ,,აცანცარებული“. ა-მ უთხრა, რომ მარიხუანა ჰქონდა მოწეული და ,,დაბოლილი“ იყო. აღნიშნულის შემდეგ ისინი იყვნენ გ. რ-ს ოჯახში, საიდანაც გადაწყვიტეს ნ. კ-ს სახლში წასვლა. გარეთ გასვლისას ა. ბ-მ საბავშვო ბაღიდან წამოღებული მაშხალა დაანთო. სახლში მისვლიდან დაახლოებით 15-20 წუთში ა. ბ-ს ტელეფონზე დაურეკეს, ამ უკანასკნელმა წასვლა გადაწყვიტა, რადგან მეგობრისათვის ღვინო უნდა მიეცა. ნ. კ-მ ტაქსი გამოიძახა, რა დროსაც ოპერატორს მიმართულებად საბურთალო მიუთითა, როგორც ეს ა. ბ-მ უთხრა. აღნიშნულის შემდეგ ნ. კ-სათვის ცნობილი გახდა, რომ ა. ბ-ე დაიჭირეს ა. კ-ს დაჭრის გამო. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიციიდან გამოსულმა ს. მ-მა თქვა, რომ რა შუაში იყო ა. ბ-ე, არ იცოდა. ს-მ ასევე განმარტა, რომ ა. ბ-ე იქ არ იყო, რადგან რომ ყოფილიყო, ის იცნობდა. მოწმემ განმარტა, რომ ის საბავშვო ბაღში საღამოს ცხრის ნახევრისთვის მივიდა და აღელვება ა. ბ-სათვის არ შეუმჩნევია.

13. ა. ბ-ს საბავშვო ბაღში მისვლისა და ,,ბენგალიური“ შუშხუნების დანთების ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. რ-მაც.

14. მოწმე ჯ. ჩ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, მან მეგობარ გ. მ-ს თხოვნით მონაწილეობა მიიღო ექსპერიმენტში, დაიჭირა ე.წ. შუშხუნა, რომლის დაწვის შემდეგაც მისი ქურთუკიდან აიღეს ნიმუში და ჩაატარეს ექსპერიმენტი, რასაც ვიდეოკამერით იღებდნენ. მოწმემ დაადასტურა, რომ საადვოკატო ბიუროში შემთხვევით მოისმინა ვინმე თ-ს ნათქვამი, რომელსაც ,,--“ ეძახდნენ, რომ გამოძიებას რა ჩვენებაც მისცა, ის იყო არასწორი. მოყვა, რომ ის და ა. ბ-ე იმ მომენტში ერთად იყვნენ და მას არ უსვრია. ა-მ კი სთხოვა ხელი მისთვის დაედო, რადგან ვინმე დ-სთვის სთხოვდნენ ხელის დადებას.

15. მოწმე ზ. ო-ს ჩვენების თანახმად, ის არის დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს ,,ვექტორის” ექსპერტი. მან დაადასტურა მის მიერ 2014 წლის 14 იანვარს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც, საახალწლო შუშხუნები ე.წ. ,,ბენგალიური სანთლები” დაუმწვარ მდგომარეობაში შეიცავს ისეთ ქიმიურ ელემენტებს, როგორიცაა სტიბიუმი და ბარიუმი. მისი მოხმარების შედეგად გარემოში გამოიყოფა აღნიშნული ქიმიური ელემენტები. რაც შეეხება NO2 -ის აღმოჩენას - აზოტისა და ჟანგბადის ნაერთი ძალიან მსუბუქი ელემენტების ნაერთია, იგი სპექტრომეტის ფანჯარაში ვერ ხვდება და, შესაბამისად, კვლევის მოცემული მეთოდით NO2-ის აღმოჩენა შეუძლებელია. მოწმემ განმარტა, რადგან შუშხუნის ანთების შემდეგ ადგილი აქვს ეგზოთერმულ რეაქციას და ტემპერატურის ადიაბატურ მატებას, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბარიუმის და გოგირდის ჭარბი რაოდენობისას წარმოიქმნება და გამოიყოფა ატმოსფეროში NO2-ის კომპლექსური ნაერთი. მოწმემ დაადასტურა, რომ შუშხუნის წვის შედეგად NO2, რომ წამოიქმნება, ფაქტია, მაგრამ მოხვდებოდა თუ არა ის ხელზე, ამასთან დაკავშირებით ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია.

16. ბრალდებულმა ა. ბ-მ არ ცნო თავი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და განმარტა, რომ 2013 წლის 5 ნოემბერს დააკავეს და ბრალი წაუყენეს ა. კ-ს დაჭრის გამო, რასთან დაკავშირებითაც მან მისცა არასწორი ჩვენება, რადგანაც იმყოფებოდა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ. რეალურად კი 2013 წლის 5 ნოემბერს დ. ს-სთან ერთად დოლიძის ქუჩაზე იმყოფებოდა დაახლოებით 5 საათამდე, სადაც აგრეთვე იყო მისი მეგობარი ლ. ა-ე. შემდეგ ბუდაპეშტის ქუჩაზე მივიდა დ. თ-სთან, რომლისთვისაც უნდა მიეცა ღვინო. დ. თ-მ მეგობარს გამოართვა ავტომანქანა და ქალაქში მოძრაობდნენ. მან უთხრა დ. თ-ს, რომ ჰქონდა მარიხუანა, რაზეც თ-მ უპასუხა, რომ არ ეწეოდა. დ. თ-მ შეუხვია ტაშკენტის ქუჩაზე და ავტომანქანა ,,არკაში“ შეაყენა. ა. ბ-მ მოწია მარიხუანა, ხოლო 1-2 წუთში სროლის ხმა გაიგო. რადგან იყო „კაიფში“ და ადრეც ჰქონდა პოლიციასთან პრობლემები, დ. თ-ს უთხრა, რომ გასცლოდნენ იქაურობას. დ. თ-მ ავტომანქანა დაძრა, მაგრამ გასასვლელი არ აღმოჩნდა, რის გამოც ფეხით გადავიდნენ ვაჟა-ფშაველაზე, ჩავიდნენ პეკინის ქუჩაზე და დაშორდნენ ერთმანეთს. ის ტაქსით წავიდა გ. რ-სთან საბავშვო ბაღში, სადაც ნახა შუშხუნა მწვანე ყუთში, რომელიც ეზოში დაანთო. შემდეგ წავიდნენ ნ. კ-სთან სავახშმოდ, რა დროსაც დაურეკა დ. თ-მ და სთხოვა ბუდაპეშტის ქუჩაზე მისვლა. მათ ავტომანქანა უნდა წამოეყვანათ და ასევე ა. ბ-ს ღვინო უნდა მიეცა. ის დაუკავშირდა ოჯახის ახლობელ ს. მ-ს, რომელსაც ღვინო ჰქონდა, დაახლოებით თერთმეტის ნახევარი იქნებოდა. შემდეგ კარზე იყო კაკუნი და პოლიციამ დააკავა, მაშინ იფიქრა, რომ მარიხუანას მოწევის გამო აკავებდნენ. პოლიციაში სთხოვდნენ ეთქვა, რომ თ. დ-მ დაჭრა ა. კ-ე, რაც აბსურდი იყო, რის გამოც თქვა, რომ მან თავად ჩაიდინა აღნიშნული ქმედება, რაც ასევე ტყუილია.

17. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე დ. თ-ს ჩვენების თანახმად, 2013 წლის 4 ნოემბერს ჩამოვიდა სტუმრად თბილისში ცოლის ძმასთან - გ. ბ-სთან. 2013 წლის 5 ნოემბერს დაუკავშირდა მობილური ტელეფონის საშუალებით მეგობარ ა. ბ-ს და სთხოვა შეხვედრა ბუდაპეშტის ქუჩაზე, დაახლოებით 1930 საათზე ა. ბ-ე და ის სეირნობდნენ ბუდაპეშტის ქუჩაზე, რა დროსაც საუბრობდნენ სხვადასხვა საკითხზე; საუბრისას ასევე შეეხნენ ა. ბ-ს ნათესავების - ქ. ზ-სა და ა. კ-ს ურთიერთობას. აღნიშნულის შემდეგ დაურეკა მეგობარ თ. ბ-ს, რომელსაც სთხოვა ავტომანქანა BMW-545. ის ა. ბ-სთან ერთად მოძრაობდა საბურთალოს ტერიტორიაზე, რა დროსაც ა. ბ-მ უთხრა, რომ ვიღაც ჰყავდა სანახავი, როგორც შემდგომში შეიტყო - ა. კ-ე. ტაშკენტის ქუჩიდან შევიდნენ და გაჩერდნენ ვაჟა-ფშაველას გამზირის N---ის ეზოში. დაახლოებით 20:40 საათზე ავტომანქანასთან ჩაიარა ა. კ-მ თანმხლებ ქალბატონთან ერთად, რა დროსაც ავტომანქანიდან სწრაფად გადავიდა ა. ბ-ე და გააგრძელა მოძრაობა მათი მიმართულებით. რამდენიმე წამში გაიგონა სამი-ოთხი გასროლის ხმა, გასროლის ხმები არ იყო მკვეთრი და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ გასროლა მოხდა ხმის ჩამხშობის გამოყენებით. გასროლიდან რამდენიმე წამში სწრაფად მივიდა ა. ბ-ე, რომელიც იყო შეშინებული და დაბნეული. ის იძახდა, რომ მოკლა ა. კ-ე, რის შემდეგაც მან სწრაფად დაძრა ავტომანქანა და დააპირა ეზოდან გასვლა, მაგრამ არა იმ გზით, საიდანაც შევიდა, რადგანაც ,,არკის“ ქვეშ მოხდა გასროლისა და დაჭრის ფაქტი. ვინაიდან გასასვლელი ვერსად იპოვა, გააჩერა ავტომანქანა, სწრაფად გადმოვიდა და სირბილით გადაკვეთა ვაჟა-ფშაველას გამზირი, შორიახლოს მორბოდა ასევე ა. ბ-ც. დ. თ-მ ალ. ყაზბეგის გამზირზე გააჩერა ტაქსი და მივიდა ბუდაპეშტის ქუჩაზე, ცოლის ძმის ბინაში, სადაც მალევე მივიდა ა. ბ-ე. მას მომხდარი არ შეუტყობინებია სამართალდამცავი ორგანოებისთვის. დაახლოებით 2300 საათზე ბინაში გამოცხადდნენ პოლიციის მუშაკები, რომლებმაც ბინაშივე დააკავეს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო. პოლიციის მუშაკებმა ბრალდებულის სახით დააკავეს აგრეთვე ა. ბ-ც.

18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან ერთადერთი, რომელიც უშუალოდ მიუთითებს ა. ბ-ს მიერ ა. კ-ს მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ფაქტს, არის მოწმე დ. თ-ს ჩვენება, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე მოწმის გამოუცხადებლობის გამო.

19. დ. თ-ს ჩვენების გამოქვეყნებასათან დაკავშირებით საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ დ. თ-ს მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის მოწმის ჩვენებად აღქმა და მისი სასამართლო სხდომაზე წაკითხვა საპროცესო კანონის უხეში დარღვევაა და მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული ჩვენების მოწმის ჩვენებად ჩათვლა და მისი გამოქვეყნება შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე და 243-ე მუხლის მოთხოვნებს.

20. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ დ. თ-ს ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს შემდეგ გარემოებათა გამო:

21. პირველ ყოვლისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. თ-ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ ა. ბ-მ დაჭრა ა. კ-ე, თავისი სამართლებრივი ბუნებით არის მოწმის ირიბი ჩვენება (რაც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ), ვინაიდან ეფუძნება სხვა პირის - ამ შემთხვევაში ა. ბ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო ამ უკანასკნელმა კი უარყო მის მიერ აღნიშნული ინფორმაციის თ-სთვის მიწოდება.

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც საკასაციო პალატას, იმის გათვალისწინებით, რომ დ. თ-ს ირიბი ჩვენების გარდა სხვა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ ადასტურებს ა. ბ-ს მიერ ა. კ-ს დაჭრის ფაქტს, მიაჩნია, რომ იგი ვერ გახდება ბ-ს მსჯავრდების საფუძველი.

23. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

24. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

25. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს[1] და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს.[2] ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.[3]

26. ზემოაღნიშნული პრინციპის მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ხაზგასმული. თუმცა, ამავე დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ამ პრინციპიდან გამონაკლისი დასაშვებია, მაგრამ ამან არ უნდა შელახოს დაცვის მხარის უფლებები. მსჯავრდება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ან მეტწილად იმ დაუსწრებელი მოწმის ჩვენებას, ვისი გამოკითხვის შესაძლებლობაც არ ჰქონდა განსასჯელს არც გამოძიების მიმდინარეობისას და არც სასამართლო პროცესზე, როგორც წესი, ჩაითვლება მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანობის მოთხოვნასთან („ერთადერთობის ან მეტწილობის წესი“) შეუსაბამოდ. თუმცა ეს არ არის აბსოლუტური წესი, რომელიც მოუქნელობით ხასიათდება და არ ითვალისწინებს კონკრეტული სამართლებრივი სისტემის განსაკუთრებულობას. შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენებაა ერთადერთი ან მეტწილი მტკიცებულება განსასჯელის წინააღმდეგ, მტკიცებულებად მისი მიღება ავტომატურად არ იწვევს 6.1 მუხლის დარღვევას. ამავდროულად, იმ შემთხვევებში, როდესაც მსჯავრდება მხოლოდ ან მეტწილად ეფუძნება ე.წ. ,,დაუსწრებელი მოწმის“ ჩვენებას, სასამართლომ საქმისწარმოება უნდა განიხილოს განსაკუთრებული ყურადღებით. ასეთი მტკიცებულების დაშვების საფრთხიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მისი დაბალანსება და სწორედ ეს მოითხოვს საკმარისად გამაწონასწორებელ ფაქტორებს, მათ შორის ძლიერ პროცედურულ გარანტიებს. თითოეულ ასეთ საქმეში მნიშვნელოვანია გამაწონასწორებელი ფაქტორების არსებობა, მათ შორის ისეთი ზომებისა, რომლებიც შესაძლებელს ხდის ამ მტკიცებულების სარწმუნოობის სამართლიან და სათანადო შეფასებას. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე (გამოქვეყნებულ ჩვენებაზე) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკმარისად სანდოა.[4]

27. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე, Al-Khawaja და Tahery გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე განმცხადებელი (ბატონი ტაჰერი) მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეემოწმებინა T-ს ჩვენების ნამდვილობა და სანდოობა ჯვარედინი დაკითხვით და ვინაიდან T ერთადერთი მოწმე იყო, რომელმაც მოისურვა და შეძლო ეთქვა, თუ რა ნახა, განმცხადებელს არ შეეძლო მოეწვია სხვა მოწმე, რომელიც დაუპირისპირდებოდა ამ ჩვენებას, რის გამოც დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, ვინაიდან T-ს ჩვენება ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება იყო მის წინააღმდეგ. [5]

28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დ. თ-ს ჩვენება არსებითია საქართველოს სსკ 19,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით ა. ბ-ს მსჯავრდების საკითხის გადასაწყვეტად და გასაჩივრებული განაჩენიც მეტწილად სწორედ მასზეა დაფუძნებული, ხოლო დაცვის მხარეს არც გამოძიების ეტაპზე და არც საქმის არსებითი განხილვის დროს არ ჰქონია მისი დაკითხვის/გამოკითხვის და ჩვენებების გაპროტესტების ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, მაშინ, როცა დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებს შეეძლო არა მხოლოდ მოწმეთა სანდოობის შეფასებაზე მოეხდინა გავლენა, არამედ ნათელი მოეფინა ისეთი გარემოებებისთვის, რომლებიც რელევანტური იქნებოდა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დ. თ-ს ჩვენება გარკვეულ ეპიზოდებში ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს. მაგალითისთვის პალატა მიუთითებს, რომ თ-ს ჩვენებაში აღნიშულია, რომ მან გააჩერა მანქანა ტაშკენტის ქუჩაზე და როდესაც მასთან ა. ბ-ე მივიდა და უთხრა, რომ ესროლა კ-ს, დაძრა ავტომანქანა; მაშინ, როდესაც ს. მ-მა ჩვენებაში მიუთითა, რომ სილუეტი დაძრული ავტომანქანისკენ გარბოდა. ასევე დ. თ-ე ჩვენებაში მიუთითებს, რომ ის მარტო მივიდა გ. ბ-სთან, ხოლო გ. ბ-ე იმავეს არ მიუთითებს ჩვენებაში. პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე 2013 წლის 7 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის №-- დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ა. ბ-ს ტანსაცმელზე რაიმე სახის მეტალის (რკინის, სპილენძის და ტყვიის) კვალი არ აღმოჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ა. ბ-ს ხელში უნდა სჭეროდა იარაღი, რაც თავის მხრივ უნდა შეემჩნია თ-ს, ხოლო ეს უკანასკნელი თავის ჩვენებაში არ მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.

29. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ გარდა დ. თ-ს ჩვენებისა, ა. ბ-ს ბრალეულობა დადასტურებულია სხვა პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

30. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს: დ. თ-ს ჩვენების ის ნაწილი, რომ ა. ბ-ე 2013 წლის 5 ნოემბერს ტაშკენტის ქ. #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. კ-ს სანახავად იყო მისული, დასტურდება მოწმეების: ს. მ-ს, ნ. მ-სა და გ. ს-ს ჩვენებებით, რომელთა მიხედვითაც, ა. კ-ე ყოველ სამშაბათს ნემსის გასაკეთებლად ჩამოდიოდა თბილისში და რჩებოდა აღნიშნულ მისამართზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული მოწმეები მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებენ, რომ ა. კ-ე სამშაბათობით იმყოფებოდა ხოლმე აღნიშნულ ტერიტორიაზე, რაც არც პირდაპირ და არც ირიბად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა. ბ-ე 5 ნოემბერს იქ კ-ს სანახავად მივიდა.

31. სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ს. მ-სა და ა. კ-ს ჩვენებებში აღნიშნული ფაქტი, რომ მათ უკნიდან ესროდნენ და დ. თ-ს ჩვენება, რომ ა. ბ-ე ა. კ-ს და მასთან ერთად მყოფ ქალაბატონს უკან გაჰყვა, ასევე მხოლოდ ვარაუდია, რომ სწორედ ბ-მ ესროლა კ-ს.

32. დაუსაბუთებელია აგრეთვე გასაჩივრებული განაჩენის დასკვნა, რომ დ. თ-ს ჩვენებაში აღნიშნული გარემოება, რომ გასროლიდან რამდენიმე წამში ავტომანქანასთან სწრაფად მივიდა ა. ბ-ე, ასევე დასტურდება ს. მ-ს ჩვენებით, რომ მან დაინახა დაძრული ავტომანქანა და სილუეტი, რომელიც მისკენ გარბოდა, რადგანაც ს. მ-მა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ მან დაინახა სილუეტი, რომელიც მანქანისკენ გარბოდა, მაგრამ ჩაჯდა თუ არა ის მანქანაში, არ დაუნახავს და, უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ სილუეტი მანქანისკენ გარბოდა, რაც საკასაციო პალატის აზრით, არ შეიძლება იქნეს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ სილუეტი მანქანაში ჩაჯდა და მით უმეტეს, რომ ის სილუეტი ა. ბ-ს იყო.

33. რაც შეეხება ა. ბ-ს ხელზე აღმოჩენილ დენთის კვალს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას ა. ბ-ს საბავშვო ბაღში ყოფნისა და იქ ,,ბენგალიური შუშხუნების“ ანთების თაობაზე, ისევე როგორც არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ვიდეომასალაზე ნათლად ჩანს ა. ბ-ს საბავშვო ბაღში შესვლის ფაქტი, ვინაიდან პალატისთვის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია მასალაზე აღბეჭდილი პირის ამოცნობა, მით უმეტეს სრულიად გაუგებარია, თუ ასეთი აშკარაა, რომ სწორედ ბ-ა ვიდეოზე აღბეჭდილი, რამ შეუშალა ხელი დაცვის მხარეს, წარმოედგინა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რათა მეტად გაემყარებინა საკუთარი პოზიცია, მაგრამ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ექსპერტ ო-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ,,ბენგალიური სანთლების“ წვის შედეგადაც გამოიყოფა NO2, სტიბიუმი და ბარიუმი; შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია: ის ფაქტი, რომ ბ-ს ხელზე აღმოჩნდა ზემოაღნიშნული ნივთიერებების კვალი, უტყუარად არ ადასტურებს მისი მხრიდან კ-ს დაჭრის ფაქტს, ვინაიდან შესაძლებელია, ბ-ს სხვა იარაღიდან გაესროლა სხვა ვითარებაში, ან სხვა პროდუქტის წვის შედეგად დარჩენოდა ეს კვალი. მეტიც, ბრალდების მხარის მოწმის, ექსპერტ ლ. ყ-ს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ა. ბ-ს ქურთუკის გულისპირსა და ორივე სახელოზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2 - ის არსებობა, ხოლო ტყვიის კაფსულაში შემავალი კომპონენტების - სტიბიუმისა და ბარიუმის არსებობა დაფიქსირდა მისივე ქურთუკის მარჯვენა სახელოსა და მარჯვენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირმა გაისროლა. შესაბამისად, პალატა ვერც აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიჩნევს დადასტურებულად ბ-ს ბრალეულობას საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებების გათვალისწინებით - 2013 წლის 7 ნოემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის № -- დასკვნით, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი თეთრი ფერის სამედიცინო ხელთათმანებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, თუმცა არაიდენტურია ბრალდებულების: ა. ბ-სა და დ. თ-ს ტანსაცმლიდან და მათგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა; 2013 წლის 7 ნოემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №--- დასკვნით, რომლის მიხედვითაც, საქმეზე წარმოდგენილ ერთ ცალ პისტოლეტზე, ერთ ცალ მჭიდსა და ხელთათმანის ფრაგმენტებზე ხელის კვლები არ აღმოჩნდა, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები არაიდენტურია ა. ბ-სა და დ. თ-ს ხელი კვალის ნიმუშებისა; 2013 წლის 11 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის №---. დასკვნით, რომლის მიხედვითაც, ა. ბ-სა და ა. კ-ს ტანსაცმელზე ურთიერთგადამავალი ბოჭკოს მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა; ა. ბ-ს მარჯვენა ხელის ფრჩხილებში ა. კ-ს ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა; ფარული აუდიოჩაწერის კრებსებით, რომლის მიხედვითაც ა. კ-ე ეუბნება სასულიერო პირს, რომ ფ-ებმა ,,შეუსრულეს”, ხოლო მის კითხვაზე, თუ ვინ ესროლა და იყო თუ არა ის ,,კ-ს” (ქ. ზ-ე) ქმარი, ა. კ-ე პასუხობს, რომ ამ საქმეში 40000 აშშ დოლარი იყო გადახდილი და მათ ისროლეს, ფ-ებს და კ-ს ქმარსაც უნდოდა ამის გაკეთება, მსროლელთან დაკავშირებით კი პასუხობს, რომ ა. ბ-ზე ამბობენ ,,ძაღლები”, რისიც მას არ სჯერა. კ-მ ასევე უთხრა მას, რომ კ-ს ქმარი დაჭერილია; აღნიშნულთან დაკავშირებით მან სასულიერო პირს განუმარტა, რომ წინა დღეებში თ. დ-ე გადავიდა თურქეთში, შემდეგ გადმოიპარა, ასეთ დროს კეთდება საქმე, აღნიშნულით ალიბი გაიკეთა - პასპორტის მონაცემებით იმყოფებოდა თურქეთში - საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ა. ბ-ს ბრალეულობის შესახებ (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები) აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის სპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

35. რაც შეეხება ა. ბ-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, პალატა იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაიცვა საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის წესი, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განაჩენით ა. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვრა პირობითი სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. ბრალდების მხარემ აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ გამამართლებელ ნაწილში, რის გამოც სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ იყო უფლებამოსილი, ამ ნაწილში გაეუარესებინა ა. ბ-ს სამართლებრივი მდგომარეობა (მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ა. ბ-სთვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი შთანთქმულია) - კერძოდ, არ უნდა შეეცვალა პირობითი სასჯელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელით (ე.წ. „რეალური“ სასჯელით), ვინაიდან ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარი ამ მოთხოვნით არ შეუტანია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ბ-ს ადვოკატების - ა. მ-სა და გ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ა. ბ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ა. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვროს პირობითი მსჯავრი 6 თვე, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ჩაეთვალოს მოხდილად.

5. ა. ბ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

6. ა. ბ-ს უფლებების ჩამორთმევის ვადის დინება დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან. ამ ვადაში ჩაეთვალოს პერიოდი 2014 წლის 25 ივნისიდან 2015 წლის 20 აპრილამდე.

7. ა. ბ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

8. ა. ბ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება განაჩენის გამამართლებელ ნაწილში.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე

[1] იხ. MATYTSINA რუსეთის წინააღმდეგ, 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, პარ. 153

[2] იხ. BRICMONT ბელგიის წინააღმდეგ, 1989 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, პარ. 81.

[3] იხ. P.K. ფინეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე, იხ. აგრეთვე MATYTSINA რუსეთის წინააღმდეგ, 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, პარ. 153

[4] იხ. Al-Khawaja დაTahery გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 2011 წლის15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

[5] იხ. იქვე.