დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №57აგ-15 10 დეკემბერი, 2015 წელი
ჩ-ე მ., 57აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. ჭ-სა და ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 აგვისტოს განაჩენით მ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი), 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 7-7 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – 7-7 წლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი) – 1-1 წლითა და 6-6 თვით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – 6-6 წლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ჩ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან. სასჯელთა მთლიანი შეკრებით მ. ჩ-ს განესაზღვრა 67 წლით, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად – 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 დეკემბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
აღნიშნული განაჩენი მ. ჩ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენით მ. ჩ-სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელებიდან – 1-1 წლითა და 6-6 თვით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელებიდან – 1-1 წლითა და 6-6 თვით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (4 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებიდან – 3-3 თვით, ხოლო მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებიდან – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. ჩ-ს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2015 წლის 13 მაისს მსჯავრდებულმა მ. ჩ-მ და მისმა ადვოკატებმა – ა. ჭ-მა და ლ. მ-მ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული მ. ჩ-ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები – ა. ჭ-ი და ლ. მ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სასამართლოს არ უმსჯელია, მათ მიერ წარდგენილი შს მინისტრის ბრძანება იყო თუ არა ახლად გამოვლენილი გარემოება; სააპელაციო სასამართლოს არ გამოუვლენია საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის არსებითი დარღვევა, რის გამოც არ გამოიყენეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი – სასჯელთა შთანთქმის პრინციპი; სააპელაციო პალატამ დაუშვა არსებითი ხასიათის შეცდომა და შეკრებითობის პრინციპის გაუქმება არ გამოიყენა მ. ჩ-ს სასიკეთოდ, რის გამოც მან დარჩენილი 8 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საპირისპიროდ, კასატორებს მიაჩნიათ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებად უნდა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 აგვისტოს №644 ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ამნისტიის ან შეწყალების აქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებულ პირზე გასცემს ნასამართლობის შესახებ ცნობას, რომელშიც მიეთითება პირის ნასამართლობის ქონის ან არქონის შესახებ; 2015 წლის 24 აპრილს აღებული ასეთი ცნობის თანახმად, 2009 წლის 20 აგვისტომდე ჩადენილი დანაშაულისათვის მ. ჩ-ე ითვლება ნასამართლობის არმქონედ, ვინაიდან მას ნასამართლობა მოხსნილი აქვს – საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 იანვრის №-- განკარგულებით მ. ჩ-ე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; აღნიშნული გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა.
კასატორთა აზრით, მ. ჩ-ს მიერ 2007 წელს ჩადენილი დანაშაული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენით მხედველობაში არ უნდა მიეღო, სააპელაციო სასამართლომ კი, ნაცვლად შთანთქმის პრინციპის გამოყენებისა, მას დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეუკრიბა, ისე, რომ არ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული განკარგულება; სააპელაციო პალატის 2013 წლის 4 ივნისის განაჩენის გამოტანის შემდეგ – 2013 წლის 16 აგვისტოს გამოიცა პრეზიდენტის №644 ბრძანება, რომლის მოპოვება განაჩენის დადგენის დროისათვის შეუძლებელი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ №644 ბრძანება არის რეგულაცია, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებულ პირთა წრის მიმართ ვრცელდება ნასამართლობის მოხსნის რეჟიმი; სწორედ ამ რეგულაციამ შექმნა რეალური პრაქტიკა საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ავტომატურად ითვლება ნასამართლობის არმქონედ; აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ჩ-ე ითვლება ნასამართლობის არმქონედ, რადგან საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით იგი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ფაქტობრივად მოსამართლეებისათვის ცნობილია, რომ მ. ჩ-მ უკანონოდ კიდევ არაერთი წელი უნდა გაატაროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა ავიწყდებათ, რომ პირის კონსტიტუციური უფლებების დაცვა პრიორიტეტულია; პალატას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; მოცემულ შემთხვევაში მ. ჩ-სათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანად ვერ ჩაითვლება, რადგან მის მიმართ გამოცემული შეწყალების აქტი სასამართლოთა მიერ იგნორირებულია; კასატორთა აზრით, მ. ჩ-ს მდგომარეობა უნდა გაუთანაბრდეს წამებას, ვინაიდან იგი დღეისათვის უკანონოდ იხდის სასჯელს და კიდევ 8 წელი ზედმეტად უნდა მოიხადოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ს შუამდგომლობა, სარევიზიო წესით იმსჯელა სხვა მსჯავრდებულების მიმართაც და მათაც შეუმცირა დანიშნული სასჯელები; ამით სასამართლომ მ. ჩ-საც მოუსპო შუამდგომლობის შეტანის უფლება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით; სააპელაციო სასამართლოს სარევიზიო წესის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ შეტანილია სააპელაციო საჩივარი; შუამდგომლობის განხილვისას კანონი სარევიზიო წესის გამოყენებას არ ითვალისწინებს; მ. ჩ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ სასამართლოში არ წარუდგენია; ეს გარემოება საკმარისია გასაჩივრებული განჩინების გასაუქმებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული მ. ჩ-ე და მისი ადვოკატები – ა. ჭ-ი და ლ. მ-ე ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ მ. ჩ-სა და მისი ადვოკატების – ა. ჭ-სა და ლ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. ჭ-სა და ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინება მსჯავრდებულ მ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. ჭ-სა და ლ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე