საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 10.05.2016
საქმის ნომერი
2კ-652აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.05.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №652აპ-15 10 მაისი, 2016 წელი

ე-ი კ. 652აპ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მანანა მარტაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის განაჩენით კ. ე-ი, - დაბადებული 19… წელს, ნასამართლევი, ძებნილი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 9 თვე, 2 დღე და საბოლოოდ კ. ე-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 15 წლით, 9 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

კ. ე-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

2. აღნიშნული განაჩენით კ. ე-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2010 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 01.00 საათიდან 02.00 საათამდე მონაკვეთში, კ. ე-ი იმყოფებოდა თბილისში, ..... ქუჩის №.....–ში თავის საცოლესთან - ნ. ა-ნ. ეზოში ყოფნისას იგი შემთხვევით შეხვდა ამავე ეზოში მცხოვრებ ი. გ-სა და მის მეგობარ გ. გ-ეს, რომლებიც ნ. ა-ის ბინაში გარკვეული დროის განმავლობაში აწარმოებდნენ სარემონტო და სამღებრო სამუშაოებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კ. ე-მა ისინი სალაპარაკოდ შეიყვანა იმავე ეზოში მცხოვრებ ა. ხ-ის სახლში და აგრესიული ტონით მოსთხოვა სარემონტო სამუშაოების დასრულება. მათ კ. ე-ს მშვიდად აუხსნეს, რომ სარემონტო სამუშაოებს ვერ განაგრძობდნენ, ვინაიდან გალესილი კედლები საჭიროებდა კარგად გაშრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობდა რემონტის დაზიანების საფრთხე. კ. ე-ი განაგრძობდა აგრესიულ საუბარს და არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ი. გ-სა და გ. გ-ეს, რაც გადაიზარდა კამათსა და შემდგომ - ხელჩართულ ჩხუბში. ამ დროს კ. ე-მა განიზრახა გ. გ-ის მკვლელობა და თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად აიღო დანა, რომლითაც განზრახ მოკვლის მიზნით გ. გ-ეს მუცლის ღრუში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, წვრილი ნაწლავისა და ჯორჯლის დაზიანებით, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. კ. ე-მა დანაშაულებრივი გაზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან მას ხელი შეუშალა ი. გ-მა. გ. გ-ე ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის განაჩენი 2014 წლის 17 ოქტომბერს სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ე-მა, რომელმაც ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება შემდეგი საფუძვლებით: შემთხევის დღეს როგორც ი. გ-ი, ისე გ. გ-ე იყვნენ ძლიერ მთვრალები, რის გამოც სწორად ვერ აღიქვამდნენ მოვლენებს და ვინაიდან ისინი არიან მეგობრები, ერთად შეიმუშავეს მის წინააღმდეგ საერთო პოზიცია. მას დანა არ დაურტყამს გ. გ-ვის, მისი მოკვლა რომ ნდომებოდა, ამის საშუალებაც და დროც საკმაოდ ჰქონდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი, კ. ე-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მანანა მარტაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. ე-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი გარემოებების გამო: სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების გამოკვლევაზე - მოწმეთა დაკითხვაზე, რადგან მტკიცებულებათა გაცვლის ნუსხაში არ იყო დაკონკრეტებული მოწმეთა დაკითხვის თაობაზე. ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე დაცვის მხარესთან, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, გაცვლილი ჰქონდა მოწმეთა დაკითხვის ოქმები, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ბრალდების მხარე აპირებდა ამ მტკიცებულებების გამოკვლევას საქმის არსებითი განხილვისას, მით უფრო, რომ წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა და დაშვებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნუსხა, მათ შორის მოწმეთა დაკითხვის ოქმები. სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნული საკითხი განმარტა იმგვარად, რომ ბრალდების მხარეს არ მიეცა პროცესზე უკვე დაშვებული მტკიცებულებების - მოწმეთა დაკითხვის ოქმების გამოკვლევის საშუალება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით უარი უთხრა ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების - მოწმეთა ჩვენებების გამოკვლევაზე - მათ დაკითხვაზე, რადგან მტკიცებულებათა გაცვლის ნუსხაში არ იყო მითითებული დაზარალებულისა და მოწმეთა დაკითხვის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით განმარტებულია, რომ დამატებით მხარეებისათვის იმ მოვალეობის დაკისრება, რომ გამოკითხვის (დაკითხვის) ოქმების მეორე მხარისათვის გადაცემასა და სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად დაეკისროთ ასევე ერთმანეთისა და სასამართლოსათვის დასაკითხ პირთა სიის (ნუსხის) წარდგენა, არ გამომდინარეობს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის ან სხვა ნორმების მოთხოვნებიდან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის N526აპ-14 განაჩენი).

3. საქმის მასალებში მოთავსებული შესაძლო მტკიცებულების გაცვლის თაობაზე ოქმით დადგენილია, რომ ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა დაცვის მხარეს გადასცა: ფორმა №1, შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ცნობა №1 საავადმყოფოდან, ცნობა აღნიშნულ საქმეზე, მოწმეების: მ. კ-ის, ი. გ-ის, ა. და ლ. ხ-ის ჩვენებები, დაზარალებულ გ. გ-ის ხელწერილი და ჩვენება, დაზარალებულ გ. გ-სა და ბრალდებულ კ. ე-ის ფორმა №1–ის ასლები, დადგენილება კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მიმართვა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ექსპერტ გ. ლ-ის დაკითხვა), ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ექსპერტ ნ. ე-ის დაკითხვა), მიმართვა განაჩენის აღებაზე, მიმართვა და მოსამართლე ბ. კოჭლამაზაშვილის 2009 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი, უწყება მოწმე ლ. ხ-ის გამოძახებაზე, ოქმი ნიმუშის აღებაზე, მიმართვის წერილი, 2 უწყება კ. ე-ის გამოძახებაზე, მიმართვა, გ. გ-ს ავადმყოფობის ისტორიის ასლი, დადგენილება და მიმართვა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნაზე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ექსპერტ ე. ჩ-ის დაკითხვა), მიმართვა საექსპერტო დაწესებულებას, ოქმი დამცველის მოწვევის შესახებ, ადვოკატ ზ. ა-ის ორდერი და მოწმობის ასლი, დადგენილება კ. ე-ის ბრალდების შესახებ, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, განჩინება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, დადგენილება კ. ე-ის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ, ოქმი დაზარალებულთან გასაუბრების შესახებ, მიმართვა დაზარალებულს, ოქმი მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ.

4. აღნიშნული მტკიცებულებები 2010 წლის 17 დეკემბერს ძველი თბილისის რაიონული პროკურორის დავით ზვიადაძის მიმართვით წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

5. 2010 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისას ბრალდების მხარის ზემოაღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევა მოხდა სრული მოცულობით (მათ შორის დაიკითხნენ დაზარალებული და მოწმეები), რის საფუძველზეც კ. ე-ის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

7. სააპელაციო სასამართლომ, იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებათა გაცვლის ნუსხაში არ ჰქონდა მითითებული დაზარალებულ გ. გ-ის დაკითხვის თაობაზე (მითითებული იყო მხოლოდ ექსპერტების მოწმის სახით დაკითხვის შესახებ) მიიჩნია, რომ დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83–ე მუხლის მოთხოვნები და უარი თქვა მის დაკითხვაზე. სააპელაციო პალატამ ასევე უარი განაცხადა მოწმე ი. გ-ის დაკითხვაზე იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენდა დაცვის და არა - ბრალდების მხარის მოწმეს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით განმტკიცებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ: ამ მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. აღნიშნული პრინციპები ასევე რეგლამენტირებულია სსსკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილში - სასამართლო ვალდებულია, მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა. პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმები არის ზოგადი ხასიათის, რომლებიც განამტკიცებს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს, ხოლო კონკრეტული სამართლებრივი საკითხი უნდა გადაწყდეს იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებს სადავოსამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ:

9. საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა ერთმანეთისათვის გადაცემისა და სასამართლოსათვის წარდგენის წესს. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ მუხლთან მიმართებით უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა დაცვის მხარისათვის გადაცემისა და სასამართლოსათვის წარდგენის კანონიერების საკითხი.

10. აღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,...მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად“. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდების მხარემ მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, მათ შორის დაზარალებულისა და მოწმეთა დაკითხვის ოქმები, გადასცა მოწინააღმდეგე - დაცვის მხარეს, რის თაობაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი და წარუდგინა სასამართლოს.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 83-ე მუხლი და ჩათვალა, რომ მტკიცებულებები გაიცვალა ხსენებული მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან „...მტკიცებულებათა გაცვლის ნუსხაში არ არის მითითებული დაზარალებულისა და მოწმეთა დაკითხვის თაობაზე. მითითებული იყო მხოლოდ ექსპერტების მოწმის სახით დაკითხვის შესახებ“. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მხარეებისათვის იმ მოვალეობის დაკისრება, რომ დაკითხვის (გამოკითხვის) ოქმების მეორე მხარისათვის გადაცემასა და სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად დაეკისროთ ასევე ერთმანეთისა და სასამართლოსათვის დასაკითხ პირთა სიის (ნუსხის) წარდგენა, არ გამომდინარეობს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის ან სხვა ნორმების მოთხოვნებიდან, რის გამოც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე არამართებულია.

12. სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, ,,...პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ“. იმავე კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე „დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა“. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ მოწმის დაკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს დაკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. ამ მოცემულობაში მხარის მიერ მოწმეთა დაკითხვის ოქმის მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემა, ამ დოკუმენტების გაცვლის თაობაზე ოქმის შედგენა და სასამართლოსათვის წარდგენა ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს, რომ მხარეს სურს აღნიშნული პირის (პირების) მოწმის სახით დაკითხვა.

13. ასევე, აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებათა გამჟღავნება - მხარეების მიერ ერთმანეთისათვის მტკიცებულებების გადაცემა - შეჯიბრებითობის უფლების შემადგენელი ნაწილია და მიზნად ისახავს, რომ მხარეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ერთმანეთის მტკიცებულებებზე და აღნიშნულზე სასამართლოს წარუდგინონ თავიანთი პოზიცია. დაკითხვის ოქმის გადაცემა მხარისათვის და წარდგენა სასამართლოსთვის სხვა არაფერია, თუ არა მოთხოვნა დაკითხული პირის დაკითხვაზე. ამდენად, ეს საპროცესო მოქმედებები გონივრულია, ჩაითვალოს მოწინააღმდეგე მხარის სრულ ინფორმირებად მტკიცებულების გამოკვლევის - მოწმის შემდგომი დაკითხვის თაობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარეს, რომელმაც წარადგინა დაკითხვის ოქმი, სამართალწარმოების შემდგომ ეტაპებზე (წინასასამართლო სხდომა, არსებითი განხილვა) აღარ სურს ამ მოწმის დაკითხვა, ეს მხოლოდ მისი უფლებამოსილებაა და ამით მოწინააღმდეგე მხარის უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვის ან დარღვევის საფრთხე არ არსებობს.

14. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის საფუძველს, კერძოდ: ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. ამასთან, აღნიშნული მუხლით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის მტკიცებულებათა გაცვლისას და სასამართლოსთვის წარდგენისას მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის სხვა საფუძვლები. მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი გათვალისწინებულია სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილით, კერძოდ, მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის დაკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმების დარღვევა სახეზე არ არის, ხოლო მხარის მიერ დამატებით მოწინააღმდეგე მხარისათვის და სასამართლოსათვის დასაკითხ პირთა სიის (ნუსხის) გადაცემა, რომელიც, თავის მხრივ, არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი ნორმებიდან, არ შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევად და გახდეს მოწმეთა დაკითხვის ოქმების, მათი ჩვენებების დაუშვებლად ცნობის ან არსებითი განხილვის დროს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის საფუძველი.

15. და ბოლოს, საკასაციო პალატა ყურადღებას უშუალოდ ამახვილებს სადავო საკითხის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტზე - მოწმის დაკითხვის ოქმის დასაშვებად ცნობის მიუხედავად, არსებითი განხილვის დროს ამ მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ. სსსკ-ის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითად განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას...“. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც წინასასამართლო სხდომის მოსამართლე დავით ჯუღელმა სისხლის სამართლის საქმეზე დაამტკიცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნუსხა, მათ შორის დაზარალებულისა და მოწმეთა დაკითხვის ოქმები, მხარეს წარმოეშვა მათი არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევის - დაკითხვის უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, არ იქნა რეალიზებული, ხოლო აღნიშნული დასაშვები მტკიცებულების გამოკვლევა ამ მოცემულობაში სასამართლო სხდომაზე მათი უშუალო დაკითხვის გარეშე სხვაგვარად (დემონსტრირებით) შეუძლებელი იყო. რაც შეეხება მოწმე ი. გ-ის ჩვენებას, როგორც ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, ასევე წინასასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ იგი წარმოადგენდა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მოწმეს. აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბუნდოვანი და გაუგებარია, თუ სააპელაციო სასამართლომ რა იგულისხმა საქართველოს სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევაში, რომლის თანახმადაც, საქმის არსებითი განხილვისას მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები მტკიცებულება, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.

16. საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული გარემოების გამო, არ მსჯელობს კ. ე-ის ბრალეულობის საკითხზე, ვინაიდან იგი უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარისათვის მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმით არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი გამართლებულ კ. ე-ის მიმართ. ამასთან, ვინაიდან საკასაციო პალატას არ გააჩნია აღნიშნული დარღვევის გამოსწორებისა და ბრალდების მხარის უფლებების აღდგენის - მოწმეთა დაკითხვის სამართლებრივი მექანიზმი, ეს უნდა გამოასწოროს სააპელაციო სასამართლომ, კერძოდ: საქმე უნდა განიხილოს საქართველოს სსსკ-ის 292-299-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რის შემდეგაც უნდა მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მანანა მარტაშვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი გამართლებულ კ. ე-ის მიმართ.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი