შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№108აგ-16 6 ივნისი, 2016 წელი
გ-ე გ. 108აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით გ. გ-ე, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 71–ე მუხლის მე–2 ნაწილით (კონტრაბანდა, ანუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაადგილება), 220–ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარება, შენახვა, გადატანა შესაბამისი ნებართვის გარეშე), 213–ე მუხლის მე–3 ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების გატაცება მისი მითვისების მიზნის გარეშე, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ), 94–ე მუხლის 1-ლი, მე-7, მე-8 ქვეპუნქტებით (ადრე განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით), 15,94–ე მუხლის მე–4, მე–6, მე–7, მე-8 ქვეპუნქტებითა (ადრე განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) და 93–5 მუხლის მე–2 ნაწილით (ყაჩაღური თავდასხმა, წინასწარი მოლაპარაკებით, განმეორებით, იარაღის გამოყენებით, ბინაში შეღწევით, სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით, დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ–ის 71–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით; სსკ-ის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 94–ე მუხლის 1-ლი, მე-7, მე-8 ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 15,94–ე მუხლის მე–4, მე–6, მე–7, მე–8 ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით; სსკ–ის 93–5 მუხლის მე–2 ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 33–ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 1997 წლის 13 თებერვლიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ირაკლი დონდოლაძის შუამდგომლობა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოს მოქალაქის - გ. გ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანის შესახებ.
იმავე განჩინებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს სსკ–ით გათვალისწინებულ მუხლებთან, კერძოდ: გ. გ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ–ის 214–ე მუხლის მე–4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 19,109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენის შესაბამისად, გ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 1997 წლის 13 თებერვლიდან.
3. აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მარტის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის 1-ლი პუნქტით (1960 წლის რედაქცია) – 15 წლით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის ცვლილებებით) – 11 წლით; სსკ–ის 105–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) – 12 წლით; სსკ–ის 104–ე მუხლის 1-ლი პუნქტით (1960 წლის რედაქცია)– 15 წლით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის ცვლილებებით) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–4 ნაწილისა და 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა გ. გ-ს მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – უვადო თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით გ. გ-ეს საბოლოოდ შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის 1-ლი პუნქტითა (1960 წლის რედაქცია) და საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის ცვლილებით) წარდგენილ ბრალდებაში (ა. თ-ის ეპიზოდი).
გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის 1–ლი პუნქტით (1960 წლის რედაქცია), სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის ცვლილებით, ო. კ-ის ეპიზოდი), სსკ–ის 105–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია, ჯ. გ-ს ეპიზოდი) და განესაზღვრა: საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის 1–ლი პუნქტით –15 წლით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11 წლით; სსკ–ის 105–ე მუხლით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ეს საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–4 ნაწილისა და 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით გ. გ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ შეეფარდა – უვადო თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 1997 წლის 17 თებერვლიდან 2012 წლის 22 მარტამდე. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2012 წლის 22 მარტიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. გ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის 1-ლი პუნქტით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით – „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის ცვლილებებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით – „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 105–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით – „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–4 ნაწილისა და 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და გ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 28 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენში საქართველოს სსსკ–ის 289–ე მუხლის მე–9 ნაწილის, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50–ე მუხლის მე–13 პუნქტისა და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:
გ. გ-ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 71–ე მუხლის მე–2 ნაწილით (კონტრაბანდა, ანუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაადგილება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 214–ე მუხლის მე–4 ნაწილთან, დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით – შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 5 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 220–ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარება, შენახვა, გადატანა შესაბამისი ნებართვის გარეშე) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 228–ე მუხლის პირველ ნაწილზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლ, მე–2 და მე–3 ნაწილებთან, დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით – შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 94–ე მუხლის 1-ლი, მე–7 და მე–8 ნაწილებით (ადრე განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 120.2.4., 120.2.6, 120.2.7., 120.2.10 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებთან, დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 15,94–ე მუხლის მე–4, მე–6, მე–7 და მე–8 პუნქტებით (ადრე განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 29, 120.2.4., 120.2.6., 120.2.7 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებთან, დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით – შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 93–5 მუხლის მე–2 ნაწილით (ყაჩაღური თავდასხმა, წინასწარი მოლაპარაკებით, განმეორებით, იარაღის გამოყენებით, ბინაში შეღწევით, სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით, დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 181.2.1., 181.2.2 და 181.2.5 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებთან, დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით – შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენის შესაბამისად, გ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენით და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით გ. გ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეიკრიბა სრულად და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ გ. გ-ეს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 1997 წლის 17 თებერვლიდან 2012 წლის 22 მარტამდე. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 22 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 94–ე მუხლის 1-ლი, მე–7 და მე–8 ნაწილებით (ადრე განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) დანიშნულმა სასჯელმა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 120.2.4; 120.2.6, 120.2.7, 120.2.10 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებთან, უვადო თავისუფლების აღკვეთამ (ამნისტიის გათვალისწინებით) შთანთქა: აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 15,94-ე მუხლის მე–4, მე–6, მე–7, მე–8 პუნქტებით (ადრე განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით), რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 29, 120.2.4, 120.2.6, 120.2.7 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებთან, 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 93–5 მუხლის მე–2 ნაწილით (ყაჩაღური თავდასხმა, წინასწარი მოლაპარაკებით, განმეორებით, იარაღის გამოყენებით, ბინაში შეღწევით, სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით, დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებით) დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით), რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 181.2.1, 181.2.2 და 181.2.5 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებთან, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 71–ე მუხლის მე–2 ნაწილით (კონტრაბანდა, ანუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაადგილება) დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით), რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 214–ე მუხლის მე–4 ნაწილთან, 5 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა; აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 220–ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარება, შენახვა, გადატანა შესაბამისი ნებართვის გარეშე) დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით), რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 228–ე მუხლის პირველ ნაწილზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-3 ნაწილებთან, 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 104–ე მუხლის 1-ლი პუნქტით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) - 11 წლითა და 3 თვით; საქართველოს სსკ–ის 105–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) - 9 წლით; საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის ცვლილებით) დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 13 თებერვლიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. 2016 წლის 12 იანვარს მსჯავრდებულმა გ. გ-ემ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა განაჩენის გადასინჯვა შემდეგი საფუძვლებით: აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 1997 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, მის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს, კერძოდ - 1997 წლის 28 იანვარს, არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობები სასჯელის სახით არ ითვალისწინებდა უვადო თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს კანონმდებლობაში სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა ამოქმედდა მხოლოდ - 1997 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო აზერბაიჯანის კანონმდებლობაში - 1998 წლის 10 თებერვლიდან. საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისას არ გამოასწორა აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომა, რითაც დაარღვია საქართველოს სსსკ–ის 289–ე მუხლის მე–8 ნაწილის, საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის, საქართველოს სსკ–ის მე–2 და მე–3 მუხლებისა და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე–7 მუხლის მოთხოვნები. გ. გ-ემ შუამდგომლობაში ასევე მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია კანონის რეტროაქტიულობის აკრძალვის პრინციპი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენები დარჩა უცვლელად.
10. მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განაჩენის გაუქმებასა და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლას - ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის N1/1/428,447,459 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია გ. გ-ს საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეფასებინა მსჯავრდებულის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები. მართალია, ხსენებული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია გ. გ-ს საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი, თუმცა განმარტა კანონის რეტროაქტიულობის აკრძალვის პრინციპი, კერძოდ: „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი არ უტოვებს კანონმდებელს თავისუფლებას იმის გადაწყვეტისას, თუ როდის აქვს ან არ აქვს სამართალდარღვევებისა და მათ გამო პასუხისმგებლობის დამდგენ კანონებს უკუძალა. მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ ათვლის წერტილი გამოსაყენებელი კანონის დასადგენად არის ქმედების განხორციელების დრო. შესაბამისად, იმის გადაწყვეტისას, პირის მიერ განხორციელებული ქმედება არის თუ არა სამართალდარღვევა და დადებითი პასუხის შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს პირს მისთვის, კანონმდებელს გააჩნია სრულიად გარკვეული კონსტიტუციური დირექტივა, რომ გამოსაყენებელ კანონად უნდა ჩაითვალოს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონი. რომელიმე სხვა უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) კანონის გამოყენება სამართალდარღვევებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის ჩაითვლება უკუძალის მინიჭებად და კონსტიტუციის დარღვევადაც, თუ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ კანონთან არ გვაქვს საქმე“.
3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. გ-ეს ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 1997 წლის 28-29 იანვარს ზ. ა. ა-ისა და უ. ა. ა-ას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობებისათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ-ის 94–ე მუხლის 1-ლი, მე-7, მე-8 ქვეპუნქტებით მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებთან და ამ მუხლით გ. გ-ეს სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
4. მართალია, გ. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინების გამოტანის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებდა უვადო თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ გ. გ-ს მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დანაშაულის ჩადენის დროს (1997 წლის 28-29 იანვარი) მოქმედი საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის რედაქცია (1960 წლის რედაქცია) სანქციის სახით ითვალისწინებდა - 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, გასახლებით ვადით 5 წლამდე ან უამისოდ, ან სიკვდილით დასჯას. ამდენად, გ. გ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსი სანქციის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა.
5. „საქართველოს სისხლის სამართლის და საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 1996 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონით, რომელიც ამოქმედდა 1997 წლის 1 თებერვლიდან, ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის (1960 წლის რედაქცია) სანქციის ნაწილში შემდეგი მიმართებით: სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, გასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ“ შეიცვალა სიტყვებით: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, გასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“. ამდენად, უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელის სახით გამოყენება დასაშვები გახდა მხოლოდ - 1997 წლის 1 თებერვლიდან, მაშინ, როდესაც გ. გ-ემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა 1997 წლის 28-29 იანვარს - „საქართველოს სისხლის სამართლის და საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 1996 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად: “ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს“. იმავე კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს“.
7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე–7 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს“. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის მეორე წინადადება ახდენს უფრო მძიმე სასჯელის დაკისრების პრევენციას, ვიდრე დაკისრებული იქნებოდა დანაშაულის ჩადენის მომენტში. ეს პრინციპი დაირღვა საქმეზე „გაბარი მორენო ესპანეთის წინააღმდეგ“ (Gabarri Moreno v. Spain), ვინაიდან ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს შეემცირებინათ მომჩივნის სასჯელი შემამსუბუქებელი გარემოებების შესახებ კანონის შესაბამისი დებულებების მიხედვით. საქმეზე „ეჯერი და ზეირექი თურქეთის წინააღმდეგ“ (Ecer and Zeyrek v. Turkey), სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა, ვინაიდან მათ სასჯელი განესაზღვრათ 1991 წლის კანონით იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს 1988 და 1989 წლებში, რაც ქურთული მუშათა პარტიის დახმარებაში გამოიხატებოდა. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათი ბრალდების შემდეგ უფრო მკაცრი სასჯელი დაეკისრათ, ვიდრე მათ მიერ დანაშაულის ჩადენის მომენტში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა. საქმეზე „სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ“ (Scoppola v. Italy)(2), დიდი პალატის შემადგენლობამ ხმათა უმრავლესობით შეცვალა ევროკომისიის პრეცედენტული სამართალი, დაადგინა რა, რომ კონვენციის მე-7 მუხლი ასევე მოიცავს შედარებით უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის რეტროაქტიულობის პრინციპს. ეს კი, შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ როდესაც არსებობს განსხვავება დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ძალაში შესულ სისხლის სამართლის კანონმდებლობას შორის, სასამართლო ვალდებულია, გამოიყენოს იმ კანონმდებლობის დებულებები, რომლებიც უფრო კეთილგანწყობილია განსასჯელის მიმართ. მომჩივანს ბრალი წაუყენეს, inter alia, მისი მეუღლის მკვლელობისთვის და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა 2002 წელს, მას შემდეგ, რაც მან აირჩია, რომ მისი საქმე განხილულიყო დაჩქარებული პროცედურებით. მაგრამ, ვინაიდან უფრო მსუბუქი სასჯელი იქნა დადგენილი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის შემდეგ (კონკრეტულად კი – 30-წლიანი პატიმრობა), სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-7 მუხლის დარღვევას.
8. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განაჩენში გ. გ-ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებულ გ. გ-ეს ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 94–ე მუხლის 1-ლი, მე–7 და მე–8 ნაწილებით (ადრე განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 120.2.4., 120.2.6, 120.2.7., 120.2.10 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებთან, დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – უნდა შეეცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, გ. გ-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ დანაშაულისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“. მოცემულ შემთხვევაში ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა გ. გ-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას და რომლის სანქციაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად ითვალისწინებდა - 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, გ. გ-ს მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებით, რომელსაც შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტები, გ. გ-ეს სასჯელად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, უნდა შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
10. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. გ-ეს დანაშაული, რომლისთვისაც მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განაჩენით, ჩადენილი აქვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენის გამოტანამდე, კერძოდ - 1996 წლის 5 ნოემბერს, იმავე წლის - 29 ნოემბერსა და 7 დეკემბერს. იმ დროისათვის გ. გ-ე იყო ნასამართლობის არმქონე პირი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. გ-ეს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
4. გ. გ-ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 94–ე მუხლის 1-ლი, მე–7 და მე–8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 120.2.4., 120.2.6, 120.2.7., 120.2.10 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებთან, დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – შეეცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და მოსახდელად განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების თანახმად, მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 94–ე მუხლის 1-ლი, მე–7 და მე–8 ნაწილებით დანიშნულმა სასჯელმა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 120.2.4; 120.2.6, 120.2.7, 120.2.10 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებთან - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ (ამნისტიის გათვალისწინებით) შთანთქას:
· აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით:
- აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 15,94 მუხლის მე–4, მე–6, მე–7, მე–8 პუნქტებით დანიშნული სასჯელი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 29, 120.2.4, 120.2.6, 120.2.7 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებთან, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
- აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 93–5 მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 181.2.1, 181.2.2 და 181.2.5 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებთან, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 71–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 214–ე მუხლის მე–4 ნაწილთან, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა - 5 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა;
- აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 220–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 228–ე მუხლის პირველ ნაწილზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-3 ნაწილებთან, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენით:
- საქართველოს სსკ-ის 104–ე მუხლის 1-ლი პუნქტით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ–ის 105–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის ცვლილებით) დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 1997 წლის 13 თებერვლიდან.
6. მსჯავრდებულ გ. გ-ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.
7. სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი