1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის საკითხს განსჯადობის დაცვით, მსჯავრდებულის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო.
2. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის საკითხს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
4. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:
ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, აგრეთვე განაჩენის გამოტანის დრო;
ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;
გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომლის ჩადენაშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) სასჯელის სახე და ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყებისა და დამთავრების თარიღებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.
5. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდა ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორშიც საქართველოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოხდა საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.
6. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში ასეთი განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.
7. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
8. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განაჩენით დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, როგორიც საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ.
9. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ გამოიყენება განაჩენის გამომტანი უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი ამ აქტით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №30აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.01.2020
…უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. 3. საქართველოს სსსკ-ის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის…
- საქმე №189აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2017
კ-ას სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით, ”სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება. 5.
- საქმე №108აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.06.2016
გ-ს მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენში საქართველოს სსსკ–ის 289–ე მუხლის მე–9 ნაწილის, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50–ე მუხლის მე–13 პუნქტისა და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ: გ.
- საქმე №2კ-31აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.04.2013
გ-ე საქართველოში ეტაპირებულია 2011 წლის 14 ივნისს, მისივე ინიციატივით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან წინასწარი თანხმობით „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მე–9 პუნქტისა და საქართველოს სსსკ–ის 289–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში შემდგომი მოხდის მიზნით.
- საქმე №330141319002910197 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2019
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად: ამ კოდექსის 282-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე, 285 1, 286-ე, 287-ე, 288-ე და 289-ე მუხლების შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს 1 თვის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება