დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.10.2016
საქმის ნომერი
107აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.10.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №107აგ-16 თბილისი

მ-ე დ. 107აგ-16 20 ოქტომბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის განაჩენით დ. მ-ე, - დაბადებული 19.. წლის 2 სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის მარტის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 379-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია). სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 16 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2005 წლის 6 ნოებრიდან იმავე წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: დ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 9 ოქტომბრის - ბ. შ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის განაჩენით დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 28 წლით, 4 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. მ-ს განესაზღვრა 32 წლით, 10 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 19 მაისიდან.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით დ. მ-ს ¼-ით შეუმცირდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ¼-ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 28 წლით, 4 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 21 წლით, 3 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დ. მ-ს განესაზღვრა 24 წლით, 8 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 19 მაისიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მის მიმართ განაჩენების გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის კანონის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა: ამავე განაჩენით სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდებისათვის (სულ 14 ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელებიდან 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. მ-ს განესაზღვრა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 19 მაისიდან.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა დ. მ-ს საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

9. 2016 წლის 24 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. მ-მ და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, ვინაიდან მას დანაშაული ჩადენილი აქვს 20 წლის ასაკში.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასჯელის შემსუბუქება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.

4. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები 18-დან 21 წლამდე ასაკის პირზე ვრცელდება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მას შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

5. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 19.. წლის .. სექტემბერს დაბადებული დ. მ-ე ზემოაღნიშნული განაჩენებით მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს იყო სრულწლოვანი - 18 წელს მიღწეული.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები, რომლებიც ეხება 18-დან 21 წლამდე ასაკის პირს, მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ ვერ გავრცელდება, ვინაიდან მოცემულ საქმეში მას მსჯავრი დაედო როგორც ნაკლებად მძიმე და მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში და საქმეზე სამართალწარმოება დამთავრებულია. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს იგი სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით.

7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ დ. მ-ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი