დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.04.2017
საქმის ნომერი
2კ-14აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.04.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №14აპ-17 ქ. თბილისი

მ-ე გ., 14აპ-17 25 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. მ-ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში არაერთგზის, მანვე ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განაჩენით განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა გ. მ-მ 2015 წლის 17 სექტემბერს ქ. ბათუმში, ….. ქუჩა №…..-ში, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის, ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, არაერთგზის, განზრახ მოკვლის მიზნით, ზ. გ-ს გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად ზ. გ-ა სიკვდილს გადარჩა.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განაჩენით განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გ. მ-ე 2015 წლის 17 სექტემბერს ქ. ბათუმში ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რისი გამოყენებითაც ჩაიდინა ზ. გ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენით გ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს 19,108 -ე მუხლზე, ხოლო სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება - სსკ-ის 238 1-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

5. გ. მ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს ..... წლის ..... დეკემბრის გადაწყვეტილებით გამოყენებული პირობითი მსჯავრი.

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 17 სექტემბრიდან.

8. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

9. ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის შეფარდებას იმ მოტივით, რომ:

· მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი და არა - 1-ლი, რის მიხედვითაც, ნასამართლევად უნდა ჩაითვალოს გ. მ-ე მკვლელობის მცდელობისათვის და მისი ქმედება უნდა შეფასდეს როგორც არაერთგზისობა, ასევე - განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებად.

· მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, სასჯელის დანიშვნისას არ ემსჯელა მსჯავრდებულის წარსულ ნასამართლობაზე. ამ კუთხით სასჯელი არ არის კანონიერი და იგი გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

· საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, გამოკვეთილია მსჯავრდებულის არაერთი დამამძიმებელი გარემოება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობისა და დასაბუთების გარეშე განუსაზღვრა რეციდივის გათვალისწინებით მინიმალური სასჯელი. ამ კუთხით სასჯელი არის დაუსაბუთებელი და შეფასება არ გამომდინარეობს კანონიდან ან/და საქმის მასალებიდან.

· გამოყენებული სასჯელი ასევე არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მნიშვნელობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ქმედების ხასიათი და ასეთი კატეგორიის პირისთვის მსუბუქი სასჯელის უშედეგობა.

· მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები (დანაშაულის პრევენცია, სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავის რესოციალიზაცია). გ. მ-ს მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენება არის უკანონო და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, რადგან ასეთი წარსულის მქონე პირისათვის კვლავ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი და არა - მსუბუქი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. მ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის - სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის არა მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილი, არამედ - მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი.

4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე; ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში წინა დანაშაულისათვის მსჯავრდება არ შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული, როგორც ნასამართლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას განმარტებული აქვს ასევე სხვა გადაწყვეტილებაშიც (იხ.საქმე#172აგ-16).

5. საქმის მასალების მიხედვით, გ. მ-მ 2009 წლის 2 მარტს ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რისთვისაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

6. მანვე 2009 წლის 23 მარტს ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რისთვისაც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. ამდენად, გ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს - 2009 წლის 23 მარტს ჯერ კიდევ არ იყო გამოტანილი განაჩენი მის მიერ სსკ-ის 2381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ეს განაჩენი სასამართლომ გამოიტანა 2009 წლის 22 აპრილს.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი გ. მ-ე საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულის მომენტისათვის ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ და ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილით ჩაითვალა ნასამართლობის არმქონედ.

9. შესაბამისად, გ. მ-ს მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის აღნიშნული დანაშაული ვერ მოგვცემდა მაკვალიფიცირებელ გარემოებას - არაერთგზისობას.

10. ასევე, რადგან გ. მ-ე საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლით დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლობის მქონე ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის, დღეის მდგომარეობით, სსკ-ის 2381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს ის იყო ნასამართლობის მქონე მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და, შესაბამისად, გვაძლევს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შემადგენლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი