საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.06.2017
საქმის ნომერი
2კ-172აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №172აპ-17 ქ. თბილისი

ნ-ე კ., 172აპ-17 27 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით კ. ნ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა - 180 (ას ოთხმოცი) საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ. აპელანტმა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ. ნ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ასევე - საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, წინა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 11 000 ლარი ჯარიმის მთლიანად დამატება შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო და დაუსაბუთებელი; სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

მსჯავრდებულ კ. ნ-ს მიმართ შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განაჩენში აღნიშნა: საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

პალატამ ასევე მიუთითა: პირველი ინსტანციის სასამართლომ კ. ნ-თვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა ჩადენილი დანაშულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.

რაც შეეხება მსჯავრდებულ კ. ნ-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრას, სააპელაციო პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (№227აპ-13) და მიუთითა, რომ საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

განაჩენთა ერთობლიობისას სახელმწიფო ბრალმდებელს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვისა და შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს ასეთივე პოზიცია ეკავა პირველი ან/და სააპელაციო სასამართლო ინსტანციებში. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს აღნიშნულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუფიქსირებია პოზიცია, შემდგომში იმავე საკითხზე მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით გასაჩივრება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და უპერსპექტივოა.

მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელი პირველი ინსტანციის სასამართლოში შემოიფარგლა მხოლოდ კ. ნ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით და არ მიუთითებია განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესზე.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ. კასატორი ითხოვს: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ კ. ნ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყნებით, წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 11 000 ლარი ჯარიმის მთლიანად დამატებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში. პროკურორმა დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სასამართლო ვალდებულია, განაჩენთა ერთობლიობით თავად განსაზღვროს სასჯელი, მიუხედავად იმისა, ბრალდების მხარემ დააფიქსირა თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი პოზიცია.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ. ნ-თვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება მატერიალური სისხლის სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცია, ასევე - საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც სასამართლომ უნდა დაიცვას მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ კ. ნ-ს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები) გათვალისწინებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. #474აპ-16).

11. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მეორე მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის შესახებ, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს და მიაჩნია, რომ პალატა სწორად უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (№227აპ-13), რომლითაც განმარტებულია, რომ განაჩენთა ერთობლიობისას სახელმწიფო ბრალმდებელს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის და, შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს ასეთივე პოზიცია ეკავა პირველი ან/და სააპელაციო ინსტანციის სასამართლო(ებ)ში. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს აღნიშნულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუფიქსირებია პოზიცია, შემდგომში იმავე საკითხზე მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით გასაჩივრება სამართლებრივად საფუძველს მოკლებული და უპერსპექტივოა.

12. აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოთავსებულია ….. სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ. კ-ს 2016 წლის 29 აგვისტოს მიმართვა, რომლითაც ირკვევა, რომ ….. სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 იანვრის განაჩენზე გაცემული N….. სააღსრულებო ფურცელი ამ განაჩენით განსაზღვრული სასჯელის - 11 000 ლარი ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის ნაწილში, რომელზეც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 იანვრის განაჩენი ექვემდებარება აღსრულებას.

13. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი