დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №51აგ-17 27 ნოემბერი, 2017 წელი დ. შ-ა 51აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი, (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ. და ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენით შ. დ. გამართლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში - „ჰეკლერი და კოხის“ სისტემის №27–048242 პისტოლეტისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების ტარებისა და გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - 7,62 მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური იარაღის ვაზნებისათვის განკუთვნილ მჭიდებში მოთავსებული 60 საბრძოლო ვაზნისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 საბრძოლო ვაზნის შეძენისა და შენახვის ნაწილში.
შ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ შ. დ-ეს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 აგვისტოდან.
ვ. დ. გამართლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - 7,62 მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური იარაღის ვაზნებისათვის განკუთვნილ მჭიდებში მოთავსებული 60 საბრძოლო ვაზნისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 საბრძოლო ვაზნის შეძენისა და შენახვის ნაწილში.
ვ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ვ. დ-ეს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 აგვისტოდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:
შ. დ. გამართლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში - „ჰეკლერი და კოხის“ სისტემის №27–048242 პისტოლეტისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების ტარებისა და გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - 7,62 მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური იარაღის ვაზნებისათვის განკუთვნილ მჭიდებში მოთავსებული 60 საბრძოლო ვაზნისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 საბრძოლო ვაზნის შეძენისა და შენახვის ნაწილში.
შ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ შალვა დოლიძეს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 აგვისტოდან.
ვ. დ. გამართლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ნაწილში; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - 7,62 მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური იარაღის ვაზნებისათვის განკუთვნილ მჭიდებში მოთავსებული 60 საბრძოლო ვაზნისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 საბრძოლო ვაზნის შეძენისა და შენახვის ნაწილში.
ვ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ვ. დ-ეს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 აგვისტოდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულების – შ. და ვ. დ-სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2015 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართეს შ. და ვ. დ-მა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2005 წლის 22 აგვისტოდან 2008 წლის 2 მაისამდე შ. დ. იმყოფებოდა პატიმრობაში არაადამიანური მოპყრობის, წამებისა და ღირსების შემლახველ პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ შ. დ. იყო მძიმე ავადმყოფი,დაავადებული დიაბეტის პირველი ფორმით, მას არც დროებითი დაპატიმრების საკანში და არც საგამოძიებო იზოლატორში 22 აგვისტოდან - 4 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ინსულინი, რითაც სასიკვდილოდ გაწირეს იგი. მისსავე საკანში იმყოფებოდა მისი შვილი - ვ. დ., რომელიც დაკბინა მორიელმა. ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მათი ადეკვატური მკურნალობა. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა მათთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 24 მარტს გამოიტანა განჩინება (გადაწყვეტილება), რომლის თანახმად გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მთავრობის პირობები კონვენციის მე–3 მუხლისა და მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, მასში მითითებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დაუსაბუთებელი პატიმრობით მათ უდიდესი ზიანი მიადგათ, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, ამავდროულად მიადგათ ასევე მატერიალური ზიანი.
შ. და ვ. დ-ის დაკავებისას დაირღვა მთელი რიგი საპროცესო მოთხოვნები: არ გააცნეს დაკავების ოქმი, არ ჩააბარეს ასლი, არ აცნობეს დაკავების მიზეზი, არ გააცნეს უფლებები. არც ერთ ოქმზე არ არის მამა–შვილის ხელმოწერა. პროკურატურის მუშაკებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით განახორციელეს წინასწარი გამოძიების დაწყება. ყველა პროცესუალური დოკუმენტი შეადგინეს ფალსიფიკაციისა და სიყალბის გზით, ამიტომაც არ გააცნეს არც ერთი მათგანი მამა-შვილ დოლიძეებს. რეალურად ბრალდების წარდგენა დაკავებული შ. დ-თვის არ მომხდარა. მამა-შვილს კანონიერად გაფორმებული აქვს 17 დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, ზოგი - შენახვისა და ზოგი - ტარების უფლებით. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები არ არის გასროლილი იმ იარაღიდან, რომელიც მამა-შვილ დოლიძეებს ჰქონდათ გაფორმებული, რაც დასტურდება გამოძიების მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. გამოძიებას დოლიძეებისგან არ ამოუღია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც ისინი თითქოსდა ისროდნენ. საქმეს არ ერთვის ნივთმტკიცება - ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა. არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდება, რომ მამა–შვილმა შეიძინა, გადაზიდა და გადაიტანა უკანონოდ ცეცხლსასროლი იარაღი, რაც განაჩენით არის დადასტურებული. ასევე არც ერთი მოწმე არ ამტკიცებს, რომ მამა–შვილმა ჩაიდინა ხულიგნობა.
2014 წლის 13 მაისის წერილით საქართველოს მთავრობა აღიარებს მამა–შვილის -შ. და ვ. დ-ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–3 და მე–5 მუხლების დარღვევას.
შესაბამისად საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, შუამდგომლობის ავტორები ითხოვდნენ წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით შ. და ვ. დ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
7. 2017 წლის 24 მარტს შ. და ვ. დოლიძეებმა კვლავ მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით, რომლითაც ითხოვეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
შ. და ვ. დ-ბი პატიმრობის დროს იმყოფებოდნენ არაადამიანური მოპყრობის, წამებისა და ღირსების შემლახველ პირობებში, მათ მიმართ უხეშად ირღვეოდა ევროპული კონვენციის მე–3 მუხლი; ასევე, ყოველგვარი სამართლებრივი ნორმის უგულებელყოფით შეუფარდეს მათ პატიმრობა, რითაც დაირღვა ევროპული კონვენციის მე–5 მუხლი და ისინი იმყოფებოდნენ უკანონო პატიმრობაში, რის შედეგადაც დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გარანტირებულია ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2005 წლის ნოემბერში მათ საქართველოს წინააღმდეგ საჩივრით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. 2006 წლის 23 მაისს პალატის გადაწყვეტილებით მოცემული საქმე მიჩნეულ იქნა პრიორიტეტულად, ევროპული კონვენციის 41–ე მუხლის თანახმად.
საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 13 მაისს წერილით მიმართა ევროპულ სასამართლოს და შესთავაზა ცალმხრივი დეკლარაცია, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ აღნიშნა: „მთავრობას სურს, რომ ცალმხრივი დეკლარაციის გზით დანანებით აღიაროს კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევა ბატონი შ. დ-სა და ბატონი ვ. დ-ის მკურნალობის პროცესში დადგენილი კონკრეტული ხარვეზების შედეგად და კონვენციის მე–5 მუხლის დარღვევა, მომჩივნების წინააღმდეგ გამოყენებულ აღმკვეთ ზომად დაკავების გადაწყვეტილებაში საკმარისი დასაბუთების არარსებობის გამო. ასეთ შემთხვევაში მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, თითოეულ მომჩივანს გადაუხადოს 6000 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, ასევე ხარჯებისა და დანახარჯების დასაფარად“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 24 მარტს გამოიტანა განჩინება (გადაწყვეტილება), რომლის თანახმად, გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მთავრობის დეკლარაციის პირობები მასში მითითებული ვალდებულებების შესრულების უზრუნელყოფასთან დაკავშირებით. ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 24 მარტის განჩინებაში მიუთითა: „მთავრობის დეკლარაციის განხილვისას სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მთავრობამ ღიად აღიარა მომჩივნების უფლებების დარღვევა კონვენციის მე–3 მუხლისა და მე–5 მუხლის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უკვე არსებობს სათანადოდ ჩამოყალიბებული პრეცედენტული პრაქტიკა, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ, ციხეებში ადეკვატური მკურნალობის არარსებობასთან დაკავშირებით. ასევე ჩამოყალიბდა პრაქტიკა, კონვენციის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით საჩივრებთან მიმართებით, იმ გადაწყვეტილების არასაკმარისი დასაბუთების შესახებ, რომელიც აკანონებდა მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას და დატოვებას“.
ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინებით (გადაწყვეტილებით) შ. და ვ. დ-ბი აღიარეს ევროპული კონვენციის მე–3 და მე–5 მუხლებით გარანტირებული უფლებების უხეში დარღვევის მსხვერპლად. დაუსაბუთებელი პატიმრობით მათ მიადგათ უდიდესი ზიანი, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებასთან და ასევე მკურნალობისთვის მათ მიერ გაღებულ ხარჯებთან და უდიდეს მორალურ ზიანთან, რაც საქართველოს მართლმსაჯულების ვერც ერთმა ინსტანციამ ვერ შეამჩნია და დროულად ვერ აღკვეთა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მათ ერთხელ უკვე მიმართეს შუამდგომლობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მოთხოვნით, მაგრამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
შუამდგომლობის ავტორების მითითებით, ზემოაღნიშნული განჩინების მიღების შემდეგ მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიიდან მოიპოვეს მოსამართლე მერაბ კოზმავას 2005 წლის 30 სექტემბრის დადგენილება. საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა გიორგი გვარაკიძემ მოსამართლე მერაბ კოზმავასგან ჩაიბარა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება – ერთი ვიდეოკასეტა, რომელზეც აღბეჭდილია კურორტ ბ-ში, შ. და ვ. დ-ების სააგარაკო სახლში, 2005 წლის 19 აგვისტოს გამართული წვეულება და ეს ვიდეოკასეტა გამორიცხავდა მათ მიერ ნებისმიერი იარაღიდან გასროლებს ან გამოყენებას, რაც მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ წარდგენილ შუამდგომლობაში მკაფიოდ და ხაზგასმით იყო მითითებული. ეს მტკიცებულება გ. გ-ეს ჩაჰბარდა მისი ავთენტურობისა და მონტაჟის ნიშნების შესაძლო არსებობის გამოკვლევის მიზნით. აღნიშნული კასეტა წარდგენილი იქნა 2005 წლის 27 სექტემბერს მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ, რომლებიც საგანგებოდ ინახავდნენ მას მათი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. როგორც აღმოჩნდა, ეს მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ გამორიცხავდა შ. და ვ. დ-ების მიერ 2005 წლის 19 აგვისტოს დანაშაულის ჩადენას, გამომძიებელმა გ. ვ-ემ გაანადგურა და გადამალა, მასზე არ დანიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, არ დაურთო სისხლის სამართლის საქმეს და საქმის არსებითი განხილვისათვის სასამართლოს არ გადაუგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაცვის მტკიცებულებას წარმოადგენდა, ანუ არც ერთი ინსტანციის სასამართლოსათვის მისი არსებობის შესახებ ცნობილი არ ყოფილა და არ გამოკვლეულა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით შ. და ვ. დ-ბის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. შ. და ვ. დ-ები საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას, მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე 1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ 1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. კასატორების მიერ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ საკითხზე, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინებით (გადაწყვეტილებით) შ. და ვ. დ-ების ევროპული კონვენციის მე–3 და მე–5 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის მსხვერპლად აღიარებას, საკასაციო პალატას მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება (იხ. საქმე №500აგ-15), ხოლო რაიმე ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატას ამ საკითხზე ხელახლა მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს მისცემდა, კასატორები არ მიუთითებენ.
4. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება, რომ ვიდეოკასეტა, რომელზეც აღბეჭდილია კურორტ ბ-ში, შ. და ვ. დ-ების სააგარაკო სახლში, 2005 წლის 19 აგვისტოს გამართული წვეულება, წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას. მოცემული ვიდეოკასეტა კი, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, წარდგენილი იყო ჯერ კიდევ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვის დროს. ასევე, აღნიშნული კასეტა ერთვოდა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს. ამდენად, მითითებული კასეტა ვერ მიიჩნევა ისეთ მტკიცებულებად, რომლის შესახებ ცნობილი არ იყო მხარეებისა და სასამართლოსთვის.
5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორები სადავოდ არც ხდიან ზემოხსენებული კასეტის შესახებ ინფორმაციის არსებობისა და მისი გამოკვლევის მოთხოვნის ფაქტს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე; ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ გამომძიებლის დანაშაულებრივი ქმედების გამო ვერ მოხერხდა მისი გამოკვლევა სათანადო ეტაპზე, რასთან დაკავშირებითაც პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, ამ მოტივით გადაესინჯა განაჩენი, თუ წარმოდგენილი იქნებოდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგენილი იქნებოდა გამომძიებლის მიერ შალვა და ვლადიმერ დოლიძეების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება შალვა და ვლადიმერ დოლიძეების შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. და ვ. დ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება შალვა და ვლადიმერ დოლიძეების შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე