დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №69აგ-17 თბილისი
ხ-ი ტ, 69აგ-17 28 დეკემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ხ-ა და მისი ადვოკატის - ვ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის განაჩენით ტ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით, 223-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით, 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით, 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, 163-ე მუხლით - 3 წლით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით, 226-ე მუხლით - 2 წლით, ხოლო 153-ე მუხლით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ ტ. ხ-ს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 8 მაისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო.
2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: რ. მ-ე და ა. ც-ე.
3. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა შპს „ქ-ს“ სამოქალაქო სარჩელი, რომლის სასარგებლოდ მსჯავრდებულებს - ტ. ხ-ა და რ. მ-ს სოლიდარულად დაეკისრათ 11669,05 ლარის გადახდა.
4. ამავე განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. ბ-ს მერიის სამოქალაქო სარჩელი, რომლის სასარგებლოდ მსჯავრდებულებს - ტ. ხ-ა და ა. ც-ს სოლიდარულად დაეკისრათ 69952 ლარის გადახდა, ხოლო მსჯავრდებულ ტ. ხ-ს ცალკე დაეკისრა 19606 ლარის გადახდა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ტ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე.
7. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის განაჩენით ტ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა წინა - ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 წლითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ტ. ხ-ს განესაზღვრა 19 წლითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 607-ე მუხლის საფუძველზე გადაუვადდა განაჩენის აღსრულება გამოჯანმრთელებამდე.
8. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულ ტ. ხ-ს ქ-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა 11540 ლარის გადახდა.
9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული ტ. ხ-ი გათავისუფლდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი სასჯელისგან.
10. 2017 წლის 28 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ტ. ხ-ა და მისმა ადვოკატმა ვ. ხ-ა, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა, მათი გაუქმება და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილების საფუძველზე, ვინაიდან ამ დადგენილების თანახმად, მსჯავრდებული ტ. ხ-ი მიჩნეულია პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ტ. ხ-ა და მისი ადვოკატის - ვ. ხ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ტ. ხ-ა და მისმა ადვოკატმა ვ. ხ-ა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, საქმის დაბრუნება და არსებითად განსახილველად გადაცემა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობისთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლში მითითებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძვლები, კერძოდ, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება: „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის პირველ ივლისამდე წარედგინება.
3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციის (რომელიც წარმოადგენს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს) მე-5 მუხლზე, რომლითაც ასამბლეა მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს, გადააფასონ ყველა სავარაუდო პოლიტიკური პატიმრის საქმე რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით და გაათავისუფლონ ისინი ან ხელახლა განიხილონ მათი საქმეები.
4. საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №3) შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე წარდგენილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიების შესაბამისად, იხელმძღვანელა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციის მე-3 პუნქტის a, c, d და e ქვეპუნქტებით და 2012 წლის 5 დეკემბერს მიიღო „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ №76-Iს დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №8) დამტკიცებულ, პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიაში დასახელებული პირები (დანართი №2), მათ შორის სიის მე-20 ნომერი - ტ. ხ-ი, ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტს დაევალა ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირთათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმების უმოკლეს ვადაში შექმნა, რაც განხორციელდა კიდეც, კერძოდ:
· „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდა პირი, რომელსაც აღნიშნული დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილის სტატუსი;
· ხოლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმი გაიწერა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 25-ე მუხლში, რომლის თანახმად, ყველა პირს, რომელზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.
5. ამასთან, აღნიშნულ პირთა დარღვეული უფლების აღსადგენად ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის საფუძვლების გაფართოებისა და ამ გზით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა სამართლებრივი რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით („საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი), საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 22 ივნისს მიიღო კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ამ კანონით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომელშიც გათვალისწინებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის კიდევ ერთი, დამატებითი საფუძველი, კერძოდ - „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით განსაზღვრულ პირებს მიეცათ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის (საქმის ხელახლა განხილვის) შესაძლებლობა.
6. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მსჯავრდებულ ტ. ხ-ა და მის ადვოკატს - ვ. ხ-ს სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობა წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: განაჩენები მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიმართ გამოტანილია 2006 წლის 7 დეკემბერსა და 2009 წლის 10 ივლისს - აღნიშნული დადგენილების მიღებამდე, ხოლო შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 28 მარტს - 3321-ე მუხლში მითითებულ ვადაში - 2017 წლის პირველ ივლისამდე (შუამდგომლობის წარდგენის დროს მოქმედი რედაქცია), რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო შუამდგომლობა და განიხილა კიდეც, მაგრამ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული აქტები არ წარმოადგენს შუამდგომლობის უპირობოდ დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულის გამართლების საფუძველს.
7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში არსებობს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრისა და ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის განაჩენებით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, ხოლო საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულ ტ. ხ-ს სასარგებლოდ მითითებული გარემოებები არ დასტურდება არც საქმეში არსებული მასალებით და არც თავად მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს წარმოუდგენიათ ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ასევე არ არის წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ განაჩენები დაფუძნებულია მოწმეთა ყალბ ჩვენებებზე (მათ შორის ამ საქმეში ერთ-ერთი მსჯავრდებულის - რ. მ-ს ჩვენებაზე, რომელიც, კასატორების აზრით, მან ტ. ხ-ს წინააღმდეგ მისცა თავის სასიკეთოდ და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევის მიზნით).
8. რაც შეეხება კასატორების მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ ტ. ხ-ს გამამტყუნებელი განაჩენები გამოტანილია ირიბი ჩვენებების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) ზემოაღნიშნული ნორმები, ხოლო 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა სასამართლოს არ უცვნია არაკონსტიტუციურად და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეში მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიმართ საქმე წარმართულია 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება ამ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და სადავო საკითხს.
9. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად თქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დასტურდება მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიმართ შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
10. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა ინტერესების გათვალისწინებითა და მათთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის მიზნით მიიღო ზემოაღნიშნული აქტები, რომელთა საფუძველზეც გადასინჯა სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები და მიიჩნია, რომ არ არსებობს განაჩენების გაუქმებისა და მისი გამართლების საფუძველი, რასაც, როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება არ ნიშნავს უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირი, პოლიტიკური აქტიურობის მიუხედავად, ვერ მიიჩნევა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, თუნდაც ასეთი ქმედება პოლიტიკური აქტივობის - მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიერ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს ან პოლიტიკური ვითარების გამო იყოს ჩადენილი. ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლება და საქმის ხელახლა გადასინჯვა არ გულისხმობს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ავტომატურ გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის მიღებას.
12. ამასთან, მსჯავრდებულ ტ. ხ-ა და მისი ადვოკატის - ვ. ხ-ს მითითებაზე, მსჯავრდებულის მიმართ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე საქმის განსჯადობით გადაცემის პროცედურისა და საპატიმრო ვადის სავარაუდო დარღვევის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე იხილავს მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების კანონიერების საკითხს, ხოლო აღნიშნული სავარაუდო დარღვევების დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულება, რაც შეიძლება გახდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, კასატორებს არ წარმოუდგენიათ და, შესაბამისად, ამ გარემოებების შემოწმების უფლებამოსილება სასამართლოს დღევანდელი მოცემულობით არ გააჩნია. მით უმეტეს, რომ ასეთი დარღვევები (დადასტურების შემთხვევაში) ამ განაჩენზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით დადასტურებულია მსჯავრდებულ ტ. ხ-ს მიმართ შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
13. რაც შეეხება კასატორების მოთხოვნას, სადავო - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განაჩენის გამომტანი ორი მოსამართლის აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ისინი მოცემული საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობდნენ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს, რის გამოც იგი ვერ იქნება გაზიარებული.
14. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე და 314-ე მუხლების საფუძველზე საქმე უნდა განეხილა ზეპირი მოსმენით მხარეთა დასწრებით და მიუთითებს, რომ 314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, მართალია, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 16 ივნისის კანონით (რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 28 ივნისიდან) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს ზეპირი მოსმენით, მაგრამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სადავო განაჩენი გამოიტანა 2017 წლის 9 ივნისს - აღნიშნული ცვლილების მიღებამდე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის ვალდებულება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 329-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტ. ხ-ა და მისი ადვოკატის - ვ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
ბ. ალავიძე