დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.12.2017
საქმის ნომერი
2კ-363აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№363აპ-17 ქ. თბილისი

ე. ე., 363აპ-17 18 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივნების – გიორგი შალამბერიძის, კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ შმაგი გობეჯიშვილის

ადვოკატ – თ. გ–ის

მსჯავრდებულ - ე. ე–ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ე–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ე. ე–ი, – დაბადებული 19.. წლის .. ივნისს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 10 დეკემბერს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისათვის ნასამართლევმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ე. ე–მ, არაერთგზის, გ. კ–სა და ა. ზ–თან ერთად უკანონოდ შეაღწია ..... რაიონის სოფელ ..... მდებარე ც. ჯ–ის კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურის საოპერატორო ოთახში და ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორ ა. ო–ს, რომელსაც სიცოცხლისათვის სახიფათო ძალადობითა და ძალადობის მუქარით გასტაცა 240 ლარად ღირებული მობილური ტელეფონები და ც. ჯ–ის კუთვნილი თანხა - 287 ლარი.

2013 წლის 25 დეკემბერს ე. ე–ი გ. კ–სა და ა. ზ–თან ერთად, „....“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნორმით …, რომელსაც მართავდა ვ. გ., ...... რაიონის სოფელ ..... ქალაქ ..... მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდავდა „....“ მოდელის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილ 29 ვაზნას.

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ე. ე–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „.....“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - ამავე იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი 29 ვაზნა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში, ... რაიონის სოფელ ....ში.

2013 წლის 10 დეკემბერს ე. ე. ..... რაიონის სოფელ .....ის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა თავის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ „......“ მოდელის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილ 29 ვაზნას.

ე. ე–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა -თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ე–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 10 წლით.

ე. ე–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2013 წლის 25 დეკემბრიდან.

გ. კ. – დაბადებული 19.. წლის .. აგვისტოს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 10 დეკემბერს გ. კ–მ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ე. ე–სა და ა. ზ–თან ერთად, უკანონოდ შეაღწია ..... რაიონის სოფელ ..... მდებარე ც. ჯ–ის კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურის საოპერატორო ოთახში და ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორ ა. ო–ეს, რომელსაც სიცოცხლისათვის სახიფათო ძალადობითა და ძალადობის მუქარით გასტაცა 240 ლარად ღირებული მობილური ტელეფონები და ც. ჯ–ის კუთვნილი თანხა - 287 ლარი.

2013 წლის 25 დეკემბერს გ. კ. ე. ე–სა და ა. ზ–თან ერთად, „....“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნორმით …, რომელსაც მართავდა ვ. გ–ი, .... რაიონის სოფელ ..... ქალაქ .... მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდავდა „...“ მოდელის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილ 29 ვაზნას.

გ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 7 წლით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა - 8 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 8 წლით.

გ. კ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. გ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2013 წლის 25 დეკემბრიდან.

ა. ზ–ი, – დაბადებული 19.. წლის .. სექტემბერს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 10 დეკემბერს ა. ზ–მა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ე. ე–სა და გ. კ–თან ერთად უკანონოდ შეაღწია .... რაიონის სოფელ .... მდებარე ც. ჯ–ის კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურის საოპერატორო ოთახში და ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორ ა. ო–ეს, რომელსაც სიცოცხლისათვის სახიფათო ძალადობითა და ძალადობის მუქარით გასტაცა 240 ლარად ღირებული მობილური ტელეფონები და ც. ჯ–ის კუთვნილი თანხა - 287 ლარი.

2013 წლის 25 დეკემბერს ა. ზ–მა ე. ე–სა და გ. კ–თან ერთად, „...“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნორმით …, რომელსაც მართავდა ვ. გ–ი, ..... რაიონის სოფელ .... ქალაქ .... მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდავდა „....“ მოდელის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილ 29 ვაზნას.

ა. ზ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 8 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ზ–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით.

ა. ზ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ა. ზ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2013 წლის 25 დეკემბრიდან.

ვ. კ. – დაბადებული 19.. წლის .. ივნისს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; ვ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ვ. კ–მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ... რაიონის სოფელ ... მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, თავის საძინებელ ოთახში არსებული საწოლის ლეიბის ქვეშ.

2013 წლის 10 დეკემბერს ვ. კ–მ წინასწარ შეუპირებლად დაფარა ე. ე–ის, გ. კ–ისა და ა. ზ–ის მიერ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული, .... რაიონის სოფელ .... მდებარე ბენზინგასამართი სადგურის საოპერატორო ოთახში ოპერატორ ა. ო–ე ყაჩაღურად თავდასხმის ფაქტი და ..... რაიონის სოფელ .... თავის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსებში დამალა დანაშაულის ჩადენის იარაღი - „.....“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი 29 ვაზნა.

2013 წლის 10 დეკემბერს ვ. კ–მ .... რაიონის სოფელ ...... თავის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსებში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ე. ე–ის მიერ მიბარებული „....“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი 29 ვაზნა.

ვ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით.

ვ. კ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ვ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2013 წლის 25 დეკემბრიდან.

2. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა და ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენში ე. ე–ისა და ვ. კ–ის მიმართ ცვლილების შეტანა, კერძოდ, ე. ე–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო ვ. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრა. მსჯავრდებულებმა - ე. ე–მა და ვ. კ–მ ითხოვეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ა. ზ–მა და გ. კ–მ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ გ. კ–ს შორის.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ გ. კ–ს შორის.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორ გია შაიშმელაშვილისა და მსჯავრდებულების - ვ. კ–ისა და ე. ე–ის სააპელაციო საჩივრები. გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულების - ვ. კ–ისა და ე. ე–ის მიმართ დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – მსჯავრდებული ე. ე–ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2013 წლის 27 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არის უკანონოდ მოპოვებული, მასში ადვოკატის მონაწილეობის აღნიშვნა არ შეესაბამება რეალობას. ამასთან, აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი კამერის არსებობის მიუხედავად, არც ერთი მათგანის ჩანაწერი საგამოძიებო ორგანოს არ გამოუთხოვია. კასატორის მითითებით, სატელეფონო ამონაწერის თანახმად, მსჯავრდებული შემთხვევის ადგილიდან 70-80 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა. ამასთან, საპროცესო შეთანხმებები, გაფორმებული სხვა მსჯავრდებულთა მიმართ არსებითი განხილვის გარეშე, კანონის დარღვევით დაიდო, კერძოდ, მათ არ უღიარებიათ ბრალი. კასატორი აღნიშნავს, რომ დაზარალებულის გამოძიებაში მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება არსებით სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას.

7. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ე. ე–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ–მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ე. ე–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ე. ე–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

2. ე. ე–ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ..... რაიონის სოფელ ...... მდებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2013 წლის 25 დეკემბერს ჩატარდა ე. ე–ის პირადი ჩხრეკა. მისი შავი ტყავის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს „....“ ფირმის შავი მობილური ტელეფონი იმეიკოდით - ......... სიმბარათის გარეშე, აგრეთვე „....“ ფირმის შავი მობილური ტელეფონი იმეიკოდით - .... სიმ ბარათის გარეშე, ხოლო ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან - ვარდისფერი „...“ სიმბარათი. პირადი ჩხრეკის ოქმში რაიმე სახის შენიშვნა ან/და განცხადება გამოთქმული არ არის. ე. ე–ის მიმართ ჩატარებული აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს .... საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა - შ. მ–მ და თ. რ–მა.

3. საგნის ამოცნობის ოქმების თანახმად, დაზარალებულმა ა. ო–მ ამოიცნო „...“ ფირმის N.. მოდელის შავი მობილური ტელეფონი და „....“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც მისგან გაიტაცეს ყაჩაღური თავდასხმის დროს. ა. ო–ის ამოცნობილი მობილური ტელეფონებიდან „...“ ფირმის N.. მოდელის შავი მობილური ტელეფონი ამოიღეს ა. ზ–ის, ხოლო „....“ ფირმის მობილური ტელეფონი - ე. ე–ის პირადი ჩხრეკის დროს.

4. დაზარალებულმა ა. ო–მ მოწმედ დაკითხვის დროს დაადასტურა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონების ამოცნობის ფაქტი. ამასთან, აღნიშნა, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს, როდესაც იგი მორიგ ცვლაში იმყოფებოდა სამსახურში, ... რაიონის სოფელ .... მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ც. ჯ–ის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურში, ღამის საათებში, დაახლოებით 23:00 საათიდან 24:00 საათამდე დროის შუალედში, სამი პირი, რომელთაგან ერთი იყო შეიარაღებული ავტომატით და ხელებზე ეკეთა სამედიცინო ხელთათმანები, მას ყაჩაღურად დაესხა თავს. სამივე მათგანს სახე დაფარული ჰქონდა ნაჭრით. დაზარალებულმა განმარტა, რომ მოკვლის მუქარით შეშინებულმა თავდამსხმელებს გადასცა 200 ლარი, ლითონის ფული, დაახლოებით 87 ლარი და მისი კუთვნილი „...“ და „...“ ფირმის მობილური ტელეფონები, რომლებიც იქვე მაგიდაზე ეწყო და რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 240 ლარს შეადგენდა. მანვე აღნიშნა, რომ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი შემოვიდა ჯიხურში, დაეჯაჯგურა და ხელი ჰკრა მას, რის გამოც წაიქცა. ამ დროს თავდამსხმელს სახიდან ტილო ჩამოუვარდა. ის მოკვლით დაემუქრა დაზარალებულს, თუ მომხდარის თაობაზე სამართალდამცველებისათვის შეტყობინებას გაბედავდა. მოგვიანებით ეს პირი დაზარალებულმა ამოიცნო, როგორც ა. ზ–ი.

5. დაზარალებულ ც. ჯ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის საკუთრებას წარმოადგენს ... რაიონის სოფელ ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური. ყაჩაღური თავდასხმის დროს, 2013 წლის 10 დეკემბერს, ბენზინგასამართ სადგურზე მორიგ ცვლაში იმყოფებოდა ოპერატორი ა. ო–ე. იმ დღეს ყაჩაღებმა მას ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაყიდვის შედეგად შესული თანხა - 287 ლარი წაართვეს. შესაბამისად, მისი ზარალი ამ ოდენობისაა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ე. ე–მა არ უარყო მისი პირადი ჩხრეკისას „...“ ფირმის მობილური ტელეფონის ამოღების ფაქტი, მაგრამ განმარტა, რომ იგი ტაქსით მგზავრობის დროს ჩანთიდან ამოიღო და მას გადასცა ა. ზ–მა. ჩანთაში ასევე იდო ავტომატი.

7. 2013 წლის 27 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად (რომელსაც ხელს აწერს აგრეთვე ადვოკატი ნ. ლ–ი), გ. კ–ის მითითებით, დადგენილი და დადასტურებულია, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს გ. კ–ე და ა. ზ–ი ჩავიდნენ .... რაიონის სოფელ .... ე. ე....თან. იქიდან სამივემ ერთად წამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გადაადგილდებოდნენ „....“ მარკის ავტომობილით. გზად გაჩერდნენ ...., ... ქუჩის N..-ში მდებარე “….“ აფთიაქში, სადაც ა. ზ–მა შეიძინა ორი წყვილი რეზინის ხელთათმანი. ამის შემდეგ სამივემ გზა განაგრძო თბილისის მიმართულებით და ... რაიონის სოფელ ...., ცენტრალური საავტომობილო გზის სამხრეთით არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე, სამივემ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა. გ. კ–მ აგრეთვე მიუთითა ადგილზე, სადაც ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გაჩერებული ჰყავდათ „....“ მარკის ავტომობილი. თავდასხმის შემდეგ ისინი წავიდნენ ... რაიონის სოფელ ..., სადაც ე. ე–მა ვ. კ–ს შესანახად დაუტოვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორისათვის წართმეული ... მობილური ტელეფონი. აღნიშნული ავტომატი სამივემ ერთად წამოიღო 2013 წლის 25 დეკემბერს, რა დროსაც სამივე მათგანი დააკავეს სოფელ ...–ში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ფაქტი, მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შსს სამინისტროს ... რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - გ. ა–მა, ლ. მ–მა და გ. ლ–მა.

8. მოწმე ვ. გ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 25 დეკემბერს, იგი, როგორც „...“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით …) ტაქსის მძღოლი, დაიქირავა ორმა პირმა (გ. კ–მ და ა. ზ–მა), რომლებიც ...დან .... რაიონის სოფელ ... უნდა წაეყვანა და უკან, ..ში ჩაეყვანა. ამ ორ პირს ხელბარგი არ ჰქონია და არც გზად წამოუღიათ რაიმე ნივთი. სოფელ ...ში კითხვა-კითხვით ერთ (ვ. კ–ის) ოჯახში მივიდნენ, სადაც ჯერ ის ორი პირი (გ. კ–ე და ა. ზ–ი) შევიდნენ, შემდეგ მოწმეც შეიპატიჟეს. შესვლამდე მანქანის კარი ჩაკეტა. ცოტა ხანს „წაიქეიფეს.“ ოჯახიდან პირველი მოწმე გამოვიდა, მოგვიანებით კი - მისი მგზავრები. უკანა გზაზე მათ მესამე პირიც (ე. ე–ი) დაემგზავრა, რომელიც ამავე ოჯახში იმყოფებოდა. ავტომობილში მგზავრებმა რამე ჩადეს თუ არა, არ დაუნახავს, ვინაიდან უკვე ბნელოდა და გვიანი იყო. სოფელ ს–ში, ერთ-ერთი მგზავრის თხოვნით, სიგარეტის საყიდლად მაღაზიასთან შეჩერდნენ. მოულოდნელად ხალხი აირია, პოლიციელები მივიდნენ და ყველა მანქანიდან გადმოიყვანეს. მოწმეც გაჩხრიკეს. მანქანასთან მიყვანისას ნახა ჩანთა, რომელზეც იდო ავტომატი. საიდან აღმოჩნდა ავტომატი მის ავტომობილში, ვ. გ–ის უცნობია.

9. 2013 წლის 25 დეკემბრის ა. ზ–ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, სოფელ ......ში ჩატარდა ა. ზ–ის პირადი ჩხრეკა, რომელიც იჯდა ა/მანქანა „....,“ სახელმწიფო ნომრით …., უკანა სავარძლის მარცხენა მხარეს. მისი ჩხრეკა დაიწყო ავტომანქანაშივე, რა დროსაც ორივე ხელში ეკავა შავი სპორტული ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო „....“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნომრით - ....., ერთი მჭიდი და 29 ვაზნა. ამავე ჩანთაში მოთავსებული იყო პოლიეთილენის პარკი 456 ხუთთეთრიანი და ერთი ათთეთრიანი მონეტით.

10. ბალისტიკური ექსპერტიზის №.... დასკვნით და ექსპერტ კ. რ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა. ზ–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, ... წლის ნიმუშის - “...” მოდელის ... კალიბრიანი „...“ კონსტრუქციის ავტომატი ..., რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის როგორც ერთჯერადად, ასევე ავტომატურ რეჟიმში. გამოკვლევაზე წარმოდგენილი 29 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული, ... წლის ნიმუშის ... მმ კალიბრიანი ვაზნა განკუთვნილია ... კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ “...,” “...,” “...,” “...,” “....” ავტომატებისათვის, „..." კარაბინისათვის, „..“ და „...“ ხელის ტყვიამფრქვევისათვის და სხვა. ვაზნები ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

11. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარდგენილი წერილობითი შუამდგომლობების საფუძველზე, 2015 წლის 22 ივნისს გ. კ–ის მიმართ, ხოლო 2015 წლის 24 სექტემბერს ა. ზ–ის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილ იქნა განაჩენები, რომელთა მიხედვითაც, 2013 წლის 10 დეკემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ. კ–მ, ა. ზ–მა და ე. ე–მა უკანონოდ შეაღწიეს ..... რაიონის სოფელ ..... მდებარე ც. ჯ–ის კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურის საოპერატორო ოთახში და ყაჩაღურად თავს დაესხნენ ოპერატორ ა. ო–ს, რომელსაც სიცოცხლისათვის სახიფათო ძალადობითა და ძალადობის მუქარით გასტაცეს 240 ლარად ღირებული მობილური ტელეფონები და ც. ჯ–ის კუთვნილი თანხა - 287 ლარი. აგრეთვე 2013 წლის 25 დეკემბერს ე. ე–ი, გ. კ–ე და ა. ზ–ი ერთად, „...“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით …, რომელსაც მართავდა ვ. გ–ი, .... რაიონის სოფელ .... - ქალაქ ....ში მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდავდნენ „.....“ მოდელის ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილ 29 ვაზნას.

12. საკასაციო სასამართლო ე. ე–ის ბრალეულობის, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის - არაერთგზისობის დამადასტურებლად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განაჩენს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განაჩენს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის განჩინებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებას. ფორმა „ბ,“ ცნობის ასლი N.....-ის თანახმად, ე. ე–მა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება სასჯელის ვადის გასვლის საფუძველზე 2013 წლის 14 თებერვალს დატოვა.

13. საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე მითითებულ არგუმენტებს, ვინაიდან ისინი არ გამომდინარეობს წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, კერძოდ:

14. მსჯავრდებულ ე. ე–ის პოზიციით, დაზარალებულ ა. ო–ის გამოძიებაში მიცემული დაკითხვის ოქმის შინაარსი არსებით სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების საწინააღმდეგოა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში, ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, როგორებიც არის: თავდასხმის ფაქტი, მოკვლის მუქარა, ერთ-ერთი თავდამსხმელის მიერ სახეზე აფარებული ტილოს ჩამოვარდნა, მისი ამოცნობის შესაძლებლობა თუ თავდამსხმელთა ოდენობა შეესაბამება არსებით სასამართლო სხდომაზე ა. ო–ის მიერ მიცემულ ჩვენებას. ამდენად, დაზარალებულის მიერ როგორც გამოძიების, ისე არსებითი განხილვის სხდომაზე გაცხადებული, საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება ურთიერთშესაბამისია.

15. კასატორმა თავდაპირველად მიუთითა, რომ ადვოკატი ნ. ლ–ი საგამოძიებო ექსპერიმენტში არ მონაწილეობდა. შემდეგ აღნიშნა, რომ მონაწილეობდა, მაგრამ - არასრულყოფილად. არსებით სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - გ. ა–მა, ლ. მ–მა და გ. ლ–მა დაადასტურეს ნ. ლ–ის საგამოძიებო ექსპერიმენტში სრულად მონაწილეობა. თავად ნ. ლ–ს მიეცა შესაძლებლობა, დაეკითხა ზემოაღნიშნული მოწმეები, რა დროსაც არ უარუყვია საგამოძიებო ექსპერიმენტში მისი მონაწილეობა, მეტიც, მან ერთ-ერთი მოწმის დაკითხვის დროს განაცხადა, რომ „ნაბიჯ-ნაბიჯ“ აკვირდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობას. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ნ. ლ–ი სრულად მონაწილეობდაა 2013 წლის 27 დეკემბერს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით. ოქმის თანახმად, მას არ გამოუთქვამს რაიმე სახის შენიშვნა ან/და განცხადება. აღნიშნული გარემოება აგრეთვე დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე მოწმეებმაც. ამდენად, საკასაციო პალატას აღნიშნულის საპირისპირო პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი არ გააჩნია.

16. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ბრალის აღიარების გარეშე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, როგორც 2015 წლის 22 ივნისს გ. კ–ს, ისე 2015 წლის 24 სექტემბერს ა. ზ–ს სასამართლო სხდომაზე წაუკითხეს შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც კვლავ განემარტათ ბრალდება. აღნიშნულის შემდეგ მსჯავრდებულები დაეთანხმნენ შუამდგომლობას და განმარტეს, რომ რაიმე სახის იძულება მათ მიმართ არ განხორციელებულა; ამავდროულად, მათ გამოხატეს თანხმობა ყველა იმ პირობაზე, რასაც პროკურორსა და მათ შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ითვალისწინებდა. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის პოზიციას კანონით დადგენილი წესის დაუცველად საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანასთან მიმართებით.

17. საკასაციო სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის დარღვევასთან მიმართებით, კერძოდ, განაჩენში ასახული ყველა მტკიცებულება, რომელმაც ე. ე–ის მსჯავრდება გამოიწვია - შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გავლის შესახებ ოქმების თანახმად, გადაეცა ე. ე–ს. ამასთან, 2013 წლის 28 დეკემბრის გაცვლის ოქმის 44-ე პუნქტის თანახმად, ე. ე–ს ყველა სხვა შესაძლო მტკიცებულებასთან ერთად გადაეცა მომართვა და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა.

18. რაც შეეხება კასატორის მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარის დაკითხულ მოწმეებზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, უტყუარია და არ ბადებს ეჭვებს, რის გამოც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ ბათილდება ე. ე–ის ოჯახის წევრებისა და ახლობლების (თ. ო–ის, ი. ო–ის, მ. მ–ის, შ. მ–ისა და ს. მ–ის) ჩვენებებით.

19. ე. ე–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომასთან მიმართებით საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსს და ინდივიდუალურად აფასებს ე. ე–ის პიროვნებას. განსახილველ შემთხვევაში გამოვლენილია დანაშაულთა ერთობლიობა. ამასთან, ე. ე–ი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის (ყაჩაღობის) ჩადენისათვის და მან კვლავ ანალოგიური ხასიათის, განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა. ამდენად, იკვეთება დანაშაულის რეციდივიც; საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის ძალადობრივ ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას და მიაჩნია, რომ ე. ე–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა არის სამართლიანი.

20. ამდენად, ის პოზიციები, რომლებიც დაცვის მხარემ თავის საჩივარსა და საკასაციო პალატის სხდომაზე დაასახელა, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. ე–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. ქათამაძე