განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 04.01.2018
საქმის ნომერი
2კ-419აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №419აპ-17 ქ. თბილისი

მ-ა გ, 419აპ-17 4 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - ნათია გურულის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განაჩენით გ. მ-ა ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273 მუხლით (2016 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი, სსკ-ის 273-ე მუხლით (2016 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, გ. მ-ს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი.

გ. მ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

გ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით გ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 4 000 ლარის უზრუნველსაყოფად დ. დ-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თ-ი, ნ. ჟ-ს ქ. N .., ბინა N..-ში, რომლის ფართია 97,10 კვადრატული მეტრი (საკადასტრო კოდით N.....), დადებული ყადადა - გაუქმდა.

2. აღნიშნული განაჩენით გ. მ-ს მსჯავრი დედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენით გ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. 2016 წლის 2 თებერვალს ქ. თ-ი გ. მ-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“, ხოლო 2016 წლის 23 თებერვალს ნარკოტიკული საშუალებების - „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილემ სოსო სალთხუციშვილმა, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა გ. მ-მ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, რაც სასამართლოს ავალდებულებდა, საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების გამოყენებით მსჯავრდებულისათვის სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორი - ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ნათია გურული საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელის განსაზღვრას განაჩენთა ერთობლიობით, შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატა არასწორად აპელირებს საქართველოს სსსკ-ის 298–ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მოთხოვნა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ იგი ბრალდების მხარეს ავალდებულებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოადგინოს თავისი პოზიცია სასჯელთან დაკავშირებით, ვინაიდან სასჯელის შეფარდება წარმოადგენს სასამართლოს და არა - ბრალდების მხარის ფუნქციას; დადგენილია ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა გ. მ-მ განზრახი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმპერატიულად ავალდებულებდა სასამართლოს პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრას; ასევე არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება პირობითი მსჯავრის მიმდინარეობის შეჩერების შესახებ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების დანაწესზე, რადგან აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სისხლის სამართლის კოდექსი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ. მ-ს საქმის მასალები, შეამოწმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - ნათია გურულის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენით გ. მ-ა დამნაშავედ ცნო „ოპიუმის“ ჯგუფსა და „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ (მარიხუანა) მიკუთვნებული ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 წლით, 1 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც 3 თვე და 25 დღე გ. მ-ს განსაზღვრული ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 10 თვე ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 თვე დ 25 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 10 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 20 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2014 წლის 26 ნოემბრიდან 2015 წლის 20 იანვრამდე პერიოდი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ გ. მ-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლით (ორი - 2016 წლის 2 და 23 თებერვლის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2016 წლის 2 და 23 თებერვალს, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ, მისთვის სასჯელის შეფარდებას განაჩენთა ერთობლიობის წესით.

4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, მსჯავრდებულ გ. მ-ს ახალი დანაშაული ჩადენილი ჰქონდა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და მითითებულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა განსაზღვროდა განაჩენთა ერთობლიობით, მაგრამ მას არ გააჩნდა უფლებამოსილება, ემსჯელა ამ საკითხზე, რადგან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში“. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ მოითხოვა გ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით შეფარდება, პალატა ვერ იმსჯელებდა ამ საკითხზე.

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №349აპ-17) შემდეგი: მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ. სასამართლოს ვალდებულება, გააუქმოს პირობითი მსჯავრი, არ არის დამოკიდებული პროკურორის პოზიციაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის არგაუქმებით არსებითად ირღვევა მატერიალური კანონი, რისი გასაჩივრების უფლებაც ბრალდების მხარეს ვერ შეეზღუდება.

6. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლოს მიმართა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით, რომლითაც პროკურორი ითხოვდა სწორედ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. მ-ს საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი წესით განსაზღვრას. მოსამართლემ მხარეებს შესთავაზა საპროცესო შეთანხმების პირობების დაზუსტება მითითებული წესით სასჯელის შეფარდების ნაწილში, რასაც პროკურორი არ დაეთანხმა და მოითხოვა საქმის არსებითად განხილვა. ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს თავისი პოზიცია ისედაც ნათლად ჰქონდა ჩამოყალიბებული და წარმოდგენილი საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობასა და სასამართლო სხდომაზე.

7. ამდენად, მითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში სასამართლოს მიერ დაშვებული უკანონობის თაობაზე და განეხილა მხარის მოთხოვნა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის შეფარდების შესახებ.

8. ბრალდების მხარე მართებულად მიუთითებს თავის საკასაციო საჩივარში, რომ დარღვეულია მოქმედი მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილითა და იმავე კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ ასევე არაერთხელ განმარტა მითითებული მუხლებით სასჯელის განსაზღვრის წესი, კერძოდ:

- საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით დადგენილია, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ნებისმიერ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და ახალი დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განაჩენთა ერთობლიობის წესი, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მატერიალური სისხლის სამართლის ამ დანაწესს აქვს იმპერატიული ხასიათი, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააუქმებს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც შეეხება მხოლოდ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს და არა პირობითი მსჯავრის გაუქმება – არგაუქმების საკითხს, რომელიც მატერიალური სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება (მაგალითის სახით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №203აპ–15, №733აპ-16, №349აპ-17).

- კონკრეტულად, საკასაციო პალატამ მხედველობაში მიიღო „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-81 ნაწილი, რომელიც აწესრიგებს პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენის დროს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების შეჩერების საკითხს, რაზედაც აპელირებენ ქვემდგომი სასამართლოები მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდების წესთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა უშუალოდ არ ეხება და არც წყვეტს მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას ამ ვადის დინებისა და, შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მიმდინარეობის შეჩერების ან შეწყვეტის საკითხს, რადგან იგი არ მიეკუთვნება აღნიშნული საკანონმდებლო აქტის რეგულაციის სფეროს. ამიტომ განსახილველ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ზემოხსენებული ნორმებით დადგენილი მოთხოვნებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №349აპ-17).

- აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ, გასაჩივრებულ განაჩენებში წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით: როდესაც პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ არის გამოყენებული, მაშინ გამოსაცდელი ვადა ჩვეულებრივად მიედინება და ახალი დანაშაულისათვის განაჩენის დადგენამდე ამ ვადის ამოწურვის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრი მოხდილად უნდა ჩაითვალოს, რაც გამორიცხავს ახალი დანაშაულისათვის მის მიმართ სასჯელის დანიშვნას განაჩენთა ერთობლიობის წესით. საკასაციო პალატის აზრით, ასეთი მიდგომა უეჭველად გამოიწვევს აშკარა შეუსაბამობას სისხლის სამართალში მოქმედ პროპორციულობის პრინციპთან და ყოვლად გაუმართლებელ უსამართლობას დასჯადობაში, რადგან მსგავს შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობა მთლიანად იქნება დამოკიდებული არა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმებით განსაზღვრულ წესსა და კანონზომიერებაზე, არამედ - სრულიად სხვადასხვა შემთხვევით გარემოებაზე, მაგალითად: ახალი დანაშაულის საქმეზე რამდენად სწრაფად დამთავრდება გამოძიება და გადაეცემა საქმე სასამართლოს განსახილველად; თავის მხრივ, სასამართლო რამდენად დროულად დაიწყებს საქმის არსებით განხილვას, გამომდინარე მისი დატვირთულობიდან; რამდენ ხანს გაგრძელდება საქმის განხილვა სასამართლოში, გამოსაკვლევი მტკიცებულებების მოცულობის გათვალისწინებით და ა.შ. ასეთ პირობებში კი არც ასეთი შემთხვევა იქნება გამორიცხული: გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულს, მის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას, როდესაც ეს ვადა, მართალია, მინიმალური იყო, მაგრამ ახალი დანაშაულის გამო მისი ბრალდების საქმეზე საპროცესო წარმოება სწრაფად დასრულდა მის მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე, სასჯელი დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობის უფრო მკაცრი წესით, ვიდრე იმ პირს, ვინც პირობით მსჯავრდებული იყო უფრო მძიმე, განზრახი დანაშაულისათვის და მისი გამოსაცდელი ვადაც ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო. მაგრამ, ზემოაღნიშნულ შემთხვევით გარემოებებზე დამოკიდებულებით, თუკი ამ უკანასკნელის მიმართ ახალი დანაშაულის საქმეზე საპროცესო წარმოება მეტისმეტად გაჭიანურდა და ამის შედეგად გამოსაცდელი ვადა ამოიწურა განაჩენის გამოტანამდე, მაშინ შეუძლებელი გახდება მისთვის სასჯელის შეფარდება განაჩენთა ერთობლიობის წესით. სასჯელის დანიშვნის პრაქტიკაში ამგვარი არათანაბარი მიდგომა და ამით განპირობებული აშკარა უსამართლობის შესაძლებლობა დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, საბოლოო დასკვნა ასეთია: ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაული ჩაიდინა, კერძოდ, საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–4 ნაწილით (როდესაც პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქმის განხილვისას სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმება) და ასევე, მე–5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და ახალი დანაშაულისათვის მისი მსჯავრდებისას სასჯელი უნდა დადგინდეს განაჩენთა ერთობლიობის წესით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №349აპ-17).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 30 მაისს გ. მ-ს ბრალდების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე მის მიმართ უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით გამოყენებული პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - ნათია გურულის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. მ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2016 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი; 273-ე მუხლით (2016 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და გ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს ჯარიმა - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი.

5. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გ. მ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) შეფარდებულ საბოლოო სასჯელს, ჯარიმას - 2500 (ორი ათას ხუთას) ლარს, ნაწილობრივ დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 8 (რვა) დღე და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი და ასევე - 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა. გ. მ-ს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2016 წლის 23 თებერვლიდან იმავე წლის 1 მარტის ჩათვლით), თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი ჩაეთვალოს სრულად მოხდილად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი