შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№170აპ-18 ქ. თბილისი
შ. გ-ი, 170აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 აგვისტოს განაჩენით გ. შ., - - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა - 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. შ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 12 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. შ-ეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 12 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 4 ნოემბრიდან.
გ. შ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა გაუქმდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 5 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის განაჩენით გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-5 ნაწილების შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი;
მიუხედავად ამისა, 2016 წლის 4 ნოემბერს, დღის საათებში, პ-ის გამზირის N5-ში მდებარე შპს „ა-დან“ გ. შ. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა აღნიშნული მაღაზიის კუთვნილ - 40 ლარად ღირებულ სპორტულ შარვალს;
გ. შ. 2016 წლის 3 ნოემბერს, ღამის საათებში, თ-ში, - მ/რ-ის, N--ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ცივი იარაღით შეიარაღებული, თავს დაესხა მ. ქ-ას და დაეუფლა მის კუთვნილ, 20 ლარად ღირებულ საფულესა და თანხას - 10 ლარს.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტებმა ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ს. ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. დაცვის მხარის მითითებით, გ. შ-ის პირველი ჩვენება ცემისა და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად არის მიღებული; ამოცნობა კანონის დარღვევით ჩატარდა, ვინაიდან მ. ქ-ას გ. შ. ორ, განსხვავებულ მამაკაცთან ერთად წარუდგინეს; გ. შ-ეს, დაკავების ოქმის თანახმად, გააჩნდა დაზიანებები, რაც მას განასხვავებდა სხვა პირებისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. შ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, კერძოდ:
3. დაზარალებულ მ. ქ-ას ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 3 ნოემბერს მამაკაცი, რომელმაც მას ყელზე დანა მიადო და მუქარის ტონით ფულისა და ოქროს გადაცემა მოითხოვა, ნამდვილად გ. შ. იყო. ვინაიდან მუქარა დაზარალებულმა რეალურად აღიქვა, იგი იძულებული გახდა, თავდამსხმელისათვის ოც ლარად ღირებული, კუთვნილი საფულე გადაეცა. დაზარალებულის განმარტებით, საფულეში მოთავსებული იყო: 10 - ლარიანი კუპიურა, სხვადასხვა სახის ბარათი და მშობლების ფოტოსურათები, რომელთაგანაც ერთ-ერთს ჰქონდა წარწერა - „მიყვარხარ დე.“
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. ქ-ას ჩვენება დასტურდება გამოძიების სტადიაზე დაზარალებულის მიერ გ. შ-ის ამოცნობის ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. მოწმეების - რ. მ-ის, შ. ხ-ის, კ. ყ-სა, ექსპერტ თ. ა-ის ჩვენებებითა და 2016 წლის 5 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გ. შ-ემ თვითონ მიუთითა როგორც ადგილზე - მ/რ-ის, N--ე და N--ე კორპუსებს შორის), სადაც მან ყაჩაღობა ჩაიდინა, ისე N--ე კორპუსის მიმდებარედ მდგარ ნაგვის ორ ურნაზე, სადაც დაუფლებული ნივთები გადაყარა. ურნების დათვალიერებისას ამოიღეს ფოტოსურათები, რომელთაგანაც ერთ-ერთს ჰქონდა წარწერა - „მიყვარხარ დე.“
5. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ ოქმსა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ხელს აწერს თავად გ. შ.; ოქმზე შენიშვნა ან შესწორება გამოთქმული არ ყოფილა.
6. გ. შ-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს აგრეთვე ადასტურებს შპს „ჯ-ის“ გაცემული წერილი, ამონაწერი და მოწმე მ. კ-ის ჩვენება, კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ 2016 წლის 3 ნოემბერს, მ. ქ-ას დაყაჩაღების დროს, ბრალდებულ გ. შ-ეს თან ჰქონდა „სამსუნგის ფირმის“ მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო „ჯ-ის“ ქსელში ჩართული სიმბარათი ნომრით ----; ხოლო შპს „ჯ-ის“ მიერ გაცემული წერილისა და ამონაწერის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დროს, მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული იყო ნომერი - --- (რითაც სარგებლობდა და გადაადგილდებოდა გ. შ.), 2016 წლის 3 ნოემბრის 20:00 საათიდან - 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, დაფიქსირდა იმ მომსახურე ანძების არეალში, რომელიც განთავსებული იყო დანაშაულის ჩადენის ტერიტორიაზე, კერძოდ, - მ/რ-ში.
7. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულ მ. ქ-ას ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს და იგი საქმეში წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებებით არის გამყარებული, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია გ. შ-ის მიერ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
8. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და გ. შ. უნდა გამართლდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ ქურდობის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მითითებული: დაზარალებულ გ. კ-ის, დ. ტ-სა და შ. ხ-ის ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, შიდა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები უტყუარად ვერ ადასტურებს ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის არსებობის ფაქტს, კერძოდ:
9. მოწმე დ. ტ-ს ჩვენებით, გ. შ-ის პირადი ჩხრეკის დროს მისი ყურადღება მიიქცია შარვლის ქვეშ ჩაცმულმა მეორე შარვალმა, რომელსაც ეკეთა იარლიყები. მათ ამოიღეს აღნიშნული შარვალი; როგორც შემდგომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით გაირკვა, ეს სპორტული შარვალი გ. შ-ეს მოპარული ჰქონდა მაღაზია „ა-დან.“ მაღაზიის დირექტორის წერილით კი, დასტურდება, რომ შარვალი წაღებული იყო მათი მაღაზიიდან.
10. შპს „ა-ის“ დირექტორის, დაზარალებულ გ. კ-ს ჩვენებით, მათ მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობს გ. შ-ს დედა – თ. კ.. მოწმემ სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებული წერილის საფუძველზე აღწერა მაღაზიაში არსებული „ნაიკის“ ფირმის სპორტული შარვლები, რითაც დადგინდა, რომ დანაკლისი იყო სწორედ იმ სპორტული შარვლის ერთეულზე, რაც გამომძიებელს მითითებული ჰქონდა წერილში. შარვლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 40 ლარს. დაზარალებულის განმარტებით, სამსახურში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ვინაიდან გ. შ-ის დედას გაყიდვაში ჰქონდა საუკეთესო მაჩვენებელი, მას უფლება ჰქონდა, იმ თვეს (როდესაც მაღაზიაში დანაკლისი აღმოჩნდა), თავისი სურვილისამებრ, მაღაზიიდან აეღო ნებისმიერი ნივთი 50 ლარის ფარგლებში, თუმცა ეს სათანადოდ უნდა დაფიქსირებულიყო ან უნდა მონიშნულიყო ჩანაწერების წიგნში. მოწმის აზრით, უშუალოდ დირექტორისათვის ამის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება თ. კ-ეს არ ჰქონდა.
გ. კ-ის განმარტებით, თ. კ-ეს გ. შ-ის მიერ შარვლის აღება არ დაუფიქსირებია, რაც გახდა მიზეზი მისი დანაკლისში აღმოჩენისა. მისივე განმარტებით, 40 ლარი არ წარმოადგენს მაღაზიისთვის მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს. ამასთან, მას ბრალდებულ გ. შ-ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არც ის იცის, მოიპარა თუ არა მან მისი მაღაზიიდან რაიმე.
11. მოწმე თ. კ-ის ჩვენებით, 2016 წლის სექტემბრიდან მუშაობს პ-ის ქუჩის №-–ში მდებარე მაღაზია „ა-ში“ კონსულტანტის პოზიციაზე. მაღაზიაში კარგი გაყიდვებიდან გამომდინარე, დირექტორმა გ. კ-ემ დართო ნება, საჩუქრის სახით, 50 ლარის ფარგლებში აეღო ნებისმიერი ნივთი თავისთვის ან ოჯახის წევრისთვის. 2016 წლის 3 ნოემბერს ტელეფონით აცნობა შვილს აღნიშნულის თაობაზე და სთხოვა მასთან სამსახურში მისვლა. მეორე დღეს გ. მართლაც მივიდა მაღაზიაში, შეარჩია 40 ლარად ღირებული სპორტული შარვალი და ჩაიცვა ჯინსის შარვლის ქვეშ, ვინაიდან გაკეთებული ჰქონდა „ფიმოზის“ ოპერაცია, საკმაოდ ციოდა და ჯინსის შარვლით მოძრაობა უღიზიანებდა ნაოპერაციებ ადგილს. რადგან მოწმე დაკავებული იყო კლიენტებთან მომსახურებით, ამასთან, მაღაზიაში იყო ბევრი ხალხი, შარვლის გატანა კი უნდა დაეფიქსირებინა სხვა თანამშრომელს, რომელიც იჯდა სალაროსთან, გ-ის სთხოვა შარვლისთვის არ მოეხსნა იარლიყი და მოგვიანებით მიბრუნებულიყო მაღაზიაში დასაფიქსირებლად, თუმცა მან უკან მიბრუნება ვერ შეძლო, ვინაიდან დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. თვითონ კი, ამ ამბის გაგების შემდეგ, საერთოდ გადაავიწყდა შარვლის შესაბამისი წესით გატარება. ის პერიოდულად, ხან შვილს ეხმარებოდა შარვლის არჩევაში, რომელსაც გასახდელში შეტანილი ჰქონდა რამდენიმე შარვალი, ხან კლიენტებს ემსახურებოდა.
მოწმის განმარტებით, იგი მაღაზია „ა-ში“ მუშაობს დღემდე და მაღაზიის ხელმძღვანელობას გ-ის მიერ წაღებული შარვლის ანაზღაურება მისთვის არ მოუთხოვია.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა გ. შ-ეს მაღაზია „ა-დან“ შარვლის აღების ნებართვა და იცოდა თუ არა მან აღნიშნული ნებართვის თაობაზე.
13. ქმედების ქურდობად დაკვალიფიცირებისათის სავალდებულოა, პირი სხვის ნივთს დაეუფლოს. ამასთან, ნივთის სხვის საკუთრებაში არსებობის ფაქტი უტყუარად უნდა იყოს დადასტურებული და იგი არ უნდა ტოვებდეს კითხვებს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ გ. კ-სა და მსჯავრდებულის დედის - თ. კ-ის ჩვენებები სრულად შეესაბამება ერთმანეთს. დასტურდება, რომ მაღაზია „ა-მა“ თავის თანამშრომელს - თ. კ-ეს უფლება მისცა, თავისი სურვილისამებრ, მაღაზიიდან აეღო ნებისმიერი ნივთი 50 ლარის ფარგლებში. ამდენად, დამსაქმებელი (მაღაზია „ა-ი“) გამოხატავდა მზადყოფნას, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული (გ. შ-ის დედა) საჩუქრის მიღებას გადაწყვეტდა, მაღაზიის საკუთრებაში არსებული ნივთებიდან 50 ლარის ღირებულების ნივთი (ან ნივთები) გადავიდოდა თ. კ-ის საკუთრებაში (როგორც საჩუქრის სახით მიღებული). საჩუქრის ოჯახის წევრის მიერ შერჩევა აკრძალული არ იყო. საქმის მასალების თანახმად, გ. შ-ემ სწორედ დირექტორის მიერ მითითებულ თვეში (ნოემბერი) ნებადართული ღირებულების (50 ლარის) ფარგლებში შეარჩია საჩუქარი. ამდენად, საჩუქრის მიღების ვადა და მისი ღირებულება შეესაბამება დადგენილ პირობებს. აღსანიშნავია, რომ როგორც დაზარალებულმა გ. კ-ემ მოწმედ დაკითხვის დროს განაცხადა, მას ბრალდებულთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არც ის იცის, მოიპარა თუ არა გ-მ მისი მაღაზიიდან რაიმე. თ. კ-ს ჩვენების თანახმად კი, მაღაზიის ხელმძღვანელობას გ-ის მიერ წაღებული შარვლის ანაზღაურება მისთვის არ მოუთხოვია. აღნიშნული ფაქტები, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მაღაზია „ა-მა“ 40 ლარად ღირებული სპორტული შარვალი მიიჩნია სწორედ იმ საჩუქრად, რომლის შერჩევის უფლებაც თ. კ-ეს გააჩნდა.
14. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ვიდეოჩანაწერის თანახმად, თ. კ. რამდენჯერმე მიდის ოპერატორის დახლთან, რა დროსაც ჩანაწერში სხვა პირები არ ფიქსირდებიან; თ. კ-ემ ნივთის აღების შესახებ ჟურნალში აღნიშვნა არ გააკეთა; ამასთან, ვინაიდან იმ დღეს მაღაზიაში დირექტორი იმყოფებოდა, თ. კ-ეს შეეძლო ნივთის აღების თაობაზე საქმის კურსში ჩაეყენებინა იგი. საკასაციო პალატა უთითებს, რომ როგორც გ. კ-ემ მოწმედ დაკითხვის დროს განმარტა, თ. კ-ეს უშუალოდ დირექტორის ინფორმირების ვალდებულება არ ჰქონდა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თ. კ-ეს ნივთის აღებამდე - წინმსწრებად ჰქონდა ვალდებულება, ნივთი ჟურნალში აღერიცხა. მსჯავრდებულის დედის ჩვენებით დგინდება, რომ მან გ-ის სთხოვა შარვლისთვის არ მოეხსნა იარლიყი, რათა მოგვიანებით მიბრუნებულიყო მაღაზიაში მისი დაფიქსირების მიზნით, თუმცა გ-იმ უკან მიბრუნება ვერ შეძლო, ვინაიდან დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ. შ-სგან ამოღებულ შარვალზე იარლიყის არსებობის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული. თუ ნივთის ფარულად დაუფლების განზრახვა გ. შ-ეს ნამდვილად ჰქონდა და იგი მაღაზიაში მიბრუნებას არ აპირებდა, გაუგებარია თუ რა მიზეზით არ დაფარა კვალი და ჩაცმულ შარვალზე დატოვა ეჭვის გაჩენის საფუძველი - იარლიყი. რაც შეეხება ჯინსის შარვლის შიგნით სპორტული შარვლის ჩაცმის ფაქტს, როგორც მსჯავრდებულის დედამ განმარტა, გ-ის გაკეთებული ჰქონდა „ფიმოზის“ ოპერაცია, საკმაოდ ციოდა (იყო ნოემბერი) და ჯინსის შარვლით მოძრაობა უღიზიანებდა ნაოპერაციებ ადგილს.
15. ამასთან, მაღაზია „ა-ის“ 2016 წლის 4 ნოემბრის შიდა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერზე (მეორე დისკის ერთ–ერთ ვიდეოფაილზე, სადაც მითითებულია დრო - 2016 წლის 11 ნოემბერი) დაფიქსირებულია, რომ როდესაც გ. შ. ორ შარვალს ზედვე იზომავს მასთან მიდის დედა, თ. კ. და რაღაცას ესაუბრება, ხოლო შემდეგ იგი გადის სხვა სექციაში. ვიდეომასალით დადასტურებულია, რომ გ. შ. გასასინჯ ოთახში შედის სამი შარვლით, ხოლო საკიდზე აბრუნებს ორს. ამის შემდეგ გ. შ-ეს კიდევ შეაქვს ტანსაცმელი გასასინჯ ოთახში, მაგრამ გამოსვლისას უკანვე აბრუნებს მათ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. შ-ეს გასასინჯ ოთახში ხელს არაფერი უშლიდა, დაუფლებოდა სხვა, მის მიერ შერჩეულ ნივთებსაც. რამდენიმე ნივთის აღების შემთხვევაში მათი ღირებულება, დიდი ალბათობით, გადააჭარბებდა 50 ლარს, თუმცა, ვიდეოჩანაწერის თანახმად, გ. შ. ყველა ნივთს აბრუნებს უკან, გარდა ერთი შარვლისა, რომლის ღირებულება იყო 40 ლარი (ნებადართული ოდენობის ფარგლებში). ის, რომ გ. შ-ემ ნამდვილად იცოდა შარვლის ღირებულება, დასტურდება ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც, გ. შ-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სპორტული შარვლის იარლიყზე არსებულ სტიკერზე მითითებულია ფასი – 40 ლარი.
16. შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, გ. შ-ეს, როგორც თ. კ-ის შვილს, მაღაზია „ა-დან“ შარვლის აღების ნებართვა ჰქონდა ხოლო ის, რომ აღნიშნული ნებართვის თაობაზე მას ინფორმაცია ჰქონდა დასტურდება თ. კ-ის ჩვენებით, მაღაზია „ა-ის“ ვიდეოჩანაწერით (რამდენიმე აღებული ნივთიდან აბრუნებს ყველას და ირჩევს მხოლოდ ერთ, 40 - ლარიან შარვალს) და დედის თხოვნის შესაბამისად, სპორტულ შარვალზე იარლიყის დატოვების ფაქტით.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეების - დ. ტ-სა (გამომძიებელი, რომელმაც გ. შ-ეს პირადი ჩხრეკა ჩაუტარა) და შ. ხ-ის (გამომძიებელი, რომელმაც პირადი კონტაქტით მიიღო ინფორმაცია გ. შ-ის მიერ ქურდობის ფაქტზე) ირიბი ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა გ. შ-ის მიერ სპორტული შარვლის მოპარვის განზრახვას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად, ქმედების სუბიექტური შემადგენლობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული არ არის.
18. ამდენად, გ. შ-ის მიერ ქურდობის ჩადენა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს, რის გამოც იგი ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
19. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, აგრეთვე - საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ გ. შ-სათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია.
20. პალატა განმარტავს, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის სამართლიანობა ფასდება როგორც ბოლო განაჩენით, ისე შეკრებისა თუ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანიშნული სასჯელის პროპორციულობიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გ. შ. სსკ–ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, მაგრამ მას სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი - სსკ–ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ. შ. წარსულში ნასამართლევია ანალოგიური სახის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის და ამასთან მას ჩადენილი აქვს ძალადობრივი ხასიათის ქმედება, რომელიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია.
21. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. შ-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. შ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
4. გ. შ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ. შ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. შ-ეს, მიესაჯოს - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
6. გ. შ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 4 ნოემბრიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე