საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100118002713233
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№815აპ-19 ქ. თბილისი
ნ. მ., 815აპ-19 27 მარტი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების -მ. და ბ. ნ-ებისა და მათი ადვოკატის - ლ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - მ. და ბ. ნ-ებმა და მათმა ადვოკატმა ლ. ხ-მ, რომლებიც ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
2. კასატორების მოსაზრებით, მ. და ბ. ნ-ების ძალადობაში მსჯავრდება დაფუძნებულია მხოლოდ დაინტერესებული მოწმეების - დ. ქ-ს, გ. ქ-სა და შ. პ-ს ჩვენებებზე, მაშინ, როდესაც მოწმეების - მ. მ-ს, ა. პ-ს, ზ. ს-ს, რ. ნ-ს, ნ. კ-ს, მ. ჩ-ს, ნ. ჯ.-ქ-სა და დ. გ-ს ჩვენებებით კატეგორიულად გამოირიცხა დ. ქ-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი; დ. ქ-მ დაზიანება ფეხზე მიიღო წაქცევით და არა მსჯავრდებულების ფიზიკური ზემოქმედებით; მ. ნ-მ მეზობელს - ნ. ნ-ს, რომელიც თავის მხრივ ირიბი მოწმეა, უბრალოდ, გააცნო თავისი ბრალდების დადგენილება, თუმცა ჩვენების შეცვლის მიზნით მოწმეზე ზეწოლა არ მოუხდენია; სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ ბ. ნ. უთვალთვალებდა, დევნიდა ან ავიწროებდა მ. გ-ს; ბ. ნ-ს ქმედებებით მ. გ-ს ცხოვრების წესი საუარესოდ არ შეცვლილა; დაცვის მხარის მტკიცებით, ასევე უსამართლოდ მკაცრია ბ. ნ-სთვის შეფარდებული სასჯელი.
3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით:
მ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ჯარიმა 2000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 3300 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. ნ-ს განესაზღვრა ჯარიმა - 3300 ლარი, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი;
ბ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ. ნ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
20.. წლის ... სექტემბერს, დაახლოებით 19:45 საათზე, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, მ. ნ-მა, ბ. ნ-სთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. ქ-ს, კერძოდ, მ. ნ-მ ხელი დაარტყა სახეში, ხოლო ბ. ნ-მ - კისრის არეში. აღნიშნული დაზიანებების შედეგად დ. ქ-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
20.. წლის .. ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, მ. ნ., მ. მ-სთან ერთად, მივიდა ... მცხოვრებ ნ. ნ-ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან და მოსთხოვა შეეცვალა გამოძიებისათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენება, ასევე - გამოეტანა ჩვენება შსს სენაკის რაიონული სამმართველოდან. მ. ნ-მ ნ. ნ-ს გადასცა დადგენილება თავისი ბრალდების შესახებ, სადაც მიუთითა მტკიცებულებით ნაწილში მოხსენიებულ მის სახელსა და გვარზე.
20.. წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, ქ.ს-ში არსებულ სუპერმარკეტ ,,...“ მუშაობის დროს, მ. გ-ს მიმართ ინტერესი გამოავლინა ბ. ნ-მ. თუმცა, როდესაც მ. გ-მ შეიტყო, რომ ბ. ნ. იყო მისით დაინტერესებული, კატეგორიულად მოსთხოვა, თავი დაენებებინა, მაგრამ მ. გ-ს გადაწყვეტილება ბ. ნ-სათვის არ აღმოჩნდა მისაღები და იგი აედევნა დაზარალებულს. კერძოდ, 20.. წლის აგვისტო-სექტემბრიდან 20.. წლის ივლისამდე ბ. ნ. სისტემატურად მიდიოდა მ. გ-ს სამუშაო ადგილას - სუპერმარკეტ ,,..’’, ხოლო 20.. წლის ივლისიდან 20.. წლის .. აგვისტოს ჩათვლით - ქ.ს-ში არსებულ სს ,,...’’ და უკანონოდ უთვალთვალებდა ხსენებული სუპერმარკეტისა და ბანკის შენობის გარე პერიმეტრიდან.
20.. წლის ივლისში ბ. ნ-მ მ. გ-ს მიაკითხა მის საცხოვრებელ სახლში. სამსახურიდან სახლში გადაადგილებისას ბ. ნ. მ. გ-ს გარკვეული დისტანციის დაცვით, ფეხით და ავტომანქანით მიჰყვებოდა სახლამდე, რის გამოც მას ეზღუდებოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ბ. ნ. მ. გ-ს აიძულებდა მასთან ურთიერთობას, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა სოციალური ქსელისა და მობილური ტელეფონის გამოყენებით, ამყოფებდა მუდმივ სტრესსა და შიშში, უქმნიდა იმის განცდას, რომ მუდმივად უთვალთვალებდა და დევნიდა. მიუხედავად მ. გ-ს განმარტებებისა, რომ თავი დაენებებინა მისთვის, ბ. ნ. კვლავაც აგრძელებდა მის სისტემატურ უკანონო თვალთვალს და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონითა და ელექტრონული საშუალების გამოყენებით. ამ გარემოებამ მ. გ-ს მნიშვნელოვანი შეფერხება შეუქმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობაში, რამაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება შეუქმნა. კერძოდ, აღნიშნულის გამო, მ. გ. სრულყოფილად ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ასევე - ფიქრობდა, შეეწყვიტა მობილური ტელეფონითა და სოციალური ქსელით სარგებლობა, თავი დაენებებინა სამსახურისათვის და შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. ზემოაღნიშნულმა გარემოებამ, განცდილმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ გამოიწვია მ. გ-ს ფსიქიკური ტანჯვა.
4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - მ. და ბ. ნ-ებმა და მათმა ადვოკატმა - ლ. ხ-მ, რომლებმაც ითხოვეს მისი შეცვლა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. ამასთან, საკასაციო საჩივარს ხელს არ აწერს კასატორი ბ. ნ.. საჩივარზე დართული შენიშვნის თანახმად, აღნიშნული განპირობებულია მართლმსაჯულების მიმართ მსჯავრდებულის უნდობლობით, რაც, ერთი მხრივ არალოგიკურია - ასაჩივრებდე განაჩენს და წინსწრებით უნდობლობას უცხადებდე საჩივრის განმხილველ სასამართლოს და, მეორე მხრივ, ეჭვს ბადებს კასატორის ნების ნამდვილობასთან მიმართებით.
8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მ. და ბ. ნ-ების ძალადობაში მსჯავრდება დაფუძნებულია მხოლოდ დაინტერესებული მოწმეების - დ. ქ-ს, გ. ქ-ს და შ. პ-ს ჩვენებებზე, მაშინ, როდესაც მოწმეების - მ. მ-ს, ა. პ-ს, ზ. ს-ს, რ. ნ-ს, ნ. კ-ს, მ. ჩ-ს, ნ. ჯ.-ქ-სა და დ. გ-ს ჩვენებებით კატეგორიულად გამოირიცხა დ. ქ-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ვინაიდან საჩივარში მითითებულ მოწმეთაგან - ზ. ს., რ. ნ., ნ. კ., მ. ჩ., ნ. ჯ.-ა და დ. გ. ადასტურებენ კონფლიქტის არსებობას და დ. ქ-ს წაქცევის ფაქტს, თუმცა ვერც ერთი მოწმე ვერ აზუსტებს, დაზარალებულის წაქცევის მიზეზს. რაც შეეხება მოწმეების - მ. მ-სა და ა. პ-ს ჩვენებებს, რომელთა განმარტებით, დ. ქ. წაბორძიკდა და წაიქცა, ეწინააღმდეგება მოწმეების - დ. ქ-ს, გ. ქ-ს და შ. პ-ს ჩვენებებს მ. და ბ. ნ-ების მიერ დაზარალებულზე ძალადობის თაობაზე და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დ. ქ-ს დაუდგინდა არაერთი დაზიანება; პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ. ნ-ს ნ. ნ-სთვის არ მიუმართავს ჩვენების შეცვლისათვის, ვინაიდან საწინააღმდეგო დასტურდება თავად დაზარალებულ ნ. ნ-სა და მოწმე შ. პ-ს ჩვენებებით; პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ. გ-სა და მოწმეების -ქ. ჯ-ს, გ. ზ-ს, ბ. პ-ს, თ. ტ-ს, თ. ყ-სა და გ. ღ-ს ჩვენებებითა და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არის დადგენილი, რომ ბ. ნ. სისტემატურად უთვალთვალებდა მ. გ-ს, ცდილობდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას, რაც სტანჯავდა დაზარალებულს და აიძულა იგი, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. პალატა აქვე დასძენს, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ბ. ნ-ს ქმედებებით მ. გ-ს ცხოვრების წესი საუარესოდ არ შეცვლილა, რადგან დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დაზარალებულის ცხოვრება მომავალში გაუარესდება თუ გაუმჯობესდება, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რომ ცხოვრების წესი დაზარალებულმა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ შეცვალა, რაც მის გეგმაში არ შედიოდა და იგი სწორედ მსჯავრდებულის ქმედებებმა აიძულა, ამგვარად მოქცეულიყო.
9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ. ნ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბ. ნ-მ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, პალატას აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - მ. და ბ. ნ-ებისა და მათი ადვოკატის - ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი