კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100120003516724
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N22I-20 ქ. თბილისი
ნ. ე., 22I-20 28 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - გიორგი ბახტაძის
ადვოკატ - გ. თ-ის
ბრალდებულ - ე. ნ-ს
თარჯიმან - თ. ც-ის
მონაწილეობით განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 აპრილის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ნ-ს ბრალი დაედო სისხლის სამართლის საქმეზე მტიცებულების განადგურების მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 16:40 საათზე, ქ.ბ-ში მდებარე, დ. კ-ს N--- საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს, ე. ნ-მ სცადა გაენადგურებინა დ. კ-ს კუთვნილი მარიხუანა, რა მიზნითაც 12 ცალ ქოთანში არსებულ მიწის მასაში, დ. კ-ს მიერ უკანონოდ დათესილი და კულტივირებული მცენარე მარიხუანა გადაჭრა და ჩაყარა იმავე კორპუსის მეექვსე სართულზე მდებარე ი. ჯ-ს N--- საცხოვრებელი ბინის აივანზე. ბათუმის რაიონული პროკურატურის მიერ ე. ნ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 368-ე მუხლით.
2. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა მხედველობაში მიიღო: ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ასევე ის გარემოებები, რომ ე. ნ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას; სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და უარი განაცხადა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე; ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ. 2020 წლის 9 მარტს, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულ ე. ნ-ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გ. თ-ესა და პროკურორ ანი ბორჩაშვილს შორის, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, ასევე ბრალდებულმა ე. ნ-მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. თ-ემ მხარი დაუჭირეს არსებულ შეთანხმებას, მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება და ბრალდებულის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის განჩინებით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის შუამდგომლობა, ბრალდებულ ე. ნ-სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.
5. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვდა განჩინების გაუქმებასა და ე. ნ-სთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 აპრილის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად და სისხლის სამართლის საქმე ე. ნ-ს მიმართ დაუბრუნდა ბათუმის რაიონულ პროკურატურას.
7. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბორჩაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმებას, ე. ნ-სთან, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მეშვეობით, დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას; საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას, კერძოდ: ე. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 368-ე მუხლით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის - 5000 ლარის შეფარდებას.
8. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა გიორგი ბახტაძემ, ბრალდებულმა ე. ნ-მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. თ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 აპრილის განჩინება; დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ბრალდებულ ე. ნ-სა და პროკურორ ანი ბორჩაშვილს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.
4. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ე. ნ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ე. ნ. სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. ე. ნ. ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
5. ე. ნ-სთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არის მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
7. სასამართლომ განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით პროკურორს არასწორად ეთქვა უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე. კერძოდ, სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ბრალდებულ ე. ნ-ს ქმედება არასწორად არის დაკვალიფიცირებული, რის გამოც მხარეებს უარი უნდა ეთქვას მათ შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.
8. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში ოფიციალურ წარდგენამდე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები - ინფორმაცია, მონაცემი, დოკუმენტი, ნივთი, საგანი და სხვა, არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რის გამოც მისი განადგურება ვერ დაკვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 368-ე მუხლით. აღნიშნული პოზიციის დასაბუთებისას სასამართლო ეყრდნობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებულ დებულებას, რომლის თანახმად, მტკიცებულება არის „კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას“. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ იმავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა ნორმებში წარმოდგენილი დებულებები მიუთითებს მტკიცებულებების არსებობის შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე, სასამართლოში მათ წარდგენამდე, მაგალითად, საქართველოს სსსკ-ის იმავე მე-3 მუხლის 25-ე ნაწილი, 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 39-ე მუხლი, 83-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ რიგ შემთხვევებში საქმის წარმოება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეიძლება განხორციელდეს საქმის სასამართლოში განხილვისას, მათ შორის წინასასამართლო სხდომამდეც. მაგალითად, საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის შესახებ; გადაწყვეტილება პირის მიმართ განრიდების გამოყენების შესახებ, გადაწყვეტილება პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ და ა. შ. გამოძიების ეტაპზე გადაწყვეტილება პროცესის მწარმოებელი სუბიექტის მიერ მიღებული უნდა იქნეს საქმეზე შეკრებილი ინფორმაციის მატარებლების - მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე და უნდა იყოს დასაბუთებული, რაც გულისხმობს რომ მიღებული დადგენილებაში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული როგორც მიღებული გადაწყვეტილება, ასევე კონკრეტული მტკიცებულებები რომლებსაც ის ეყრდნობა. აღნიშნული საპროცესო ნორმების შინაარსი პირდაპირ მიანიშნებს, რომ სხვადასხვა ფაქტობრივი მონაცემი, დოკუმენტი, ინფორმაცია, ნივთი თუ ნივთიერება, რომელთაც საქმესთან შეხება გააჩნიათ, შეფასებული უნდა იქნეს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე ( მათი საკმარისობის და რელევანტურობის თვალსაზრისით) და მტკიცებულების სამართლებრივ სტატუსს იძენენ სასამართლოში მათ წარდგენამდეც ( რაც არ გამორიცხავს მათ დაუშვებლად ცნობას წინასასამართლო სხდომაზე).
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლების მიზნებისთვის მტკიცებულების ცნების შინაარსზე. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილში მოცემული ნორმისგან განსხვავებით საქართველოს სსკ-ის 368-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების ცნება სისხლის სამართლის საქმეზე უფრო ფართოდ უნდა იქნეს განმარტებული და მასში მოაზრებული უნდა იქნეს მათ შორის ე.წ. სამხილიც, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილში მითითებულ გარემოებებზე და რომლის მოპოვებას მხარე ახორციელებს საკუთარი პოზიციის სისწორის მტკიცების მიზნებისთვის.
11. საქართველოს სსკ-ის 368-ე მუხლის დაცვის ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი; ამასთან, ამ მუხლში წარმოდგენილი ნორმის მიზანია მტკიცებულებითი ხასიათის ინფორმაციის დაცვა და საბოლოო ჯამში მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის პრევენცია, რაც არ უკავშირდება მხოლოდ საპროცესო წესით დამაგრებული ინფორმაციის მატარებლების დაცვას. ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მესამე პირთა მხრიდან განადგურებისგან იმ ინფორმაციის დაცვაც, რომლის მოპოვებას ემსახურება კონკრეტული საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედების განხორციელება. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს ხელყოფის ობიექტი მამხილებელი თუ გამამართლებელი ხასიათის ინფორმაციის მატარებელია. აღნიშნული რეგულაცია თანაბრად უზრუნველყოფს როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისა და საკუთარი პოზიციის მტკიცების შესაძლებლობას, ხელს უწყობს შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციას და დაცვის უფლების, საბოლოო ჯამში კი - მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელებას. განსხვავებული ინტერპრეტაცია ქმნის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ობიექტების მიზანმიმართული განადგურებისათვის პროცესის მონაწილის ან გარეშე პირის დაუსჯელობის საფრთხეს, ხოლო ამგვარი, თუნდაც საპროცესო წესით ჯერ კიდევ დაუმაგრებელი მტკიცებულების განადგურებამ კი შეიძლება გამოიწვიოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება ან, პირიქით, დანაშაულის ჩამდენი პირისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.
12. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონმდებელი აღნიშნული ქმედების განხორციელებას პირდაპირ განზრახვას უკავშირებს. შესაბამისად, პირს მტკიცებულების განადგურებისას გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი. მნიშვნელოვანია, დანაშაულის სუბიექტს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ინფორმაციის მატარებელი ობიექტი, რომლის განადგურებასაც ის ახდენს, შეიძლება მომავალში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ე. ნ-ს ქმედებაში მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის განზრახვის არარსებობის თაობაზე. როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, ე. ნ-მ 12 ქოთანში არსებული ე.წ. მარიხუანა გადაჭრა და გადაყარა მეზობლის აივანზე, რათა პოლიციის თანამშრომლებს ჩხრეკისას არ აღმოეჩინათ ისინი. მოცემულ შემთხვევაში ნათელია ე. ნ-ს მიერ განხორციელებული ქმედების მიზანი .
13. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ობიექტური მხრივ, საქართველოს სსკ-ის 368-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება სამართალწარმოების მონაწილის მიერ ინფორმაციის მატარებელზე ისეთ ზემოქმედებაში, რომლის შედეგად იგი წყვეტს თავის არსებობას ან ისეთ შეუქცევად დაზიანებას განიცდის, რის გამოც ის გამოუსადეგარი ხდება თავისი დანიშნულებით გამოყენებისთვის. მოცემული სისხლისსამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ქმედების მომიჯნავე შემადგენლობებისგან განსხვავება მდგომარეობს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლის მიმართ ზემოქმედების ხარისხში და არა იმაში აღნიშნული ობიექტი დანაშაულის ჩადენის იარაღი, საგანი თუ მტკიცებულებად ცნობილი სხვა ობიექტია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის ვიწრო გაგებით. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 368-ე მუხლი ადგენს დასჯადობას აღნიშნული ობიექტების განადგურებისთვის და არა პროცესის მწარმოებელი ორგანოსთვის მათ ხელმისაწვდომობაში დაბრკოლებების შექმნის გამო (მაგ. გადამალვა). შესაბამისად, მომიჯნავე ქმედებების შემადგენლობები (მაგალითად, საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლი) ითვალისწინებს აღნიშნული საგნების მომავალში მოპოვების შესაძლებლობას თუნდაც არაგონივრული ძალისხმევის შედეგად, თავდაპირველ მდგომარეობაში ან არსებითად სახეშეცვლილი მდგომარეობის გარეშე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 368-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს სუბიექტის მხრიდან ისეთი ქმედების განხორციელებას, რაც იწვევს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის (ინფორმაციისა მატარებლის, ან მასზე არსებული ინფორმაციის) განადგურებას.
14. როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლო განხილვით დგინდება, ე. ნ-მ აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, მისთვის გაწეული იურიდიული დახმარების პირობებში ნებაყოფლობით და გაცნობიერებულად განაცხადა უარი სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, თანხმობა განაცხადა ბრალზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საპროცესო შეთანხმების მიხედვით ე. ნ-ს მიმართ გამოსაყენებელი სასჯელის სამართლიანობაზე. სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, მხედველობაშია მისაღები სასჯელის შემდეგი მიზნები: სამართლიანობის აღდგენა; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; დამნაშავის რესოციალიზაცია. საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა არის კანონიერი და სამართლიანი, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების მიღწევას და პასუხობს სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
16. ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 აპრილის განჩინება საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ანი ბორჩაშვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა გაუქმდეს; უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა და დამტკიცდეს მასა და ბრალდებულ ე. ნ. შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, 192-ე, 213-ე, 300-309-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 აპრილის განჩინება.
3. დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ანი ბორჩაშვილსა და ე. ნ-ს შორის;
4. ე. ნ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,368-ე მუხლებით და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე