დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.09.2020
საქმის ნომერი
28აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142219700096104

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №28აგ-20 თბილისი

ბ. ბ., 28აგ-20 30 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ადვოკატების - ვ. ხ+სა და მ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განაჩენით ბ. ბ. (დაბადებული 19..წლის .. ივლისს) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და ბ. ბ.ს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 11 იანვრიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ბ. ბ.ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი. განაჩენი ბ. ბ-ს მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ბ. ბ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე. გასაჩივრებული განაჩენი ბ. ბ-ს მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ბ. ბ.ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

6. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აპრილის განჩინებით შეიცვალა, კერძოდ: ბ. ბ. გათავისუფლდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დანიშნული - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან. გასაჩივრებული განჩინება სხვა, მათ შორის - საბოლოო სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

7. 2019 წლის 16 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ბ. ბ.მ და მისმა ადვოკატებმა - ვ. ხ-მ და მ. მ-მ შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ბ-სა და მისი ადვოკატების - ვ. ხ-სა და მ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინება (ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განჩინების გათვალისწინებით) შეიცვალა, კერძოდ: ბ. ბ.ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (გ. ბ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თ. ბ-ს ეპიზოდი) - უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბ. ბ.ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბ. ბ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

სხვა ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინება ბ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ადვოკატებმა ვ. ხ-მ და მ. მ-მ, რომლებიც ითხოვენ განაჩენის შეცვლასა და ბ. ბ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

10. საკასაციო საჩივრის მიხედვით, კასატორები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის პროცესის არცერთი ნორმა არ ზღუდავდა სასამართლოს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას ემსჯელა სასჯელის შემცირებაზე; ბ. ბ.ს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული ჰქონდა ერთობლივად, ორივე დანაშაულებრივ ეპიზოდში, რომლებიც დაკვალიფიცირებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით; სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებისას არასწორად მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, როცა უნდა ემსჯელა ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრაზე, რაც აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ბ. ბ.ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; სასამართლო ვალდებული იყო, დაესაბუთებინა შეფარდებული სასჯელი, რომელიც კასატორების მოსაზრებით უსამართლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ადვოკატების - ვ. ხ-სა და მ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით კონსტიტუციური სარჩელი №1365 („ბ. ბ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) დაკმაყოფილდა და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

4. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ბ. ბ.ს მსჯავრდებიდან ამოურიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა, არაერთგზის) და მისი ქმედებები დააკვალიფიცირა დანაშაულთა ერთობლიობით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა (თ. ბ-ს მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (გ. ბ-ს მკვლელობა, ჯგუფურად), რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ბ. ბ.ს მიუსაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბ. ბ.ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

6. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობის შეფასებას, საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა და, შესაბამისად, იმსჯელოს დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი №39აგ-12 საქმეზე).

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მოტივაციაში არასწორად მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბ. ბ.ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა არაერთგზის ჩადენილი მკვლელობა და მისი ქმედებები შეფასდა დამოუკიდებელ ეპიზოდებად, რომლებიც დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომელიც კასატორებს უსამართლოდ მიაჩნიათ, ექცევა ახალი კანონის სანქციის ფარგლებში, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას მართებულად არ შეამცირა მისი ზომა და, შესაბამისად, არ იმსჯელა დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობაზე.

8. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი კანონიერია, არ არსებობს მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ადვოკატების - ვ. ხ-სა და მ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი