დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.02.2021
საქმის ნომერი
2კ-102-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №102I -21 თბილისი

ბ–ი კ., 102I -21 26 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ–ს ადვოკატ თ. ხ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ კ. ბ–ს პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ კ. ბ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:

· კ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· კ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 40000 ლარი;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით კ. ბ–ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 40000 ლარი;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით კ. ბ–სთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ბ–ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 40000 ლარი;

· კ. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 7 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 17 თებერვლიდან იმავე წლის 27 თებერვლისა და 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით კ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ხოლო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 25000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კ. ბ–ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 25000 ლარი. ასევე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული კ. ბ–ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული ძირითადი სასჯელის, პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან. მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. უცვლელად დარჩა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის განაჩენი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ბ–ს ადვოკატმა თ. ხ–მა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვების ნაწილში; ამავე განაჩენით კ. ბ–სათვის შეფარდებული საბოლოო სასჯელის გადახედვასა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის ფარგლებში კ. ბ–ს გათავისუფლებას სასჯელისაგან ანდა მისთვის შეფარდებული სასჯელის შემცირებას ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლას იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენის შეცვლამ გავლენა იქონია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ბ–ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად გაავრცელა მსჯავრდებულ კ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულ კ. ბ–ს ადვოკატ თ. ხ–ს მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით კ. ბ–სათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, შესაბამისად, შთანთქმული სასჯელის შეცვლამ გავლენა ვერ მოახდინა ბოლო განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებულ სასჯელზე. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით კ. ბ–სათვის დადგენილი საბოლოო სასჯელიც კი არ შეცვლილა, ვინაიდან ამ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ მკაცრ სასჯელს შთანთქმული ჰქონდა 273-ე მუხლით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნაშთანთქი სასჯელისაგან გათავისუფლებით საბოლოო სასჯელი არ შეცვლილა.

4. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად გაავრცელა მსჯავრდებულ კ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის განაჩენით კ. ბ–ს მიმართ საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ კ. ბ–ს ადვოკატ თ. ხ–ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ბ–ს ადვოკატ თ. ხ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე