საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-838აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002601519

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №838აპ-20 ქ. თბილისი

ც. ი.838 აპ-20 29 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ი. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - პ. შ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ც-ს, - დაბადებულს 1… წელს და მ. ც-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) ჩადენა.

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩაზე, „ა-ს ტ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, ვ. ა-ს კუთვნილი „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანიდან (სახ. ნომრით ...) ი. ც. და მ. ც., წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ მ. ა-ს კუთვნილ 6 000 აშშ დოლარს, 200 ევროს და 300 ლარს(რაც ეროვნული გაცვლითი კურსის მონაცემებით შეადგენდა 15 468 ლარს), რითაც მ. ა-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის განაჩენით:

- ი. ც-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან და მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.

- ი. ც. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 3 000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, ი. ც-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. ც-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 9 ივლისიდან.

- მ. ც. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

- სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ც-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ.ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩაზე, „ა-ს ტ-ს” მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ვარდან აივაზიანის კუთვნილი „რენჯ როვერის” მარკის ავტომანქანიდან (სახ. ნომერი … ) ი. ც. ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ. ა-ს კუთვნილ 6 000 აშშ დოლარს, 200 ევროს და 300 ლარს (ეროვნული გაცვლითი კურსის მონაცემებით, შეადგენს 15 468 ლარს), რითაც მ. ა-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ და მსჯავრდებულ ი. ც-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. შ-ემ.

პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ი. ც-ს და მ. ც-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მათ მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

მსჯავრდებულ ი. ც-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი პ. შ. საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას და ი. ც-ს უდანაშაულოდ ცნობას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ და მსჯავრდებულ ი. ც-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. შ-მ.

პროკურორი პაატა ცეცხლაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. ც-ს და მ. ც-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მათ მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის მოსაზრებით:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ასევე საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად არ შეისწავლეს მოცემული საქმის ინდივიდუალური გარემოებები.

სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული აბსოლუტურად ყველა მოწმის ჩვენება არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სარწმუნო, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციის მუშაკებმა დეტალურად აღწერეს საგამოძიებო მოქმედებების შედეგები, ექსპერტებმა დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, რაზეც მეტყველებს საქმეში არსებული ფოტოსურათები.

მსჯავრდებულ ი. ც-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი პ. შ. საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ი. ც-ს უდანაშაულოდ ცნობას. კასატორის მოსაზრებით:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. ც-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

6. პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ი. ც-სა და გამართლებულ მ. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. შ-მ და მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

8. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ც-ს უდანაშაულოდ ცნობისა შესახებ და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ მ. ც-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნასა და მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, კასატორის (პროკურორი პაატა ცეცხლაძე) მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორება.

9. დაცვის მხარის მითითებით შემთხვევის თვითმხილველი მოწმის - ო. მ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას და გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად, როგორც პირდაპირი მტკიცებულება ვერ გამოდგება.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას მოწმე ო. მ-ს ჩვენებასთან დაკავშირებით. მოწმემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს განსახილველი შემთხვევის თაობაზე - დეტალურად აღწერა როგორც მომხდარი ფაქტი რომელსაც პირადად შეესწრო, ასევე მისი ჩამდენი პირები, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენისას და შემდეგ, სატრანსპორტო საშუალება რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ; მკაფიოდ მიუთითა დანაშაულის ჩამდენ პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები და აღწერა ამოცნობის პროცედურა; განმარტა ისიც თუ რატომ მიაქცია ყურადღება.

11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოწმის სახით დაკითხული ო. მ-ს ჩვენების არასანდოობის თაობაზე კასატორის მითითებები უსაფუძვლოა. მოწმის ჩვენება არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას; მოწმე ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით პასუხებს იძლეოდა სრულყოფილად და დამაჯერებლად, არ გამოკვეთილა რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა მოწმის გამოკითხვის ოქმსა და მის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის; საქმის მასალების შესწავლის შედეგად ასევე არ იკვეთება ო. მ-ს დაინტერესება მსჯავრდებულის მიმართ და ი. ც-ს უმიზეზოდ დასჯის სურვილი.

12. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ო. მ-ს ჩვენება დამაჯერებლობას მოკლებულია ვინაიდან მოწმემ ვერ დააზუსტა გარკვეული დეტალები(მის მიერ დაქირავებული მანქანის ნომერი, მარკა და ა.შ.). შემთხვევიდან მოწმის სასამართლოში დაკითხვამდე გასული დროის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის რომ მოწმეს არ ახსოვდეს თავის რუტინულ საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული დეტალები. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეს არ გააჩნია საკუთარი ავტომობილი, სამუშაოდ ქირაობდა მანქანებს სხვადასხვა დროით; მიუთითა მანქანის სავარაუდო მარკა და ასევე პირი რომლის ნაცნობისგანაც ქირაობდა აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს; განმარტა რომ ბათუმში ჩამოსულია, არ იცის ქუჩები კარგად და იყენებს ტელეფონს გადაადგილებისათვის (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი 15:43:35 – 15:43:50). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოზე არ იქნა დაკითხული მოწმის მიერ მითითებული პირი და არ იკვეთება მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მცდარობა, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმის სანდოობაში.

13. დაცვის მხარის შეფასებით, ო. მ-ს ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ფოტოსურათებით ამოცნობა, ორი პირდაპირი სახის მტკიცებულებად ვერ განიხილება, ვინაიდან ერთი და იგივეა მათი წყარო. საზოგადოდ ამოცნობა არის მოწმის ჩვენების ერთგვარი გაგრძელება და შესაბამისად, ჩვენების უსაფუძვლობა, არადამაჯერებლობა და მასში მითითებულ გარემოებებში ეჭვის შეტანის საფუძველის არსებობა, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აქცევს მის პროცესუალურ ნაყოფსაც - ფოტოსურათით ამოცნობასაც. კასატორის მტკიცებით, ფოტოსურათით ამოცნობის დროს დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები და არ არის მითითებული ის ინდივიდუალური, კონკრეტული მახასიათებლები, რომელიც ამოცნობილ პირს განასხვავებდა ამოსაცნობად წარდგენილი სხვა პირებისაგან.

14. საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობმა გამოკითხვისას სხვა გარემოებებთან ერთად უნდა მიუთითოს ობიექტის ინდივიდუალური ნიშნები, ხოლო ამოცნობისას უნდა განმარტოს ის კონკრეტული ნიშან-თვისებები, რომელთა მეშვეობითაც ამოიცნო ობიექტი. ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე რომლებიც არ არის საკმარისი ობიექტის იდენტიფიცირებისთვის.

15. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას ფოტოსურათით ამოცნობის ოქმთან დაკავშირებით. ო. მ-ს მიერ გამოკითხვისას მითითებულია ამოსაცნობი პირების ინდივიდუალური ნიშნები, ხოლო ამოცნობის ოქმებში მითითებულია ის ნიშნები, რის საფუძველზეც ამოიცნო ო. მ-მ ი. ც. და მ. ც. ი.ც-ს შემთხვევაში ამომცნობმა პირმა N… ფოტოსურათზე გამოსახული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: თმით, სუსტი პირსახით, სწორი ცხვირით და საერთო იერით (იხ.: ს.ს. საქმის ტომი 1, გვ: 128 – 129). მ. ც-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად: ამომცნობმა პირმა N… ფოტოსურათზე ამოიცნო ქერა თმით, მრგვალი მომსუქნო პირსახით, წითური სწორი ცხვირით და ფოტოსურათზე გამოსახული საერთო იერით (იხ.: ს.ს. საქმის ტომი 1, გვ.:124-125). მოწმემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ასევე მიუთითა ყველა ის გარეგნული მახასიათებლები, რითაც ამოიცნო ი. ც. და მ. ც. (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი 14:31:55 – 14:32:50; 14:46:35 – 14:47:45- 14:54:18). ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ მოწმის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, მართალია რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ორივე საგამოძიებო მოქმედების ინფორმაციის წყარო ერთი და იგივე პირია - ო. მ. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის 656აპ-19 გადაწყვეტილება).

16. სასამართლო სხდომაზე ი. ც-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული გარემოებებიც. როგორც საქმეში არსებული ოქმიდან ირკვევა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ი. ც-საგან მიღებული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. იმ პირობებში, როდესაც ი. ც-მ უარყო გამოძიების დროს მიცემული აღიარებითი ჩვენება (ანუ ის ჩვენება, რომლის შესამოწმებლადაც ჩატარდა ექსპერიმენტი), საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, გამოყენებული იქნეს ი. ც-ს ბრალეულობის დასადასტურებლად. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით ი. ც-ს სახლის ჩხრეკა დაიწყო 2018 წლის 8 ივლისს 23:15 საათიდან და დასრულდა 9 ივლისს 00:30 საათზე. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა 2018 წლის 9 ივლისს 00:50 - 01:55 დროის მონაკვეთში. სახლის ჩხრეკა საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დასრულდა და არ ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტის საფუძველზე. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები კი სწორედ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის საფუძველზე იქნა ამოღებული.

17. სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად: შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ზ. თ-ს მიერ, 2018 წლის 08 ივლისის 23:15 საათიდან 2018 წლის 08 ივლისის 00:30 საათამდე დროის მონაკვეთში ჩატარებული ი. ც-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად სამზარეულო ოთახში განთავსებული სამზარეულოს კარადის ქვედა მარცხენა ნაწილში არსებული თაროდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ზურგჩანთა, რომელსაც გააჩნდა თასმები და იკითხებოდა წარწერა „LV”. აღნიშნულ ჩანთაში მოთავსებული იყო შედარებით მცირე ზომის მოყავისფრო ზურგჩანთა, რომელსაც გააჩნდა თასმა, ხოლო სახელურზე ჯაჭვით დამაგრებული ჰქონდა „P“ ასოს გამოსახულება და მასზე იკითხებოდა წარწერა „P..”. ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების, მათ შორის, ი. ც-ს მეუღლის - ნ. ჭ-ს მიერ, რომელსაც რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გაუკეთებია.

18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელმა ზ. თ-მ დაადასტურა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ საცხოვრებელ მისამართზე დახვდათ ი. ც-ს მეუღლე - ნ. ჭ., რომელსაც განუმარტეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სახლის ჩხრეკის თაობაზე, რომ სახლში შესაძლოა ყოფილიყო ი. ც-ს მიერ მოპარული ნივთები. ნ. ჭ-მ თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზე, რაც დაადასტურა ხელწერილით. მას ასევე განემარტა და შესთავაზეს ნაქურდალი ნივთები წარმოედგინა ნებაყოფლობით, რაზეც უარი განაცხადა და განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო ასეთი ნივთების სახლში არსებობის შესახებ (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმი 16:45:30 – 16:46:00). ჩხრეკის შედეგად სამზარეულო ოთახში განთავსებული სამზარეულოს კარადის ქვედა მარცხენა ნაწილში არსებული თაროდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ზურგჩანთა, რომელსაც გააჩნდა თასმები და იკითხებოდა წარწერა „L.”. აღნიშნულ ჩანთაში მოთავსებული იყო შედარებით მცირე ზომის მოყავისფრო ზურგჩანთა, რომელზეც იკითხებოდა წარწერა „P.”, ჩანთები ამოიღეს და დაასურათეს, შემდგომ კი დალუქეს (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმი 16:46:15 – 16:46:40). ჩხრეკაში მონაწილე პირებმა გააკეთეს შესაბამისი ხელმოწერები (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმი 16:54:21 – 16:54:30). მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილე ი.ჭ-მ და ნ. ლ-მ.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ი-ს მეუღლემ - ნ. ჭ-ამ თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე, ესწრებოდა ჩხრეკის ჩატარებას და ჩანთების ამოღების შემდეგ (რომელიც მსჯავრდებულის განმარტებით მის მეუღლეს ეკუთვნოდა) არანაირი განმარტება და შენიშვნა არ გაუკეთებია, მათ შორის არც ჩანთების მისდამი კუთვნილების შესახებ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რომ აღნიშნული მოწმე არ იქნა დაკითხული სასამართლოში (დაცვის მხარეს არ მოუთხოვის მისი დაკითხვა). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის მითითებას აღნიშნული ჩანთების მისი მეუღლისადმი კუთვნილების თაობაზე დაუსაბუთებლად და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობად მიიჩნევს.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31; ECtHR,11/11/2011), სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/20202).

21. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (ო.მ-ს, მ. ა-ს, ზ. თ-ს, ი. ჭ-ს, ნ. ლ-ს ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის, ი. ც-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის, ი. ც-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის, ნივთის ამოცნობის ოქმის) ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. ც-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ი. ც-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ი. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - პ. შ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე