შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.11.2021
საქმის ნომერი
2კ-721აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003139261

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№721აპ-21 ქ. თბილისი

ჩ-ი შ, 721აპ-21 12 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის

ადვოკატ - დ. მ-ს

მსჯავრდებულ - შ. ჩ-ის

მონაწილეობით დისტანციურად განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძისა და მსჯავრდებულ შ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენზე და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 მარტის განაჩენით შ. ჩ-ი, - დაბადებული --- წლის 2- დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.1. საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს №0-- გადაწყვეტილებით დანიშნული შინაპატიმრობა 1 წლის, 11 თვისა და 2 დღის ვადით.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლის ვადით.

1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა ახლად დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 30 ივნისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ჩ–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 14 ივნისს, 19:13-19:15 სთ. პერიოდში, ქ. თ-ი, რ. ხ-ს ქუჩა N--ში მდებარე სუპერმარკეტ „ნ-“ ყოფნის დროს, შ. ჩ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტის სალაროს დახლზე დადებულ, მ. რ-ს კუთვნილ, 10 ლარად ღირებულ საფულეს და მასში მოთავსებულ თანხას - 1300 აშშ დოლარსა და 40 ლარს (ჯამურად - 3600 ლარს), რის შედეგადაც მ. რ--ს მიადგა 3610 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ შ. ჩ–ის გამართლებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.1. შ. ჩ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

4.2. შ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.3. საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს №0- გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელი - შინაპატიმრობა 1 წლის, 11 თვისა და 2 დღის ვადით.

4.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელები შთანთქა ახლად დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 30 ივნისიდან.

5. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: შ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.

5.1. მსჯავრდებულ შ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ--მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენის გაუქმება და შ. ჩ-ის გამართლება.

6. 2021 წლის 5 ნოემბერს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილეს - ალექსანდრე ფოცხვერაშვილს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

7. 2021 წლის 9 ნოემბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილემ ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ შ. ჩ-ს შორის 2021 წლის 5 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ:

· შ. ჩ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;

· საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წელი, რაც, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით;

· საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძისა და მსჯავრდებულ შ. ჩ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივრები დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დააზუსტა საპროცესო შეთანხმების პირობები შემდეგი მიმართებით:

· შ. ჩ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;

· საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წელი, რაც, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით; ასევე შთანთქოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს №0--- გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი ნაწილი;

· საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი.

10. საპროცესო შეთანხმების დაზუსტებული პირობებით დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა, მსჯავრდებულმა შ. ჩ–მა და მისმა ადვოკატმა დ. მ-მ.

11. ამასთან, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა საკასაციო საჩივრებთან მიმართებით დააზუსტეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენზე შ. ჩ-ის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ალექსანდრე ფოცხვერაშვილსა და მსჯავრდებულ შ. ჩ-ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას შ. ჩ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; მსჯავრდებულის განმარტებით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ადვოკატებისაგან ეფექტური დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის - ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; სრულად აცნობიერებს დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ შ. ჩ-ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, სრულად აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; ასევე ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა. შ. ჩ-ი და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. შ. ჩ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

5. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ მ. რ--ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ი. მ-ს, რ. დ-ს, ნ. თ-ა და სხვათა ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, საბანკო ამონაწერის დათვალერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია შ. ჩ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მოტივს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

7. ამდენად, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ შ. ჩ–ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორების - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძისა და მსჯავრდებულ შ. ჩ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრების განუხილველად დატოვებისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძისა და მსჯავრდებულ შ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ--ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრების უკან გათხოვნის გამო;

2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ალექსანდრე ფოცხვერაშვილსა და მსჯავრდებულ შ. ჩ–ს შორის;

5. შ. ჩ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს პირობით;

6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთი) წელი, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით; ასევე შთანთქოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს №0--- გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი ნაწილი.

8. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი;

9. მსჯავრდებულ შ. ჩ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 30 ივნისიდან;

10. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

11. ნივთიერი მტკიცებულებები: საფულე, მასში მოთავსებული მართვის მოწმობა, კაზინო ,,შ--ს“ ორი და კაზინო ,,7--“-ის ერთი ბარათი, ოთხი სავიზიტო ბარათი, ორი ფოტოსურათი, მ. რ--ს სახელზე გაცემული ჩეკი, მედიკამენტების ერთი ფირფიტა, პირადი დოკუმენტაცია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ი. რ--ს პასპორტი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; ერთი ლაზერული დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;

12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი