დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020142221700145353
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №63აგ-21 19 ნოემბერი, 2021 წელი
ბ-ე ბ, 63აგ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ბ. ბ-ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ. ბ-ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 16 მარტიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო-ს საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2021 წლის 1 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ბ. ბ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. მსჯავრდებული ბ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას. კასატორის მოსაზრებით, სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გადაისინჯოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი და შესაბამისობაში მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან; გამამტყუნებელი განაჩენი ძირითადად აგებულია ოპერატიულ ინფორმაციასა და მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების ცრუ ჩვენებებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც დაიშვება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა.
3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
4. კასატორი - მსჯავრდებული ბ. ბ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა ოპერატიულ ინფორმაციას და პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეიქმნა ახალი გარემოება, რომელიც აუმჯობესებეს მის მდგომარეობას.
5. საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით;
გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
7. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენებასთან მიმართებით აღნიშნავს შემდეგს:
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებით „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ კანონმდებლობითა და სადავო ნორმით ვერ ხერხდება არასანდო მტკიცებულების გამოყენებით პირის მსჯავრდების რისკების დაზღვევა. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაავადა დასახელებული ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა 2021 წლის პირველ ივლისამდე იმისათვის, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს მიეცეთ გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად.
9. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. ბ-მ დანაშაული ჩაიდინა 2019 წლის 16 მარტს.
10. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის რეტროსპექტულ გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ „საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან ძირითადად საფუძველშივე გამოირიცხება... მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი... გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საპროცესო ნორმები თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/4/557,571,576 II- 73-74,76).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2021 წლის პირველ ივლისამდე; შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება მოცემულ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი