საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 31.03.2022
საქმის ნომერი
2კ-77აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100120003833332

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №77აპ.-22 31 მარტი, 2022 წელი

ა–ე გ., №77აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2020 წლის 6 აგვისტოს გ. ა–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით), რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ. ა–ე 2020 წლის 16 ივლისს, საღამოს, ქ. რ–ში, ი–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინდვრიდან, ს. მ–სთან და ნ. ნ–სთან ერთად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დიდი ოდენობით - 26000 ლარად ღირებულ რ. ი–სის კუთვნილ, 11 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითაც რ. ი–სს მიადგა 26000 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

1.2. 2020 წლის 6 აგვისტოს ნ. ნ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით), რაც გამოიხატა შემდეგში:

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ. ნ–ი 2020 წლის 16 ივლისს, საღამოს, ქ. რ–ში, ი–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინდვრიდან, ს. მ–სა და გ. ა–სთან ერთად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დიდი ოდენობით - 26000 ლარად ღირებულ რ. ი–ს კუთვნილ, 11 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითაც რ. ი–სს მიადგა 26000 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

1.3. 2020 წლის 6 აგვისტოს ს. მ–ი (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; მოთავსების ადგილიდან გადაყვანისას ბრალდებულის გაქცევის მცდელობა), რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 16 ივლისს, საღამოს, ქ. რ–ში, ი–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინდვრიდან, ს. მ–ი, გ. ა–ესა და ნ. ნ–თან ერთად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დიდი ოდენობით - 26000 ლარად ღირებულ რ. ი–ს კუთვნილ 11 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითაც რ. ი–სს მიადგა 26000 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2020 წლის 18 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ს. მ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მიზნით, ოპერატიული სამსახურის მანქანაში მოთავსებულმა ბრალდებულმა - ს. მ–მ, სასამართლოს განჩინების აღებამდე, მოახერხა ავტომაქანის კარის გახსნა და გაქცევა, თუმცა, მის მიმართ დაუყოვნებლივ განხორციელებული დევნისა და ქ. რ–ში, ბ–ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაკავების გამო, ვერ შეძლო მიმალვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის განაჩენით:

გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

გ. ა–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. მასვე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 16 ივლისიდან.

ნ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის N1/ბ-694-15 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და მოუხდელი პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის N1/ბ-694-15 განაჩენით დანიშნული და მოუხდელი ძირითადი სასჯელი, ხოლო ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარი დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ნ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ნ. ნ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. მასვე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 17 ივლისიდან.

ს. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

ს. მ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. მასვე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 16 ივლისიდან.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ნ. ნ–მ და გ. ა–ემ, ასევე, მსჯავრდებულმა ს. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. მ–მ. ნ. ნ–მ და გ. ა–მ სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას - საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება. მსჯავრდებულმა ს. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. მ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას - საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2021 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულმა გ. ა–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით.

3.3. 2022 წლის 10 იანვარს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა არის ზედმეტად მკაცრი, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ ცნო მტკიცებულებები, დაზარალებულს აუნაზღაურდა ზიანი და კასატორის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია - თავად დაზარალებულიც ითხოვდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისიწნებული შეღავათების გამოყენებას. ამ გარემოებების გამო, კასატორი ითხოვს კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ნასამართლობა, ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდეს.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ. ა–მ ჩაიდინა ქურდობა რამდენიმე დამამძიმებელი გარემოებით - არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და უმართლობის ხარისხს. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს გ. ა–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს (დანაშაულის აღიარება, მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღების პარალელურად, აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული, კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებსა და სასჯელის სამართლიანობის პრინციპს.

5.5. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით (გ. ა–ს დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს), - შეუძლებელია, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა საშეღავათო ზომების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე