საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.04.2022
საქმის ნომერი
2კ-1037აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100120003473304

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1037აპ-21 ქ. თბილისი

მ. ნ. 1037აპ-21 20 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ნ. მ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ნ. მ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და 2020 წლის 11 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.ბ–ში, ბ–ს ქ.№..-ის მოპირდაპირე მხარეს, სამიკიტნო ,,მ–ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ,,GOLD STAR 2002’’ მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას - ჩეხური ,,S&B’’ წარმოების 9X18 მმ კალიბრიან 10 ცალ ვაზნას, რაც 2020 წლის 11 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.ბ–ში, ბ–ს ქ.№..-ის მოპირდაპირე მხარეს, სამიკიტნო ,,მ–ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ნ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ნ. მ–ს მიმართ მუხლის სანქციით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

4.2. მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ნ. მ–ს გამართლება.

4.3. მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. პ–მ მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ნ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:

5.1. მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. მ–სა და რ. პ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

5.2. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე გოგეშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

5.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში.

5.4. ნ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.5. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5.6. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5.8. მსჯავრდებულ ნ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2020 წლის 11 იანვრიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ნ. მ–ს გამართლებას.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ნ. მ–ს გამართლებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. მ–ს მსჯავრდება განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ. მ–ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ატარებდა 2020 წლის 11 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. ბ–ში, ბ–ს ქ. N..-ის მოპირდაპირე მხარეს, სამიკიტნო „მ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას პოლიციელთა ჩვენებებს შორის და პოლიციელთა ჩვენებებსა და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შესახებ, რადგან „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში აუცილებლად მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, განსაკუთრებით კი პირდაპირ ჩვენებებს, ასეთი მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე....... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17; 264აპ-20 განჩინება).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №262აპ-17 გადაწყვეტილება; 2020 წლის 6 ოქტომბრის №355აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 10 მარტის №658აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 30 ივნისის №197აპ-21 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც - საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.

12. პოლიციის თანამშრომლებმა დაადასტურეს 2020 წლის 11 იანვარს ნ. მ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტი, მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, ისინი დეტალურად ჰყვებიან, თუ რა ვითარებაში შეაჩერეს და გაჩხრიკეს ნ. მ–ე, რომელსაც აღმოაჩნდა იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნით არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრიანი „GOLD STAR-2002” მოდელის №..... მოკლელულიანი ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული პისტოლეტი(გასროლების წარმოებისთვის ვარგისი) და ქარხნული წესით დამზადებული, ჩეხური „S&B” წარმოების 9X18მმ კალიბრიანი 10 ცალი, საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული ვაზნა(გასროლების წარმოებისათვის ვარგისი). ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ გ. ს–მ რ. კ–სა და ა. გ–საგან განსხვავებულად მიუთითა ავტომობილის საბარგულის გაღებისა და შემთხვევის ადგილზე სხვა პოლიციელთა ყოფნის ფაქტი, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის გარემოებას, ვინაიდან ა. გ–მ მიუთითა, რომ მან გააღო ავტომობილის საბარგული ნ. მ–ს პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ზოგადი პრევენციის მიზნებისათვის და ის უბრალოდ, ზედაპირულად დაათვალიერა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის სხდომის ოქმი 12:25:40-12:25:55), ხოლო მოწმეებმა: როგორც რ. კ–მ და ა. გ–მ, ასევე რ. გ–მ, მ. მ–მ და ზ. ბ–მ დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პოლიციელებს საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ისინი იმყოფებოდნენ რესტორან „მ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იცავდნენ პერიმეტრს, რომ საგამოძიებო მოქმედება შეუფერხებლად წარმართულიყო.

13. 2020 წლის 11 იანვარს ნ. მ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვისა და ტარების საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ა. გ–მ, ინსპექტორ-გამომძიებლებმა: რ. კ–მ და გ. ს–მ მიუთითეს, რომ 2020 წლის 11 იანვარს, როდესაც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ.ბ–ში, ბ–ს ქუჩაზე, რესტორან „მ–ს“ მიმართულებით მოძრაობდა წითელი ფერის ტაქსი, რომელშიც იჯდა ნ. მ–ე, იგი უკანონოდ ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ისინი, სამივენი, სამსახურებრივი ავტომანქანით გაემართნენ მითითებული მისამართისაკენ. გზაში ა. გ–ი ტელეფონით დაუკავშირდა ექსპერტებს და სთხოვა მისულიყვნენ აღნიშნულ მისამართზე, რათა ჩაეტარებინათ პირის პირადი ჩხრეკა. ადგილზე მისულებმა, რესტორან „მ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს ინფორმაციაში მითითებული წითელი ფერის ტაქსი და შეაჩერეს. აღმოჩნდა, რომ საჭესთან იჯდა ზ. ბ–ე, მის გვერდით - გ. მ–ე, ხოლო უკანა სალონში - ნ. მ–ე. ავტომანქანიდან გადმოყვანის შემდეგ გამომძიებელმა ა. გ–მ ნ. მ–ს განუცხადა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა და განუმარტა უფლებები, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ რაიმე დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა და არ ითანამშრომლებდა პოლიციასთან. როდესაც გამომძიებელი მას დადგენილებას აცნობდა, ამ დროს მივიდნენ ექსპერტებიც და დაიწყო პირადი ჩხრეკა. გ. ს–ა აკონტროლებდა ნ. მ–ს ქცევას, ხოლო რ. კ–ე უშუალოდ ჩხრეკდა მას. პირველად ხელების მიდებით დაათვალიერა, რა დროსაც დააფიქსირა, რომ შარვლის უკანა, მარჯვენა მხარეს საწელურში ჰქონდა პისტოლეტი, ხოლო ქურთუკის წინა, მარცხენა ქვედა ჯიბეში - ვაზნები, რომლებიც ამოიღეს, ექსპერტებმა დაასურათეს და დალუქეს შესაბამის პაკეტებში. ამის შემდეგ გაგრძელდა ნ. მ–ს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს მისი პირადი ნივთები - მობილური ტელეფონი, ყურსასმენები, სანთებელა, ბარათები და ა.შ., რომლებიც ასევე დაილუქა. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნ. მ–ე დააკავა გამომძიებელმა, ნ. მ–ემ უარი განაცხადა ჩხრეკისა და დაკავების ოქმების ხელმოწერაზე.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა მ. მ–მ და რ. გ–მ დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას გამომძიებელი აცნობდა ნ. მ–ს დადგენილებას გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოს სხდომის ოქმი 15:40:30 – 15:41:00 მ. მ–ს დაკითხვა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 სექტემბრის სხდომის ოქმი 14:43:00 – 14:43:33 რ. გ–ს დაკითხვა). დადგენილების გაცნობის შემდეგ გამომძიებელმა მათ განუმარტა, რომ ნ. მ–ს, მისივე განცხადებით, ჰქონდა იარაღი, თუმცა ნებაყოფლობით წარმოდგენაზე უარს აცხადებდა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოს სხდომის ოქმი 16:16:20 – 16:16:55). რ. გ–მ მიუთითა, რომ გამომძიებლის ნათქვამის მოსმენის შემდეგ თავად ნ. მ–ემაც თქვა, რომ ჰქონდა იარაღი, მაგრამ არ მისცემდა მათ (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 სექტემბრის სხდომის ოქმი 14:44:10-14:45:50) მ. მ–მ დაადასტურა, რომ ნ. მ–ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა მათი მისვლის შემდეგ (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოს სხდომის ოქმი 16:34:49 – 16:34:55), რ. გ–მაც ანალოგიურად მიუთითა, რომ ჩხრეკის პროცესს თავიდან ბოლომდე ესწრებოდა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 სექტემბრის სხდომის ოქმი 14:42:00 – 14:42:10).

15. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას ნ. მ–ს ჩხრეკისას ვაზნების ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოღების შესახებ, ვინაიდან ნ. მ–ს 2020 წლის 11 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ მისი ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს 10 ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა, რასაც ადასტურებენ როგორც გ. ს–ა, რ. კ–ე და ა. გ–ი, ასევე ჩხრეკაში მონაწილე ექსპერტი - რ. გ–ე. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტ-კრიმინალისტმა მ. მ–მ მიუთითა, რომ ნ. მ–ს ეცვა შავი ფერის ქურთუკი, ნაჭრის იყო თუ ტყავის არ ახსოვს, როგორც ახსოვს ვაზნები შიდა ჯიბიდან ამოიღეს. ცალ-ცალკე იყო იარაღი და ვაზნები, ახსოვს რომ ამოიღეს ცალ-ცალკე, მაგრამ მარჯვენა ჯიბეში იყო თუ მარცხენაში ზუსტად თქმა არ შეუძლია (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოს სხდომის ოქმი 15:52:51 – 15:53:56). მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მომხდარი ფაქტიდან მოწმის დაკითხვამდე გასულია გარკვეული პერიოდი, იგივე მოწმე ხელმოწერით ადასტურებდა პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორეს და არც ჩხრეკის მიმდინარეობისას და არც სასამართლოში დაკითხვისას ეჭვქვეშ არ დაუყენებია ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე, მათ შორის ვაზნების აღმოჩენის ადგილმდებარეობა.

16. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ნეიტრალური მოწმეების: გ. მ–ისა და ზ. ბ–ის ჩვენების დაუსაბუთებლად არგაზიარების შესახებ. გ. მ–ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. მ–ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნ. მ–ს ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებს არაფერი ამოუღიათ და არ იცის, საიდან „მოვიდა იარაღი“, რომელიც შემდომ მანქანის საბარგულთან დაინახა, ეწინააღმდეგება როგორც მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას(რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით), ასევე - სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმემ დაკითხვისას უარყო გამოკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების და ნ. მ–სთან მოწმის ურთიერთობის ხასიათის გათვალისწინებით არ არსებობს აღნიშნული მოწმის ჩვენების გაზიარების საფუძველი.

17. ზ. ბ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მიუთითა, რომ ნ. მ–საგან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტი არ დაუნახავს, არ იცის, საიდან გაჩნდა ეს იარაღი (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეოჩანაწერი 00:06:45 – 00:07:32). შესაბამისად, მისი ჩვენება ნ. მ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების უარსაყოფად ან დასადასტურებლად ირელევანტურია.

18. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა და საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ადვოკატი მ. მ–ე ნ. მ–ს იტერესებს იცავდა 2020 წლის 11 იანვრიდან ( დაკავების დღიდან) და ფლობდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაციას, ესწრებოდა ნ. მ–ს გამოკითხვას, ბრალის წარდგენას(იხ.: ადვოკატ მ. მ–ს ორდერი ტ. 1, ს.ფ. 254; ნ. მ–ს გამოკითხვა - ტ.1, ს.ფ. 25-27; ნ. მ–ს ბრალის წარდგენა - ტ.1, ს.ფ. 269-271), თუმცა ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2020 წლის 29 იანვარს, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით. 2020 წლის 1 თებერვლის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით კი დგინდება, რომ „მ–ს“ მენეჯერის განმარტებით, მათ არ აქვთ ვიდეოჩანაწერის უკან გადახვევის საშუალება. ჩანაწერის გადახვევის ფუნქცია აქვს ქ. თ–ში არსებულ „მ–ს“ ხელმძღვანელობას, რომელმაც დაცვის მხარეს, თავის მხრივ, განუცხადა, რომ ქ. ბ–ში, ბ–ს ქ. N..-ს მოპირდაპირედ მდებარე „მ–ს“ ვიდეოჩამწერი ჩანაწერს ინახავდა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში და 2020 წლის 11 იანვრის ჩანაწერი მათთან უკვე აღარ ინახებოდა(იხ.: ტ. 2, ს.ფ. 45-47). სასამართლო ითვალისწინებს რომ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის შუამდგომლობით სასამართლოსთვის დროულად მიმართვის შესაძლებლობა.

19. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზების დასკვნებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N 262აპ-17), მით უფრო რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება არც მეტალიზაციის კვალის არარსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

20. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს დაცვის მხარის მითითება ნ. მ–ს ჩხრეკაში პოლიციის მე-.. განყოფილების თანამშრომლის - ლ. მ–ს მონაწილეობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულებით, გარდა თავად ნ. მ–სა და გ. მ–ს ჩვენებებისა, მათ შორის არც ექსპერტ-კრიმინალისტების: მ. მ–სა და რ. გ–ს ჩვენებებით, რომლებმაც მიუთითეს, რომ საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკის ჩატარებაში მონაწილეობდნენ მხოლოდ რ. კ–ე, ა. გ–ი და გ. ს–ა, შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პოლიციელები კი მხოლოდ პერიმეტრს იცავდნენ და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. არც პოლიციელებთან, არც გამომძიებელთან და არც ნ. მ–სთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, სადაც იდგა გასაჩხრეკი პირი იქიდან დაახლოებით 7-8 მეტრ მანძილზე იყო პერიმეტრი დაცული პოლიციელთა მიერ (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოს სხდომის ოქმი 16:31:34 – 16:32:36 - მ. მ–ს დაკითხვა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 სექტემბრის სხდომის ოქმი 14:36:50 – 14:37:31; 14:40:05 – 14:41:35)

21. სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ შეეზღუდათ ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის ფარგლებში კითხვების დამატების შესაძლებლობა, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლის 32-35 ნაწილებით გათვალისწინებული პროცედურა ეხება მხოლოდ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებულ საგანზე ჩასატარებელ საექსპერტო კვლევას.

22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილებით, საქმეზე ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების, ხოლო საქართველოს სსსკ-ის ამავე ნორმის (მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის 1 ივლისიდან.

23. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი საპროცესო კანონი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/11/2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-73; 74). შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მითითებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თარიღის, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, ნ. მ–ს პირადი ჩხრეკის თარიღის, იმის გათვალისწინებით რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და მტკიცებულებები მოპოვებული იქნ 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდამდე - სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

24. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას სასჯელის განსაზღვრის ნაწილშიც - სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია (რეციდივის გათვალისწინებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა მინიმალური ხანგრძლივობა) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

25. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

26. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით(იხ. Ruiz Torija v. Spain, ECtHR, § 29, Series A no. 303-A, 09/12/1994; García Ruiz v. Spain [GC], no. 30544/96, §26, ECtHR 1999-I; და Moreira Ferreira v. Portugal (no.2), ECtHR, [GC], no. 19867/12, § 84, 11/07/2017; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65; 27/02/2020). ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015). იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §69; 27/02/2020)

28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (იხ. Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

30. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე