საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002439412
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №549აპ-21 ქ. თბილისი
გ. გ. 549აპ-21 19 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ირაკლი კოძახიძის
გამართლებულ - ნ. ქ-ის
ადვოკატ - ს. ბ-ის
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენზე გ. გ.-ს, ბ------ მ-ისა და ნ. ქ-ის მიმართ.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა: 1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომაში - საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; 2. გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით; 3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
ბ. მ-ეს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა: 1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; 2. გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით;
ნ. ქ-ეს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა: 1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; 2. გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
2. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ზ-ს რაიონის სოფელ ფ-ში მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, გ. გ-მა, ბ. მ-მ და ნ. ქ-მ ჯგუფურად, სხეულის სხვადასხვა არეში სცემეს თ. კ-ს. კერძოდ, ნ. ქ-მ სცემა სპეციალურად მომარჯვებული ხელკეტის გამოყენებით, ხოლო გ. გ-მა და ბ. მ-მ - ხელებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი; ცემის შედეგად თ. კ-ს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, სისხლნაჟღენთების სახით მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე, ზედა მესამედში, მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე, შუა და ზედა მესამედების დონეზე, მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში, გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ, ზედა მესამედში და მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე;
2017 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ზ-ში, ს-ს ქუჩის N-..ში მდებარე, თავის კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში, თ. კ-ს მიაკითხეს ნაცნობებმა - გ. გ-მა, ნ. ქ-მ, ბ. მ-მ და გ---- ს-მ და იმ მოტივით, რომ თითქოს, ნ. ქ-ს სურდა სწრაფი კვების ობიექტის წინ გასაყიდად დაყენებული, თ. კ-ის კუთვნილი ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანის მეუღლისთვის შეძენა და მისი წინასწარი შემოწმება, ავტომანქანის საჭესთან მოთავსდა ნ. ქ-ე, მის გვერდით - თ. კ-ე, ხოლო უკანა სალონში - გ. გ.. მათ მოძრაობა დაიწყეს ზ-ს რაიონის სოფელ ფ-ს მიმართულებით, სადაც ნ. ქ-მ ავტომანქანა შეაჩერა სასაფლაოს ტერიტორიაზე; თ. კ-ე ავტომანქანიდან გადმოიყვანის შემდეგ, თითქოსდა გასაუბრების მიზნით, გ. გ-მა და ნ. ქ-მ ხელებით ცემა დაუწყეს მას, ამასთან, მუქარით მოითხოვდნენ მისგან 15 000 აშშ დოლარისა და 50 აბი „სუბოქსინის" დათქმულ დროს გადაცემას, რაც, მათი განმარტებით, ეკუთვნოდა იმჟამად პატიმრობაში მყოფ საერთო ნაცნობს - ლ. შ-ს, ხოლო თ. კ-მ კი იცოდა მათი ადგილსამყოფელი. მიუხევადად უარყოფითი პასუხისა, გ. გ–მა და ნ. ქ-მ დასახელებული ნივთების მომავალში გადაცემის მოთხოვნით განაგრძეს მისი ცემა, ხოლო მცირე ხანში მათ შეუერთდა გ. გ-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანით შემთხვევის ადგილზე მისული ბ. მ-ც, რომელმაც ნ. ქ-ს, მისივე თხოვნით, გადასცა ხელკეტი, რა დროსაც ემუქრებოდნენ მას მოკვლით, თუ იგი მათ მოთხოვნას არ შეასრულებდა. აღნიშნულის შემდგომ გ. გ-მა და ბ. მ-მ თ. კ-ის ცემა განაგრძეს ხელებით, ხოლო ნ. ქ-მ - ხელკეტით.
გარდა ამისა, გ. გ. მოკვლის მუქარას გამოხატავდა დანის დემონსტრირებითაც. მუქარის, ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი თ. კ-ე იძულებული გახდა, დაჰპირებოდა ბოროტმოქმედებს, რომ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 15 000 აშშ დოლარს (ე.ი. დაახლოებით 36 000 ლარს) და 50 აბ ნარკოტიკულ საშუალება „სუბოქსინს" თავად გადასცემდა მათ 2017 წლის 10 ივლისისათვის, რის შემდეგაც გ. გ-მა და მისმა თანმხლებმა პირებმა თ. კ-ე მისივე ავტომანქანით დატოვეს ქალაქ ზ-ს ტერიტორიაზე.
2018 წლის 17 იანვარს გ. გ-მა უკანონოდ შეიძინა ორ ე.წ. ,,ბაშად“ დაფასოებული, დიდი ოდენობით - 0,5354 გრ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, რომელიც უკანონოდ შეინახა თავისავე შარვლის წინა, მარცხენა ჯიბეში. იმავე დღეს, 03:10 საათზე, გ. გ. ქ. ზ-ს მიმართულებით ავტომანქანით მოძრაობისას, თ-ს საავტომობილო მაგისტრალზე, ზ-ს რაიონის სოფელ წევას გადასახვევთან, გააჩერეს პოლიციის მუშაკებმა, რა დროსაც პირადი ჩხრეკის შედეგად მისივე შარვლის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:
3.1 გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. გ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე დაკავებისა და პატიმრობის დრო - 2018 წლის 17 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განმეორებით დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 მარტიდან;
გ. გ-ს სასარგებლოდ გირაოს შემტანს (ბ. მ-ს) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 19 იანვარს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 7000 ლარი;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ. გ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3.2. ბ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ. მ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 მარტიდან.
3.3. ნ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. ქ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
მსჯავრდებულ ნ. ქ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაპატიმრების მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან;
ნ. ქ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული ვალდებულებები გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ქ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - 15000 ლარი გირაოს უზრუნველსაყოფად გ. ქ-ის (პ/ნ ............) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ზ...., ...... (საკადასტრო კოდი 3.....) – 15000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა უნდა მოიხსნას.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - გ. გ-მა, ბ. მ-მ, ნ. ქ-მ და მათმა ადვოკატმა ს. ბ-მა და ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენით მსჯავრდებულების - ბ. მ-ის, ნ. ქ-ისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ხოლო მსჯავრდებულ გ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
5.1. გ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და გამართლდა;
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე დაკავებისა და პატიმრობის დრო - 2018 წლის 17 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განმეორებით დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 მარტიდან;
გ. გ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან;
გ. გ-ს სასარგებლოდ გირაოს შემტანს (ბ. მ-ს) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 19 იანვარს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 7000 ლარი;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ. გ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5.2. ბ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და გამართლდა;
ბ. მ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
5.3. ნ. ქ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და გამართლდა;
ნ. ქ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან;
ნ. ქ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული ვალდებულებები გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ქ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - 15000 ლარი გირაოს უზრუნველსაყოფად გ. ქ-ის (პ/ნ ..........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ზ., ...... (საკადასტრო კოდი .........) – 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა უნდა მოიხსნას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ი. კოძახიძემ და საკასაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. გ-ს, ნ. ქ-ისა და ბ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა.
7. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ირაკლი კოძახიძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
8. დაცვის მხარე არ დაეთანხმა პროკურორის საკასაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის პოზიცია აგებულია მხოლოდ დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების ირიბ ჩვენებებზე:
8.1. ადვოკატმა ს. ბ-მა მიუთითა, რომ: თ. კ-ე ჩართული იყო ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში ლ. შ-ის დაპატიმრების შემდეგ, რომელიც ასევე ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელია. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისაგან თ. კ-მ მიიღო შეთავაზება, რომ გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან, თუ ,,დააჭერინებდა“ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლებს. ნ. ქ-ე, გ. გ. და ბ. მ-ე კი იყვნენ ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებლები. შესაბამისად, დაზარალებულმა თ. კ-მ ცოლს სთხოვა დაეჩქმიტა, რათა შემდეგ დაზიანებები აესახა ფოტოებზე და მიეწოდებინათ სამართალდამცავი ორგანოსათვის იმის დასადასტურებლად, თითქოს, გამართლებულებმა სასაფლაოზე სცემეს; შესაბამისად, დაზარალებულ თ. კ-ს დაზიანებები მიაყენა მეუღლემ ჩქმეტით და არა გამართლებულმა პირებმა - ბეისბოლის ჯოხისა და ხელის დარტყმებით; გამართლებულების უდანაშაულობას ადასტურებს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის მასალები, სადაც მათი მხრიდან არ ფიქსირდება არც ნარკოტიკული საშუალების და არც ფულის მოთხოვნა; ნ. ქ-ს, გ. გ-ს და ბ. მ-ს ბრალი წარუდგინეს მოგვიანებით, რის გამოც დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, მოეპოვებინა და სასამართლოსთვის წარედგინა მტკიცებულებები, რომლებიც მათ უდანაშაულობას ადასტურებდა; დაზარალებული ნ. ქ-ს არ იცნობდა, რადგან ის ს–ში ახალი ჩამოსული იყო, ხოლო გ. გ-ს და ბ. მ-ს კარგად იცნობდა, დაზარალებული გაიზარდა ბ. მ-ესთან ერთად, ისინი არიან ნათესავები.
8.2. ნ. ქ-მ დამატებით მიუთითა, რომ: თავს არ ცნობს დამნაშავედ, რადგან ბრალად წარდგენილი ქმედება არც მას და არც გ. გ-ს ან/და ბ. მ-ს არ ჩაუდენია; საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ბრალი წაუყენეს მოგვიანებით, რის გამოც მოესპო საშუალება, მოეპოვებინა მტკიცებულებები, მათ შორის, ჩაეტარებინა დაზარალებულის დაზიანებების შესახებ ალტერნატიული ექსპერტიზა; მას სურდა თ. კ-ის ავტომანქანის შეძენა და შემოწმება, რის გამოც დაზარალებულის თანხმობით წავიდნენ მის (ნ. ქ-ის) ბიძებთან, რომლებიც არიან თუნუქის ხელოსნები და მუშაობენ მისი (ნ. ქ-ის) სახლისა და სასაფლაოს გვერდზე მდებარე სახელოსნოში; რაც შეეხება დაზარალებულის კაფეს გვერდზე არსებულ პროფილაქტიკას და შ. ხ-ს, ის არის საბურავების ხელოსანი და არ შეუძლია შეამოწმოს ავტომანქანის თუნუქი და დაადასტუროს, ავტომანქანა დამტვრეული და აღდგენილი არის თუ არა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა და ითხოვა გ. გ-ს, ნ. ქ-ისა და ბ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა.
3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე სასჯელის ნაწილში. შესაბამისად, სასამართლო არ იმსჯელებს აღნიშნულთან დაკავშირებით, მითუფრო, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა საეჭვო გახადოს გ. გ-ს მითითებული მსჯავრდება.
4. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001), ასევე იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009) და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენებში მოყვანილი იმ დასაბუთების გამეორება, რომელსაც ეთანხმება.
5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება სადავო დანაშაულების ჩადენაში გამართლებული პირების - გ. გ-ს, ბ. მ-ისა და ნ. ქ-ის (შემდგომში - გამართლებულების) მიერ ბრალად წარდგენილი თითოეული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
6. დაზარალებულმა თ. კ-მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 1 ივლისს იმყოფებოდა სწრაფი კვების ობიექტში, რომელიც მასთან ერთად ეკუთვნოდა ს. შ-ს და რომლის წინაც გასაყიდად ეყენა კუთვნილი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა. ობიექტში შევიდნენ გ. გ., ბ. მ-ე და ნ. ქ-ე. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ სურდა გასაყიდი ავტომანქანის შემოწმება. თ. კ-ე, ნ. ქ-ე და გ. გ. ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ შესამოწმებლად. ნ–ი, რომელიც იჯდა საჭესთან, მივიდა სოფელ ფ-ს სასაფლაოზე, როგორც კი გააჩერა ავტომანქანა და თ. კ-მ ჰკითხა, რატომ მიიყვანეს სასაფლაოს ტერიტორიაზე, ნ. ქ–მ ხელი დაარტყა. გ. გ-მა და ნ. ქ-მ მასზე დაიწყეს ზეწოლა. საუბრისას განუმარტეს, რომ ლ. შ. ყიდდა ნარკოტიკულ საშუალება - სუბოტექსს, ხოლო თ. კ-მ იცოდა, სად ჰქონდა ლ.- შ–ს ნარკოტიკი და თანხა შენახული. უთხრეს, რომ 10 ივლისს უნდა მიეტანა 15 000 აშშ დოლარი და 50 აბი სუბოტექსი. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას ლ. შ-ის ნარკოტიკის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა ისინი უმეორებდნენ, რომ ლ. შ. მას დაუტოვებდა, რადგან მას დაჰყვებოდა საკუთარი ტაქსით (17:50:55). მოწმემ განმარტა, რომ სასაფლაოზე მისვლიდან დაახლოებით 15 წუთში მათთან მივიდნენ ბ. მ-ე და გ. ს-ე, მას შემდეგ, რაც დაურეკეს (არ ახსოვს ზუსტად რომელმა დაურეკა, თუმცა დარეკვის შემდეგ მალე მივიდნენ). ბეისბოლის ჯოხი ავტომანქანიდან გადმოიტანა ბ. მ–მ და მიაწოდა ნ. ქ-ს. ზეწოლას ახდენდნენ ბ. მ-ე, გ. გ. და ნ-ი ქ-ე, ბეისბოლის ჯოხისა და ხელის დარტყმების პარალელურად, კერძოდ, ნ. ქ-ე თავიდან სცემდა ხელით, შემდეგ ბეისბოლის ჯოხს ურტყამდა ფერდებისა და გვერდების მიდამოში, გ. გ-ს შავი ფერის გასაშლელი დანა ეჭირა ხელში, ასევე ემუქრებოდა ბ. მ-ე. გარდა ამისა, ნ. ქ-ე სთავაზობდა მისი კუთვნილი ავტომანქანა „ჰიუნდაი ელანტრას“ მის სახელზე გადაფორმებას და 15 000 აშშ დოლარიდან 6000 აშშ დოლარის გაქვითვას, რის შემდეგაც მას 10 ივლისს მისაცემი დარჩებოდა მხოლოდ 9000 აშშ დოლარი. გ. ს-ე ავტომანქანიდან გადავიდა, მაგრამ მასთან შეხება არ ჰქონია. მათ გარდა, სხვა გარეშე პირი არ დაუნახავს. თავის გადასარჩენად ყველაფერზე დასთანხმდა.
6.1. დაზარალებულმა განმარტა, რომ სოფელ ფ-ს სასაფლაომდე მისასვლელად დასჭირდათ მაქსიმუმ ნახევარი საათი, სასაფლაოზე იყვნენ დაახლოებით 2 საათი. როდესაც პასუხობდა, რომ არ იცოდა ლ. შ-ის ნარკოტიკისა და თანხის შესახებ, მას სცემდნენ ხელითა და ბეისბოლის ჯოხით (17:30:39). მისგან დაპირების მიღების შემდეგ, რომ 10 ივლისს თანხასა და ნარკოტიკულ საშუალებას მიუტანდა, წამოვიდნენ სასაფლაოდან. თ. კ-ე და ნ. ქ-ე ჩასხდნენ მის ავტომანქანაში, ეს უკანასკნელი გზაშიც აგრძელებდა უდიერად მოპყრობას მის მიმართ. ტრასაზე გასვლისას ნ. ქ-ე გადაჯდა გ. გ-თან, ხოლო დაზარალებული დაჯდა თავისი ავტომანქანის საჭესთან და წავიდა სწრაფი კვების ობიექტში, სადაც დახვდნენ მშობლები და ცოლისძმა. ოჯახის წევრებთან ერთად წავიდნენ სახლში. მომხდარის შემდეგ არავინ დაკავშირებია. მოწმემ განმარტა, რომ მას ნ. ქ-ის, გ. გ-ს, ბ. მ-ის მიმართ რაიმე ფინანსური ვალდებულება არ გააჩნია. ამ ადამიანებს მისთვის არც ფინანსური დახმარება გაუწევიათ როდესმე (17:34:07). ფ-ს სასაფლაოზე ყოფნისას, მისი ტელეფონი ჰქონდა ნ. ქ-ს და აძლევდა მაშინ, როცა ოჯახის წევრები ურეკავდნენ, საუბრის შემდეგ კი ისევ უკან ართმევდა (18:10:56). როდესაც სახლში დაბრუნდა, მეუღლეს, ცოლისძმას და დედას სთხოვა 15 000 აშშ დოლარის სასწრაფოდ მოძიება, რათა არ მოეკლათ. დაზიანებებზე ფოტოსურათები გადაუღო მეუღლემ. მან ავტომანქანაშიც აჩვენა ოჯახის წევრებს დაზიანებული ადგილები და ფოტოები გადაუღეს მანქანაშიც და სახლშიც. ტკივილს გრძნობდა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანა არ მოუთხოვია, სახლის პირობებში დაუმუშავეს დაზიანებული ადგილები. შემთხვევიდან მეორე დღეს პოლიციაში მივიდნენ დედამისი და მისი მეუღლე. მომხდარის შემდეგ შიშის გამო ის სახლიდან გარეთ არ გადიოდა - მხოლოდ ღამის 12 საათის შემდეგ რამდენჯერმე იყო გასული (17:57:54). დაზარალებულმა დაადასტურა, რომ 10 რიცხვში უნდა მიეტანა ფული და ნარკოტიკი, თუმცა ისინი აღარ შეეხმიანნენ (18:03:15). თანხის შესაგროვებლად ან სესხი უნდა აეღოთ ან ბინა უნდა გაეყიდა დედამისს (18:15:33).
6.2. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ იმ დღეს, სანამ აღნიშნული პირები შევიდოდნენ სწრაფი კვების ობიექტში, ის, ი. ნ. და ს. შ. მცირე ხნით, მისი ავტომანქანით წავიდნენ დაბა შ-ში, ს. შ-ის საცხოვრებელ სახლში. გზაში შენიშნა, რომ უკან მიჰყვებოდა გ. გ-ს ავტომანქანა, რაც არ გაჰკვირვებია, რადგან გ. გ-ც შ–ში ცხოვრობს, თუმცა უკანა გზაზე კვლავ შეამჩნია, რომ მითითებული ავტომანქანა უკან მოჰყვებოდა, ამასთან, როგორც კი აუჩქარებდა სვლას, ეს უკანასკნელიც აუჩქარებდა, შენელებისას კი ანელებდა მოძრაობას. გ. გ-ს ავტომანქანა გაჰყვა ქალაქ ზ-ამდე. ამის გამო სხვა გზით წავიდა სწრაფი კვების ობიექტში, თუმცა დაახლოებით 10 წუთში ობიექტთან მივიდა გ. გ-ს ავტომანქანაც, სახელმწიფო ნომერით ...... რამდენი ადამიანი გადმოვიდა ავტომანქანიდან სწრაფი კვების ობიექტთან, არ ახსოვს. გ. გ-ს, ბ. მ-სა და ნ. ქ-ს თან ახლდა გ. ს-ც, მაგრამ მას ხმა არ ამოუღია (17:26:44).
6.3. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ლ. შ-ს იცნობს მრავალი წელია, ბოლო პერიოდში ის ტაქსით დაჰყავდა ,,მეთადონის პროგრამაში“ მონაწილეობისათვის (მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია), ჩამოუყალიბდათ ოჯახური ურთიერთობა, თუმცა არ იცოდა, რომ ლ. შ. ნარკოტიკულ დანაშაულს სჩადიოდა, ამასთან, არასოდეს დაუნახავს, რომ ვინმეს ლ. შ-ისათვის გადაეცა ნარკოტიკული საშუალება. მომხდარ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე ლ. შ. დააკავეს თ-ს ქუჩაზე, თ. კ-ე კი გამოუშვეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ის იცნობს შ. ხ-ს, რომელსაც მისი სწრაფი კვების ობიექტის გვერდით აქვს ავტოსახელოსნო. 2017 წლის 1 ივლისს მას აღნიშნული პირი არ უნახავს (17:38:59).
7. სასამართლო ითვალისწინებს შერაცხული დანაშაულის ხასიათს, იმ გარემოებას, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულები მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან, დაზარალებულის მიუკერძოებლობას, პირობებს, რომელშიც მოხდა მტკიცებულების ფორმირება. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრულია და სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია.
8. სასამართლო ითვალისწინებს სატელეფონო კომპანიებიდან გამოთხოვილ შემავალი და გამავალი ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მონაცემებს. მომსახურე ანძების ადგილმდებარეობის ანალიზით დგინდება, რომ თ. კ-ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია თანხვდენილია სატელეფონო კომპანიებიდან გამოთხოვილ შემავალი და გამავალი ზარების დეტალურ ინფორმაციასთან, კერძოდ, თ. კ-ის, გ. გ-ს, ნ. ქ-ისა და ბ. მ-ის მობილური ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული სატელეფონო ზარებისა და მითითებული ნომრების მომსახურე ანძების ადგილმდებარეობასთან. სოფელ ფ-ში მისვლის ფაქტს არც გ. გ., ბ. მ-ე და ნ.- ქ-ე უარყოფენ.
9. დაზარალებულ თ. კ-ისა და მოწმეების - ს. შ-ის (დაზარალებულის ბიზნესპარტნიორი) და ი. ნ-ის (დაზარალებულის ცოლის ძმა) ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს კვების ობიექტში შევიდნენ გ. გ., ბ. მ-ე და ნ. ქ-ე, ამ უკანასკნელის დაინტერესების შემდეგ დაზარალებული თ. კ-ე კვების ობიექტიდან ავტომანქანის შესამოწმებლად გავიდა ნ. ქ-ესა და გ. გ-თან ერთად; მოწმეებმა ს. შ-მ, ი. ნ-მ, ე. ჯ-მ (დაზარალებულის დედა) და მ. ნ-მ (დაზარალებულის მეუღლე) დაადასტურეს, რომ ისინი ცდილობდნენ დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციას, თუმცა იგი პასუხობდა მოკლედ, რომ მალე დაბრუნდებოდა (აღნიშნული დასტურდება სატელეფონო ზარების დეტალური ინფორმაციით (ტ.3; ს.ფ. 221-222)); მოწმეებმა - ს. შ-მ, ი. ნ-მ და ე. ჯ-მ ასევე დაადასტურეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ კვების ობიექტში მივიდა ნაცემი თ. კ-ე, რომელსაც ცემის კვალი ემჩნეოდა როგორც სხეულზე, ასევე სახეზე. იგივე დაადასტურა მოწმე მ. ნ-მ, რომელმაც მეუღლეს დაზიანებებზე გადაუღო ფოტოსურათები.
10. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება თ. კ-ის სხეულზე დაზიანებების არსებობა. კერძოდ, დასკვნის თანახმად: 2017 წლის 2 ივლისს მოქალაქე თ. კ-ს მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ზოლისებრი ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით: 8,5X1,7სმ; მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე, შუა და ზედა მესამედების დონეზე აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით: 4,7X0,8სმ; მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით: 2,0X0,8 სმ; გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ, ზედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით: 9,5X1,5სმ; გარდა ამისა, მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით: 0,8X0,6სმ. დაზიანებები განვითარებულია არიან რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
10.1. ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში წარმოდგენილი თ. კ-ის დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათების (ტ3; ს.ფ.23-25) მხედველობაში მიღებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ დაზიანებები დაზარალებულს მეუღლემ ჩქმეტით მიაყენა.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20). ,,შესაძლებელია პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი ჩვენებაც ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება N626აპ-17 საქმეზე, პუნქტი 34)“. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეების ჩვენებების ის ნაწილი სადაც ისინი მიუთითებენ იმ გარემოებებზე, რასაც თავად შეესწრნენ და საკუთარი თვალით ნახეს - წარმოადგენს პირდაპირ ჩვენებას და მასზე ვერ გავრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ( „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015) გადაწყვეტილება. კერძოდ, მითითებული მოწმეები (ს. შ., ი. ნ., ე. ჯ. და მ. ნ.) თავად შეესწრნენ და საკუთარი თვალით ნახეს: კაფეში გ. გ-ს, ბ. მ-ის და ნ. ქ-ის შესვლა; ავტომანქანის შესამოწმებლად დაზარალებულის გაყვანა; ამ უკანასკნელის მიერ მობილურ ტელეფონთან შეზღუდული კომუნიკაცია; კვების ობიექტში დაზარალებულის შეშინებულ მდგომარეობაში, დაზიანებებით დაბრუნება.
12. სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკას და მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში იმ მოწმეთა შეზღუდულ წრეს, რომლებიც შესაძლოა, იყვნენ ბრალად წარდგენილი ქმედებების შემსწრე ან თვითმხილველნი. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა სასაფლაოდან დაბრუნებისთანავე გამართლებულების მიერ ნარკოტიკისა და 15 000 აშშ დოლარის მოთხოვნის შესახებ უამბო და ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები აჩვენა თავის ახლობლებს, რაც მოწმეებმა თანმიმდევრულად და სარწმუნოდ დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე. იგივე გაიმეორა დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, კერძოდ, დეტალურად გაიხსენა დანაშაულის ადგილი, სადაც მიიყვანეს და ცემისა და მუქარის ფონზე მოსთხოვეს 15 000 აშშ დოლარი და ნარკოტიკული საშუალება. ამასთან, მოწმეებმა, მათ შორის, ი. ნ-მ და ს. შ-მ განმარტეს, რომ კაფეში დაბრუნებული ნაცემი თ. კ-ე იყო ძალიან აღელვებული და თანმიმდევრულად (დალაგებულად) ვერ საუბრობდა, თუმცა მოყვა სასაფლაოზე მომხდარის შესახებ (15:29:55). სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, მის პირველ განმარტებებს კაფეში დაბრუნებისას (მან პირველივე წუთიდან დაადასტურა, რომ კონკრეტულმა პირებმა მოსთხოვეს ნარკოტიკული საშუალება და ფული, მისატანად კი დაუთქვეს კონკრეტული ვადა), დაზარალებულის ოჯახის წევრების განმარტებას, რომ მომხდარის შემდეგ დაზარალებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახლიდან არ გადიოდა.
13. საქმის მასალებით არ დგინდება მიზეზი - რა მოტივი უნდა ჰქონდეს დაზარალებულს, რომ მითითებულ პირებს დააბრალოს იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ მითუფრო იმ პირობებში, როდესაც გ. გ-მა დაადასტურა, რომ მას და თ. კ-ს ჰქონდათ ჩვეულებრივი ურთიერთობა, მას არ მიუცია საბაბი, რომ თ-ი ნაწყენი ყოფილიყო მასზე; ბ. მ-მ განმარტა, რომ თ-თან ახლობლური დამოკიდებულება ჰქონდა, რაიმე სერიოზული საბაბი არ მიუცია მისთვის, რომ შურისძიების გრძნობა გასჩენოდა, ხოლო ნ. ქ-მ მიუთითა, რომ თ. კ-ს არ იცნობდა.
14. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობის შესახებ და კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე....... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17; 264აპ-20 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენება თანხვდენილია, როგორც კაფიდან დაზარალებულისა და გამართლებულებულების ერთად გასვლის ნაწილში, ასევე დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცის, მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და სხეულზე მიღებული დაზიანების ადგილმდებარეობებთან მიმართებით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია (საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის საფუძველზე) რაიმე ფაქტი თუ მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების არასანდოობას, ამის შესახებ დაცვის მხარე მხოლოდ ზოგადად უთითებს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე.
15. სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას მითითებული მოწმეების ჩვენებების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის შესახებ მოწმეების - შ. ხ-ისა და გ. ს-ის - ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სხვაგვარად აღწერენ ფაქტობრივ გარემოებებს.
15.1. მოწმე შ. ხ-ის ჩვენების თანახმად, დაზარალებულ თ. კ-ს იცნობს, კერძოდ, მისი კვების ობიექტი მდებარეობდა შ. ხ-ის ავტომანქანების სახელოსნოს გვერდით. 2017 წლის 1 ივლისს ნ. ქ-ს და გ. გ-ს ავტომანქანის დასათვალიერებლად გაჰყვა თ. კ-ე, უკან დაბრუნებულს კი ჰკითხა, გადაწყვიტეს თუ არა მითითებულმა პირებმა ავტომანქანის ყიდვა, რაზეც მან უპასუხა, რომ არ მოეწონათ. ამასთან, ადვოკატის კითხვაზე - იყო თუ არა ნაცემი, შ. ხ-მ, მართალია განმარტა, რომ თ. კ-ე არ იყო ნაცემი, იყო ჩვეულ მდგომარეობაში (16:10:38), თუმცა მანვე დაადასტურა, რომ მათი საუბარი შემოიფარგლა მხოლოდ მითითებული კითხვა-პასუხით, სხვა საუბარი არ ჰქონიათ. ამ პირობებში კი არადამაჯერებელია მოწმის კატეგორიული მტკიცება, რომ თ. კ-ს არ ჰქონდა დაზიანებები, მითუფრო, მოწმეს არ დაუკონკრეტებია, რა დისტანციაზე იდგნენ საუბრისას და ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, დაენახა, ექსპერტის დასკვნის თანახმად, თ. კ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები ( მაგალითად, მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე, უსწორო ფორმის, სისხლნაჟღენთი, ზომით: 0,8X0,6სმ).
15.2. მოწმე გ. ს-მ დაადასტურა ავტომანქანის შესამოწმებლად კვების ობიექტიდან თ. კ-ის, ნ. ქ-ის და გ. გ-ს გასვლის ფაქტი (16:37:55). მათი წასვლის შემდეგ რამდენიმე წუთში ბ. მ-მ უთხრა, რომ ბიჭებმა დაურეკეს და უთხრეს მიეკითხათ, რადგან იყვნენ ავტომანქანის გარეშე. მივიდნენ სოფელ ფ., ნ. ქ-ის სახლთან, სადაც იყვნენ ბიჭები (16:38:07). მოწმემ განმარტა, რომ იმ ადგილის გვერდზე, სადაც იყვნენ გაჩერებულები, დაახლოებით 10 მეტრში არის ბოლო მოსახლე, რომლის ეზოს ღობის იქით იწყება სასაფლაო. ბიჭებს შორის კონფლიქტი არ დაუნახავს, ადგილზე მისვლისას თავდაპირველად დარჩა ავტომანქანაში, რადგან ტელეფონით ჰქონდა მიმოწერა. ბ. მ-ე გადავიდა და ბიჭებისკენ წავიდა. ხის ჯოხი არ დაუნახავს. რამდენიმე წუთის შემდეგ ავტომანქანიდან გადასულმა გაიგონა გ. გ-ს რჩევა - არ ეყიდა ავტომანქანა ნ. ქ-ს. აღნიშნულის შემდეგ თ. კ-ე ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა. სასაფლაოზე დაახლოებით 10-15 წუთი დაჰყვეს (16:44:29). სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის ჩვენება არ ადასტურებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ავტომანქანა შეამოწმებინეს ნ. ქ-ის ბიძებს, მათ (ბიძების) იქ ყოფნას, ნ.- ქ-ის სახლის და სასაფლაოს გვერდზე სახელოსნოს არსებობას, რაზეც უთითებდა მსჯავრდებული ნ. ქ-ე. აღნიშნული ასევე არ დასტურდება თ. კ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 5 მაისის ოქმით (ტ. 5; ს.ფ. 180-189). ამდენად, გარდა იმისა, რომ მოწმე გ. ს-ეს კატეგორიულად არ გამოურიცხავს მხარეებს შორის სიტყვიერი ან/და ფიზიკური კონფლიქტი, სასამართლო ითვალისწინებს გამართლებულებთან მოწმის ურთიერთობის ხასიათს.
15.3. მოწმე გ. ს-მ ასევე დაადასტურა, რომ ის სარგებლობდა დაზარალებულის ტაქსის მომსახურებით (16:32:47), შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის მტკიცებას, რომ დაზარალებული რეალურად არ იყო ტაქსის მძღოლი, ის ქმნიდა ამგვარ იმიტაციას (ვითომ ტაქსის მძღოლი იყო) და ემსახურებოდა და დაატარებდა მხოლოდ ლ. შ-ს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ, როგორც იცის, შ. არის ძრავის ხელოსანი (16:35:45) და არა - საბურავების ხელოსანი, როგორც ამის უთითებს ნ. ქ-ე.
16. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ. ქ-ის მტკიცებას, რომ მას ნამდვილად სურდა თ. კ-ის ავტომანქანის შეძენა და შემოწმება, რის გამოც დაზარალებულის თანხმობით წავიდნენ მის (ნ. ქ-ის) ბიძებთან, რომლებიც არიან თუნუქის ხელოსნები და მუშაობენ მისი (ნ. ქ-ს) სახლისა და სასაფლაოს გვერდზე მდებარე სახელოსნოში, ეს გარემოება არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით. მათ შორის, მოწმე გ. ს-ემ დაკითხვისას მიუთითა, რომ იყვნენ სოფელ ფ., ნ. ქ-ის სახლთან/სასაფლაოსთან, თუმცა არ დაუდასტურებია არც სახელოსნოს არსებობა (მითუფრო სახელოსნოში ყოფნა) და არც ხელოსნის ადგილზე ყოფნის ფაქტი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარე არ უთითებს აღნიშნულ პირთა ვინაობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლოში არ მომხდარა მათი დაკითხვა, დაცვის მხარის ვერსია არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მყოფი გ. ს-ის ჩვენებით და ის ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას, სასამართლო მოკლებულია მისი გაზიარების შესაძლებლობას.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა რამდენჯერმე მიმართა სააპელაციო სასამართლოს გ. გ-ს, ბ. მ-ისა და ნ. ქ-ის მიმართ პრეტენზიის არარსებობის თაობაზე, თუმცა დაზარალებულის პოზიცია და პრეტენზიის არქონა, უპირობოდ არ ადასტურებს შესაბამისი პირების უდანაშაულობას მითუფრო, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სსსკ-ის 48-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გ. გ-ს, ბ. მ-ისა და ნ. ქ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები (დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმის დაკითხვის საშუალება).
18. სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის მტკიცებას, რომ თ. კ-ე იყო ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორი და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შეთავაზების შესაბამისად, მოუწია ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლებისათვის, მათ შორის - ნ. ქ-ის, გ. გ-სა და ბ. მ-ისათვის დანაშაულის ჩადენის დაბრალება და პასუხისგებაში მიცემა იმ დანაშაულისათვის, რაც მათ არ ჩაუდენიათ. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ თ. კ-ე არის/იყო ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი, ასევე არ მიუთითებია საქმე, სადაც ის დაცვის მხარის მტკიცებით მონაწილეობდა ბრალდების მხარეზე ან ეხმარებოდა გამოძიებას. ამასთან, გაურკვეველია, თუკი დაცვის მხარის პოზიციით, ერთი მხრივ, თ. კ-ე იყო რეალიზატორი და ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებმაც შესთავაზეს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლების მხილებაში დახმარება, ხოლო, მეორე მხრივ, გამართლებულები იყვნენ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები (რაც უკავშირდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარებას) და, მათ შორის, თ. კ-ისგან იძენდნენ ნარკოტიკს და შესაძლოა (როგორც ამას ადვოკატი უთითებს) განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დღესაც შეიძინეს, თ. კ-მ რატომ დააბრალა იმ დანაშაულების ჩადენა (რისთვისაც, დაცვის მხარის მტკიცებით, ცოლს დააჩქმეტინა სხეული), რომელიც მათ არ ჩაუდენიათ და რატომ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან - ამხილა ადვოკატის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენაში.
19. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გ. გ-ს, ნ. ქ–ს და ბ. მ-ს ბრალდების შესახებ დადგენილების დაგვიანებით წარდგენის გამო შეეზღუდათ მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს არ გამოუყენებია საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების მექანიზმი და არც თავისი პოზიციის დამადასტურებელი ის მტკიცებულებები წარმოუდგენია, რომლებზეც მიუთითებდა როგორც ნ. ქ-ე, ასევე ს. ბ-ი ( მაგალითად: ნ. ქ-ის ბიძები, რომლებიც დაადასტურებდნენ შემთხვევის დღეს ავტომანქანის მათთან და არა - სასაფლაოზე მიყვანისა და შემოწმების ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში ნ. ქ-ის სახლის მიმდებარედ მის მიერ მითითებული ავტოსახელოსნოს არსებობას; მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ თ. კ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ან/და ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებში გამოძიებასთან თანამშრომლობას და სხვა), რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ეჭვი შეეტანა დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში.
20. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს და ვინაიდან არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა მის მიერვე მითითებული მოწმეების (ნ. ქ-ის ბიძების) წარმოდგენისა და დაკითხვის შესაძლებლობა - სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
21. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედებების - სააბონენტო ნომრებზე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასა და შესაბამის კრებსებს, მათ შორის 2017 წლის 9 ივლისის (ტ.2; ს.ფ. 29-31), 10 ივლისის ( ტ.2.ს.ფ. 107), 13 ივლისის ( ტ.2. ს.ფ. 129-130) სატელეფონო საუბრებს.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოძალვა ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და იგი დამთავრებულია ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნის მომენტიდან, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.
23. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. გ-ს, ბ. მ–ისა და ნ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება. ამასთან, გ. გ-ს მსჯავრდება და სასჯელი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით უნდა დარჩეს უცვლელად.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no. 21447/11, no. 35839/11, §65, 66; 27/02/2020).
26. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
27. სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს და ითვალისწინებს, მათ შორის გ. გ-ს, ბ. მ-ისა და ნ. ქ-ის პიროვნულ მახასიათებლებს, ჩადენილი ქმედებების ხასიათს, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგს, ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობას და მიაჩნია, რომ გ. გ-ს, ბ. მ-სა და ნ. ქ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ, შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა, თითოეულს: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა 6 თვით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მითითებული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ თ. კ-ის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებები (ტ. 8; ს.ფ. 96-98), რომელთა თანახმად, მას გ. გ-ს, ბ. მ–ისა და ნ. ქ-ის მიმართ არ აქვს პრეტენზია და თანახმაა, მათ მიმართ გავრცელდეს, მათ შორის, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. შესაბამისად, გ. გ., ბ. მ-ე და ნ. ქ-ე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან უნდა გათავისუფლდნენ.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. გ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. გ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
გ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან; გ. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობის დრო - 2018 წლის 17 იანვრიდან 2018 წლის 19 იანვრის ჩათვლით; ასევე, 2018 წლის 23 მარტიდან 2021 წლის 23 მარტის ჩათვლით;
გ. გ-ს სასარგებლოდ გირაოს შემტანს (ბ. მ-ს) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს 2018 წლის 19 იანვარს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 7000 ლარი;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ. გ-ს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; მასვე, 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
2.2. ბ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ. მ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
ბ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; ბ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობის დრო - 2018 წლის 23 მარტიდან 2021 წლის 23 მარტის ჩათვლით;
2.3. ნ. ქ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. ქ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
ნ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2022 წლის 19 აპრილიდან; ნ. ქ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 23 მარტის ჩათვლით;
ნ. ქ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული ვალდებულებები გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ქ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 15000 ლარი გირაოს უზრუნველსაყოფად გ. ქ-ის (პ/ნ ..........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ზ–ში ........ (საკადასტრო კოდი ..........) – 15000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას;
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე