საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.05.2022
საქმის ნომერი
2კ-1026აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002732339

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1026აპ-21 ქ. თბილისი

ო-ი ნ, 1026აპ-21 23 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ო-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. 2018 წლის 22 ივლისს, ღამით, ქ. ბ-ი, ი. კ-ს ქუჩის N..-ში მდებარე სასტუმრო ,,ო-ს“ N... ნომრიდან ნ. ო-ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ო. ო-ს კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ ,,სონის“ ფირმის ფოტოაპარატს, 250 ლარად ღირებულ ,,ოლიმპიკის“ აუდიოჩამწერს, 250 ლარად ღირებულ ფოტოაპარატის სამაგრიან მიკროფონს, 500 ლარად ღირებულ ,,აიფონ 5“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ფულად თანხას - 1200 ლარს და ,,პ-ის“ პლასტიკურ ბარათს.

1.2. ნ. ო-ა უნებართვოდ შეაღწია კომპიუტერულ სისტემაში და მართლსაწინააღმდეგოდ გაანაღდა ო. ო-ს საბანკო ბარათიდან 110 ლარი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა 4310 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

1.3. 2018 წლის 2 სექტემბერს, ღამით, ქ. ბ-ი, ა-ის გზატკეცილზე, N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ო-ა სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ. ბ-ს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განაჩენით:

ნ. ო-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ნ. ო-ი, - დაბადებული .. წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4 000 ლარი.

ნ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 ლარი.

ნ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4 000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ. ო-ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, გათვალისწინებით, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1 000 ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ნ. ო-ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.

ნ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ო-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით.

მსჯავრდებულ ნ. ო-ს სასჯელის ათვლის საწყისად განესაზღვრა ამ განაჩენის საფუძველზე მისი დაკავების დღე.

მსჯავრდებულ ნ. ო-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

4. ნ. ო-ი 2021 წლის 11 სექტემბერს დააკავეს.

5. კასატორმა - მსჯავრდებულმა ნ. ო-ა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა, გარდა - რ. ბ-ის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში (ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

5.1. კასატორის მითითებით, ბრალის წარდგენის (2018 წლის) შემდეგ, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ. თ-მ, რომელიც იმ დროს პოლიციის N1 განყოფილების უფროსი იყო. ამის შემდეგ (2021 წელს), პოლიციის თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ტაქსის მძღოლ მამუკა სურმანიძესა და ზ. ა-ს ვ. თ-მ დააწერინა და ათქმევინა იმგვარი ფაქტები, რაც რეალობას არ შეესაბამება. მ. ს-ე შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მასთან ერთად, მაგრამ მას თავად უპოვია ო. ო-ის კუთვნილი პლასტიკური ბარათი. იგი საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას ამ ბარათიდან თანხის მოხსნის თაობაზე. 2018 წლის ივლისში ნ. ო-ი შეხვდა ო. ო-ის. ისინი ჯერ წავიდნენ ,,პლაჟზე,“ შემდეგ ო. ო-მ მას თავის საცხოვრებელ ბინაში წასვლა სთხოვა, რაზედაც მსჯავრდებულმა უარი ვერ უთხრა. ბინაში შესვლისთანავე მან საწოლში მწოლიარე ქალი დაინახა და ო-ს სთხოვა, რომ არ შევიდოდა, თუმცა, მან განუცხადა, რომ ეწყინებოდა. რადგან შეამჩნია, რომ ქალს გაღვიძება არ სურდა, ნ. ო-ი წავიდა. ვიდეოკადრში, შარვლის ქამარზე, რაც მოსჩანს, არის ტყავის საფულე, რომელსაც მსჯავრდებული, ზოგადად, ამგვარი ფორმით ატარებდა. ო. ო-ს მიერ მითითებული ნივთის ადგილებზე მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდები ექსპერტის დასკვნით არ აღმოჩენილა. სააპელაციო სასამართლოში ისე გამოიტანეს მის მიმართ განაჩენი, რომ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე არ ფლობდა. მისთვის უცნობია, თუ ვინ არის ადვოკატი კ-ი. 2021 წლის 9 სექტემბერს იგი სუსის შენობაში იყო დაბარებული დაკითხვის მიზნით და საინტერესოა, თუკი მას ეძებდნენ, თავისუფლად გადაადგილება როგორ შეძლო.

5.2. საკასაციო საჩივრის თანახმად, ნ. ო-ი აღიარებდა და ახლაც აღიარებს რ. ბ-ს სახეში ხელის ერთხელ გარტყმის ფაქტს.

6. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

9. საკასაციო საჩივრიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს აფასებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში და მიაჩნია, რომ პირველმა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს მოცემულ საკითხებზე, კერძოდ:

დაზარალებულ ო. ო-ს გამოკითხვის ოქმების მიხედვით (რომლებიც გამოქვეყნდა 2020 წლის 13 მარტის სასამართლო სხდომაზე), დაზარალებული დეტალურად აღწერს 2018 წლის 21 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, მისი ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 ივლისს თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში სტუმრად აიყვანა სანაპიროზე ახლად გაცნობილი ნ. ო-ი. ასვლისას იგი შეეცადა მეუღლე გაეღვიძებინა, რაც ვერ მოახერხა და როცა უკან გამოიხედა, ეს პირი უკვე ოთახში აღარ იყო. დაიწყო მისი ძებნა, როგორც სახლში, ისე სადარბაზოში; დაათვალიერა ბინა და ნახა, რომ მისი კუთვნილი ნივთები აღარ იყო. მოპარული ნივთებიდან ,,SONY-ის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატის, თავისივე ჩასადები ჩანთით ღირებულებაა 2000 ლარი, ორი მიკროფონის ღირებულება - 250 ლარი, ხოლო მობილური ტელეფონის - 490 ლარი. ნივთების ქურდობის შედეგად მას მიადგა 4075 ლარის ზიანი; ასევე ჰქონდა ხუთი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ მოპარულ ჩანთაში ედო მისი კუთვნილი ,,პ-ის“ პლასტიკური ბარათი. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ მისი პლასტიკური ბარათი გამოიყენეს 2018 წლის 22 ივლისს, დილის 10:06 საათზე, რა დროსაც მასზე არსებული თანხა ,,ვ-ის“ ბანკომატიდან მოიხსნა.

დაზარალებულმა პირველივე გამოკითხვისას (22.07.2018) აღწერა აღნიშნული პირის გარეგნობა, ხოლო შემდეგ კი, როგორც საქმეში წარმოდგენილი პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება (25.07.2018), მან ამოიცნო ნ. ო-ი და მიუთითა, რომ იგი სწორედ ის პირი იყო, რომელიც მასთან ბინაში იმყოფებოდა, რა დროსაც კუთვნილი ნივთები დაკარგა.

ნივთიერი მტკიცებულების (,,ო-ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის) გახსნისა და დათვალიერების ოქმით, კერძოდ, მესამე ფაილის დათვალიერებით დასტურდება, რომ 04:10:44 საათზე ოთახიდან გამოდის ნ. ო-ი, რომელიც იძახებს ლიფტს, რა დროსაც მას ზურგის მხარეს, წელის მიდამოში, აღენიშნება გამოწეული ადგილი, რომელსაც ჰფარავს პერანგი. ნ-ი არ ელოდება ლიფტების ამოსვლას და მიდის მარჯვენა მხარეს, რა დროსაც გადის კადრიდან. 04:10:57 საათზე ბინიდან გამოდის ო-ი, რომელიც რამდენჯერმე სირბილით მივიდა ლიფტებთან, ამოწმებს მათ, ისევ ბრუნდება ოთახში, მერე ისევ გამოდის დერეფანში, შემდეგ კი ამოდიან დაცვის თანამშრომლები.

ზ. ს-ს ჩვენებით, რომელიც სასტუმრო ,,ო-ას“ დაცვის თანამშრომელია, დასტურდება, რომ ო. ო-ნ მიღებული ინფორმაციით მას მოპარეს კუთვნილი ნივთები; მისივე განმარტებით, ვინაიდან ,,ო-ის“ ყველა ბინას აქვს ინდივიდუალური გასაღები, შეუძლებელია რომელიმე ბინაში უცნობმა პირმა მფლობელის გარეშე შეაღწიოს.

მოწმე მ. ს-მ ჩვენების მიცემის დროს მიუთითა, რომ ნ. ო-ა სთხოვა, რომ ბარათზე ჰქონდა თანხა და სურდა მისი მოხსნა. ოფისში მიაკითხა იმავე ტაქსის ოფისში მომუშავე პირს, როგორც ახსოვს - ზ. ა-ს, რომელიც დაეხმარა. 115 ლარი იყო ბარათზე. მოახერხა მხოლოდ 110 ლარის მოხსნა. თანხა ნ. ო-ს მისცა.

მოწმე ზ. ა-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მ. ს-მ ნამდვილად სთხოვა მას დახმარება, კერძოდ, რომ მგზავრი ჰყავდა და თანხა იყო მოსახსნელი. მას არც ბართთან ჰქონია შეხება, არც - თანხასთან, უბრალოდ, ასწავლიდა მ. ს-ს, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა ოპერაციები; როცა მ. მასთან ოფისში მივიდა, უთხრა, რომ ბარათიდან თანხის მოხსნა ესაჭიროებოდა, კლიენტი ჰყავდა და საფასური უნდა გადაეხადა მისთვის.

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე სს „ვ-ნ“ გამოითხოვეს ინფორმაცია 2018 წლის 22 ივლისს, 10:00 საათიდან 10:10 საათამდე დროის პერიოდით, ქ. ბ-ი, ლ-ა და ჭ-ის ქუჩების კვეთაში განთავსებული „ვ-ის ბანკომატის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.“ შესაბამისი ცხრილით დგინდება, რომ 22.07.2018 10:05:04 განხორციელებულია ტრანზაქცია - ბარათიდან 115 ლარის მოხსნით.

საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს დაზარალებულ ო. ო-ს ჩვენება, რომელიც თანმიმდევრულია და დეტალურად აღწერს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს. ამასთან, მისი მხრიდან არ იკვეთება რაიმე სახის სუბიექტური დამოკიდებულება ნ. ო-ს მიმართ. საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი შეესაბამება დაზარალებულის მიერ გაცხადებულ ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ო. ო-ს მიერ მითითებული ნივთის ადგილებზე მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდები ექსპერტის დასკვნით არ აღმოჩენილა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N257/დ დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვალი, გადატანილი დაქტილოფირზე, ზომით: 29X48მმ, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის არის უვარგისი. აღნიშნული გარემოება, სხვა, უტყუარი მტკიცებულებების არსებობის გარეშე, არ არის საკმარისი საკასაციო საჩივრის დაშვების მტკიცებისათვის.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ნ. ო-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია.

10. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ. ო-ის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს, რაზეც მსჯავრდებული თავის საკასაციო საჩივარში აპელირებს, საკასაციო სასამართლო უთითებს შემდეგს:

საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომის თარიღის განსაზღვრის შემდეგ (2021 წლის 25 მარტი), აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ნ. ო-ს ინტერესების დამცველს, ადვოკატ ნ. მ-ს. ადვოკატმა მიუთითა, რომ იგი ნ. ო-ს ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში აღარ იცავდა. უშუალოდ მსჯავრდებულს სააპელაციო სასამართლომ უწყება გაუგზავნა 2021 წლის 19 მარტს (ესე იგი სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე), რომელიც პირველ ჯერზე ადრესატს ვერ ჩაჰბარდა, ხოლო მეორე ჯერზე (23.03.2021) კი, ჩაბარების დოკუმენტზე მითითებული კომენტარის მიხედვით, იგი მ. ო-მ ჩაიბარა. აღსანიშნავია, რომ ნ. ო-ს უწყებას სასამართლო უგზავნიდა იმ მისამართზე, რომელიც მათ შორის თავად მსჯავრდებულის მიერვე, პირველი ინსტანციის განაჩენის მიღების შემდეგ შედგენილ ერთ-ერთ განცხადებაზეა მითითებული (ტ. II, ს.ფ. 193).

სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის სხდომაზე (ესე იგი პირველი სასამართლო სხდომა) მოსამართლემ მიუთითა, რომ ტელეფონის საშუალებით სასამართლო ნ. ო-ნ დაკავშირებას ეცადა, თუმცა - უშედეგოდ; რაც შეეხება უწყებას, სტატუსით იგი ჩაბარებულია, მაგრამ მსჯავრდებული უცნობი მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე. საბოლოოდ, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სასამართლო სხდომის გაგრძელება (ნ. ო-ს მონაწილეობის გარეშე) და იგი გადადო (იხ. 2021 წლის 25 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

მომდევნო სასამართლო სხდომაზე (2021 წლის 29 აპრილი) ნ. ო-ს სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა ადვოკატი, რადგან, ერთი მხრივ, სასამართლომ ვერ მოახერხა მსჯავრდებულისათვის ეცნობებინა სასამართლო სხდომისა და პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვის თაობაზე ინფორმაცია, ხოლო, მეორე მხრივ, პროკურორის პოზიციით, მათთვის აგრეთვე ცნობილი არ იყო ნ. ო-ს ადგილსამყოფელი (იხ. 2021 წლის 29 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი). აღნიშნულის შემდეგ სხდომა კვლავ გადაიდო.

საქმის მასალების თანახმად, 2021 წლის 29 აპრილს ნ. ო-ს კვლავ გაეგზავნა უწყება, რომელიც კურიერის შენიშვნის მიხედვით, ადრესატს ვერ ჩაჰბარდა.

შესაბამისად, კასატორის მიერ ხსენებული ადვოკატი, რომელზეც უთითებს, რომ ის მისთვის უცნობი პირია, არის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ინტერესების დამცველი - ვ. კ-ი (როგორც აღინიშნა, ნ. ო-ს ადვოკატმა, რომელიც პირველი ინსტანციის სხდომებში მონაწილეობდა, სააპელაციო სასამართლოს განუცხადა, რომ მის ინტერესებს უკვე აღარ იცავდა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო შეეცადა, კანონით დადგენილ ფარგლებში მსჯავრდებულისათვის ეცნობებინა სააპელაციო სასამართლო სხდომისა და პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვის თაობაზე, ხოლო როდესაც ნ. ო-ნ უშუალოდ დაკავშირება ვერ შეძლო, საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად დანიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე (საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის შესაბამისად). რაც შეეხება კასატორის მითითებებს უფლებების დარღვევის (ფიზიკური შეურაცხყოფის) თაობაზე, იგი თავადვე აღნიშნავს, რომ იმ დროისათვის მოცემული ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაფიქსირებული იყო და საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება.

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი