საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003237375
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №178აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ი ბ, 178აპ-22 30 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენით:
1.1. ბ. ბ-ი, - დაბადებული …. წლის … აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ბ-ს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 3 სექტემბრიდან.
1.3. ბ. ბ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
1.4. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა ბ. ბ-ა დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, ხონი-ქუტირი - არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ-ა ჩაიდინა ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის; მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით ბ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარებისათვის ნასამართლევმა ბ. ბ-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ. თ-ი, გ-ს მე-… მიკრორაიონი, …-ე კორპუსში მდებარე თავის საცხოვრებელ N…-ში ბინაში ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას – 7 (შვიდ) ერთეულ „ЭД“ ტიპის ელექტროდეტონატორს, რომელიც ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, რაც 2019 წლის 2 სექტემბერს ამოიღეს ბ. ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
· 2019 წლის 2 სექტემბერს, ქ. თ-ი, გ-ს მე-… მიკრორაიონი, …-ე კორპუსი, ბინა N…-ში, ბ. ბ-ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ 17,93 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი ბ. ბ-ს მიმართ და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი.
3.2. ბ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
3.3. გამართლებულ ბ. ბ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
4. კასატორმა - პროკურორმა დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ბ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და კანონიერი სასჯელის შეფარდება. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4.1. გამართლებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. მ-ა და მ. ჩ-ა შესაგებლით მოითხოვეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. კასატორი - დავით ხვედელიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ბ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს ბ. ბ-ს მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის; ასევე ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვის ჩადენას.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.
9. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.
10. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
10.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
10.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და განსახილველ საქმეზე დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს 2019 წლის 2 სექტემბერს, ქ. თ-ი, გ-ს მე-.. მიკრორაიონი, …-ე კორპუსი, ბინა N…-ში, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბ. ბ-ი, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასაფეთქებელი მოწყობილობის - 7 ერთეული „ЭД“ ტიპის ელექტროდეტონატორისა და 17,93 გრამი ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალი „მარიხუანის“ ამოღების ფაქტს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება შესაბამისი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით. თვით დაცვის მხარის მოწმემ გ. მ-ც დაადასტურა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნახეს და ამოიღეს ,,შნურები“, რომლებიც მან სათამაშოებთან ერთად წამოიღო სოფლიდან და შეინახა ბავშვების საძინებელ ოთახში, რაც შემდგომ აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, კერძოდ, ელექტროდეტონატორები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სხვა რაიმე ე.წ. ,,შნური“, გარდა მოწმე გ. მ-ს მიერ სათამაშოებთან ერთად სოფლიდან წამოღებული და სათამაშოებთან ერთად ბავშვების საძინებელ ოთახში, კომოდის თავზე, შენახული ,,შნურისა“, საქმეში არ ფიგურირებს. ამ ფაქტორის, აგრეთვე ,,შნურების“ ზოგადი აღწერილობის, აღმოჩენისა და ამოღების ადგილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულების (რომელიც სრულად გაიხარჯა საბრძოლო გამოცდის ჩატარების დროს პიროტექნიკურ ექსპერტიზაზე) ავთენტურობასა და რელევანტურობაში, ასევე ზემოხსენებული ბინის ჩხრეკის დროს მათ ნახვასა და ამოღებაში, ეჭვი არ ეპარება.
10.3. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს დაუდასტურებლად მიაჩნია ბ. ბ-ს მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობის - 7 ერთეული „ЭД“ ტიპის ელექტროდეტონატორის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და საცხოვრებელ ბინაში შენახვის ფაქტი; ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება ბ. ბ-ს მხრიდან ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის განზრახვის არსებობა, დანაშაულის ჩადენის ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება, კერძოდ:
10.4. მოწმე გ. მ-ს ჩვენების თანახმად, ,,შნურები“, ბავშვის სათამაშოებთან ერთად, სოფლის სახლში, თავისი ხელით ჩაალაგა ტომარაში და წამოიღო თ-ი, სადაც ინახავდა საცხოვრებელი ბინის აივანზე. შემდეგ სათამაშოებიანი ტომარა აივნიდან შემოიტანა ბავშვების საძინებელ ოთახში და დაალაგა კომოდზე; სათამაშოებთან ერთად ტომარაში ასევე ელაგა რაღაც ,,შნურები“, რომლებიც მან სოფლის სახლში თავისი ხელით ჩადო ტომარაში და წამოიღო თ-ი. ეს შნურები მისთვის არანაირად არ ყოფილა რაღაც საეჭვო ნივთი და არ იცოდა, რა იყო ისინი. მოგვიანებით, როდესაც გაიგო, რომ ისინი იყო ასაფეთქებელი დეტონატორი, ძალიან განიცადა. ბ. ბ-ს არანაირი შეხება ამ ,,შნურებთან“ არ ჰქონია, არც უთქვამს ბ-ს, რომ სათამაშოები შემოიტანა და დაალაგა ბავშვების საძინებელში. ბ-ც ძალიან განიცადა, როდესაც ეს ნივთები ამოიღეს ბავშვების საძინებლიდან, ვინაიდან ბავშვები შეიძლება აფეთქებულიყვნენ.
10.5. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და სრულად იზიარებს მოწმე გ. მ-ს მიერ მიცემულ ჩვენებას; ობიექტური დამკვირვებლის თვალში ბ. ბ-ს (თუნდაც არა მარტო მისი) მხრიდან დანაშაულის (მხედველობაშია ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) ჩადენის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების თვალსაზრისით, ბუნებრივია, რომ არც ბ. ბ-ი და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი არ შეინახავდა ზემოხსენებულ ელექტროდეტონატორებს ხელმისაწვდომ ადილზე, სათამაშოებთან ერთად, ბავშვების საძინებელ ოთახში და ამით საფრთხეს არ შეუქმნიდნენ საკუთარი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აქვე საყურადღებოა ექსპერტ ვ. ნ-ს ჩვენებაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამფეთქი მანქანის გარეშე ამ დეტონატორის აფეთქება შესაძლებელია ჩაქუჩის დარტყმით. მის აფეთქებას ადამიანის დაღუპვაც, ხოლო უშუალო სიახლოვეს ნებისმიერი ზიანის მიყენება შეუძლია. ყველა ასაფეთქებელ მოწყობილობასთან მუშაობა, თუ გამოცდილება არ გაქვს, ყოველთვის საშიშია. შეიძლება თავისით აფეთქდეს, ისეთი მოწყობილობა მოგხვდეთ ხელში. თუკი არ იცით, ეს რა არის (იგულისხმება ელექტროდეტონატორი), შეიძლება სათამაშოც კი გეგონოთ, ამიტომ ასეთი ნივთები მაგიდაზე ასე მარტივად არ ხვდება.
10.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ. ბ-ს მხრიდან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტს.
11. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
11.1. რაც შეეხება ბ. ბ-ს ბრალეულობას ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანის“, წონით - 17,93 გრამი, უკანონოდ შეძენისა და საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შენახვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბინის ჩხრეკისას მისი აღმოჩენისა და ამოღების ადგილზე, კერძოდ, 2019 წლის 2 სექტემბრის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, აივნიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პარკში მოთავსებული, მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა და იმავე პარკში მოთავსებულ ქაღალდში შეხვეული ანალოგიური მცენარეული მასა. მოწმე გ. მ-ს ჩვენებით, ისინი ცხოვრობენ პირველ სართულზე, აივანი საკმაოდ მოზრდილია, ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“ ჩხრეკისას აღმოაჩინეს საცხოვრებელი სახლის აივანზე, საიდანაც შესაძლებელია კიბით პირდაპირ ეზოში გასვლა, ხოლო ეზოში გამავალი კარი არ იკეტება.
11.2. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრული და უდავო საფუძველი გააჩნდა, ბ. ბ-ი უდანაშაულოდ ეცნო ბრალდების ამ ეპიზოდშიც, ვინაიდან საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ ბ. ბ-ა შეიძინა და პარკში ჩადებული შეინახა საცხოვრებელი ბინის აივანზე; არ არის დადგენილი, რომ აივანი ამ უკანასკნელის პირად სივრცეს წარმოადგენს; ირკვევა, რომ აივანი არ არის დაცული და ნებისმიერ პირს შეუძლია აქ ეზოდან მოხვედრა; ასევე დადგენილია, რომ ჩხრეკის დაწყების მომენტში ბ. ბ-ს საცხოვრებელ ბინაში ამ უკანასკნელის გარდა სხვა პირებიც იმყოფებოდნენ (მეგობარი ი. ღ-ე და ტელევიზორების ვიღაც ხელოსანი), საქმეზე არ ჩატარებულა და შესაბამისად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ბ. ბ-ს მიმართ არც ნარკოლოგიური ექსპერტიზა და არც ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლებითაც შესაძლოა, დადასტურებულიყო მისი რამენაირი კავშირი ,,მარიხუანასთან“ და იმ შესაფუთ პარკთან, რომელშიც მოთავსებული იყო ეს ნარკოტიკი.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ბ. ბ-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09, 22/11/2016, §28; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა.
13. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი