საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.03.2023
საქმის ნომერი
2კ-1284აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005580913

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1184აპ-22 ქ. თბილისი

პ-ი გ. 1184აპ-22 14 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ა და მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით:

1.1. გ. პ-ი, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ო. პ-ს ეპიზოდი) - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (მ. პ-ს ეპიზოდი) - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. პ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. პ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 1 აპრილის N03/21-0444 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 1 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. პ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 12 დეკემბრიდან.

1.3. ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. პ-ს 15 წლით ჩამოერთვა: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება; გ) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება.

1.4. ზ. ჩ-ე, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ო. პ-ს პირველი ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ო. პ-ს მეორე ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 12 დეკემბრიდან.

1.5. არასრულწლოვან დაზარალებულებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს განემარტათ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.

1.6. საქართველოს სსსკ-ის 280-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. პ-ს არასრულწლოვანი შვილები - ო. და მ. პ-ები მზრუნველობისათვის გადაეცა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. პ-მა ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ნდობისა და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით (ორი ეპიზოდი); გარყვნილი ქმედება, ესე იგი ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ხოლო ზ. ჩ-მ - სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის სექტემბრის ბოლოდან 2021 წლის 31 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში (ზუსტი თარიღები უცნობია), ქ.თ-ში, კ-ს ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. პ-მა თავისი არასრულწლოვანი შვილი, 11 წლის ო. პ-ი (დაბ..-...-.....წ) რვაჯერ გააუპატიურა, ორჯერ, ძალადობით და ასევე, ამ უკანასკნელის ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ო. პ-ს არ ჰქონდა არანაირი ცოდნა სქესობრივი კავშირის შესახებ, ასევე მის მიმართ არსებული გავლენიანი მდგომარეობისა და თავად ო. პ-ს მხრიდან მამის, გ. პ-ს მიმართ გამოხატული ნდობის გამოყენებით. პირველ ჯერზე, ო. პ-ი დააწვინა საცხოვრებელ სახლში განთავსებულ დივანზე, გააშიშვლა, ტანით დააწვა სხეულზე და არ მისცა განძრევის შესაძლებლობა, ასევე ძალით გააწევინა ფეხები განზე და ო. პ-ს ნების საწინააღმდეგოდ, მოათავსა სასქესო ორგანო ამ უკანასკნელის სასქესო ორგანოში. გაუპატიურების სხვა შემთხვევებშიც გ. პ-ი კვლავ ამავე საცხოვრებელ სახლში განთავსებულ დივანზე აწვენდა ო. პ-ს და მისი ნების დათრგუნვით, იმ მიზეზით, რომ თითქოსდა, მასთან ინტიმური კავშირის დამყარების შედეგად ო. პ-ს არ ექნებოდა ჯანმრთელობის პრობლემა, თავის სასქესო ორგანოს ათავსებდა ო. პ-ს სასქესო ორგანოში, ასევე, ინტიმური კავშირის დროს ხელს ძლიერად ჰკიდებდა მკერდზე და ასევე ძლიერად აწვებოდა სხეულზე, რა დროსაც ო. პ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გაუპატიურების მერვე ფაქტისას გ. პ-მა თავისი სასქესო ორგანო მოათავსა ო. პ-ის უკანა ტანში, ასევე ო. პ-ს ხელი მოაკიდებინა სასქესო ორგანოზე და მოსთხოვა ემოძრავებინა, რაც ო. პ-მა ნაწილობრივ შეასრულა.

· 2021 წლის ნოემბრის ბოლოს (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ.თ-ში, კ-ს ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ქ.თ-ში, ი. ი-ს ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. პ-მა თავისი არასრულწლოვანი შვილი, 10 წლის მ. პ-ი (დაბ...../.../...წ) არაერთხელ გააუპატიურა ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა არანაირი ცოდნა სქესობრივი კავშირის შესახებ, ასევე მის მიმართ არსებული გავლენიანი მდგომარეობისა და თავად მ. პ-ს მხრიდან მამის, გ. პ-ის მიმართ გამოხატული ნდობის გამოყენებით, თავის სასქესოს ორგანოს ათავსებდა მ. პ-ს სასქესო ორგანოში.

· 2021 წლის ოქტომბერში (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ.თ-ში, კ-ს ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. პ-მა ჩაიდინა გარყვნილი ქმედება მისთვის წინასწარი შეცნობით 15 წლის რ. ჩ-ს (დაბ......წ) მიმართ, კერძოდ, საწოლზე მწოლიარე რ. ჩ-ს ეფერებოდა შიშველ მკერდზე, საჯდომსა და ფეხებზე.

· 2021 წლის მაისში, ზუსტი თარიღი უცნობია, გ-ს რაიონის სოფელ ბ-ში, ზ. პ-ს საცხოვრებელ სახლში, გ. პ-მა შვილს, ო. პ-ს (დაბ.....) ორჯერ ჩაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით შუადღის საათებში, ქ.თ-ში, ი. ი-ს ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კერძოდ, საძინებელ ოთახში, ზ. ჩ-მ სექსუალური ხასიათის შეღწევა განახორციელა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, 12 წლის ო. პ-ნ (დაბ.....წ.), კერძოდ, მასთან ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რა დროსაც თავისი სასქესო ორგანო მოათავსა ო. პ-ს სასქესო ორგანოში.

· 2021 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს საათებში, ქ.თ-ში, ი. ი-ს ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კერძოდ, საძინებელ ოთახში, ზ. ჩ-მ სექსუალური ხასიათის შეღწევა განახორციელა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ 12 წლის ო. პ-თან (დაბ....წ), კერძოდ, მასთან ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რა დროსაც თავისი სასქესო ორგანო მოათავსა ო. პ-ის სასქესო ორგანოში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. პ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გ. პ-ს უდანაშაულოდ ცნობა ან უკიდურეს შემთხვევაში - სასჯელის შემსუბუქება.

4.1. მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ფ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ზ. ჩ-თვის მინიმალური სასჯელის შეფარდება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. პ-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. პ-ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც, გარდა არასრულწლოვანი დაზარალებულების - ო. პ-ს, მ. პ-სა და რ. ჩ-ს ჩვენებებისა, ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - ვ. ა-ს, ლ. ბ-ს, ი. ჩ-ს, გ. ჩ-ა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და საქმის სხვა მასალები.

7. სექსუალური ძალადობა უდავოდ ისეთი ტიპის დანაშაულია, რომელსაც დამანგრეველი ეფექტი აქვს მსხვერპლზე. ბავშვებსა და სხვა დაუცველ პირებს უფლება აქვთ, სახელმწიფოს მიერ იყვნენ დაცულნი, რომ მათი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებში ასეთი უხეში ტიპის ჩარევა ეფექტიანად იყოს აღკვეთილი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Gardel v. France, №16428/05.).

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ მითითებას და უკვე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დამნაშავის გამოვლენასა და მისთვის ადეკვატური სასჯელის შეფარდებას, ხოლო დანაშაულის მსხვერპლის მიმართ - სათანადო მორალური/ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენას.

9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დაზარალებულების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ისინი არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი, დეტალური და შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. მათ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ნათლად ჩამოაყალიბეს გ. პ-ს მიერ როგორც ო. პ-ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის, ასევე - ო. პ-ს, მ. პ-სა და რ. ჩ-ს მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების სხვადასხვა ეპიზოდი. დაზარალებულები კითხვებს პასუხობდნენ დამაჯერებელი სიზუსტით. მათ არ მოუხდენიათ ფაქტების იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც დაუჯერებელი იქნებოდა დაზარალებულების ასაკისა და განვითარების დონიდან გამომდინარე.

10. დაზარალებულებმა - ო. პ-მა, მ. პ-მა და რ. ჩ-მ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ასახეს სრულყოფილად, ხოლო საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მათ იცრუეს სასამართლოს წინაშე. საკასაციო სასამართლოს ასევე საკმაოდ დასაბუთებულად მიაჩნია დაზარალებულ ო. პ-ს აპელირება მსჯავრდებულ გ. პ-ს მუქარაზეც, კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით, გ. პ-ი ემუქრებოდა, რომ მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტების ვინმესთან გამხელის შემთხვევაში სიკვდილამდე სცემდა. დაზარალებულების - ო. და მ. პ-ბის განმარტებით, მამის მხრიდან ჩადენილი ქმედებები იყო მათი სურვილის საწინააღმდეგო, თუმცა გ. პ-ს ძალისა და მისი ავტორიტეტის გამო, მას წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიიჩნევს, რომ დაზარალებულების ასაკის (10-11 წელი) გათვალისწინებითა და ასევე, მსჯავრდებულის სტატუსიდან გამომდინარე (არის მ. და ო. პ-ბის მამა), ლოგიკურია, რომ მათ დათრგუნვილი ჰქონდათ გ. პ-ის წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

11. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულების - მ. პ-ს, ო. პ-სა და რ. ჩ-ს ჩვენებები როგორც დამოუკიდებლად, მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესახებაა სარწმუნო და დამაჯერებელი, ასევე სრულად შეესაბამება იმ ფაქტებს, რაც ბავშვებმა ერთმანეთს უამბეს, კერძოდ:

12. გარდა იმისა, რომ მ. პ-მა და ო. პ-მა ისაუბრეს არაერთ ეპიზოდზე, როდესაც გ. პ-ი საკუთარ სასქესო ორგანოს ათავსებდა მათ სასქესო ორგანოში, მათ შორის - ო. პ-ს მიმართ ერთ შემთხვევაში უკანა ტანში და ამყარებდა მათთან სქესობრივ კავშირს, ასევე, გოგონებმა მომხდარის შესახებ ერთმანეთისათვის გამხელისას დაადასტურეს, რომ მამა ანალოგიურ ქმედებებს ორივე მათგანის მიმართ სჩადიოდა. ამასთან, ო. პ-მა სასამართლოს მოახსენა იმ გარემოების შესახებაც, როდესაც თავად გაიგო მ. პ-ს ხმა, თუ როგორ ეუბნებოდა იგი გ. პ-ს, რომ ,,სტკიოდა და მეტი ტრუსი აღარ ჰქონდა“. დაზარალებულ რ. ჩ-თან დაკავშირებით კი მ. და ო. პ-მა განაცხადეს, რომ მათ საცხოვრებელ სახლში სტუმრობიდან მეორე დღეს რ. იყო გაბრაზებული და ო. პ-ს უსაყვედურა, რომ მამამისმა - გ. პ-მა ღამის საათებში, როდესაც ეძინათ, გარყვნილი ქმედება ჩაიდინა მის მიმართ, კერძოდ, გ. პ-ი სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელებს ჰკიდებდა და ეფერებოდა რ. ჩ-ს.

13. არასრულწლოვანი დაზარალებულების ჩვენებები სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით გამყარებულია მოწმეების - ვ. ა-ს, ლ. ბ-ს, ი. ჩ-ს, გ. ჩ-ა და ზ. ჩ-ს ჩვენებებით; ასევე, რ. ჩ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რა დროსაც მან იმავე თანმიმდევრობით აღწერა გ. პ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დეტალები, როგორც ეს - ჩვენების მიცემისას სასამართლოში.

14. მართალია, მოწმის სახით დაკითხული პირები - ვ. ა-ა, ლ. ბ-ი, ი. ჩ-ე, გ. ჩ-ე და ზ. ჩ-ე არ არიან უშუალოდ გ. პ-ს მხრიდან ჩადენილი დანაშაულების თვითმხილველნი, თუმცა მათ, ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე, იმ სიზუსტით და თანმიმდევრობით აღწერეს დაზარალებულებისა და მსჯავრდებულ გ. პ-ს ურთიერთობის დეტალები, ასევე დაზარალებულების მიერ მათთვის დადასტურებული დანაშაულებრივი ფაქტები, როგორც ეს თავად მ. პ-მა, ო. პ-მა და რ. ჩ-მ მოახსენეს სასამართლოს. ამასთან, აღნიშნულმა მოწმეებმა ისაუბრეს აგრეთვე დაზარალებულ რ. ჩ-ს მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე მას შემდეგ, რაც მის მიმართ გ. პ-მა ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.

15. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... და N... დასკვნებს, რაზეც აპელირებს ადვოკატი მ. გ-ე, აღნიშნული დასკვნების თანახმად, ო. პ-სა და მ. პ-ს საქალწულე აპკის მთლიანობა არ არის დარღვეული - მთელია. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ გ. პ-სა და დაზარალებულებს შორის არასრულყოფილი სექსუალური კავშირი, რამაც განაპირობა საქალწულე აპკის მთლიანობის შენარჩუნება, არ გამორიცხავს მ. და ო. პ-ების სხეულში გ. პ-ს მხრიდან შეღწევის ფაქტს, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც მიუხედავად დაზარალებულ ო. პ-ს საქალწულე აპკის მთლიანობისა, საქმეზე უდავო და უტყუარად დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ო. პ-თან სქესობრივი კავშირი მის სასქესო ორგანოში შეღწევის გზით ორჯერ დაამყარა ზ. ჩ-ც.

16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanis and others v. Turkey“ განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი სააპელაციო სასამართლოს კანონის დაცვით აქვს შესწავლილი და გამოკვლეული. საკასაციო საჩივრის დასაბუთება კი არ წარმოაჩენს ქვემდგომ სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება გ. პ-ს ქმედებებში კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. პ-ის საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ო. პ-ს ეპიზოდი), 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (მ. პ-ს ეპიზოდი) - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის შეფარდებისას გათვალისწინებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და სააპელაციო სასამართლომ გ. პ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ: გ. პ-ს მსჯავრი დაედო სოციალურად განსაკუთრებული საფრთხის მქონე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის - სქესობრივი დანაშაულების ჩადენაში, რომლებიც გამოირჩევა ამორალურობისა და უზნეობის მაღალი ხარისხით; მის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიუთითებს, რომ გ. პ-ი მიდრეკილია არასრულწლოვნების მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენისკენ; განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ოჯახის წევრების - არასრულწლოვანი შვილების მიმართ; მსჯავრდებული წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი. ამდენად, გ. პ-თვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

19. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატ ს. ფ-ს პოზიციას მსჯავრდებულ ზ. ჩ-თვის დანიშნული სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ზ. ჩ-ს განუსაზღვრა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანობა გულისხმობს მართლწესრიგში ბალანსის აღდგენას და შენარჩუნებას, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფას, პირის მიერ ჩადენილი ქმედების მიერ გამოწვევადი საფრთხეების გათვალისწინებით ადეკვატური სასჯელის დაკისრებას და იმავდროულად, სასჯელის გამოყენებას განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით; რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

22. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზ. ჩ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის 7 წლით თავისუფლების აღკვეთამდე შემცირებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემცირებული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლის საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

23.1. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ,,გარდელი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Gardel v. France, №16428/05, პარ. 63), განმარტა, რომ სექსუალური ძალადობა, უდავოდ, საზარელი ტიპის დანაშაულია, რომელსაც დამანგრეველი ეფექტი აქვს მსხვერპლზე. ბავშვებს და სხვა დაუცველ პირებს უფლება აქვთ, სახელმწიფოს მიერ იყონ დაცულნი, რომ მათი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებში ასეთი უხეში ტიპის ჩარევა ეფექტიანად იყოს აღკვეთილი. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის დარღვეული უფლებების კომპენსირება, იგი უნდა ემსახურებოდეს დანაშაულის კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნებს, ეფექტური უნდა იყოს როგორც კონკრეტული დამნაშავის, ასევე საზოგადოებისათვის, რაც სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან მიმართებით, მთელი რიგი განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობის პირობებში, ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებით.

24. ამდენად, მართალია, ზ. ჩ-ე პირველადაა სამართალში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მას მსჯავრი დაედო სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, ხოლო არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივ ქმედებებს გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება მსხვერპლის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლოს, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს მიმართ დანიშნულის სასჯელის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში მინიმუმამდე შემცირება და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-სა და მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი