საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002987571
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №937აპ-22 ქ. თბილისი
გ. გ. 937აპ-22 3 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. გ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
- უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
- წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. გ. ძ–სს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
- უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
- წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.3. გ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
- უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
- წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.4. ს. მ–ას, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
- უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
- წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით გ. გ–ს, გ. ძ–სის, გ. მ–სა და ს. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ს. მ–სამ, გ. მ–სამ, შპს „.....სის“ დამფუძნებელმა გ. გ–სმა და შპს „.......-ის “დირექტორმა გ. ძ–მა 2017 წლის ნოემბერში განიზრახეს, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობით, კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ესაჭიროება შესაბამისი ლიცენზია, ს. მ–მ, გ. მ–მ, გ. გ–მა და გ. ძ–მა ლიცენზიის გარეშე, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, ო–ს მუნიციპალიტეტში, სოფელ მ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე .......ზე, მოიპოვეს 255 134, 662 კბ/მ ინერტული მასალა, საიდანაც 167 744 კბ/მ ინერტული მასალის რეალიზაციის შედეგად მიიღეს დიდი ოდენობით - 2 263 005 ლარის შემოსავალი, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 342 964,41 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენით:
3.1. გ. ძ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჯარიმა - 15 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 10 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 15 000 ლარი;
3.2. გ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჯარიმა - 15 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 10 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 15 000 ლარი;
3.3. გ. მ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 20 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 10 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვროს ჯარიმა - 15 000 ლარი;
3.4. ს. მ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 20 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 10 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა - 15 000 ლარი;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების - გ. ძ–ს, გ. გ–ს, გ. მ–სა და ს. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, მათ მიმართ ძირითად სასჯელად ჯარიმაზე მკაცრი სახის სასჯელის შეფარდება, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმის დაკისრება. ამასთან, ბრალდების მხარემ მოითხოვა გ. გ–სათვის დამატებითი სასჯელის სახით შპს „.....სის“ სატრანსპორტო საშუალების - ექსკავატორის სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლო ჩამორთმევა.
5. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ადვოკატმა - გ. ყ–მა და მსჯავრდებულ ს. მ–ს ადვოკატმა - ლ. ჯ–მ წარმოადგინეს შესაგებლები და მოითხოვეს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო 2022 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენში შევიდა შესწორება (გ. ძ–ის ნაცვლად უნდა მიეთითოს გ. ძ–ი) და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,გ. ძ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით“.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულების - გ. ძ–ს, გ. გ–ს, გ. მ–სა და ს. მ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, მათ მიმართ ძირითად სასჯელად ჯარიმაზე მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმის დაკისრებას. ამასთან, გ. გ–სათვის დამატებითი სასჯელის სახით შპს „.....ს“ სატრანსპორტო საშუალების - ექსკავატორის სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლო ჩამორთმევას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ პროკურორმა, მხოლოდ სასჯელის ნაწილში მისი დამძიმების კუთხით და იმავდროულად, მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლო ჩამორთმევა.
9.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს გ. ძ–ს, გ. გ–ს, გ. მ–სა და ს. მ–ს მიერ მსჯავრად დადებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მათი მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია - მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა და სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციის საკითხი.
10. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებზე, რომლებმაც გ. გ–ს, გ. ძ–ს, გ. მ–სა და ს. მ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელების განსაზღვრა განაპირობეს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლების, ასევე პატიმრობის ultima racio ხასიათის მხედველობაში მიღებით სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარეს და მოინანიეს, უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, წარსულში არ არიან ნასამართლევნი.
10.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22 განჩინებები).
10.4. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება.
11. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ გ. გ–ს დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, შპს „.....სის“ სატრანსპორტო საშუალება - ექსკავატორი, ვინაიდან მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და დაკმაყოფილდეს სახელმწიფოს ინტერესი, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლზე, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ყველა განზრახი დანაშაულისათვის, ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევის საჭიროება სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. მოცემულ შემთხვევაში კასატორი უთითებს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლზე, მაგრამ არ ასაბუთებს (მათ შორის - არ უთითებს არც რაიმე მტკიცებულებაზე) ამავე მუხლით საპროცესო კონფისკაციის გამოყენებისათვის დადგენილი კუმულაციური წინაპირობებიდან ერთერთის - ჩამორთმევის კონკრეტული მიზნის - საფუძვლიანობას. კასატორის აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასაც (მაგ: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის N92აპ-19 განჩინება).
11.1. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, სადავო ექსკავატორი, რომლის სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლო ჩამორთმევასაც ითხოვს კასატორი, არ წარმოადგენს ნივთმტკიცებას და შესაბამისად, არ არსებობს არც საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის №731აპ-21 განაჩენი).
12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „იმის განსაზღვრისას, საჭიროებდა თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §69; 27/02/2020).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე